შაბათი იყო, ერთ ავტორთან მოსალაპარაკებლად ვიყავი მისული, მისი წიგნის გამოცემა გვსურდა. იქიდან გამოსულმა ფეხით გავიარე, ცოტა ჰაერს ჩავყლაპავ-მეთქი, შინ ვბრუნდებოდი. ის იყო ზებრა გადასასვლელის შუქნიშანთან გაჩერებულმა გზის მეორე მხარეს გადასვლა დავაპირე, რომ უეცრად ფეხი გადამიბრუნდა, თან ისე მწარედ, რომ ვიგრძენი, კოჭი როგორ მეღრძო. სიმწრით დავიკვნესე და იქვე ჩავჯექი.
_ ხომ არ დაგეხმარო? _ ვიღაცის ხმა ზემოდან მომწვდა. ავიხედე და… მეგონა დეჟავუ დამემართა. ბექა დამცქეროდა ოდნავ წელში მოხრილი და საკუთარ მუხლებს დაბჯენილი. არა, ბექა არა, მისი თვალები. სწორედ მისნაირი გამოხედვა ჰქონდა ამ ბიჭს, მისი ფერის თვალები. ეს საოცრება იყო. თავზე მზის სათვალე დაეკოსებინა. თითქოს დედამიწა აყირავდა, რადგან ახლა ზღვასავით ლურჯი თვალები ზემოდან დასცქეროდა ჩემს ცასავით ცისფერ თვალებს…
პასუხად მხოლოდ ხელები გავუწვდინე, ჯერ მარჯვენა, მერე მარცხენა. მაჯებში ჩამეჭიდა და ადგომაში მომეხმარა. ოხხხ! როგორ მტკიოდა კოჭი. მივხვდი, ნაბიჯის გადადგმა გამიჭირდებოდა.
_ გტკივა? _ კვლავ მომესმა ბექასნაირის ხმა, მზრუნველი, თანაგრძნობიანი, ნუგეშიანი, ოღონდ უფრო ბოხი.
_ მტკივა. _ მივუგე, თავი ავწიე და მივაშტერდი, ახლა უფრო დაჟინებით და ინტერესით, ვიდრე წეღან.
თვითონაც რაღაცნაირად მომჩერებოდა, თითქოს რაღაც განსაკუთრებულს ეძებდა ჩემს სახეზე და ის განსაკუთრებული სადღაც ნაკვთებს შორის იყო მიმალული.
გავუღიმე. გამიღიმა.
_ შენც იგრძენი, ხომ? _ ისეთი ტონით მკითხა, თითქოს დიდ საიდუმლოს მანდობდა.
_ რა? _ ვერ მივუხვდი, რა იგულისხმა.
_ ქიმია.
ვაი! ბაბაკოს სიტყვები გამახსენდა მაშინვე, სიყვარული ქიმიაა, რომელიც ქიმიურ ტკივილს იწვევსო.
ისევ გავუღიმე. იმანაც გამიღიმა.
_ სიამოვნებით შეგირთავდი ცოლად, _ სასწაული რაღაც თქვა. სწორედ ეს სიტყვები მითხრა ბექამ, როცა გავიცანი, მხოლოდ ერთი განსხვავებით, ამას _ ჯანმრთელი რომ ვიყოო, არ დაუყოლებია.
ღმერთო, არ მითხრა, რომ მისი სახით ეს ბიჭი გამომიგზავნე!
უკომენტაროდ! დამშვიდდი, სონია, რაღაც უშნოდ აგიბორგდა გული! არც კი იცი, ვინ არის.
_ ვიცი, ნებას არ მომცემ, თორემ ხელში აგიყვანდი და ისე გადაგიყვანდი მეორე მხარეს.
_ არა, არა, ასე ძალიანაც არ მტკივა.
_ შენით შეძლებ სიარულს?
_ მგონი, კი.
