როცა საუზმეს მორჩა, კვლავ სარკეს მიაშურა და თმა გადაივარცხნა…
კატია დიდი ხანია, თავის ძველმოდურ ტანსაცმელს შეეჩვია. და მხოლოდ ახლა, ამ მდიდრულ, ელეგანტურ გარემოში შეიგრძნო, რამდენად საშინლად გამოიყურებოდა გახუნებულ კაბაში. თუმცა, რაღას გააწყობდა? ჩანთაში სხვა უკეთესიც არაფერი ედო, რომ გამოეცვალა. თანაც, მეორე ხელი ტანსაცმლის დაუთოება მოუწევდა, რისი არც საშუალება იყო და არც დრო. მოსამსახურისთვის მოერიდა უთო ეთხოვა. აქ ყველასი და ყველაფრის ერიდებოდა.
თმა კეფაზე დაიმაგრა და დაბლა ჩავიდა, სადაც ანდრიას კაბინეტი ეგულებოდა.
მისი გამოჩენისთანავე მამაკაცი მაგიდას მოშორდა და შეეგება.
_ იმედია, კარგად გეძინა… _ თავაზიანად დაინტერესდა იგი.
_ კი, კარგად მეძინა, ამისთვის დიდი მადლობა, _ მიპატიჟებას არ დალოდებია, ისე დაჯდა სკამზე, _ არც ვიცი, მე და შენ რაზე უნდა ვილაპარაკოთ. რაც მალე წავალ, ალბათ მით უკეთესი.
_ არც ისე ადვილადაა საქმე. უკვე დამირეკეს მეზობლებმა, სტუმარი ჩამოგივიდათო?
_ დაგირეკეს? მაგრამ აქ მე არავინ მიცნობს…
_ არა, არა, მაგიტომ არა. შენ თურმე ჩემი სახლი იკითხე გზად, როგორ მივაგნო ჭავჭავაძეებსო და… _ ახსნა ანდრიამ, _ ის ქალი, აქეთ რომ მოგასწავლა, ერთი ჭორიკანა დედაკაცია. მას ის უფრო აინტერესებდა, შენ ის რუსი გოგო ხომ არ იყავი, ერთ დროს ცოლად რომ მყავდა. ხომ გახსოვს, აქ რომ ჩამოვედით?
_ მახსოვს, როგორ არა. რა სასაცილო ხართ ქართველები. რუსები და უკრაინელები ერთი და იგივე გგონიათ.
_ მხოლოდ ძალიან ცოტას, რაც, უბრალოდ, პროვინციალიზმის ბრალია.
_ და რაო მერე იმ ქალმა, მიხვდა, ვინც ვიყავი? _ ჩამწყდარი ხმით იკითხა კატიამ.
_ ვერა. თუმცა, თუ საბაბს მივცემთ ეჭვისთვის, შეუძლია დასკვნები გამოიტანოს. ეს ძნელი არ არის. მანამ კი მას შენ სულ სხვა ვინმე ჰგონიხარ… _ აქ ანდრიამ პაუზა გააკეთა და ყოფილ ცოლს ოდნავ დაბნეულად შეხედა, თითქოს საჭირო სიტყვას ეძებსო, _ მე სულაც არ მრცხვენია იმის, რომ ერთ დროს შენზე დავქორწინდი, დამიჯერე.
_ მაგის ჯერ კიდევ მჯერა.
_ უნდა გჯეროდეს, ამას გულწრფელად ვამბობ, _ მთელი ამ დროის განმავლობაში მის ხმაში პირველად გაჩნდა გრძნობის მარცვალი, _ მე შენ ძალიან მიყვარდი და ვწუხვარ, ასე რომ მოხდა… გული მტკივა ამ ყველაფერზე.
_ მადლობა. მიხარია, ეს რომ მითხარი, _ ჩაიცინა კატიამ.
