პასუხი არ გამიცია. სავარძელი კომპიუტერისკენ შევატრიალე და მითითებულ ფაილზე დავაწკაპუნე. ჩემთვის უცნობი მელოდია გაისმა. ორკესტრი უკრავდა.
ავდექი და კარისკენ გავემართე. კართან შევდექი და მოვხედე.
ის მე არ მიყურებდა. არც ფანჯარას. მასა და ფანჯარას შორის სივრცეს მისჩერებოდა. ასე უსინათლოები იყურებიან. ჰო, ამწუთას ბრმას ჰგავდა, ბრმას, რომელიც უსინათლო თვალებით არაფერს მიშტერებია…
_ ხვალ შემოგივლი, _ ხმამაღლა ვუთხარი, რათა მუსიკის ფონზე გაეგონა.
არანაირი რეაქცია.
ის იყო, კარი გამოვაღე, რომ უცებ ჩემი სახელი მომესმა:
_ სონია, მოიცა!
გავხევდი. ნელა, ნახევრად შემოვბრუნდი და მზერა მივაპყარი.
_ ერთი წუთით! _ თქვა და საჩვენებელი თითით მიმიხმო.
მივედი და მის წინ გავჩერდი.
_ ერთხელაც შეიძლება გაკოცო? როგორც იმ დღეს… მხოლოდ ერთხელ და უკანასკნელად. გპირდები, ეს აღარასდროს განმეორდება.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. ერთი კოცნა არაფერს წყვეტდა, ოღონდ კი გაბრაზებული არ დამეტოვებინა. მეშინოდა, აღარასდროს შემირიგდება-მეთქი.
მისკენ დავიხარე, ხელისგულებით საწოლს დავეყრდენი და სახე მივუახლოვე. მისმა სურნელმა ჩემი ნესტოები ამოავსო. თვალები დავხუჭე და ტუჩები მივუშვირე. თმაში ჩამავლო მარჯვენა ხელი და მიმიზიდა…
დიდხანს მკოცნა… ეს არ იყო ნება-ნებით კოცნა. უცნაური აღტყინებით, ჩქარ-ჩქარა მკოცნიდა, თითქოს განსაზღვრული დრო აქვს და რაც შეიძლება მეტი უნდა მოასწროსო…
მისი კოცნა მოცარტის უკანასკნელ, დაუმთავრებელ ნაწარმოებს ჰგავდა, რომელზეც გარდაცვალებამდე მუშაობდა. ეს იყო „რეკვიემი“ რე მინორში…
_ ახლა წადი. _ თქვა ბოლოს, როცა ჩემს ტუჩებს შეეშვა.
_ ბექა!.. _ მისი გამხნევება ვცადე, მინდოდა მეთქვა, რომ ჩემთვის ასე არასდროს არავის უკოცნია, რომ ძალიან, ძალიან მსიამოვნებდა მისი მოფერება, მაგრამ ამისთვის ძალა არ მეყო.
_ ვიცი, ვიცი, რაც უნდა მითხრა, _ გულღიად გამიღიმა, თუმცა თვალები ისეთი ტკივილით გავსებოდა, მის აწონა რომ ყოფილიყო შესაძლებელი, ამ წონას ვერა სასწორი ვერ გაუძლებდა, _ ამიტომ ნუღარ მეტყვი. მე გეტყვი ერთ რამეს: აი, კიდევ ერთი ახალი წელი რომ მოახლოვდება, ნაძვის ხეს დავდგამ და მე და შენ ერთად მოვრთოთ იგი, ოღონდ მხოლოდ თოვლის ფანტელებით. ხომ მომეხმარები?
_ აბა რას ვიზამ, _ ზუსტად მისნაირად გავიღიმე და თვალებიც ზუსტად მისნაირად დამიმძიმა ტკივილმა, აუწონავმა და სევდით შეფერილმა.
_ მიდი, სანამ შენი ბაბაკო ისევ წამოგვდგომია თავს, _ ეს უკვე სიცილით წარმოთქვა, თმაში ხელი შემიცურა, თითებით მობღუჯა, ის ბღუჯა ცხვირთან მიიტანა, თმის სურნელი შეისრუტა და ხელიც შემიშვა…
მისი ბინიდან ლამის გონდაკარგული გამოვედი. აღელვებულს ჰაერის უკმარისობა მჭირდა. მოკლე-მოკლე ამოსუნთქვებს ძლივს ვახერხებდი. ფეხი მერეოდა. კიდევ კარგი, ბაბა შინ არ იყო, თორემ მიხვდებოდა, რაც მჭირდა.
