გავიდა ხანი. ანდრიას კიდევ ერთი უბედურება დაატყდა თავს _ მამამისიც გარდაიცვალა და იძულებული გახდა, ინგლისი დაეტოვებინა. ინგლისი კი არა, საერთოდ მიატოვა სამსახური, თბილისიდან კახეთში გადასახლდა და მამის მამულის საქმეებით დაკავდა. მამამისი ფერმერობას მისდევდა და თუ მის საქმეს არ გააგრძელებდა, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამომუშავებული ფულით შორს ვერ წავიდოდა. თუმცა პოლიტიკიდან წასვლა არ სურდა, ამიტომ პარტიულ შეკრებებზე სიარულს მოუხშირა და გადაწყვიტა, არჩევნებში აქტიურად მიეღო მონაწილეობა. პარლამენტარობა ოდითგანვე სურდა და ამ სურვილს ვერ გადაუხვევდა.
პარალელურად კატიას ძებნას შეუდგა. ხან უკრაინის საელჩოს მიმართა, ხან იქაურ მეგობრებს, გავლენიანი ადამიანებიც ჩარია, მაგრამ უშედეგოდ. ის კი არა, ერთხელ პარტიის შეკრებაზე თანაპარტიელებმა ურჩიეს, განქორწინებაზე შეეტანა განცხადება. სამშობლოს მოღალატის ქალიშვილის ცოლობა კარგს არაფერს მოგიტანს, შენს კარიერულ წინსვლას ყოველთვის ხელს შეუშლის და აჯობებს, გაეყარო, თორმე არჩევნების პერიოდში ამას ვიღაც მაინც გაიგებს და წამოგაძახებენო.
ამაზე ბევრი იფიქრა, დედასაც მოეთათბირა და გადაწყვეტილებაც მიიღო _ იმისთვის, რომ პოლიტიკაში პოზიციები გაემყარებინა, ქორწინების ანულირება უნდა მოეხდინა. ძალიან უმძიმდა ამის გაკეთება, მაგრამ სხვა გამოსავალი თანაპარტიელებმა არ დაუტოვეს.
წლები შეუმჩნევლად გადიოდა. ანდრია ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო ცნობილი ხდებოდა. პოლიტიკურ დებატებში იწვევდნენ, ინტერვიუებს ართმევდნენ, პოლემიკაში აქტიურად ერთვებოდა. განათლებული კაცი იყო და გამოწვევებს არ უშინდებოდა. ერთ მშვენიერ დღეს კი გააანალიზა, რომ ამ ყველაფერთან ერთად გვარის გაგრძელება იყო საჭირო, მემკვიდრეებზეც უნდა ეფიქრა და დედის გამუდმებული ჩიჩინით ცოლის შერთვა გადაწყვიტა. დედისთვის მისაღები კანდიდატიც მალე გამოძებნა _ დიანა ნაკაშიძე, რომლის დედაც ნიკოლაძე გახლდათ. დიანას ანდრია ბავშვობიდან იცნობდა, ისინი არა მხოლოდ ოჯახებით მეგობრობდნენ, არამედ ერთ სკოლაშიც სწავლობდნენ. ანდრიამ ხომ სკოლა კახეთში დაამთავრა, რადგან მშობლები იმ პერიოდში იქ ცხოვრობდნენ. მამაკაცი თავს არ იტყუებდა ილუზიებით, რომ ეს დიდი სიყვარულით დაგვირგვინებული ქორწინება იქნებოდა, მაგრამ გოგონა მოსწონდა ისევე, როგორც მას და მათი თანაცხოვრება შეიძლებოდა საერთო ინტერესებს გაემყარებინა. ეს კი ერთმანეთის გვერდით დგომას ხელს ნამდვილად შეუწყობდა.
დიდხანს არ უფიქრია, დიანას ხელი და გული შესთავაზა და თანხმობის მიღების შემდეგ წყვილი დაინიშნა. ნიშნობა ვიწრო წრეში გადაიხადეს, ანდრიას გახმაურება არ სურდა, მაგრამ მასმედიას მაინც ვერ გამოაპარეს. ერთი კვირის განმავლობაში ანდრიასა და დიანას ფოტოები ჟურნალ-გაზეთების პირველი გვერდებიდან არ ჩამოსულა. მთელი ქალაქი მხოლოდ ამაზე ლაპარაკობდა.