_ მაშინ ჩამკიდე ხელი, ისე, უსაფრთხოებისთვის, თავი რომ დავიზღვიოთ. _ და ხელი გამომიწოდა.
მეც შევაგებე ჩემი და ჩავკიდე. ოჰ, როგორ ჩაეკრა ჩემი მარჯვენა მის მარცხენას. თითებმა თითქოს იგრძნეს, როგორ მოერგნენ ერთმანეთს. ისე ლამაზად ჩაიხუტა მისმა ხელმა ჩემი ხელი, შემათრთოლა.
_ ეგერ დგას ჩემი მანქანა, სადაც მეტყვი, იქ მიგიყვან, _ მითხრა და გზის მეორე მხარეს გაჩერებულ „აუდიზე“ მანიშნა.
ასე ხელიხელჩაკიდებულებმა გადავკვეთეთ წყვეტილი ზოლი. მანქანები ჩერდებოდნენ და გვატარებდნენ. მე ვკოჭლობდი. ტკივილისგან რის ვაივაგლახით ვდგამდი ნაბიჯებს, მაგრამ დიდად არ მაწუხებდა, რადგან ამწუთას ჩემს ფიზიკურ ტკივილს უცნაურად დაუფლებული სიხარული ჯაბნიდა. მომწონდა ეს ბიჭი, რომლის სახელიც არ ვიცოდი. ვისზეც არაფერი ვიცოდი, გარდა იმისა, რომ ბექას მაგონებდა და ჩემი ცოლად შერთვის სურვილი გასჩენოდა. ნეტავ რა გვარია? ვაითუ თავადური წარმომავლობა არ აქვს. აი, სად დამერხევა! გადაირევა ჩემი ბაბაკო.
მანქანის კარი გამოაღო და ჩაჯდომაშიც მომეხმარა.
_ საავადმყოფოში ხომ არ წავიდეთ? _ მკითხა, როცა საჭეს მიუჯდა.
_ არა, ჯობია შინ მივიდე.
_ დაგხვდება ვინმე? შენს კოჭს ახლა შველა სჭირდება, მარილიანი წყალი, ცივი ტილოები… _ ისე ჩამოარაკრაკა, თითქოს მთელი ცხოვრება ამის მეტი არაფერი ეკეთებინოს.
_ ბაბაკო სახლშია.
_ ვინ? _ ვერ მიხვდა, ვინ უნდა ყოფილიყო ბაბაკო.
_ ბებიაჩემი, რომელსაც პატარაობიდან ბაბაკოს ვეძახი.
_ ბაც! _ შესძახა უცებ, _ აი, კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც შეგირთავდი ცოლად.
სიცილი ვერ შევიკავე.
_ მართლა გეუბნები, კი არ ვხუმრობ. შენ ალბათ ფიქრობ, გიჟია ვიღაცაო. მე კი სრულ ჭკუაზე ვარ.
ერთი უყურეთ, რა გამართული ქართულით საუბრობს. აი, ეს კი გაუსწორდება ჩემს ბაბას.
_ საით მივდივართ?
უეცრად უცნაურმა სურვილმა დამრია ხელი.
_ საბურთალოს სასაფლაოზე, _ დავაბრეხვე.
_ სააად? _ კვლავ დაამუხრუჭა.
_ ძალიან მინდა ახლა იქ ასვლა, გთხოვთ, თუ არ გაგაცდენთ. სერიოზული მიზეზი მაქვს. იქიდან კი სახლში.
_ დამაინტრიგე, ხომ იცი… _ თავი გააქნია, _ რა გქვია? _ ბოლოს და ბოლოს, დაინტერესდა ჩემი სახელით.
_ სონია.
ისევ დაამუხრუჭა და ცალთვალმოჭუტულმა მკითხა:
_ რუსი ხარ?
კვლავ გამეცინა. ყველას რუსი ვგონივარ, ვისაც ჩემს სახელს ვეტყვი.
