საინტერესოა, რას ფიქრობდა ეს ერთი წელი, სანამ კიტა ჩვენთან ცხოვრობდა? აპირებდა მასთან შერიგებას? რამდენჯერ მომეჩვენა, თითქოს მოსწონდა იგი. მართლა გამკრა გულში ეჭვმა, ხომ არ ეპრანჭება-მეთქი. კიტა კიდევ ისეთი საწყალი მეგონა, ისეთი მიტოვებულის და დაუცველის შთაბეჭდილებას ტოვებდა, გული მეთუთქებოდა, განსაკუთრებით ბოლო ხანებში.
ისე, ამაში ნამდვილად არ შევმცდარვარ. რახან ბაბამ წარსულის ცოდვები არ მოჰკითხა და გაჭირვებისას ხელი გაუმართა, ისიც უფრო შეაწუხა დანაშაულის შეგრძნებამ და იმდენად შეაწუხა, რომ სრული უძლურების მდგომარეობაში აღმოჩნდა. ნეტავ თუ ცდილობდა თავისი გაფუჭებული საქმის გამოსწორებას? როგორ? რა ნაბიჯებით? ბოდიშებს უხდიდა ბაბაკოს ყოველი შეხვედრისას?
წარმომიდგენია, რას გადაიტანდა ადა. როგორი შეშინებული იქნებოდა, როცა დაქალისა და შეყვარებულის ღალატს მაინცდამაინც ორსულობისას გაიგებდა. სწორედ ამის შედეგი იყო ის, რაც ჩაიდინა _ თავისი სასოწარკვეთილი მცდელობებით საკუთარ თავს ის გააკეთებინა, რისი თავიდან აცილებაც სურდა. ჯინაზე გააჩინა შვილი, რომელიც ქორწინების გარეშე არ უნდა გაეჩინა. იცოდა, ხალხი ამაზე ალაპარაკდებოდა და ამ რისკზე შეგნებულად წავიდა.
როგორ მომწონდა ეს კაცი და ახლა იმდენად მერეოდა გული კიტას გახსენებაზე, ცოტა მაკლდა, რამე საშინელება არ წამომცდენოდა. არადა, იყო ღირსი, ჩემგანაც კი, გემრიელად გამომელანძღა. ისიც და სონიაც. როცა ბაბაკო დასჭირდა, ხომ გამოიქცა სონია მისკენ? წებოსავით ხომ მიეკრო?
ეჰ, ადა, ადა! ორკესტრის დირიჟორს მაგონებ, ბაბაკოჩემო! ყველას ჰარმონიულად რომ აერთიანებ შენ გარშემო. მაგრამ შენთვის რომ არ დაიტოვე სივრცე ამ ჰარმონიაში?
თითქოს ვგრძნობდი, რას განიცდიდა ბაბა ეს დღეები. კარგად ვიცნობდი. დარწმუნებული ვიყავი, დარდითა და ტკივილით ღამეები არ ეძინა. თავის დროზე ვერ დაიცვა თავისი თავი უარყოფის რისკისგან. კიდევ კარგი, სონია მაინც მიხვდა, რომ კრიტიკასა და ჭორებს თავიდან ვერ აიცილებდა და თამაშიდან გავიდა. ცოტა შეგნება მაინც ჰქონია. საერთოდ მოშორდა აქაურობას, რადგან იცოდა, თუ თამაში გაგრძელდებოდა, ვერაფერს მოიგებდა. ასე კი რაღაც მაინც გამოუვიდა. ბოლოს და ბოლოს, თუ არ თამაშობ, არც წაგება გემუქრება.
***
დილით ბექამ დამირეკა, მომიკითხა. მისი ხმის გაგონებაზე ისედაც სევდით დამძიმებული უარესად დავმძიმდი. როგორც ჩანს, იფიქრა, რომ მის გამო მქონდა მოწყენილი ხმა და მთხოვა, როცა მოიცლი, ჩემთან შემოდიო. მეც მაშინვე გავედი. გული არ მითმენდა, ახალი ამბები არ მომეყოლა.
როგორი მზერით შემხვდა. სულის გულში ჩამიძვრა, თუკი სულსაც გააჩნია გული. თითქოს მამოწმებდა, ხომ არაფერი შეიცვალა ჩვენს დამოკიდებულებაშიო. შეიცვალა, კი. და ამის დამალვას არ ვაპირებდი, მასთან სასაუბროდ მომზადებული ვიყავი, მაგრამ ჯერ ბაბას ამბები უნდა მეთქვა. ახლა ეს იყო ჩემთვის მთავარი.
