„1 აპრილი
რა მტირალა ბავშვია, სულ ღნავის. ღამეებს მათენებინებს ეს პატარა მაიმუნჩიკი. სულ შია, შოშიასავით დაღებული აქვს პირი. შუაღამისას რომ მოუნდება ჭამა, აბა, სცადე და არ აჭამო! ჭყივილით ამიკლებს, სანამ ძუძუს არ ჩავჩრი პირში.
კი მაწვალებს, მაგრამ ისეთი საყვარელია, ისეთი ლამაზი, რომ გულს მიხარებს. რა ბედნიერებაა შვილის ყოლა! დედობა ყველა ქალმა უნდა გამოცადოს! ნებისმიერ პრობლემას დაგავიწყებს მისი ფაფუკი თითები, დორბლიანი პაწაწა პირი და ნაკეცებიანი ფეხები.
ჩემები ჯერ არ მოსულან სანახავად. არც დედაჩემი, არც მამაჩემი და არც თეო. მისგან არც მიკვირს, მაგრამ დედა და მამა? თაკო უკვე სამი თვისაა, ოჯახიდან კი არავინ გამკარებია. არ მაპატიეს, შინ რომ არ დავბრუნდი. ნუ მაპატიებენ, მათ გარეშეც შევძლებ შვილის გაზრდას. არაფერს არ დავაკლებ, ყირაზე დავდგები, დღე და ღამე ვიმუშავებ და სანაქებო შვილს გავზრდი ყველას ჯინაზე!
კოტა მას მერე არ შემხვედრია. არც მინდა. რომც შემხვდეს, არ დაველაპარაკები, ახლოსაც არ გავიკარებ! აი, ავიღებ დიპლომს და საერთოდაც მოვშორდები აქაურობას. მოვკიდებ ჩემს გოგოს ხელს და გადავიხვეწები! მეძებონ მერე, რამდენიც გაუხარდებათ! მე ყველაფერს მივაღწევ ცხოვრებაში! ყველაზე მაგარი ქალი გავხდები და ყველაზე მაგარი დედა! მივაღწევ, აუცილებლად მივაღწევ წარმატებას და თვალებს დავუბრმავებ ყველას, ვინც განზე გამიდგა! ბევრმა ქალმა შეძლო ეს და მეც შევძლებ! დაე, მერქვას მარტოხელა დედა! სამაგიეროდ, ყველაზე ძლიერი დედა ვარ მთელ დედამიწაზე!“
ბაბაკოს რომანი აქ მთავრდებოდა, გაგრძელება აღარ ჰქონდა. ნეტავ თუ აგრძელებს წერას? მას მერე არ გავკარებივარ მის კომპიუტერს, არ შემიმოწმებია, მიამატა თუ არა რამე. არადა, ამ თავებით ფარდა ბოლომდე არ აეხადა მის საიდუმლოს. ყველაზე მთავარი უთქმელი დარჩა. ჯერჯერობით.
როცა კითხვა დავამთავრე, ფაილი მთლიანად წავშალე, რომ კვალი დამეფარა. არ მინდოდა ბაბაკოს სცოდნოდა, მისი ნებართვის გარეშე რომ წავიკითხე. სანაგვე ყუთიდანაც კი ამოვშალე და კვალი საბოლოოდ გავაქრე. ბოლო თავში ისეთი არაფერი ეწერა, რომ ბექასთვის მაინც დამეტოვებინა წასაკითხად. ბოლოს და ბოლოს, მე თვითონ მოვუყვებოდი, რახან ამ დღეებში მისი ნახვა არ მეღირსა.
უცებ ზარი დაირეკა. ავდექი და კარის გასაღებად გავემართე. ჩარიტა იყო.
_ სახლშია ბებიაშენი? _ ხელის აწევით მომესალმა ჩარიტა და ხვნეშა-ხვნეშით შემოაბიჯა ბინაში, სულს ძლივს ითქვამდა, როგორც ყოველთვის.
_ არა, მარტო ვარ, _ მივუგე და ბოლომდე შემოგორდა თუ არა, კარი მივხურე.
_ დაბლა არიან? _ ჩარიტამ მაჯაში ჩამავლო ხელი, დამეყრდნო და ასე მივიდა დივნამდე, რათა დამჯდარიყო.
დაჯდომაშიც დავეხმარე და გვერდით მივუჯექი.
_ კი, ლოგინი ჩაიტანეს.
