კატია ხარბად ათვალიერებდა მისი სახის ყოველ ნაკვთს და ამჩნევდა, წლებს როგორ შეეცვალა საყვარელი მამაკაცი. ხედავდა, რომ ის ბიჭი, წლების წინ აეროპორტში მხურვალედ რომ კოცნიდა, უფრო მომხიბვლელ, თავდაჯერებულ მამაკაცად გადაქცეულიყო. მაშინ თითქოს დარცხვენილი იყო, ახლა კი მბრძანებლური მანერები შეეძინა, ხმა გამკაცრებოდა და ხასიათიც განმტკიცებოდა. მაგრამ მაინც ისეთად დარჩენილიყო, როგორსაც იცნობდა. თუმცა, აშკარად ჩანდა, რომ ანდრია კატიაზე იმავეს არ ფიქრობდა, ქმარი ისე უყურებდა ცოლს, თითქოს პირველად ხედავდა.
_ როდის წამოხვედი?
_ ორი დღის წინ. ძალიან ვიწვალე. ვფრთხილობდი. მეშინოდა, არავის გაეგო, წამოსვლას რომ ვაპირებდი.
_ არა მგონია, დაეშალათ. ახლა იქ აღარ არის ისეთი სიტუაცია.
_ არ ვიცი. სულ მეჩვენებოდა, რომ ვიღაც მითვალთვალებდა. თვეში ერთხელ უბნის ინსპექტორი მოგვადგებოდა სახლში, როგორ ხართ, რამე ხომ არ გჭირდებათო. გგონია, მართლა ეს აინტერესებდა? არა. ის მხოლოდ ჩვენს გასაკონტროლებლად მოდიოდა. დედა რომ გარდაიცვალა, მერე უფრო გამიჭირდა. სულ მარტო დავრჩი. გაუსაძლის მდგომარეობაში აღმოვჩნდი. მეზობლები რომ არა, ალბათ თავს მოვიკლავდი. სწორედ ისინი დამეხმარნენ გამოქცევაში.
_ ახლა რას აპირებ? _ ეს კითხვა დიდი სიფრთხილით დასვა ანდრიამ.
_ ახლა? _ გაიმეორა კატიმ და გაოცებული მზერა მიაპყრო, _ რა უნდა დავაპირო? შენთან ჩამოვედი. როგორც მახსოვს, შენ ჩემი ქმარი ხარ.
_ უკვე აღარ. ექვსი წლის წინ ჩვენი ქორწინების ანულირება მოხდა.
_ რა? _ წამოიყვირა კატიამ და წამოხტა, _ მატყუებ!
_ არა, არ გატყუებ. მე შენ დიდხანს გეძებე, მთელი კიევი გადავაბრუნე, მაგრამ ვერ გიპოვე. ვწუხვარ მამაშენის გამო, დედაშენის გამოც. ვიცი, რა მწარეა მშობლების დაკარგვა. მამაჩემიც გარდაიცვალა და მეც გამოვცადე ეს ტკივილი. სამწუხაროდ, აწი ვეღარაფერს შევცვლი. არ მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ ბოლოს მაინც მომიწია. მეგონა, ვეღარასდროს გიპოვიდი. რა უნდა მექნა? ცხოვრება ხომ უნდა გამეგრძელებინა? მამაშენი ჯაშუშობის ბრალდებით დაიჭირეს. ხომ წარმოგიდგენია, რა რეზონანსი ექნებოდა საქართველოში, ხელისუფლებაში ეს ამბავი რომ გაეგოთ?
_ რა რეზონანსი ექნებოდა? ვინ იყო მამაჩემი, რომ მის პიროვნებას ასეთი აჟიოტაჟი გამოეწვია აქ? _ აღშფოთდა კატია.
_ ვინ იყო და მამაშენი იყო. შენ კი ჩემი ცოლი იყავი. პოლიტიკაში წინ ვერ წავიწევდი, შენ შესახებ მათ რომ სცოდნოდათ.