_ არა, ქართველი ვარ სულით ხორცამდე. სონია აფაქიძე.
_ ვაჰ! კიდევ კარგი. კინაღამ გული გამიხეთქე, კაცოოო! _ გამხიარულებულმა ისევ დაძრა მანქანა, სათვალე ჩამოიწია და ლამაზი თვალები შიგ შემალა.
_ სონია ვინ დაგარქვა? _ შემეკითხა, როცა სიჩუმე გაუსაძლისი გახდა.
_ ბაბაკომ. დაქალი ჰყავდა სონია, უკრაინელი, მის პატივსაცემად. ეს გრძელი ამბავია.
_ გასაგებია. იმედია, ოდესმე მომიყვები, _ თქვა და ირიბად გამომხედა, რა რეაქცია მექნებოდა.
ღიმილი უნებურად გაექცა ჩემს ტუჩებს.
_ იმედია, ოდესმე დადგება ეს ოდესმე, _ მივუგე.
_ დადგება, დადგება. _ თითქოს გამამხნევა, _ მე ირაკლი მქვია, გვარად ნებიერიძე.
აჰა, ესეც შენ, სონია! გლეხი ყოფილა, ცხრა ნომერი გლეხი! გაგიჟდება ჩემი ბაბაკო!
_ სასიამოვნოა.
***
გაოცებული მისჩერებოდა ბექას საფლავის სურათს. როგორც ჩანს, მსგავსება არც თვითონ გამოჰპარვია.
_ ვინ არის შენი? _ ისე ხმადაბლა მკითხა, ძლივს გავიგონე.
_ მეგობარი, რომელიც ბოლომდე მიგებდა… ყველაფერში.
_ რა დაემართა?
_ მძიმედ იყო ავად. წლები _ ლოგინად ჩავარდნილი. ბოლოს ვეღარ გაუძლო და…
_ თავი მოიკლა?
_ ჰო.
_ ვწუხვარ. _ დაეხშო ხმა, _ გიყვარდა?
_ არც ვიცი. თვითონ მიკრძალავდა ამ თემაზე საუბარს. იცოდა, რაც ელოდა. იცოდა, ბედნიერებას ვერ მომანიჭებდა, ამიტომ მხოლოდ ვმეგობრობდით. შეიძლება უფრო მეცოდებოდა და თანავუგრძნობდი, ვიდრე მიყვარდა. მაგრამ ერთადერთი იყო, ვისთანაც ზეკომფორტულად ვგრძნობდი თავს.
_ სონია, ბედისწერის გჯერა?
პასუხად მხოლოდ მხრები ავიჩეჩე.
_ არ გეჩვენება, რომ იქ, ზემოთ, _ საჩვენებელი თითი მაღლა აიშვირა, თან თვალს არ მაცილებდა, _ რაღაც საინტერესო გადაწყდა? ის, რაც ჩვენ ორს გვეხება? იქნებ შენი ბექა გეხმარება, რას იტყვი?
ისევ მხრების აჩეჩა და… გულის შეტოკება.
_ მე ბექა არ ვარ, მაგრამ არც ცუდი ბიჭი ვარ. როცა დაგიახლოვდები, პირველი, რასაც გეტყვი, იქნება: „მიყვარხარ, პატარავ“. და ეს სამუდამოდ იქნება. ამ სიტყვებს წლებია მძიმე ტვირთივით დავატარებ, რომ ვინმეს ვუთხრა, მაგრამ აქამდე არავინ შეხვდა ასეთი, _ წარმოთქვა და ისევ ისე ჩამჭიდა ხელი, როგორც ზოლზე გადასვლისას, _ შემომხედე! _ მეც შევხედე, _ მენდე!
მზერა მისი თვალებიდან ბექას ფოტოზე გადავიტანე. გული უცნაურ დარტყმებს ახორციელებდა.
ენდე! _ მეუბნებოდნენ ბექას თვალები.
ენდე! _ ჩამძახოდა ჩემი გონება.