ვნანობდი, რაც გავაკეთე. ვფიქრობდი, რომ ვიჩქარე. ცოტა ხანს უნდა დამეტოვებინა ყველაფერი ისე, როგორც იყო. დაე, გახანგრძლივებოდა სიამოვნების წუთები. დაე, დროებით მაინც ეგრძნო თავი სრულფასოვან ადამიანად. ჩემი გრძნობები ხომ ამის იქით აღარ წავიდოდა. თითქოს სიხარულის წუთები შევუკვეცე, წამზომი ჩავურთე მის ბედნიერებას და მხოლოდ ასი მეტრის გარბენის უფლება მივეცი… მერე კი სიყვარულის მარათონიდან გამოვთიშე.
როგორ შემეცოდა. მტკიოდა მისი სევდა, მისი ტკივილი. უკანასკნელი იმედი მოვუსპე ადამიანს.
ბაბაკომ იცის ხოლმე თქმა: ქალმა არ იცის, როგორ მიაჭედოს ლურსმანი, მაგრამ ზუსტად იცის _ სადო. მე მას ზუსტად გულში ჩავაჭედე ლურსმანი, ოღონდ არ ვიცოდი, ეს როგორ უნდა გამეკეთებინა…
აი, ეს იყო ჩემი შეცდომა!.. სხვანაირად და სხვა დროს უნდა მექნა ეს.
***
საღამომდე პირქვედამხობილი ვიწექი. ვერაფრით ვერ შევძენი ჩაძინება. წამითაც ვერ. ბურანშიც კი ვერ გავეხვიე. გონებაში სულ ბექა მიტრიალებდა, მის თვალები, ლამაზი, ლამაზი, ლამაზზე ლამაზი თვალები, კიდევ უფრო რომ გაალამაზა ჩემმა უარმა და სევდით დაფერა.
ის დღე გაიწელა. ვნატრობდი, ნეტავ ბაბა დროზე მოვიდეს-მეთქი. ახლა ვიღაც მჭირდებოდა, ვისაც დილანდელ ამბავს მოვუყვებოდი. ბაბაზე უკეთესს ვის მოვუყვებოდი? ბაბაზე უკეთ ვინ გამიგებდა? თუნდაც დავეტუქსე, მაინც შვებას მომგვრიდა ან საერთოდ არაფერს მეტყოდა და ისე, მზერით შემომილაწუნებდა. ეს კი, თუ შვებას ვერ მომგვრიდა, ცოტათი მაინც შემაფხიზლებდა, ტკივილს შემიმსუბუქებდა.
როგორც იქნა, მოსაღამოვდა და სადარბაზოში პეპელას ხმა გაისმა. მერე ბაბასი. როგორც ჩანს, ეზოში შეხვდნენ ერთმანეთს. ჯერ ბექას კარი მიჯახუნდა, მერე ჩვენი გაიღო. ჩემი ბაბა მოვიდა.
მოვიდა, მაგრამ აღარაფერი ვუთხარი. უფრო სწორად, ვერ მოვასწარი, რადგან ცოტა ხანში პეპელა შემოვიდა თეფშით ხელში… ნამცხვრები მოგვიტანა, ბექამ სონიას შემოუგზავნაო…
მათი ბინიდან კი კვლავ ისმოდა ჩემთვის უცნობი მელოდიის ხმა. ისევ ის ორკესტრი უკრავდა…
ოღონდ სხვა მელოდიას…
***
მიყვარს გაზაფხული. ნიავის ყოველი შემობერვა თითქოს ერთ წელს მმატებს, ისეთი მაცოცხლებელია. დღეს პირველი აპრილია, რაც იმას ნიშნავს, რომ სამყაროში აპრილი გაბატონდა მთელი თავისი დიდებულებითა და სილურჯით. იისფერი თვე!
მზე კვირტების დახეთქვას შეუდგა. გაპატარძლდნენ ტყემლები. ატმებმა ვარდისფერი სამოსი მოირგეს. მათი სურნელი ჰაერში დალივლივებს. ეს სურნელი ბექას მაგონებს. სულ მასზე მეფიქრება. არ შევხმიანებივარ. მაინტერესებს, მართლა შემოვა თუ არა საღამოს ჩვენთან.
სახლში არის ერთი ფაციფუცი. სონია, ბაბაკო და ჩარიტა გარბი-გამორბიან. პეპელაც კი არ წავიდა სამსახურში, რახან ადა განსაკუთრებულ სადილს აწყობდა, თუმცა არ იცოდა, ამ სადილზე რა საოცარი ამბის მოსმენა ელოდა. მის გარდა ყველამ ყველაფერი ვიცოდით.