_ ამიტომაც გამიმეტე, არა? ჯაშუშის შვილის ცოლობა კარიერას გაგიფუჭებდა?
_ არა, რატომ გგონია, რომ გაგიმეტე? ხომ გითხარი, გეძებდი-მეთქი. შენც არ მოისურვე ჩემთან დაკავშირება. რა, საუკუნე უნდა დაგლოდებოდი?
_ შენ ხომ იცი, რომ მე არასდროს დაგივიწყებდი?
_ საიდან უნდა მცოდნოდა? ისე გაქრი, რომ შენს ასავალ-დასავალს ვერავინ მიაგნო.
კატია დაბარბაცდა. ანდრია იძულებული გახდა, მისთვის ხელი შეეშველებინა და კვლავ დივანზე დაესვა.
_ არ გინდა, ნუ ნერვიულობ. მე კი არ გამტყუნებ. ვიცი, შენ ბრალი არაფერში მიგიძღვის. ვხვდები, რომ სხვა გამოსავალი არ გქონდა. უბრალოდ, მიკვირს, ჩემი ნომერი ზეპირად როგორ არ იცოდი?
_ მე შენი ინგლისის ნომერი არ ვიცოდი, ნუთუ ეს ასე ძნელი გასაგებია? სულ ორჯერ თუ სამჯერ დამირეკე და მორჩა. ვერ მოვასწარი დამახსოვრება. ან კი რად მინდოდა? ტელეფონში ხომ მეწერა? მე რა ვიცოდი, თუ მობილურს დავკარგავდი? _ კატია ატირდა. _ მთელი ეს წლები მხოლოდ შენზე ფიქრებით ვცხოვრობდი, მხოლოდ ეს მაძლებინებდა. ერთი სული მქონდა, შესაძლებლობა მომცემოდა და დავბრუნებულიყავი. ვიცოდი, რომ შენ ვერ მომაგნებდი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, დამელოდება-მეთქი. განქორწინებას თუ გადაწყვეტდი, თავში აზრადაც არ მომსვლია.
_ ძალიან გთხოვ, არ იტირო. ახლა შენ აქ ხარ და არაფერი გემუქრება. მაპატიე, ასე ცივად რომ შეგხვდი, მაგრამ უნდა გამიგო. არ გელოდებოდი და დავიბენი.
_ კი არ დაიბენი, თავზარი დაგეცა. _ შეუსწორა კატიამ.
ახლა რომ არ ტიროდეს, გულიანად გადაიხარხარებდა. დაიბნა! რა მწარე მოსასმენი იყო ეს ერთი სიტყვა. ქმარი საყვარელი ცოლის დანახვამ დააბნია! რა საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ უცხოელი იყო და უცხო მხარეში ჩამოვიდა, ქმრისთვისაც უცხო აღმოჩნდა. კაცს, რომელთანაც სიხარულით მოიჩქაროდა, სულაც არ გახარებია მისი დანახვა.
კატიამ ანდრიას შეხედა, ყურადღებით აკვირდებოდა მის სახეს, რათა გამოეცნო, რაზე ფიქრობდა ამწუთას მამაკაცი. მაგრამ ყოფილი ქმრის გამოხედვა არაფერს ეუბნებოდა. ქალი გრძნობდა, რომ სრულიად უცხო მამაკაცს შეჰყურებდა თვალებში, არადა, ეს კაცი მისი მეუღლე იყო. კაცი, რომელსაც ცხრა წლის წინ მისთხოვდა და ნიშნობის ბეჭედს დღემდე ატარებდა.
_ მოდი, ასე მოვიქცეთ, კატი, _ შემრიგებლური ტონით დაიწყო ანდრიამ, _ დარჩი ჩვენთან, სანამ არ გადაწყვეტ, რას იზამ, საით წახვალ. მე, რა თქმა უნდა, ყველაფერში დაგეხმარები, შეუძლებელსაც შევძლებ შენი გულისთვის.
_ შენგან არაფერი არ მინდა, _ იფეთქა ქალმა, _ არაფერი!