ამასობაში საპარლამენტო არჩევნების დროც მოახლოვდა და ანდრია საარჩევნო მარათონში ჩაერთო. პარტიის სიაში ნომერ პირველ კანდიდატად დასახელდა, თან კენჭს კახეთში, თავისსავე ქალაქში იყრიდა, სადაც ყველა იცნობდა და ყველას იცნობდა, მაგრამ მოწინააღმდეგეც სერიოზული ჰყავდა. რობერტ, იგივე რობი ნონიაშვილი მმართველი პარტიის სიით იყრიდა კენჭს და ანდრიამ იცოდა, რომ მის დასამარცხებლად და საბოლოო გამარჯვების მისაღწევად სერიოზული ბრძოლა მოუწევდა. წითურთმიანი რობი ძალზე ტემპერამენტიანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ისიც ანდრიას სოფლიდან იყო, თანაც ანდრიას კლასელი და თავადური წარმომავლობითაც ვერ დაიკვეხნიდა, ოქსფორდის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული და განათლებით ანდრიას არ ჩამოუვარდებოდა. სიტყვაც მშვენივრად უჭრიდა და დებატებში ისეთ ცეცხლს ანთებდა, საყოველთაო აღტაცებას იწვევდა. იგი უნივერსიტეტებში მიწვევით დადიოდა, ლექციებს კითხულობდა და მთელი ცხოვრება ფულს თავისი შრომით გამოიმუშავებდა. გაჭირვებაში გაზრდილს ყველა გაჭირვებულზე გული შესტკიოდა. პოლიტიკაშიც ამიტომ გაერია. იფიქრა, წონა რომ მექნება, უკეთ შევძლებ ჩემი ხალხის დახმარებასო. მაშინ რას იფიქრებდა, პოლიტიკა ასეთი ბინძური საქმე თუ აღმოჩნდებოდა. იმდენ სიყალბეს აწყდებოდა ყოველდღიურად, გული უღონდებოდა, მაგრამ უკან დახევა წამითაც არ უფიქრია. ამ უთავბოლო ჯაჭვში ერთი ძლიერი რგოლი მაინც ვიქნები, მერე კი სხვებიც გამოჩნდებიანო, გულს იიმედებდა.
_ მე სხვა საქმეებით არ დავკავდები, მხოლოდ პარლამენტში ვიმუშავებ, თანაც მთელი ჩემი ძალებით! _ ეს გახლდათ მისი მთავარი წინასაარჩევნო ლოზუნგი, რითაც ანდრიას მოხერხებულად გადაუკრა. ფერმერობა და პარლამენტარობა შეუთავსებელიაო, აცხადებდა იგი. თუ შენს ხალხზე გული შეგტკივა, სხვა საქმე უნდა დაივიწყო და მხოლოდ ტრიბუნიდან შეეცადო გაჭირვებულების კეთილდღეობაზე ზრუნვასო.
თავის მხრივ, არც ანდრია აკლებდა პასუხს, მაგრამ რობი თავის ყოველ გამოსვლაში ხაზგასმით იმეორებდა, მსხვილმა მიწათმფლობელმა დროის უმეტესი ნაწილი მამულის მოვლა-პატრონობას უნდა დაუთმოს და სხვებისთვის დრო სადღა დარჩებაო.
მართლაც, ანდრია კახეთში მიწის ვეებერთელა ფართობებს ფლობდა. მოჰყავდა სიმინდი, ხორბალი, ქერი, მისი ვენახის ზვრები უზარმაზარ ტერიტორიაზე იყო გადაჭიმული, ამასთან, ცხვრისა და ძროხების ფარას უვლიდა. შემოსავალი მართლაც დიდი ჰქონდა, მაგრამ ჯაფაც არ აკლდა. წამით ვერ ტოვებდა იქაურობას. რა თქმა უნდა, ნიტა ყველაფერში ეხმარებოდა, მაგრამ კაცის თვალი მაინც სულ სხვა იყო, მის გარეშე შეიძლებოდა აწყობილი საქმე ერთ დღეში გაფუჭებულიყო. ამის გამო გადასახლდა კვლავ კახეთში და გამუდმებით გზაზე იყო გადებული _ თბილისსა და კახეთს შორის კვირაში სამ-ოთხჯერ მიმოდიოდა.