პეპელამ ბადრიჯანი და ნიგოზი თავისთან გაიტანა, ჩემთან შევწვავ, დავტენი და შემოვიტანო. ჩარიტამ ხაჭაპურის თადარიგი დაიჭირა, ბაბაკომ _ ელარჯისა და გებჟალიასი. ნამდვილი მეგრული სუფრა გველოდა. სონიამ ნამცხვრის გამოცხობა ითავა. მე, როგორც ყოველთვის, დამხმარე მუშის ფუნქცია მერგო _ ხახვი გაფცქვენი, ნიორი გაარჩიე, მწვანილები და ხილი გარეცხე, თეფშებს წყალი გაავლე, გაამშრალე…
მიუხედავად იმისა, რომ წამითაც არ დამისვენია, გონებაში მაინც ბექა მიტრიალებდა. მასზე ვფიქრობდი. ვერ ვპატიობდი თავს, ასე რომ მოვექეცი. ოდესმე აღდგებოდა ჩვენ შორის ძველი, მეგობრული ურთიერთობა? ალბათ ვეღარ…
_ თბილისი კორპუსების ტყეს დაემსგავსა, გენაცვალე! ჩვენი სახლი მაგასთან შედარებით ნამდვილი ნაკრძალია! _ ქაქანებდა ადა, თან ღერღილს გულმოდგინედ რეცხავდა, _ ღმერთს მადლობა, რომ იმ კინგ-კონგებში არ მომიწია ცხოვრებამ, თორემ დარდი მომკლავდა ალბათ.
კინგ-კონგებს ბაბა მაღალსართულიან კორპუსებს ეძახის.
_ აი, მაგაში კი მართლა გაგვიმართლა, _ დაეთანხმა ჩარიტა, _ კიდევ ერთი სპიტაკისნაირი მიწისძვრა და ყველა კორპუსი მიწაზე გაწვება. ჩვენს სახლს ეგ ნამდვილად არ ემუქრება.
_ მორჩა, ამას მეტი არაფერი არ უნდა, სიმღერას ხომ არ დავაწყებინებ, _ თქვა ბაბამ, გაქათქათებულღერღილიანი ქვაბი წყლით გაავსო და გაზზე შემოდგა.
_ მეც მოვრჩი თითქმის, ორი ცალიღა დამრჩა გამოსაცხობი, _ ჩარიტამ ფქვილიანი ხელები ტილოზე შეიწმინდა და სკამზე ჩამოჯდა, _ დავიღალე, სად შემიძლია ამდენი.
_ სონია, გაშალე, ბაბა, სუფრა? _ გამომძახა ადამ.
_ ყველაფერი მზადაა.
_ მიდი ერთი, შესძახე პეპელას, ამდენი ხანი რას შვრება, რა ვერ დააყენა იმ ბადრიჯანს საშველი!
ის იყო უნდა მეთქვა, მეზარება გასვლა-მეთქი, რომ კარი გაიღო და პეპელა შემოვიდა ჯამით ხელში. ისე კოხტად ჩაელაგებინა შიგნით ორად გაკეცილი ნიგვზიანი ბადრიჯანი, ნერწყვი გადავაგორე.
_ ა! მოვიტანე. აწი ბროწეული და მისი ჯანი, სხვა მხრივ მზადაა, მარა გამისინჯეთ ვინმემ, რამე ხომ არ დავაკელი!
_ ოხ, შენ რა გითხარი, პეპელა! რამე რომ აკლდეს, დაამატებ თუ რა? _ გაიცინა ადამ, _ მიეცი ეგერ სონიას, დადებს თეფშებზე და ბროწეულსაც მოაყრის. კარგი იქნება, შენ ეგ არ შეგეშლებოდა, _ მიუქათინაურა თან და ღომს ცეცხლი შეუნთო.
***
ექვსი ხდებოდა, როცა შევიკრიბეთ და სუფრას მივუსხედით. პეპელა და ბექა არ ჩანდნენ. ბაბამ გასვლა დააპირა დასაძახებლად და კარი გააღო თუ არა, პირისპირ შეეჩეხა ქალს. ისეთი აპილპილებული იყო, სახე წაშლოდა.
_ რა იყო, ქალო, ცხელ თონეში ჩაყავი თავი თუ? _ შესცინა ჩარიტამ, როცა ისიც სუფრას მიუჯდა.