ენდე! _ გაჰკიოდა ჩემი გული.
მენდე! _ მეუბნებოდა ირაკლის ტუჩები.
_ როგორც ჩანს, ძალიან მზრუნველი მფარველი ანგელოზი გყოლია ზეცაში, _ თითქოს თავისთვის დაასკვნა ირაკლიმ და თავზე ხელი დამადო, _ როგორ ჰყვარებიხარ შენს ქერუბიმს.
ჩემი ქერუბიმი ჩემი ბაბაკოა! _ ვიყვირე გულში, გონებაში, ფიქრში.
_ წავიდეთ, _ ვთქვი და ხელები წინანდელივით გავუშვირე, ჯერ მარჯვენა, მერე მარცხენა, რათა წამოვეყენებინე.
გზაში ენა არ გაუჩერებია. ყველაფერზე ილაპარაკა, ამინდზე, ჩვენს შეხვედრაზე, ცხოვრებაზე, სიყვარულზე… თავის თავზე არ ულაპარაკია მხოლოდ. ბოლოს კი საოცარი რამ მითხრა:
_ გული მიგრძნობს, ახალ წელს ერთად შევხვდებით. ნაძვის ხესაც ერთად მოვრთავთ. ხომ მომეხმარები?
რა ნაცნობი სიტყვები იყო! ტკბილი და ამასთანავე, ტკივილიანი!
_ დედა რთავს ხოლმე ჩვენს ნაძვის ხეს ყოველ წელს და იცი, სათამაშოების გარდა კიდევ რას იყენებს?
თითქოს მივხვდი, რაც უნდა ეთქვა, ამიტომ უყოყმანოდ ვუპასუხე:
_ ბამბის ფანტელებს.
და კიდევ ერთხელ დაამუხრუჭა. არ ელოდა, თუ მივუხვდებოდი.
_ ჩვენც გვიყვარს ნაძვის მორთვა ბამბის ფიფქებით, ბაბაკომ შემაყვარა.
თავი უკან გადასწია და კმაყოფილი ღიმილი გადაეფინა სახეზე.
_ იმედია, არ ვგიჟდები და ეს ყველაფერი სიზმარი არ არის. რას იტყვი, სონია?
გავიღიმე. ამდენი თვის მერე პირველად დამიბრუნდა ღიმილის უნარი.
_ არა, არც გაგიჟებულხარ და არც სიზმარია ეს ყველაფერი.
მანქანა დაიძრა. ნელა მივუყვებოდით გზას…
***
კართან მივედით. მას ხელში ვყავდი ატატებული, მე ზარი დავრეკე.
ბაბაკომ ჩვენს დანახვაზე წარბები ისე დაქაჩა დაბლა, ლამის თვალებს გადააფარა. ნეტავ რა უფრო გაუკვირდა _ ირაკლის ბექასთან მსგავსება თუ ის, ხელში რომ ვყავდი უცხო მამაკაცს ატატებული?
_ მშვიდობაა? _ რაც შეიძლებოდა მშვიდად იკითხა და ჯერ ირაკლის მიაჩერდა, მერე მე.
_ სალამი, ქალბატონო ბაბაკო. აი, სონიამ ფეხი იღრძო და დავეხმარე, მეტი არაფერი, _ თითქოს თავი იმართლა ჩემმა „ქიმიამ“.
ბაბამ ჩაიცინა და განზე გადგა, გზა დაგვითმო.
_ ეგერ, ტახტზე წამოაწვინე, შვილო, მე მანამ მარილიან ტილოს გავამზადებ.
როგორც კი ბაბამ სველი ტილო და ბინტი მოიტანა, ირაკლიმ მაშინვე ხელიდან გამოსტაცა, მკლავები დაიკაპიწა და გამალებით შეუდგა საქმეს. ისე გაწაფულად მიხვევდა შესივებულ კოჭს, მე აღტაცებას ვერ ვმალავდი, ბაბაკო _ გაოცებას.