რამდენიმე წამის განმავლობაში ისინი ერთმანეთს მდუმარედ შეჰყურებდნენ, შემდეგ ანდრიამ წამწამები დაახამხამა და ცოლს მზერა მოაცილა. აშკარა იყო, აბეზარ მოგონებებს იშორებდა თავიდან.
_ რაღაც მინდა გითხრა, _ გააგრძელა მამაკაცმა, _ მე საპარლამენტო არჩევნებში ვმონაწილეობ, ამიტომ ვინმესთვის ცნობილი რომ გახდეს შენი აქ ჩამოსვლა…
_ ჩემი ჩამოსვლა რა შუაშია? _ კოპები შეიკრა კატიამ.
_ კატი, მომისმინე. ჩემ გარშემო უკვე ყველამ იცის, მამაშენს რაშიც დასდეს ბრალი. ჩვენი ქორწინების ანულირებაც ამის გამო მოხდა. ახლა ჩემმა მოწინააღმდეგეებმა რომ გაიგონ შენი აქ ყოფნის ამბავი, ნამდვილი კატასტროფა მელის. გასაგებია, რასაც ვამბობ?
_ მაგრამ მამაჩემი მოღალატე არასდროს ყოფილა, _ ქალმა თვალები დააკვესა და სკამიდან წამოიწია.
_ ვიცი, მაგრამ ამას მე და შენ ვერ დავამტკიცებთ, ჩვენდა სამწუხაროდ. იმისთვის, რომ არჩევნებში გავიმარჯვო, სუფთა წარსული მჭირდება, ყოველგვარი შავი ლაქების გარეშე.
_ მაგრამ შენ მგონი დაგავიწყდა, რომ მე შენი ცოლი აღარ ვარ.
_ მერე რა? ეს კიდევ უარესი. იტყვიან, ცოლი სკანდალის ასატეხად ჩამოვიდაო.
_ დარწმუნებული ვარ, შენ საუკეთესო გამოსავალს იპოვი ამ სიტუაციიდან, _ ცინიკურად მიახალა კატიამ და წამოდგა.
ანდრიამ თავი დაუქნია, არც ამჯერად მიაქცია ყურადღება მის სარკაზმს.
_ ჰო, მეც ასე ვფიქრობ. ყველაფერს ისე მოვაგვარებ, რომ პრობლემებმა არ იჩინოს თავი. მაგრამ შენზე არჩევნების დამთავრების შემდეგ ვიზრუნებ. მანამდე…
_ მაინც ვერ ვხვდები, ჩემმა აქ ჩამოსვლამ შენ ზიანი რატომ უნდა მოგაყენოს. მამაჩემი ცოცხალი აღარ არის, ის ციხეში მოკლეს. დიახ, მოკლეს, ამაში დარწმუნებული ვარ. მას მერე ბევრი რამ შეიცვალა. მე ისე აღარ მაკონტროლებდნენ, როგორც ადრე, ამიტომაც გამიადვილდა იქიდან გამოპარვა. რაშია პრობლემა?
_ იცი რა? ინტელიგენტი ადამიანები ამას გაიგებენ, მაგრამ აქ ყველა ეგეთი არ არის, მით უფრო, ჩემი კონკურენტები.
_ ეს ერთადერთი მიზეზია, რომლის გამოც გინდა დამალო ჩემი ვინაობა? მე ქართული კარგად არ ვიცი, მაგრამ ამის გამო ნუ შეგექმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ჭკუანაკლული ვარ. გუშინ საღამოს ვიგრძენი, რომ არის სხვა მიზეზიც, რამაც ჩემი გამოჩენა აქ ზედმეტი გახადა.
_ თუ რამე დაგიმალე, _ სწრაფად ალაპარაკდა ანდრია, _ მხოლოდ იმიტომ, შენს გრძნობებს ვეცი პატივი. არ მინდოდა, განერვიულებულიყავი.