_ ჯანდაბა და დოზანა მაგის თავს! _ უკმაყოფილო ტონით წამოიძახა პეპელამ, _ ვერაფრით ვერ დავითანხმე შემოსვლაზე. ისე გამამწარა, კუნძი ხარ და ეგდე შენთვის კუნძივით-მეთქი, მივაყვირე და წამოვედი. აი, აქ მაქვს უკვე ამოსული! _ ხორხზე მიიღო გაშლილი ხელი!
საშინლად მომხვდა ყურში მისი სიტყვები. ეს რამ ათქმევინა შვილისთვის?
_ კარგი, შეეშვი, ცოდოა ბიჭი, თავისი გაჭირვება ეყოფა. მარტო ყოფნა ურჩევნია, ეტყობა, _ თქვა ბაბაკომ, _ გავა მერე სონია და გაუტანს ცოტ-ცოტას ყველაფერს. ერთად უფრო გაერთობიან.
ისედაც უხასიათოდ ვიყავი და პეპელას ნათქვამმა უარესად გამხადა. სულაც არ მინდოდა ახლა ამათთან ჯდომა, სიამოვნებით გავიდოდი ბექასთან, მაგრამ ჯერ არ გამოვიდოდა.
კიტას წვერი გაეპარსა, თმა შეეკრიჭა, კოხტად ჩაეცვა და ისე სიმპათიურად გამოიყურებოდა, თქვენი მოწონებული. ახლა უფრო ახალგაზრდა ჩანდა. ის სონიას გვერდით იჯდა, მაგრამ როგორც ერთადერთი მამაკაცი, ყველას ემსახურებოდა. კერძებს გადააწოდებდა, ჭიქებს ღვინით ავსებდა და ქალებს ყურადღებას არ აკლებდა.
როცა სუფრის წევრები ასე თუ ისე შენაყრდნენ და ორი თუ სამი ჭიქაც დაცალეს, ბაბაკომ დანა-ჩანგალი დადო, პირი ხელსახოცით მოიწმინდა, ყველას თვალი მოავლო და დაიწყო:
_ ჩემო კეთილო ხალხო! დღეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. არცერთი თქვენგანისთვის არ არის უცხო ჩვენი შეკრების მიზეზი, პეპელას გარდა. მხოლოდ მან არ იცის, რატომ მოვისურვე ამ სუფრის გაშლა. ახლა ჩემი ბიჭიც ჩაგვერთვება. მე მას მამამისი უნდა გავაცნო.
პეპელას თვალები გაუდიდდა გაოცებისგან.
_ ჰო, პეპელა, აი, ეს ბატონი, შენ წინ რომ ზის, პატივცემული კიტა, ჩემი შვილის მამაა…
მეტი არაფერი უთქვამს ადას. მერე ლეპტოპი მოიტანა და მამასთან დარეკა. ასე შორიდან შეახვედრა მამა-შვილი ერთმანეთს. თითქოს ორივე დამუნჯდაო, ხმას არ იღებდნენ, მხოლოდ ადა ლაპარაკობდა. თავიდან ბოლომდე მოჰყვა თავის თავგადასავალს, შეულამაზებლად, დაუნდობლად. არც კიტასთვის შეუხედავს, არც სონიასთვის და არც შვილისთვის. თითქოს აუდიტორიას ლექციას უკითხავდა…
გული ამიჩუყდა. მივხვდი, რომ ავტირდებოდი, ამიტომ მაშინვე ავდექი სუფრიდან, სინი ავიღე და ბექასთვის მოსაკითხი გავამზადე. ჩემთვის ის, რაც აქ ხდებოდა, მასკარადი იყო, რომლის ყურება არ მხიბლავდა. ბექასთან უფრო საინტერესოდ გავატარებდი დროს. მასთან ტირილიც კი უფრო საინტერესო იქნებოდა.
არავისთვის არაფერი მითქვამს, ისე გავედი. ბაბაკოს თხრობა არ შეუწყვეტია, მხოლოდ თვალი გამომაყოლა.
ბექას პლედი თავზე წაეფარებინა. დავუძახე. არ მიპასუხა. რაღაცნაირი ხმა მომესმა, თითქოს ხვრინვის. გამიკვირდა, ამ დროს რამ დააძინა-მეთქი, თან დედასთან ნაჩხუბარს. სინი კომპიუტერის მაგიდაზე დავდე, საწოლს მივუახლოვდი და ბექას სახიდან პლედი გადავხადე…
ჩემმა კივილმა არემარე გააყრუა. მას პირიდან ქაფი სდიოდა და ხროტინებდა…
***
ერთი კვირა ებრძოდა სიკვდილს. ორჯერ გაუჩერდა გული. მთელ დღეებს კლინიკაში ვატარებდით, ვათენებდით და ვაღამებდით. ვერა, ვერ გადაარჩინეს. მეექვსე დღეს გარდაიცვალა…
დედის სიტყვებმა ბოლო მოუღო. რაც კი წამლები ჰქონდა, თავის ანტიდეპრესანტებიანად, ყველა ერთად დაულევია თურმე. ვინ იცის, ცოტა ადრე რომ შევსულიყავი, იქნებ მიმესწრო, იქნებ გადამერჩინა.