_ ამას იმიტომ ამბობ, რომ გულგატეხილი ხარ. მიუხედავად ამისა, მე პასუხიმგებლობას ვგრძნობ შენ წინაშე და ვალდებული ვარ, ვიზრუნო შენზე.
_ არაფერში მჭირდება შენი მზრუნველობა! _ კატი უკვე ყვიროდა, _ მე სიყვარული მჭირდება!
_ ვფიქრობ, არ ღირს ახლა სიყვარულზე ლაპარაკი. უკვე ცხრა წელი გავიდა, რაც ერთმანეთი უკანასკნელად ვნახეთ და ამ დროის განმავლობაში ორივენი შევიცვალეთ.
_ უკანასკნელად!.. ეს არ იყო უკანასკნელი შეხვედრა, ეს ბოლო შეხვედრა იყო. შენ შეიძლება შეიცვალე, მაგრამ არა მე! _ ამაყად განაცხადა, _ მე ისევ ისეთი ვარ, როგორიც ვიყავი და ყოველთვის ასეთად დავრჩები. ნუთუ ასე სწრაფად დაივიწყე ყველაფერი, რაც ჩვენ შორის იყო? და ახლაც, როცა ჩემ გვერდით ხარ, არანაირი გრძნობა არ გიჩნდება?
ანდრია მისკენ ზურგით შებრუნდა.
_ სამწუხაროდ, არა. შენ მიმართ უკვე არანაირი გრძნობა არ გამაჩნია. ჩვენ უკვე დავშორდით ერთმანეთს, ოფიციალურადაც და არაოფიციალურადაც. მე შევეჩვიე უშენობას და სიყვარულიც ნელ-ნელა განელდა. მაპატიე, მაგრამ აზრი არა აქვს ტყულის თქმას. სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ.
კატია სასოწარკვეთილი ცდილობდა თავი დაეცვა მისი სიტყვებისგან, მაგრამ ქმრის ყოველი წინადადება მტკივნეულად, მომაკვდინებლად ხვდებოდა გულზე.
_ გინდა მითხრა, რომ აღარ გიყვარვარ?
_ იმის თქმა მინდა, რომ ახლა ჩვენ სრულიად სხვა ადამიანები ვართ, _ არა ის პატარა გოგო და ბიჭი, ცხრა წლის წინ რომ დაქორწინდნენ. ჩვენ ერთმანეთს საკუთარი ნება-სურვილის გარეშე დავშორდით, მაგრამ ეს მოხდა და დროის უკან დაბრუნება ჩვენს ძალებს აღემატება.
ქალს კარგა ხანს კრინტი არ დაუძრავს, თითებს იმტვრევდა და ნერვიულად ეხებოდა ნიშნობის ბეჭედს, მარჯვენა ხელის არათითზე რომ წამოეცვა.
_ იმიტომ არ გიყვარვარ, რომ ასე დავუშნოვდი?
_ ო, ღმერთო ჩემო! _ ანდრიას მოთმინების ფიალა აევსო, _ რატომ ლაპარაკობ ასე? რა შუაშია დაუშნოება? ჩემს ნათქვამს არაფერი აქვს საერთო შენს გარეგნობასთან.
_ აქვს, _ წაიჩურჩულა კატიამ, _ მე შენთვის უცხო გავხდი. ყველაფერი გასაგებია. _ კატია წამოდგა და მოპირდაპირე მხარეს მდგარი კარადის სარკეში თავის გამოსახულებას შეავლო თვალი, _ ჰო… _ შეფიქრიანებულმა ჩაილაპარაკა, _ როცა სარკეში ვიყურები, იქ ვიღაც მოხუც ქალს ვხედავ, რომელიც ნაადრევად დაბერდა. ჩვენ მეტი სალაპარაკო არაფერი გვაქვს. აჯობებს, წავიდე, _ თქვა და კარისკენ გაემართა.
_ მოიცა, სად მიდიხარ? _ დაადევნა ანდრიამ, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა.