_ უკვე დიდი ხანია, მივეჩვიე ცივი გონებით მოქმედებას. ჩემს გრძნობებს აღარავინ აღარ უფრთხილდება და არც არავინ მზოგავს. ამიტომ შეგიძლია თამამად გააგრძელო, რის თქმასაც აპირებდი.
_ გახსოვს ის გოგო, დედაჩემის გვერდით რომ იჯდა?
_ წუხელ?
_ ჰო, წუხელ, შენ რომ მოხვედი.
_ შავი თმით? მეგონა, შენი და იყო.
_ არა, ჩემი და გვერდით სახლში ცხოვრობს, ამიტომ ის აქ არ იყო. ის გოგონა ჩემი… ჩემი საცოლეა.
კატიამ ნერწყვი ძლივს გადაყლაპა.
_ გასაგებია… შენ თავისუფალი ადამიანი ხარ, გქონდა ამის უფლება.
_ რა თქმა უნდა, თავისუფალი ვარ. უბრალოდ, ჯერ არ დავქორწინებულვართ. კანონიერად ცოლ-ქმარი არ ვართ.
_ და ისე?
_ რა ისე?
_ ერთად წევხართ? _ დელიკატურად იკითხა კატიამ.
_ ეს დღეს არავის უკვირს ჩვენთან, მაგრამ არა, ჯერ მსგავსი არაფერი. ეს ჩვენი ოჯახური ტრადიციაა, რომელიც მხოლოდ ერთხელ დავარღვიე ცხოვრებაში. მაშინ, როცა შენ გაგიცანი.
_ ისე… _ ქალმა უცებ თავი ასწია და ჯიქურ გაუსწორა მზერა მამაკაცს, _ განქორწინებაზე მე შენთვის თანხმობა არ მომიცია. ასე რომ, შემიძლია ვიბრძოლო.
_ აი, სწორედ მაგას ვამბობდი. სკანდალი განა რამე სხვას ნიშნავს…
_ ნუ გეშინია, _ კვლავ ჩაიცინა კატიამ, _ არ ვაპირებ სცენების მოწყობას. შენ შენი არჩევანი კარგა ხანია, გააკეთე. ძალით არ შეგეტენები. დღესვე წავალ აქედან, რომ ზედმეტი შეკითხვები არავის გაუჩნდეს.
_ არა, არსადაც არ წახვალ. ნუ გგონია, რომ შენი აქ ყოფნით მაზარალებ. შენ ჩემი ცოლი იყავი და მე ვალდებული ვარ, მოგხედო.
_ მე წასვლა მინდა. მივეჩვიე პრობლემებთან მარტო გამკლავებას. მამის სიკვდილის შემდეგ დედა დიდხანს ავადმყოფობდა, მე კი მუშაობის უფლებაც ამიკრძალეს. ჩვენი ოჯახის მეგობრებსაც კი ეშინოდათ, დაგვხმარებოდნენ, რაღაცით მაინც შეგვწეოდნენ. ასე რომ, ფოლადივით გამოწრთობილი ვარ, არაფრის არ მეშინია.
_ ნეტავ ადრე ჩამოსულიყავი.
_ ვერ შევძელი, სანამ დედა ცოცხალი იყო.
ანდრია გაწითლდა.
_ ჰო, ვიცი. ამას ისედაც უნდა მივმხვდარიყავი. სამაგიეროდ, ახლა აქ ხარ და იმედია, იცხოვრებ ჩვენთან, სანამ…
მამაკაცს თითქოს ხმა ჩაუწყდა, მაგრამ კატია მიხვდა, რისი თქმაც უნდოდა.
_ სანამ არჩევნები ჩამთავრდება?