გიჟს ვგავდი. მთელი ორი თვე გონს ვერ მოვდიოდი. პეპელას ხომ ვაბრალებდი შვილის სიკვდილს, მაგრამ ჩემს თავსაც არანაკლებ ვადანაშაულებდი…
მიყვარდა? არ მკითხოთ. იმიტომ, რომ არ ვიცი. შეიძლება წლების მერე გავცე ამ შეკითხვას პასუხი, როცა კიდევ გამოვცდი მსგავს ან უფრო ძლიერ გრძნობას. თუმცა შეიძლება ახლაც მაქვს პასუხი და გავურბი? თუ ადამიანის ნახვა გიხარია, მასთან მიგეჩქარება, სულ თვალწინ გიდგას და ერთი სული გაქვს, როდის შეეხები მხრით მხარზე ან როგორ შეისრუტავ მალულად მისი სხეულის უსუნამოო სურნელს, ნუთუ ეს არ არის სიყვარული? მაშინ რატომ გივლის ჟრუანტელი, როცა თავს თავზე მოგადებს ან უბრალოდ, ფრთხილად გაკოცებს? იქნებ იმიტომ არ ვუტყდები ჩემს თავსაც კი ამაში, რომ ის გრძნობა, რაც ბექასთან მაკავშირებდა, სადღაც გულის ყველაზე დამალულ კუნჭულში მქონდა შემონახული, როგორც რაღაც ყველაზე აკრძალული, ხელშეუხებელი?
არ ვიცი. ამაზე მაშინ ვილაპარაკოთ, როცა თამამად შემეძლება თქმა: მე შეყვარებული ვარ!
***
სექტემბრის ბოლო იყო. ექვსი თვე გასულიყო ბექას დაღუპვიდან. ნელ-ნელა იწყო გაყუჩება ტკივილმა, თუმცა ხანდახან მთელი ძალით შემომიტევდა. უჭირდა გონებას, გულს, სულს უბექაობა, ვერ შევეჩვიე უმისობას. მხოლოდ მისით გამოწვეულ სიცარიელეს შევეგუე. დარდის გასაქარვებლად ბაბაკოსთან ინტენსიურად დავიწყე მუშაობა, ესეც მისი დაჟინებული თხოვნით თუ მოთხოვნით. ახლა უკვე მენეჯერი მერქვა, მთავარი მენეჯერი. გამომცემლობაში ყველას ვუყვარდი. ყოველთვის თბილად და სიყვარულით მხვდებოდნენ. თავს არ ვიზოგავდი, საქმეს მთელი სერიოზულობით ვუდგებოდი და არაფერს ვიზარებდი.
კიტა და სონია ისევ ჩვენთან ცხოვრობდნენ. როგორც კი უკრაინაში ომი დამთავრდება, გავემგზავრებითო, მორიდებით ამბობდა ხოლმე სონია, თითქოს ხელს გვიშლიდა რამეში ან გვამძიმებდა. ხშირად ვიკრიბებოდით ერთად. კიტაზეც აღარ ვბრაზობდი ძველებურად. ბოლოს და ბოლოს, ბაბუა იყო ჩემი და ძალიან, ძალიან ვუყვარდი.
ბაბაკოს თავისი გამოუქვეყნებელი რომანი ერთხელაც არ უხსენებია. არ ვიცი, დაამთავრებს თუ არა. რახან ყველაფერი გაცხადდა, შეიძლება სულაც შეცვალოს და ავტობიოგრაფიულადაც აქციოს. ჯერ ხმას არ იღებს…
აგვისტოში მამაც ჩამოვიდა ცოლის გარეშე ორი კვირით და ის ორი კვირა მამა-შვილმა ერთმანეთის გვერდით გაატარა. თურმე რამხელა ძალა ჰქონია მამაშვილობას! თითქოს მთელი ცხოვრება ერთად გაეტარებინოთ, ისე შეხმატკბილდნენ. როცა მამა გავაცილეთ, ყველანი ვტიროდით _ კაცებიც და ქალებიც… ემოციური დამშვიდობება გამოგვივიდა…
გაგრძელება იქნება