კარზე კაკუნი გაისმა. ანდრია სწრაფად მოშორდა ფანჯარას და კარი გააღო. ოთახში მკვრივი აგებულების უხეშნაკვთებიანი ახალგაზრდა კაცი შემოვიდა.
_ გცალია, ანდრია?
_ მცალია, დათო, კი. დაჯექი. ახალი არის რამე?
დათო მისი სიძე იყო, დის ქმარი, ამასთან _ საქმეთა მმართველი. მთელ მის ფერმას დათო განკარგავდა. მამაკაცი სავარძელში ჩაეშვა და გრძელი ფეხები გაჩაჩხა.
_ იმ მოხუცმა კირილემ ტვინი წაიღო. ისევ შესაკეთებელი აქვს სახურავი. წელს უკვე ოთხჯერ შევუკეთეთ, კაცო და რა გახდა ასეთი, არ ვიცი რა! სანაძლეოს ჩამოვალ, თუ ღამით თვითონ არ ხვრეტდეს იმ სახურავს ჩვენს ჯინაზე.
ანდრიას ჩაეცინა.
_ როგორც უნდა იყოს, მაინც უნდა შევუკეთოთ, ხომ იცი. ახლა არავის გადაკიდება არ მინდა.
_ აუ, მაგარი ტვინის ბურღია, დამღალა უკვე. ეს ასეო, ის ისეო. ნეტავ როგორ უძლებენ სახლში.
_ აი, მიაღწევ ოთხმოც წლამდე და ვნახოთ, შენ როგორი იქნები. გგონია, მასზე ნაკლებად გაგვიბურღავ ტვინს? სხვა არის კიდევ რამე?
_ არა, ისეთი არაფერი. დანარჩენი წვრილმანებია, რომელსაც უშენოდაც გავართმევ თავს. კირილეზეც უბრალოდ, ისე გითხარი, ახალი ამბების ვარიანტში საქმის კურსში ჩაგაყენე.
_ ვიღას უნდა აქ ახალი ამბები?
_ ეგ ელისოს უთხარი. სულ იმას წუწუნებს, რა მოწყენილობაა, ამ სოფელში არასდროს არაფერი არ ხდებაო. შენი და რომ არ იყოს, იცოცხლე, კი გამოვუჩენდი საქმეს, მაგრამ… _ დათომ გულიანად გაიცინა.
_ ქალების ამბავი არ იცი? ეგეთი ჭიჭყინები არიან.
_ კაცო, აიჩემა ამ ბოლო დროს, გინდა თუ არა, ბეტი დამიძახეთ, ელისაბედი ტყუილად კი არ მქვია, შემოკლებით ამერიკაში ჩემს მოსახელეებს ბეტის ეძახიანო. რა უბედურებაა ეგ, გამაგებინე ერთი, თუ ღმერთი გწამს.
ანდრიას ისტერიკული სიცილი აუტყდა.
_ მაგარი რამე უთქვამს. მოდი, მე ბეტის დავუძახებ და ვნახოთ, რა რეაქცია ექნება. შენ ვითომ არაფერი არ გითქვამს. სულელი გოგო! უსაქმურობისგან მთლად გამოლენჩდა, რა მოიფიქროს, არ იცის.
_ გამოლენჩდა კი არა, გარეკა მე მგონი. საქმის მეტი რა აქვს? იმ ბავშვებს, როგორ ჰგონია, მე გავუზრდი? ვეუბნები, შვილებს მიხედე, რა დროს შენი სახელის გამოცვლაა-მეთქი და დაიწყო ზლუქუნი, მე შენ არ გიყვარვარ, სულ წიხლზე გკიდია, მე რა მიხარია და რა მწყინსო.
_ შენც ადექი და წაიყვანე სადმე. აი, ყვარელში გადით, რესტორანში შეიყვანე, მოალხინე. ამ საღამოს რა საქმე გაქვს? მიდი.
_ აუ, ანდრია, იცი, როგორ დავიღალე? ახლა სადმე გასვლის თავი მაქვს?