_ ჰო. ახლა მთელმა სოფელმა იცის შენი ჩამოსვლის ამბავი. უცებ რომ წახვიდე, დაიწყება ერთი მითქმა-მოთქმა. მართალია, არ იციან, ვინ ხარ, მაგრამ მოულოდნელად რომ გაუჩინარდე, ეს უფრო მეტად გააჩენს ეჭვებს. ვინ იყო, რატომ, რისთვის და ასე…
_ უთხარი ყველას, ვითომ თქვენი ახალი მოსამსახურე ვარ, _ თითქმის მხიარულად გააგრძელა კატიამ, _ რომ მე არ გამოვდექი და გამათავისუფლეთ. _ და კვლავ ჯიქურ ჩააშტერდა თვალებში, _ შენ ხომ ამის შემოთავაზება გინდოდა? მითხარი, ხომ გინდოდა, შენი მოსამსახურის როლი შემესრულებინა?
_ არა, არა, რას ამბობ, _ ანდრია ცოტათი დაიბნა, _ მოსამსახურე არა. უბრალოდ, ვიფიქრე, ვითომ ბავშვების აღმზრდელი დავიქირავეთ. ეს ისე, სხვების თვალის ასახვევად…
_ შენ რა, უკვე ბავშვებიც მოასწარი? _ კატის სიმწრით გაეცინა.
_ ჩემი არა, ჩემი დის ბავშვებზე ვლაპარაკობ. სხვათა შორის, დედამ მირჩია. ეს დროებითი გამოსავალია შექმნილი ვითარებიდან. შეგეძლო აქ დარჩენილიყავი, სანამ ჩემს საქმეებს მოვაგვარებ.
_ ჩემი აქ დარჩენა ყველა შემთხვევაში ავნებს შენს კარიერას. ეს ნამდვილად არ მინდა. შენგან მე ისედაც არაფერს ვითხოვ.
_ ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ, _ ანდრია გაურბოდა მის მზერას, _ მადლობა, რომ გამიგე, კატი.
_ მადლობას ნუ მეუბნები. ღარიბებს არჩევანის საშუალება არა აქვთ, ჩემი ქმრის სახლში კი ღარიბი და მათხოვარი ვარ. ასე გამოდის.
_ საყვარელო, ნუ ამბობ ასე!
კატის მამაკაცის ტკივილიანი ხმისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია, ისე გაიქცა ოთახიდან. მისი ტკივილი უფრო მწარე იყო.
დერეფანში გასულმა დამფრთხალი მზერით მიმოიხედა, მარცხენა მხარეს მდებარე კარი გააღო და სწორედ იმ ოთახში აღმოჩნდა, წუხელ ყველას წინაშე რომ წარდგა. ოთახი დიდებულად იყო მოწყობილი, ჭავჭავაძეებისთვის დამახასიათებელი დახვეწილი გემოვნებით. ირგვლივ ქოთნები ელაგა ოთახის ყვავილებით, რომლებიც საოცარ სურნელს აფრქვევდნენ. ინგლისური ფანჯრებიდან აყვავებული ბაღი მოჩანდა და პატარ-პატარა ბორცვები, რომლებზეც ცხვრის ფარა შეფენილიყო.
აჩქარებული ნაბიჯებით ჭიშკარს მიაღწია, გააღო და გარეთ გავიდა. თვალწინ მწვანედ აბიბინებული მდელო გადაეშალა. ისეთი ლამაზი იყო იქაურობა, სუნთქვა შეეკრა. ამასობაში თვალები ცრემლით აევსო, რადგან სრულიად უმწეოდ და დაუცველად იგრძნო თავი. სწრაფად ამოისვა ორივე მუჭი თვალებში, რადგან იცოდა, რომ საკუთარი თავის შეცოდებას თუ დაიწყებდა, დაერხეოდა. ეს ყველაფრის დასასრული იქნებოდა. ახლა არ უნდა იფიქროს მომავალზე, რომელზეც ოცნებებს აგებდა. მთავარია, მისი საშინელი წარსული უკან დარჩა და უსაფრთხოდაა. მართალია, ანდრიას გარეშე, მაგრამ მაინც. ის ახლა თავისუფალია და გზას როგორმე გაიკვალავს. ბოლოს და ბოლოს, ანდრია მართლა ვალდებულია, დაეხმაროს. ის კი ამას აუცილებლად გააკეთებს.