_ ჰმმმმ, _ ამოიხვნეშა ჩარიტამ, _ არ მომწონს ეს ყველაფერი, მაგრამ მე ვინ მეკითხება.
_ არც მე, _ მივუგე და ირიბად გავხედე.
გაოგნებულმა შემომხედა და გამომცდელი მზერა მომაპყრო.
_ მე ყველაფერი ვიცი, ჩარიტა დეიდა, ამიტომ დამალვას აზრი არა აქვს, _ ეგრევე გავხსენი კარტები.
_ რა იცი, შენ, სონია, არაფერიც არ იცი, _ ხელი ჩაიქნია და ისევ ამოიხვნეშა.
_ იმაზე მეტი ვიცი, ვიდრე თქვენ გგონიათ, _ ჯიუტად გავიმეორე, _ და ამიტომაც არ მომწონს, სონიამ კიტასთან რომ უნდა იცხოვროს. ბაბაკო როგორ უნდა შეეგუოს ამას?
როგორც ჩანს, არ ელოდა, მართლა ამდენი თუ მეცოდინებოდა. ნიკაპში ხელი ჩამავლო და სახეზე დაკვირვებით შემათვალიერა.
_ სონიამ გითხრა ეს ამბები?
უარის ნიშნად თავი ძლივს გავაქნიე, რადგან მას ისევ ნიკაპით ვყავდი დაჭერილი და ხელს არ მიშვებდა.
_ აბა საიდან იცი? ადამ მოგიყვა?
_ ჰო, _ ძალზე თავდაჯერებული ტონით მივუგე.
_ და ნუ! _ შეიცხადასავით ჩარიტამ რუსულად, _ აკი სონიას არაფერს ვეტყვიო? მაინც არ მოუთმინა გულმა?
მისი კითხვა უპასუხოდ დავტოვე. იქნებ კიდევ წამოსცდენოდა რამე.
_ ეხ, გოლუბუშკა მაია! _ ამოიოხრა, _ იცი, როგორ უყვარდა? მისი გულისთვის სიცოცხლეს დათმობდა. იმას კიდევ სონია ჰყვარებია თურმე და არ უთხრა. არ ვიცი, რას ფიქრობდა. სანამ აპირებდა ამის დამალვას ან ერთი, ან მეორე. ბოლოს ხომ მაინც გასკდა ამბავი? თან როგორ მწარედ! პირდაპირ ლოგინში მიუსწრო ორივეს!
ამის გაგონებაზე სული შემიგუბდა.
_ გარეწარი ყოფილა. ასეთი რამის პატიება როგორ შეიძლება?! _ აღვშოფთდი, თავის შეკავება გამიჭირდა.
_ ყველაფერი შეიძლება, ჩემო გოგო! ახლა უკვე შეიძლება. მაშინ ორივე ცუდად მოექცა ადას. ეჰ, დაიქცა ქვეყანა, ისეთი ამბავი ატყდა, როცა სონიამ მათი რომანის შესახებ გაიგო.
_ მერე რა მოხდა?
_ რა, არ იცი? _ ეჭვებით აევსო სახე.
_ მთლად დაწვრილებით არ ვიცი, ბოლომდე არ უთქვამს ბაბას. _ მზერა ავარიდე ჩარიტას.
_ რა მოხდა და მამაშენი გააჩინა ორივეს ჯინაზე. როგორ ეხვეწებოდა ცალკე ბებიამისი, არ გააჩინოო, ცალკე სონია. არაფრით არ დათმო. ბოლოს სონია ადგა და რომ ვერაფერი შეასმინეს ადას, საერთოდ წავიდა ქვეყნიდან. ეს უბედური კი ლამის ჩაიხრჩო წამალში.
_ ანუ სონია უფრო უყვარდა, ვიდრე ბაბაკო?
_ კი, ასე იყო. უყვარდა ერთია, მაგრამ ადას რას უმალავდა? ჩუმჩუმად ორივეს ხვდებოდა. ამას ფულს ართმევდა და ამიტომ სჭირდებოდა, სიყვარულით კი სონია უყვარდა.
_ და სონიას ადას გაცნობამდე ხვდებოდა?
_ არა, არა, სონია მერე გაიცნო და იქ აერია რამსები. სონია ისეთი კარგი იყო, ისეთი, ისეთი… ოხხხ! კალდუნია! _ დააყოლა ჩარიტამ ბოლოს.
_ ახლაც ძალიან ლამაზია.