_ ასე კარგად ერკვევი, შვილო, ასეთ რამეებში? _ ღიმილით შეეკითხა ადა.
_ ეს ჩემი პროფესიული მოვალეობაა, ქალბატონო ბაბაკო, ექიმი ვარ, ქირურგი.
_ აი, თურმე რა ყოფილა! _ კმაყოფილებამ გადაუარა ბაბაკოს სახეზე.
აი, თურმე რა ყოფილა! _ მეც კმაყოფილება მომგვარა ამ აღმოჩენამ.
_ რა გვარი ხარ, შვილო, შენ?
_ ნებიერიძე, ირაკლი ნებიერიძე, დავითის ძე, 29 წლის.
_ აჰა… _ ბაბას ხმას აშკარად სინანულის ტონი შეერია. გლეხ სიძეზე ნამდვილად არ ოცნებობდა.
***
კარგა ხანი გავიდა ირაკლის წასვლის შემდეგ. ბაბაკო უხმოდ მიმოდიოდა აქეთ-იქით, არაფერს ამბობდა. ვხვდებოდი, რატომაც. ირაკლის გვარი არ მოეწონა. უეცრად ჩემ წინ გაჩერდა, ჩაიმუხლა, თავზე ხელი გადამისვა და „სიჩუმის იმპერატორმა“ სიჩუმე, როგორც იქნა, დაარღვია:
_ იცი? ნებიერიძეები ყოველთვის თავისუფალი გლეხები იყვნენ. რა თქმა უნდა, ადვილად შეეძლოთ აზნაურის წოდება მიეღოთ, თავადისაც კი, მაგრამ ასეთ რამეს არად დაგიდევდნენ, რადგან თავიანთი თავისუფლება ყველაფერს ერჩივნათ. ლაღ ცხოვრებას იყვნენ მიჩვეულები. კარგი ბიჭია ეს შენი ირაკლი. ნახე, როგორი დახვეწილი ქართულით ლაპარაკობს? დარწმუნებული ვარ, დედა ჰყავს ფილოლოგი ან მამა. თან ეს მსგავსება! უცნაური ამბავია, ღმერთმანი! მომწონს, კოჭებში ეტყობა, რომ კარგი ადამიანია. ენდე! _ დააყოლა ბოლოს, შუბლზე მაკოცა და ადგა.
მგონი ესენი მოლაპარაკებულები არიან, რა ერთნაირ ფრაზებს მესვრიან მთელი დღე! მენდე-ენდე! _ გულში გამეცინა.
მივხვდი, რომ წინ დიდი სიყვარული მელოდა თავისი უნივერსალური ტკივილით. დიდი და გამართლებული სიყვარული. ის, რაც ჩემს ბაბაკოს დააკლდა, ერთიანად მე მომამადლა ღმერთმა. და მიხაროდა…
***
…იმ დღიდან მოყოლებული მე ირაკლი ლამის ყოველდღე ვკონტაქტობდით _ ხან ვხვდებოდით, ხან ვმესიჯობდით, ხან ვურეკავდით ერთმანეთს. მერე ახალი წელი მოახლოვდა და შეპირებისამებრ, როცა მის ნაძვის ხეს ვრთავდით ბამბის ფანტელებით, მან თავისი ტვირთად ქცეული ფრაზაც მაჩუქა: „მიყვარხარ, პატარავ“ და ისე მითხრა ეს, მიმახვედრა, რომ სამუდამოდ ასე იქნებოდა…
მართლაც, სიყვარული ზვავივით დამატყდა თავს და შიგ მომიყოლა.
ცა და ზღვა ერთმანეთს შეერწყა და შეერთდა.
დაიწყო! დიდი სიყვარული დაიწყო! მე შეყვარებული ვარ, ადამიანებო!..
სხვა დროს ამაზეც მოგიყვებით!.. ოდესმე…
დასასრული