_ როგორ ხარ? _ უცნაური სითბოთი გაჟღენთილი ხმით მკითხა და ჩემს მზერაში უფრო ღრმად შემოიჭრა.
_ არ ვიცი, _ გულწრფელად ვუპასუხე, მის საწოლს მივუახლოვდი, დავიხარე და ლოყაზე ვაკოცე.
მაშინვე მილულა თვალები. ეტყობა, ამ კოცნამ ოდნავ დაამშვიდა. მის სავარძელში მოვკალათდი, როგორც ყოველთვის.
_ არის რამე ახალი შენკენ? _ ოდნავ გამიღიმა.
_ არის რომელია! _ ეგრევე ჩავეჭიდე მის კითხვას, _ ისეთი რამეები მოხდა, თმა ყალყზე დამიდგა, ვერ ხედავ? _ ჩემს თმას თითები ჩავავლე და ცხენის ფაფარივით ჰაერში ავაფრიალე.
_ კი, ვხედავ. სულ მაინტერესებდა, როგორი სანახავი იქნებოდი ყალყზე დამდგარი თმით და აი, ახდა, ასრულდა ოცნება, _ გაიხუმრა.
_ შენ იცინე და, ისეთ ამბებს უნდა მოგიყვე, ვერ გადარჩები!
_ ასეთი რა მოხდა?
_ კიტა გამოჩნ… კოტე გამოჩნდა, _ უნებლიეთ წამომცდა კიტას სახელი.
_ ახურებ! _ არ დაიჯერა.
_ მართლა გეუბნები.
_ ვაა, ეგ მართლა მაგარი ამბავია! მომიყევი, ერთი რა იცი!
_ იცი კოტე ვინაა? _ წარბებაზიდულმა ირიბად გავხედე, საიდუმლოს გამხელისას რომ გვჩვევია ქალებს, ისე.
_ ვიცი.
_ მიდიიიი! _ ეჭვიანი ტონალობით შევძახე.
_ კიტაა უეჭველი, ხომ?
გაოგნებისგან პირი დავაღე.
_ საიდან იცი?
_ შენ თვითონ წამოგცდა წეღან.
ცხვირი მოვჭმუხნე და ზედა ტუჩი ნესტოებს მივადე.
_ ეჰ, არ გამომივიდა სიურპრიზი.
_ გამოგივიდა, ნუ დარდობ. ამაზე მეტად რას უნდა გავეოცებინე. ასე მგონია, რომანს მიყვები.
_ ფაქტობრივად, რომანია, აბა რა! თურმე აგერ, ყურის ძირში გვყოლია რომანის მთავარი გმირი და ჩვენ კიდევ სადღაც დავეძებდით.
_ ლამის საიქიოშიც კი ვესტუმრეთ.
_ აბააა! _ სიცილი ამიტყდა.
_ მერე? სონია ნახა თუ ჯერ ვერა?
_ ნახა რომელია, ერთად არ ცხოვრობენ, რო?
_ რაა? _ ისე მოჭუტა თავისი ლამაზი თვალები, გულიანად ავხარხარდი.
მერე მოვუყევი, რაც ბაბაკომ ჩაიდინა. ამაზე სულ თავი აქნია ბალიშზე აქეთ-იქით.
_ აუ, შენ რომ ბაბაკო გყააავს… მიმიქარავს მთელი მსოფლიოს ბაბაკოები!
_ მეც მაგას ვამბობ. შანსი არაა, ეგრე არასდროს მოვიქცეოდი.
_ იმიტომ, რომ შენ ჯერ პატარა ხარ, დიდსულოვნება ჯერ არ იცი, რა ხილია. ახლა სწავლობ. იმას კი უკვე ნასწავლი კი არა, დაზეპირებული აქვს. საღოლ, ადა ბაბა! ეგეთ ბაბაკოს მეც ვისურვებდი მყოლოდა.
გამეღიმა.
_ აწი რა მოხდება?
_ აწი მოხდება, რაც მოხდება. ხვალ საღამოს სუფრა გვაქვს. მამაჩემიც უნდა ჩაერთოს ამერიკიდან. მგონი, ადა ყველაფერს მოგვიყვება, საბოლოოდ დაიცლება და მამასაც ეტყვის, ბოლოს და ბოლოს, კიტა ვინცაა.