ანდრიამ არ უპასუხა. მან იცოდა, დათოს როგორ აწუხებდა, ცოლის სახლში რომ ცხოვრობდა, მაგრამ არ სურდა მათ ოჯახურ საქმეებში ჩარეულიყო. დათოს თბილისში კი ჰქონდა ბინა, სადაც მისი მშობლები ცხოვრობდნენ, მაგრამ უმცროსი ძმაც ჰყავდა, რომელიც ჯერ არ დაცოლშვილებულიყო და როცა ეს მოხდებოდა, ბინის გაყოფა მოუწევდა, ამიტომაც დაყაბულდა ელისოს, აქეთ გადმობარგებულიყო საცხოვრებლად. თანაც, ცოლისძმის დამსახურებით კარგი სამსახურიც იშოვა. ანდრია არა მხოლოდ ხელფასს უხდიდა, მოგების წილსაც უყოფდა და ყველანაირად უწყობდა ხელს, რომ სიძეს თავისი შრომით მოპოვებული თანხით საკუთარი სახლი ეყიდა. მერე მის დას სალაპარაკო არ ექნებოდა. განა ანდრიას არ შეეძლო მათთვის კიდევ ერთი სახლის ან ბინის ყიდვა, მაგრამ არ უნდოდა დათო უხერხულ მდგომარეობაში ჩაეყენებინა. ისედაც ბევრი ილაპარაკეს, დათო ჭავჭავაძეების ქონებას დახარბდა და ელისო ცოლად იმიტომ შეირთოო.
_ წამო, რამე დავლიოთ, _ ანდრიამ დიპლომატიურად დაამთავრა წამოწყებული საუბარი და ოთახიდან გავიდა.
დათო უკან მიჰყვა.
_ დიანა მოვა დღეს?
_ ჰო. შეიძლება უკვე მოვიდა კიდევაც. _ ანდრიამ ამ სიტყვებით შეაღო სასტუმრო ოთახის კარი.
მართლაც, დიანა ნიტას გვერდით დივანზე იჯდა. გოგონამ თავი ასწია და ანდრიას გაუღიმა. მამაკაცი მიუახლოვდა და ლოყაზე მსუბუქად აკოცა, თან აღნიშნა, ამ უბრალო კაბაში საოცრად ლამაზად გამოიყურებიო.
_ გინდა ვახშმის შემდეგ მანქანით გავისეირნოთ? _ უჩურჩულა საცოლეს და მისი სუნამოს სურნელი შეიყნოსა.
_ მინდა, თუკი…
დიანამ წინადადება ვერ დაამთავრა, რადგან ამ დროს ხუტა შემოვიდა, მებაღე.
_ ბატონო ანდრია, ვიღაც ქალი გკითხულობთ დაბლა. ეს წუთია, მოვიდა.
_ ასე გვიან? ვინაა, ხუტა? _ ნიტამ წარბები შეყარა.
_ არ ვიცი, ქალბატონო, პირველად ვხედავ. არც მითხრა, ვინ არის, ანდრიას ნახვა მინდაო და მორჩა.
_ რა გაეწყობა. ალბათ რაღაც თხოვნა ექნება. ვინ იცის, რა უჭირს. მიდი, მოიყვანე, _ უთხრა ხუტას და დედას მიუბრუნდა, _ შეიძლება საარჩევნო შტაბიდანაა ვინმე.
ამ ლაპარაკში კარი გაიღო და მდიდრულად გაწყობილ ოთახში შავკაბიანი ქალი შემოვიდა. კაბას ფერი გახუნებოდა. თმა თითქოს დაუვარცხნელი აქვსო, ისე აბურდვოდა, ჭრელი თხელი შარფი კი დაუდევრად მოეხვია ყელზე. ფეხზე უქუსლო ძველისძველი ფეხსაცმელი ეცვა, ხმარებისგან ლანჩგაცვეთილი. ცალ ხელში იაფფასიანი ხელჩანთა ეჭირა, მეორეში _ ჩემოდანი.
რამდენიმე ხნის განმავლობაში სამივენი უხმოდ შესცქეროდნენ შემოსულს. უცნობმა ჩემოდანი ძირს დადგა. ანდრიამ მისკენ ორი ნაბიჯი გადადგა და გაჩერდა.
_ მითხრეს, რომ ჩემი ნახვა გინდოდათ, _ ფრთხილად დაიწყო მამაკაცმა.
ქალი ხარბი მზერით მიაჩერდა. სახეზე ტორშერის სუსტი შუქი სცემდა. ანდრიამ აშკარად შეამჩნია მისი სახის ავადმყოფური ელფერი, ჩაცვივნული ღაწვები და საოცრად ლამაზი ფერის თვალები. ძნელი იქნებოდა იმის გამოცნობა, რამდენი წლის იქნებოდა უცნობი, მაგრამ აშკარა იყო, რომ თავის დროზე ბევრად მომხიბვლელი უნდა ყოფილიყო. ასე გაძვალტყავებული უთუოდ ცუდი კვების შედეგი იყო.