_ სადმე. იმედია, კეთილი ხალხი არ დალეულა. ვინმე შემიფარებს. რაც მთავარია, უკან არ დავბრუნდები.
_ სისულელეს ნუ ლაპარაკობ. შენ ჩვენთან დარჩები, სანამ რამეს არ მოვიფიქრებთ. ვიცი, ჩემი მიღებით იმედგაცრუებული დარჩი, მაგრამ უნდა გამიგო. შენ ხომ გონიერი გოგო ხარ, ამიტომ გონივრულობა გმართებს.
_ გონივრულობა… _ ექოსავით გაიმეორა კატიამ და კართან შეჩერდა, _ როგორც ჩანს, ხშირად იყენებს ამ სიტყვას. კარგი, ანდრია. მაშინ მითხარი, რა გონივრულ ნაბიჯს მოელი ჩემგან?
_ პირველ რიგში, თავი უნდა მოიწესრიგო, მერე დაწვე და გამოიძინო, დაისვენო. გატანჯული სახე გაქვს.
_ წლებია, ნორმალურად არ მძინებია, _ გამოტყდა კატია.
_ დედა გამოგინახავს ოთახს, სადაც იცხოვრებ. როცა კარგად გამოიძინებ და დაწყნარდები, ყველაფერი სხვაგვარად მოგეჩვენება. ვფიქრობ, მანამდე ჩვენს საუბარს აზრი არა აქვს.
_ ძალიან, ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა, _ მშვიდად წარმოთქვა კატიამ.
ანდრია ირონიას მიუხვდა, მაგრამ არ შეიმჩნია.
_ საჭმელს ოთახში მოგიტანენ, ამაზე მე ვიზრუნებ.
_ გმადლობ. არ მშია.
_ როცა იბანავებ და დაისვენებ, მოგინდება.
კატიას პასუხი არ გაუცია, კარი გააღო და დერეფანში გავიდა. ანდრია უკან მიჰყვა…
სანამ მამაკაცი დედამისს ელაპარაკებოდა, კატია კარის ზღურბლზე იდგა, რადგან სასტუმრო ოთახში შესვლის მოერიდა. ისინი მისგან შორს იდგნენ, ამიტომ არ ესმოდა, დედა-შვილი რაზე საუბრობდა, მაგრამ შეამჩნია, როგორ აღელდა ქალბატონი ნიტა, რომელიც მისკენ გამოემართა.
_ ვფიქრობ, ანდრია მართალია. უნდა დაისვენოთ, _ თქვა ნიტამ, _ ამხელა გზის გამოვლით დაიღლებოდით.
ღმერთო, როგორი ოფიციალური ტონი იყო! სხვას კატია არც ელოდა. გადაწყვიტა, არ ეპასუხა. იცოდა, ხმა გასცემდა. მხოლოდ თავი დაუქნია ქალს და მორჩილად მიჰყვა უკან.
ნიტა მეორე სართულზე ავიდა. კატია ბარბაცით შეუყვა მარმარილოს საფეხურებს. ახლა ეს ქალი უკვე არ ითვლებოდა მის დედამთილად, რადგან ანდრია კატის ქმარი აღარ იყო. როგორი უცნაურია ცხოვრება. ის უცხო გახდა მათ ოჯახში, არასასურველი, ზედმეტი. რაც მალე გაერიდება აქაურობას, მით უკეთესი იქნება მისთვის.
დილის მზემ ოთახში შემოაღწია და თბილი სხივები ირგვლივ მიმოფანტა. კატიამ რბილი ბალიშიდან თავი აიღო და მიმოიხედა. უცებ ვერც მიხვდა, სად იმყოფებოდა. მეხსიერება რამდენიმე წამში აღუდგა და ოთახს თვალი მოავლო. აქაურობა შეცვლილიყო. ადრე სულ სხვა ავეჯი იდგა. ახლა ყველაფერი შეეცვალათ. ეს ის ოთახი იყო, სადაც ის და ანდრია პირველად ჩამოსვლის დროს დაბინავდნენ, მათთვის განკუთვნილი საძინებელი. იატაკზე მწვანე ხალიჩა ეგო, რომელიც მწვანეყვავილებიან ფარდებს მიესადაგებოდა. კედლები კრემისფრად შეეღებათ. პატარა სამფეხა მაგიდაზე სინი იდო საჭმლის ნარჩენებით. ეს ის ვახშამი იყო, რომელიც წუხელ ანდრიამ გამოუგზავნა.