_ ჰოდა, აგერ, შეახვედრა ერთმანეთს, ხომ ხედავ! საოცარი ქალია ბებიაშენი, არავის არ ჰგავს. მე რომ მის ადგილას ვყოფილიყავი, არც კიტას მოვასუნინებდი აქ და არც სონიას გავიკარებდი ახლოს, მაგრამ აბა… _ ორივე ხელი გაშალა, თითქოს თავის უძლურებას ამით გამოხატავდა, _ ფეხებს უნდა ჰბანდნენ ორივენი, თუ აქვთ მაგდენი შეგნება!
_ კიტამ იცის მამაჩემის შესახებ? _ მგონი, საერთოდ არ ვსუნთქავდი, ისე ვიყავი აღელვებული და დაძაბული.
_ როგორ არ იცის, მაგრამ ადამ აუკრძალა, კრინტი არ დაგცდესო. აწი ალბათ მამაშენსაც ეტყვის. სონიას ჩამოსვლის ამბავი რომ გაიგო, მითხრა, დამალვას რა აზრი აქვს, აჯობებს, ყველაფერი ვთქვაო. ასეა თუ ისე, მამაა და შვილს აქვს უფლება, მამის შესახებ ყველაფერი იცოდესო.
_ ეგეთი მამა გინდ გყოლია, გინდ არა.
_ მასეც ნუ იტყვი, შვილო. მაშინ სხვა დრო იყო, კიტაც სხვა კაცი იყო. ახლა ხომ ხედავ, როგორია. შეიცვალა. შეცვალა ცხოვრებამ. ყველაფერს ნანობს. ახლა ერთ რამეს გეტყვი და არავისთან არ წამოგცდეს, იცოდე! მპირდები?
თავი დავუქნიე და კიდევ ერთხელ შევიკარი სუნთქვა.
_ კიტა მე მოვიყვანე ადასთან, _ ჩურჩულით გააგრძელა, თავი ჩემკენ გადმოხარა და მხრით მხარზე შემეხო, _ შემთხვევით შევხვდი ქუჩაში და ვუთხარი, სადაც ვცხოვრობდით. ქუჩაში დაწოწიალობდა, ბინა ბანკმა გაუყიდა თურმე. მაგ უბედურს ამქვეყნად არავინ ჰყავს. ხოდა, ვურჩიე, მოდი, დაენახვე, იქნებ გული მოულბეს, შეგირიგდეს და ერთად იყოთ-მეთქი. ადა ხომ მის მერე სხვა კაცს არ გაჰკარებია. კიტას გარდა არავინ ჰყვარებია არასდროს.
_ ანუ შემთხვევით არ გამოჩენილა აქ, ხომ?
ჩარიტამ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია და თვალებიც დახუჭა, პირი კი მოკუმა.
_ მეგონა, შერიგდებოდნენ, ადა ყველაფერს აპატიებდა, მაგრამ არა, არ აპატია. ეგ იყო მხოლოდ, რომ დატოვა, მთლად ბოლომდე არ გაწირა, ქუჩაში არ დააგდო. მაინც შეიცოდა. ბოლოს და ბოლოს, მისგან შვილი ჰყავდა და მთლად ვერაგულად ვერ ჰკრავდა ხელს.
ახლა და ახლა ვხვდებოდი, რატომ ღიზიანდებოდა კიტას ხსენებაზე, რატომ ამბობდა უარს, ჩვენთან ერთად შეხვედროდა ახალ წელს და მიუხედავად ყველაფრისა, მაინც გვერდში ედგა, საჭმელ-სასმელს არ აკლებდა. სხვა თუ არაფერი, საცხოვრებელი მიუჩინა, რასაც ყველა ქალი მართლა არ გააკეთებდა.
_ ამ სონიას გამოჩენამ ხომ მთლად გააგიჟა. იმ დღეებში ადგილს ვერ პოულობდა. რა გავაკეთოო, შემომჩიოდა. ბოლოს მტკიცედ გადაწყვიტა, კიტას შევუსახლებ და ბარემ ერთად იქნებიან, რადგან ასე უყვარდათ ერთმანეთიო.
_ სიგიჟეა ეს ყველაფერი.
_ მეც მაგას არ ვამბობ? _ ხმას აუწია ჩარიტამ, _ ეს რომ სხვამ გაიგოს, მასხრად აგიგდებენ-მეთქი, მაგრამ ვინ დაგიჯერა? როგორია ახლა, უყურო ამ ყველაფერს? შენ გვერდით შენი საყვარელი მამაკაცი ცხოვრობდეს, თანაც იმ ქალთან, რომელმაც ის წაგართვა? რა ხასიათზე უნდა იყოს? არ ვიცი, არ ვიცი, თავისი საქმისა თვითონ იცის!