_ და ვის ეპატიჟება?
_ შინაურებს. ჩარიტა იქნება, მე, კიტა, სონია, დედაშენი… შენც ხომ შემოხვალ?
მხრები აიჩეჩა.
_ მე რა ვიცი, თქვა ჩემზე, ბექაც მოვიდესო?
_ შინაურული სადილიო, ყველა უნდა შევიკრიბოთო. სადაც დედაშენი ახსენა, შენ ნამდვილად არ გამოგტოვებს.
_ რა ვიცი, თუ პერსონალურად მეტყვის, მოდიო, მოვალ რა.
_ დაგპატიჟებს, ეჭვი არ შეგეპაროს.
_ ისე, განიცდის?
_ უეჭველი, უბრალოდ, არ იმჩნევს.
_ სუპერქალია და იმიტომ.
_ დარწმუნებული ვარ, ახლაც უყვარს და ხომ გესმის, ამის გამო რა დღეშიც იქნება.
_ მესმის, _ ამის თქმისას ხმა გაებზარა, მერე თვალი თვალში გამიყარა და მკითხა, _ შენ?
_ რა მე? მეც მესმის, აბა რა.
_ არა, მაგას არ გეკითხები.
„აბა რას გულისხმობ“ მზერით შევხედე.
_ შენ თუ გიყვარს?
ის იყო უნდა მეკითხა, ვინ-მეთქი, რომ უცებ მოვწვი, რომ ჩვენს თემაზე გადაერთო.
სახე ეგრევე წამომიხურდა. მზერა ავარიდე, თვალები დავხარე და პასუხი არ გავეცი.
_ სონია… _ დაიჩურჩულა.
თვალები დავხუჭე. ცხვირით ჰაერის ღრმა ნაკადი შევისუნთქე, ნერწყვი მძიმედ გადავაგორე და ამოვთქვი:
_ არ ვიცი… არ ვარ დარწმუნებული… უფრო ალბათ არა, ვიდრე კი. _ პასუხის ყველა ვარიანტი ერთბაშად ჩამოვთვალე, თუმცა ჩამოთვლილთაგან არცერთი პასუხი არ იყო ის, რისი მოსმენაც მას სურდა.
_ ხო, _ თქვა. ისეთი მოკლე იყო ეს „ხო“, როგორც მთელი ძალით მოქნეული დანის ხეში შერჭობის ხმა. წკაპ! და დაამთავრა.
ახლა გაჩუმება არ შეიძლებოდა. ახლა არ მქონდა გაჩუმების უფლება. სათქმელი უნდა თქმულიყო. მაგრამ ჩემი დალაგებული წინადადებები ისე ამერ-დამერია, როგორც ქარში აფრიალებული თაბახის ფურცლები.
_ ბექა… _ ვთქვი და ამოვიოხრე, ღრმად, ძალიან ღრმად და ხანგრძლივად.
_ არ გინდა, ნუღარ გააგრძელებ, ჩემთვის ყველაფერი გასაგებია, _ ხმა მოეგუდა პასუხის გაცემისას.
_ არა, ახლა ვერ გამაჩერებ. მინდა, რომ მომისმინო. _ ორივე ხელისგული მივუშვირე, თითქოს ამით შევაჩერებდი მის უარს, _ მე შენთან ძალიან მსიამოვნებს. მინდა სულ შენ გვერდით ვიყო. გეფიცები.
_ მართლა? _ ისეთი წვრილი ხმით ჩაიცინა, ისეთი ტკივილიანი ხმით, გულმა ლამის ნაპერწკლები გაყარა.
_ მართლა, _ თავდაჯერებულად მივუგე, _ როცა სახლში ვარ, ერთი სული მაქვს, შენთან როდის შემოვალ, როდის შემოგხედავ, როდის მოვეფერები შენს მზერას, შენს ღიმილს… _ და გავჩუმდი, ჰაერი არ მეყო, წინადადება გამეგრძელებინა, რადგან სანამ ის რთული თანწყობილი წინადადება წარმოვთქვი, არ ამომისუნთქავს. და რომ არ გავგუდულიყავი, სუნთქვითი შესვენება მჭირდებოდა.
_ მაგრამ? _ სიტყვა შემაშველა.
_ მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ისე ვერ გაგრძელდება, როგორც იმ დღეს, როცა…
_ როცა ერთმანეთით დავტკბით, _ უარესი სარკაზმი ალბათ არასდროს მომისმენია. მისგან მითუმეტეს.
_ ეს შეცდომა იყო, ბექა, შენც ხომ ხვდები, არა?
_ რა თქმა უნდა, _ ირონიული რიხით მომიგო, _ ჩვენ ხომ მომავალი არ გვაქვს! _ თქვა და ტუჩები გარმონივით გაწელა. ზედაც არ მიყურებდა, ისე მისჩერებოდა ფანჯარას, თითქოს მას სცემდა პასუხს და არა მე.
ვიცოდი, რომ გულს ვატკენდი, მაგრამ მთლად ასე თუ შეხვდებოდა ჩემს გადაწყვეტილებას, არ მოველოდი. მეგონა, შეგნებულად მიუდგებოდა სიტუაციას. თვითონაც ხომ ხვდებოდა, რომ წარმოუდგენელი იყო ჩვენი ერთად ყოფნა, დაქორწინება თუ ცოლქმრობა. არც ვიცი, რა უნდა დარქმეოდა ჩვენს ურთიერთობას, თუკი მისი გაგრძელების სურვილს გამოვთქვამდი.
მართალი ყოფილა ბაბა, როცა მეუბნებოდა: ავადმყოფი, ხეიბარი და მოხუცი ყველა ერთნაირად ეგოისტია, სამივე კატეგორიას ერთი რამ სურს _ ფინია ძაღლივით გარშემო ურბინოო.
ცოტა არ იყოს, იმედგაცრუებული დავრჩი. მეგონა, უფრო ცივილიზებული ფორმის საუბარი გაიმართებოდა ჩვენ შორის, მეტი შეგნებით მიუდგებოდა ბექა ამ ამბავს და ნაკლებად მტკივნეულად დავუსვამდით ჩვენს მინი-რომანს წერტილს… პატარა წერტილს, შეუმჩნეველს…
და ძველებურად გავაგრძელებდით მეგობრობას. ისიც მოთოკავდა თავს და მეც. ისიც ჩაკლავდა ახალაალებულ გრძნობებს და მეც. ნელ-ნელა განელდებოდა ეიფორია და დროის გასვლის შემდეგ სულაც სიცილით გავიხსენებდით იმ ერთ „ცხელ დღეს“.
მაგრამ ასე არ მოხდა. მან არ ისურვა ასე მომხდარიყო.
და ის საბოლოოდ გატყდა. ამას მაშინ მივხვდი, როცა ჩამკვდარი ხმით მითხრა:
_ წადი!
_ ბექა!
_ წადი-მეთქი! _ ერთი ტონალობით მაღლა წარმოთქვა.
_ მაგდებ? _ ხმა წამერთვა, ამაკანკალა.
_ არა. იმიტომ მინდა წახვიდე, რომ მარტო დავრჩე. ხომ იცი, როგორ მიყვარს მარტოობა, _ ცინიკური ჩაცინებით „ამიხსნა“.
_ ასე არ წავალ. მინდა, რომ მეგობრებად დავრჩეთ, კარგ მეგობრებად, როგორც ადრე. რატომ არ გინდა გამიგო? შენს ყოფილ შეყვარებულს ხომ გაუგე?
_ ჩემს ყოფილ შეყვარებულს თავი დაანებე! _ მოულოდნელად ისეთი ხმით იღრიალა, მეგონა, მთელმა ეზომ გაიგონა.
ეს განწირული კაცის ბღავილი იყო. წარმოუდგენელი ხმა ამოუშვა ყელიდან.
შიშისგან დავიზაფრე. ვიგრძენი, როგორ დამასხა ცივმა ოფლმა და ცახცახმა ამიტანა. ვეღარ ვხვდებოდი, რა გამეკეთებინა. უთქმელად ავმდგარიყავი და გავსულიყავი, თუ კიდევ მეცადა რამის თქმა და შერიგებისკენ თუნდაც გაუბედავი ნაბიჯის გადადგმა.
როგორც ჩანს, შეამჩნია, რაც დამემართა. უეცრად დაწყნარდა, უემოციოდ გამიღიმა და სრულიად მშვიდი ხმით წარმოთქვა:
_ მარტო დამტოვე, სონია, გთხოვ… და მაპატიე, რომ გიყვირე. ხვალ საღამოს შევხვდებით. მეც მოვალ მაგ სუფრაზე დასასწრებად.