ანდრია… მას უკვე აღარ შეეძლო ეფიქრა ამ კაცზე, როგორც იმ ყმაწვილზე, რომელსაც შორეული წლების წინ იცნობდა, რომელსაც უყვარდა და სულით ხორცამდე ეთაყვანებოდა. ცხრა წელი ინახავდა გულში მის სახებას, მაგრამ როგორც კი მწარე რეალობას შეეჯახა, წარსული უცებ უკვალოდ გაქრა.
შეიძლება ეს იმიტომ მოხდა, რომ მას ძველი ანდრიას დანახვა სურდა, ისეთისა, აეროპორტში რომ დაემშვიდობა. ეგონა, ქმარი ისევ ისეთი დახვდებოდა, თბილი, მოსიყვარულე და მის მოლოდინში გატანჯული, მაგრამ შეცდა. ძნელი დასაჯერებელი იყო, ცხრა წლის განმავლობაში მისი საყვარელი ადამიანი ასე შეცვლილიყო. კატი ქმარს საერთოდ ვერ ცნობდა. როგორი ცივი გამომეტყველებით უმზერდა. პირველმა ემოციამ, თავზარდაცემა რომ გამოიწვია, ანდრიას მალევე გაუარა, მაგრამ სიცივე და გულგრილობა დარჩა. როცა მამაკაცმა მხარზე ხელი მოუთათუნა, ვერც სიყვარული იგრძნო და ვერც სინაზე. ეს იყო ზიზღი, რომლის დამალვასაც ყოფილი ქმარი მთელი ძალისხმევით ცდილობდა.
კატია საწოლიდან გადმოვიდა და სარკეს მიუახლოვდა. გული ერეოდა ამ ჩავადრნილი ლოყებისა და ჩაცვივნული თვალების დანახვაზე. ღია ფერის თმა გახუნებოდა, თითქოს მტვრის ფენა დასდებიაო. ვერ დაადანაშულებდა ანდრიას იმის გამო, რომ ცოლი ვერ იცნო. თვითონ ძლივს ცნობდა თავის თავს. ამოიოხრა და სწრაფად შეუდგა ჩაცმას.
ამ დროს კარი გაიღო და სინით ხელში მოსამსახურე გამოჩნდა.
_ დილა მშვიდობისა, ქალბატონო. _ მოსამსახურემ სინი მაგიდაზე დადგა, _ იმედია, კარგად გამოიძინეთ.
_ დიახ, გმადლობთ, _ კატიამ ყავას და ფუნთუშებს გახედა, _ რატომ შეწუხდით, საუზმეზე ჩამოვიდოდი.
_ ბატონმა ანდრიამ მთხოვა, საუზმე თქვენთვის აქ ამომეტანა. დამაბარა, მერე ჩემს კაბინეტში ჩამოვიდესო.
_ კარგი, ახლავე ჩავალ.
_ არა, ჯერ ისაუზმეთ, ქალბატონო! თქვენთვის ასე ჯობია.
კატია შეყოყმანდა, მაგრამ ბოლოს მაინც მიუჯდა მაგიდას და ყავა მოსვა.
ყავა გემრიელი იყო. გემრიელი იყო ფუნთუშებიც, რომლებშიც კარაქის ნაჭრები ჩაედოთ. მაგრამ კატიას მადა დაჰკარგოდა, რადგან ანდრიასთან შეხვედრა და საუბარი მოელოდა. უნდოდა, რაც შეიძლება სწრაფად დამთავრებულიყო ეს წამება.
გაგრძელება იქნება