იქვე ტევრი იყო და კატიამ სწორედ იქითკენ აიღო გეზი. რაც უფრო შორს მიდიოდა, მით უფრო დაბურული ხდებოდა არემარე. ტევრი მეჩხერმა ტყემ შეცვალა. უეცრად თმაში ხის ტოტი გამოედო. მაღლა აიხედა და მწიფე ალუბალი შერჩა ხელთ. ისე გაუხარდა, აღტაცების შეძახილი აღმოხდა. ტოტი თავისკენ მოიზიდა და ალუბალი დასუნა.
_ სასწაულია, არა? _ მის ზურგს უკან ქალის მელოდიური ხმა გაისმა.
კატია შებრუნდა და დაახლოებით თავისი ასაკის ქალი დაინახა, მოკლედ შეჭრილი წაბლისფერი თმითა და სასიამოვნო, ნათელი სახით, _ თქვენ ალბათ კატია ხართ, არა? _ გააგრძელა უცნობმა, _ მე კიდევ ბეტი ვარ, ანდრიას და.
_ ო, ბოლოს და ბოლოს, გავიცანით ერთმანეთი. მაგრამ როგორც მახსოვს, ანდრიას დას ელისაბედი ჰქვია.
_ ოფიციალურად კი, მაგრამ შინაურულად ბეტის მეძახიან. თქვენთვისაც ბეტი ვიქნები.
_ რა პრობლემაა. ბეტი ლამაზი სახელია, თანაც მოკლე, ელისაბედი კი იმსიგრძეა, ენას მოიტეხს კაცი, სანამ წარმოთქვამს.
_ მაგიტომაც გადავირქვი, _ გადაიკისკისა ბეტიმ და ლამაზი კბილები გამოაჩინა.
_ ჩვენ რომ დავქორწინდით, თქვენ ამერიკაში იყავით მაშინ.
_ მართალია, ამერიკაში ვიყავი. მიხარია, რომ თქვენი გაცნობის შესაძლებლობა მომეცა. სურათით მყავხართ ნანახი.
_ ჰო, მაშინ ახალგაზრდა და ლამაზი ვიყავი, ახლა კი ბებერი და მახინჯი ვარ.
_ რას ამბობთ, მახინჯი სულაც არ ხართ და არც ბებერი. ასე ნუ ამბობთ.
_ ანდრიამ მითხრა წეღან, რომ თქვენს ბავშვებს უნდა მოვუარო.
_ არა, არა, როგორ გეკადრებათ. ეს, უბრალოდ, მეზობლების თვალის ასახვევად, თორემ მაგას როგორ გაკადრებთ. რაც უნდა იყოს, ჩემი რძალი იყავით. ახლა ჯობია, ასეთი ხმები გავავრცელოთ, თორემ ვინ იცის, რა კუდებს გამოაბამენ თქვენს აქ ყოფნას. თუმცა, მე რომ ანდრიას ადგილზე ვიყო, სიმართლეს ვიტყოდი. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, _ ბეტი მიუახლოვდა კატიას და გაღიმებული სახით შეათვალიერა.
_ მაგრამ ეს ცუდად იმოქმედებს მის კარიერაზე.
_ არა მგონია. თუმცა, რა ჩემი საქმეა. აქ ჩემი აზრი არავის აინტერესებს. არადა, მე რომ მის სიტუაციაში აღმოვჩენილიყავი, ვიტყოდი, სინამდვილეში რაც ხდებოდა და უფრო დამაფასებდნენ.
კატიას გულზე მოეშვა. ერთი ადამიანი მაინც აღმოჩნდა, რომელიც მისმა ჩამოსვლამ არ `დააზარალა~.