_ ბაბაკო ყველაზე მაგარი ქალია, ჩარიტა დეიდა, ხომ მეთანხმებით?
_ ეეჰ, შვილო, ეს ჩემზე კარგად ვინ იცის. მისნაირია მეორე არ დაიარება დუნიაზე. ეგეთი რომაა, იმიტომაც არ გაუმართლა სიყვარულში. მაგრამ არა უშავს, სამაგიეროდ, შვილში გაუმართლა, აგერ, შენში, შვილიშვილში! ეს პატარა საქმეა?
არა, არ იყო პატარა საქმე, მაგრამ საკუთარ თავში ქალი რომ ჩაკლა? მთელი სიცოცხლე უკაცოდ რომ გაატარა? პირადი ბედნიერება რომ მოისპო? ამას ვერასდროს ვერ აუნაზღაურებდა ვერც კარგი შვილი და ვერც კარგი შვილიშვილი. ამაში დარწმუნებული ვიყავი.
ამ დროს კარის მიჯახუნების ხმა გაისმა. ბაბაკო დაბრუნდა. ძალაუნებურად ფეხზე წამოვდექი. ემოციების დამალვა არც მიცდია.
_ რა იყო, რა სახეები გაქვთ? კაცი შემოგაკვდათ? _ ღიმილით მოგვაჩერდა ბაბა.
_ შენზე ვჭორაობდით, _ უთხრა ჩარიტამ, _ რა ქენი, დააბინავე სიძე-პატარძალი?
ადას უეცრად სახე შეეცვალა, მაგრამ სანამ რამეს იტყოდა, ჩარიტამ დაასწრო:
_ და ნუ, ლადნა! ანა ი ტაკ ვსიო ზნალა!
ამის გაგონებაზე ადამ თვალები დახუჭა და ვიგრძენი, როგორი შვებით ამოისუნთქა, თუმცა ყველანაირად შეეცადა, ეს დაემალა.
მეტი სიტყვა არ თქმულა.
არც იყო საჭირო…
***
ის დღეები სულ კიტაზე მეფიქრებოდა. უღალატა, მოატყუა, სხვაზე გაცვალა და ბოლოს რა გააკეთა? ოსტატურად შემოსახლდა ბაბაკოს სამყაროში და დღემდე მის მიერ არეკლილი სხივებით თბებოდა.
როგორი ემპათიური ბაბა მყავს. და მისი ეს ემპათიურობა მისი ღირსებაა.
უცნაურადაა ცხოვრება მოწყობილი. მართალია, ჯერ ოჯახური ურთიერთობების გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ ერთ რამეს ვხვდები _ საქართველოში კაცებს ყველაფრის უფლება აქვთ _ მოიტაცონ ქალი, გააუპატიურონ, იმბრძანებლონ მასზე, აკეთებინონ ის, რაც მათ სურთ, თუნდაც უყვარდეთ, უღალატონ ნებისმიერ დროს და ეს ღალატად არ მიეწერებათ. ის კაცია, ეპატიება, მაგრამ შენ, ქალმა ასეთი რამ არ უნდა დაუშვა!
კრედო! ჰმ… და ვინ დააწესა ასე?
რატომ უნდა იყოს მამაკაცისთვის ქალი კომფორტის ბუნებრივი წყარო? ხომ შეიძლება პირიქით ხდებოდეს? ან ორმხრივად? არა, ალბათ არ შეიძლება. შესაძლებელია ამ „პირიქითობამ“ სულაც ქაოსი გამოიწვიოს, ანარქია!
ქალისთვის განზე გახედვა სირცხვილია, კაცისთვის _ არა. არც საყვარლის ყოლაა კაცისთვის სირცხვილი, ქალისთვის _ დიახაც!
საწყალი ადა! დაშორდა კიტას და გარშემო თავდაცვის კედელი შემოიშენა. ერთხელაც არ სცადა ამ კედლის განგრევა და არავის მისცა საშუალება, შიგნით შემოეღწია. მთელი თავისი მომხიბვლელობა, სილამაზე, ქალობა იმ ერთის სიყვარულს ზვარაკად შესწირა.
გაგრძელება იქნება ორშაბათს