_ ანდრია!
ეს სახელი ქალმა ოდნავ გასაგონად წარმოთქვა, მაგრამ მან ისე გაკვეთა ჰაერი, როგორც ლაზერის სხივმა.
მამაკაცი დაიძაბა და სახემოღუშულმა უფრო დაკვირვებით შეათვალიერა დაუპატიჟებელი სტუმარი.
_ მაპატიეთ, მაგრამ მე რაღაც…
ანდრიას სათქმელი არ დაუმთავრებია, რადგან მიხვდა, რაც ხდებოდა და თავზარი დაეცა.
მის წინ გაუბედურებული კატია იდგა.
ანდრია თვალს არ აშორებდა ქალს. ისეთი მზერით ათვალიერებდა, თითქოს ეშინოდა, მის წინ მდგარი მოჩვენება არ გამქრალიყო. ჰო, მისი კატია მოჩვენებას ჰგავდა, მაგრამ არ გამქრალა, ისევ ისე იდგა ხალიჩაზე _ შავებში მოსილი განუსაზღვრელი ასაკის გამოფიტული არსება. მაგრამ ყველაზე საშინელი სანახავი მისი ხელები იყო. ანდრიას ისინი თეთრი ახსოვდა, ნატიფი, თლილი, ახლა კი მუშაობისგან გაუხეშებულიყვნენ, გაწითლებულიყვნენ, ფრჩხილები გადამტვრეოდა, თითები თითქოს მოგრეხოდა. სწორედ ამ გაუბედურებულმა თითებმა მოიყვანა ანდრია გონს.
_ კატია… _ ჩურჩულით წარმოთქვა, _ ეს… ეს შეუძლებელია!
როგორც კი ქალმა გაიგონა, როგორ წარმოთქვა ქმარმა მისი სახელი, ხორხიდან კვნესისმაგვარი ხმა ამოუშვა და მის მკერდზე მიესვენა. ანდრიამ მოუხერხებლად მოუთათუნა ხელი ქალს მხარზე და კატიას უკან მდგარ გახევებულ დედასა და დიანას გახედა, რომლებიც შეძრწუნებული შეჰყურებდნენ ამ სცენას. თუმცა ყველაზე რთულ მდგომარეობაში ანდრია იყო.
_ ეს… ეს ჩემი… ააა… ეს კატიაა, _ როგორც იყო, ამოთქვა, _ ალბათ მოახერხა იქიდან წამოსვლა…. და… პირდაპირ ჩემთან მოვიდა.
_ საწყალი, ჩემი საწყალი ანდრია! _ წამოიძახა ქალბატონმა ნიტამ, _ ახლა რა უნდა ვქნათ?
კატია ვერასდროს დაივიწყებდა იმ წუთებს, როცა ის და ანდრია ამ სახლში პირველად დარჩნენ მარტონი. მაშინ ჭავჭავაძეები ჯერ კიდევ თბილისში ცხოვრობდნენ და ანდრია აქ მხოლოდ მამამისის სანახავად ჩამოდიოდა.
ანდრიამ დედის შეკითხვა უპასუხოდ დატოვა, საცოლეს თვალი აარიდა, ყოფილ ცოლს ხელი გადახვია და მეორე ოთახში გაიყვანა. პატარა, მყუდრო ოთახი იყო, სქელფარდაჩამოფარებული ფანჯრიდან მზის სხივი ძლივსღა აღწევდა. კატიამ, როგორც იქნა, სული მოითქვა და მოეშვა. თუმცა, როგორც კი ანდრიამ ხელი შეუშვა, რამდენიმე ნაბიჯით გაშორდა და თავით დივანზე ანიშნა, ისევ დაიძაბა. ამას ისიც დაემატა, რომ ქმარი გვერდით კი არ მიუჯდა, მისგან მოშორებით, სავარძელში ჩაეშვა.
ეს კატია არ იყო, ეს სრულიად სხვა ქალი იყო. მისი თვალების საოცარი ელვარება სადღაც გამქრალიყო. ქუჩაში რომ შეხვედროდა, ისე აუვლიდა გვერდს, როგორც უცნობ ადამიანს.