_ თავის მხრივ, ანდრიაც მართალია. არჩევნებზე ისეთი სიბინძურეები ხდება, მესმის მისი. იცი როგორი გადაბრალებები იციან? მართალია თუ ტყუილი, ყველაფერს იგონებენ, თუკი სადმე ოდესმე ყური მოუკრავთ, რომ როგორმე ერთმანეთი ლაფში გასვარონ. თქვენი გამოჩენა ალბათ ცოტათი შეამცირებს მის შანსებს, თუკი სიმართლეს გაიგებენ. _ თანაგრძნობა გაისმა ბეტის ხმაში, _ მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩემს გიჟებს უნდა მიხედოთ. ამას არავინ გაიძულებთ.
_ ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ მივხედავ, _ ოფიციალური ტონით გამოაცხადა კატიამ, _ თუკი ანდრიას ეს სურს.
_ თქვენ რა, ყოველთვის იმას აკეთებთ, რაც მას სურს? _ ბეტიმ კითხვის დასმისთანავე გაიცინა, _ მაპატიეთ, შეგიძლიათ არ მიპასუხოთ.
_ გიპასუხებდით, რომ შემეძლოს. მაგრამ ჩვენ იმდენად ცოტა ხანს ვიცხოვრეთ ერთად, არ მომეცა შესაძლებლობა, ეს გამეაზრებინა.
_ ჰო, ვიცი, თაფლობის თვეც კი ჩაგმწარდათ. ალბათ თქვენთვის ეს დიდი გამოცდა იყო.
_ ბოლო ცხრა წელიწადმა ისედაც ცოტა სიხარული მომიტანა. _ თავდაჭერილად მიუგო კატიამ, _ მაპატიეთ, არ მინდა ამაზე ლაპარაკი, არ ღირს.
_ მაგრამ ტკივილის გულში ჩამარხვაც არაა გამოსავალი.
_ სამაგიეროდ, ასე უფრო მშვიდად ვარ მეც და სხვებიც.
_ იმის თქმა გინდათ, რომ არ გინდათ თქვენი დარდით სხვები დაამძიმოთ? _ ბეტიმ ხანგრძლივი სერიოზული მზერით შეხედა, _ რომ გაიღიმეთ, ძველი სახე დაგიბრუნდათ. თვალწინ დამიდგა თქვენი ფოტოსურათი. მე რომ ჩამოვედი, ანდრია სულ თქვენზე მიყვებოდა, ყურები მქონდა გამოჭედილი. არ იღლებოდა იმის გამეორებით, როგორი ლამაზი გოგო იყავით.
_ ვიყავი, მართალია, მაგრამ ეს ყველაფერი წარსულში დარჩა. ახლა მახინჯი ვარ, უშნო, გულისამრევი, _ თქვა კატიამ და თავის უფორმო კაბას დახედა, მუშაობისგან გაუხეშებულ ხელებს, _ მიჭირს შევეჩვიო იმ აზრს, რომ მისი ცოლი აღარ ვარ. მე ხომ განქორწინების თაობაზე არაფერი ვიცოდი.
ბეტის რძალი შეეცოდა.
_ ალბათ ელდა გეცათ, როცა ანდრიამ ამის შესახებ გითხრათ, არა?
_ ჰო, მართალი ხართ. მაგრამ ესეც უკვე წარსულში დარჩა. ახლა მე თქვენი შვილების ძიძა ვარ.
ბეტიმ კვლავ შეათვალიერა.
_ თქვენს ადგილას რომ ვიყო, ანდრიას სეირს ვუჩვენებდი.
_ თქვენ რომ ამ ცხრა წლის განმავლობაში ჩემს ადგილას ყოფილიყავით, გრძნობების დამალვას ისწავლიდით და იმასაც, რომ საკუთარი აზრები თქვენთვის შეგენახათ. აი, რა მომცა იმ წლებმა.
ბეტიმ არ უპასუხა. კარგა ხანს უხმოდ მისეირნობდნენ, შემდეგ უკან მობრუნდნენ და სახლისკენ უხალისოდ აიღეს გეზი.