ოდნავ მომეშვა. მაგრამ ახლა ცხელმა ოფლმა დამასხა. ისე შემახურა, თითქოს ზაფხულის მშრალი ქარი მეცა სახეში.
_ წავალ, ოღონდ მითხარი, რომ ჩემზე ნაწყენი არ ხარ, _ მუდარით სავსე ტონით ვუთხარი.
_ არა, არ ვარ ნაწყენი. საწყენი არც არაფერია. ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა. თუმცა მზად არ აღმოვჩნდი ამისთვის. უფრო სწორად, ვერ მოვასწარი მომზადება. ეს დღეები გაგირბოდი. ბიჭებს დავუძახე, მოდით-მეთქი. ვიცოდი, სანამ ისინი ივლიდნენ ჩემთან, ახლოს არ გამეკარებოდი. ვგრძნობ, რომ ისინი არ გევასება. ვიფიქრე, აჯობებს რამდენიმე დღე მარტო დარჩეს და ყველაფერი გადახარშოს-მეთქი. ჰოდა, აი… ვხედავ, რომ გადაგიხარშავს, _ დაამთავრა და სინანულით გაევსო ღიმილი.
_ მე… _ ისევ დავაპირე თავის მართლება, მაგრამ აღარ გამაგრძელებინა:
_ არ გინდა, გეხვეწები. შენ ახლა ისეთს ვერაფერს იტყვი, ჩემი განწყობა შეცვალო ან სხვა ტალღაზე გადამრთო. ჩათვალე, რომ არ მწყენია, არაფერი არ მწყენია. რაც შეეხება ჩემს შეყვარებულს, ის სხვა იყო. ის მე გავუშვი, თავისით არ წასულა. ამის სურვილიც არ გამოუთქვამს. შენგან განსხვავებით, მას უნდოდა ჩემ გვერდით დარჩენა. მე არ ვქენი. არ მინდოდა დატანჯულიყო. ვიცი, ახლა გაიფიქრებ, აბა რა გინდა, მე დავიტანჯოო? არა, არც ეს მინდა. უბრალოდ, ისე მოხდა ეს ყველაფერი, არც მიფიქრია, თუ აქეთკენ წასული ურთიერთობა შენში ტანჯვას გამოიწვევდა. მე ჩემს ყოფილს მანამ ვუყვარდი, სანამ ამ დღეში ჩავვარდებოდი, ამიტომ დავშორდი. მას ჯერაც არ ჰქონდა გააზრებული, რა ელოდა მის მომავალს, თუ ჩემთან დარჩებოდა. ის ჯერ კიდევ შოკში იყო, თან მართლა ვუყვარდი, ამიტომ სურდა მსხვეპლად შესწირვოდა ამ სიყვარულს. შენ კი აი, ასეთმა გაგიცანი, როგორიც ახლა ვარ და ვიფიქრე, რადგან მიმიღო ეს ჩამოწერილი კაცი, ესე იგი, იცის, როგორც მოუწევს ცხოვრება, არც ხათრის გამო იქნება ჩემ გვერდით და არც ვალდებულების-მეთქი. ის კი ვერ გავთვალე, რომ უბრალოდ, შემეჩვიე და ეს სიყვარული გეგონა. პატარა გოგო ხარ და შენში ვნების უეცარი აფეთქება მოხდა, წუთიერი აფეთქება, რომელიც უცებ გაქრა იმ გავარვარებულ რკინასავით, ცივ წყალში ჩაგდებისას ეგრევე რომ ცივდება. შენ ახლა ფოლადის გოგო ხარ, უკვე გამოწრთობილი. ეს მე გამოგჭედე შენ და ისე გამოგჭედე, ვერცერთ ომში ვერ დაგამარცხებენ აწი კაცები. მარტო დიდსულოვნება გაკლია. აი, რა უნდა გამოიმუშავო, _ თავისსავე ნათქვამზე გაეღიმა, რბილად, თბილად, ყოველგვარი ირონიის გარეშე, _ უკვე ყველაფერი გითხარი, ახლა კი გამარჯობა-ნახვამდის. ხვალამდე, სონია! ერთი თხოვნა მაქვს ოღონდ, სანამ გახვალ, აი, ის ფლეილისტი ჩამირთე, დესკტოპზე რომ მაქვს გამოტანილი, ეკრანის შუაში რომაა.
გაგრძელება იქნება