_ აქ როგორ მომაგენი? საიდან იცოდი, კახეთში რომ ვიყავი?
_ იქ მითხრეს… თბილისის ბინაში. _ თვალებდახრილმა მიუგო, მუხლები ერთმანეთს შეატყუპა და მოიბუზა. ახლა უარესი სანახავი იყო.
_ რატომ არ გამაფრთხილე, თუ ჩამოსვლას აპირებდი? _ ჩახრინწული ხმით შეეკითხა მამაკაცი, _ ეს ისე… ეს ისე მოულოდნელი იყო ჩემთვის…
_ რა იყო მოულოდნელი? _ თავი ასწია კატიამ და ჯიქურ მიაჩერდა.
_ რა და… ასე უცებ შენი დანახვა, _ თქვა ანდრიამ და გაჩუმდა, თითქოს სალაპარაკოდ სიტყვებს ეძებსო, _ როგორც ვხვდები, პირდაპირ კიევიდან მოდიხარ?
_ არა. კიევში დიდი ხანია, აღარ ვცხოვრობთ. სოფელ ბერიოზკაში პატარა სახლი ვიყიდეთ მე და დედამ და იქ გადავსახლდით. ვერ მოვახერხე, წინასწარ გამეფრთხილებინე, რადგან ის ტელეფონი აღარ მაქვს, შენი ნომერი კი ზეპირად არ ვიცოდი. თანაც, ყველაფერი ძალზე მოულოდნელად მოხდა.
_ გაგიმართლა, ჩამოსვლა რომ შეძელი. _ გაბზარული ხმით წარმოთქვა ანდრიამ, _ ყველა ქალი ვერ მოახერხებდა ამას.
_ შეუძლებელი არაფერია. იქაურობას უკვე ვეღარ ვიტან. ყველაფერი შემაზიზღეს. მამაჩემი…
_ ვიცი ეგ ამბავი, მაშინვე გამაგებინეს… რამდენი დრო გავიდა… მთელი ცხრა წელიწადი.
_ ცხრა გაუსაძლისი წელიწადი. წინააღმდეგობებით სავსე შავბნელი დღეები. ვერაფრით ვერ შევეგუე იქაურების დამოკიდებულებას. ისე მიყურებდნენ, როგორც მოღალატის შვილს. საშუალება რომ ყოფილიყო, ალბათ იატაკქვეშა ორგანიზაციას გავხსნიდი და ბრძოლას დავიწყებდი.
_ სისულელეს ნუ როშავ. რა იატაკქვეშა ორგანიზაცია, რომელი მებრძოლი შენ მყავხარ? _ გაღიმება სცადა მამაკაცმა, _ ცხოვრება რთულია, ხან ასე იქნება, ხან ისე. მთავარია, ადამიანმა სიძნელეებთან შეგუება ისწავლოს.
_ შეგუება? _ სიმწრით ჩაიცინა კატიამ, _ ამას შენ ამბობ? მიკვირს. როგორც ვხედავ, სხვანაირი გამხდარხარ. ადრე ასე არ ფიქრობდი.
_ ადრე სხვა დრო იყო, ცხრა წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა.
_ მათ შორის შენც. _ დაურთო კატიამ.
_ მაგრამ…
_ მესმის, მესმის, _ გააწყვეტინა კატიამ, _ ცხოვრება რთულია, ხან ასე იქნება, ხან ისე. _ მისივე სიტყვები გაიმეორა და კვლავ მომაკვდინებლად მწარედ გაუცინა.
_ სხვანაირად კარგ პოლიტიკოსად ჩამოყალიბება ძნელია, _ ცალი მხარი აიჩეჩა ანდრიამ და ქალს თვალი აარიდა.
კატია გაჩუმდა. ვერ მიმხვდარიყო, რატომ ლაპარაკობდნენ პოლიტიკაზე, როცა სულ სხვა რამეზე უნდა ესაუბრათ. ამდენი წელია, ერთმანეთი არ ენახათ და იმის ნაცვლად, რომ ქმარი მისი ამბებით დაინტერესებულიყო, პოლიტიკაზე ჩამოუგდო საუბარი. არადა, ისევ აქ იყო, ქმრის გვერდით _ ადამიანისა, რომელიც მთელი გულით უყვარდა.
გაგრძელება იქნება ორშაბათს