_ იცით? თქვენ ახლაც ლამაზი ხართ. _ თქვა უცებ ბეტიმ, _ უბრალოდ, ცოტა კორექტირების შეტანაა საჭირო თქვენს გარეგნობაში, მეტი არაფერი. პირველ რიგში, კარგად უნდა გამოიძინოთ და ახალი ტანსაცმელი შეიძინოთ.
_ ო, ასეთ რამეებს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს. საერთოდ არ მანაღვლებს, როგორ გამოვიყურები და რა მაცვია.
_ რატომ? ახლა თქვენ სამშვიდობოს ხართ, არავინ გდევნით, ამიტომაც არაა საჭირო ისეთი ფორმით იაროთ, როგორითაც აქამდე დადიოდით.
_ ასე ცუდად გამოვიყურები? _ კატიამ ისევ კაბაზე დაიხედა.
_ საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოქცეულს ჰგავხართ.
ორივეს გაეცინა.
_ განა ასე არ არის? _ კატიამ სიცილი შეწყვიტა და კვლავ სევდა მოერია.
_ მით უფრო _ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაივიწყოთ წარსული. თუ არ მიწყენთ, შემიძლია ჩემი გარდერობიდან რამე აგარჩევინოთ. მე და თქვენ თითქმის ერთი ზომის ტანსაცმელი გვჭირდება.
_ არა, მადლობა. შემოწირულობებს არ ვიღებ.
_ ღმერთო ჩემო! რა შემოწირულობა! თქვენ ხომ ჩემი რძალი ხართ. ყოველ შემთხვევაში, სანამ ანდრია მეორე ცოლს მოიყვანს, მე ასე გთვლით. ასე რომ, ნუღარ შემეკამათებით!
კატიამ მსუბუქად გაიღიმა, მხრები აიწურა და მულს დაუთმო.
_ თქვენ ანდრიას სახლში ცხოვრობთ?
_ ასე გამოდის, თუმცა, ხომ ხედავთ, როგორაა ეს სრასასახლე აგებული, _ კვლავ გადაიკისკისა ბეტიმ, _ ორი ერთნაირი სახლი ერთმანეთზეა მიშენებული, მაგრამ ერთად ვსადილობთ, თითქმის სულ ერთად ვართ, მხოლოდ დასაძინებლად გავდივართ იქითა მხარეს. ერთი კარი გვყოფს მხოლოდ, სხვა არაფერი. შიგნიდან რომ დაათვალიერო, მაინც ერთი სახლი გამოდის. თბილისში ბინა არ გვაქვს. რაც გავთხოვდი, აქ გადმოვსახლდით, მამაჩემთან. ჩემი ქმარიც უბინაოა, ორი ძმა ჰყავს და იმათ სახლს ვერ წაართმევდა. ერთი ცოლშვილიანია. სანამ მამა ცოცხალი იყო, ერთად ვცხოვრობდით აქეთა მხარეს, ახლა სადაც ანდრიაა დაბინავებული, მერე კი, როცა დედა და ანდრიაც გადმოვიდნენ, ჩვენ იქით გადავბარგდით, მაგრამ მხოლოდ ფორმალურად. ვარ ფუქსავატურად, კერძების მზადებაც კი არ მევალება.
_ დედათქვენი ამზადებს?
_ დედა? რას ამბობ! _ ჩაიქირქილა ბეტიმ, _ ნიტამ კვერცხის შეწვაც კი არ იცის. მზარეული გვყავს დაქირავებული. თქვენთვის ალბათ ძნელია ამის გაგებაც და მოსმენაც, მაგრამ დედას არისტოკრატული სტილი უჭირავს, ხომ გესმით. არა უშავს, ნელ-ნელა თქვენც მიეჩვევით აქაურობას და მოგეწონებათ.
ასე, საუბარ-საუბარში სახლს მიუახლოვდნენ…
გაგრძელება იქნება