კარგა გვარიანი მანძილი რომ გაიარა, მიხვდა, რომ ანდრიას სახლთან მისულიყო. ამან გონს მოიყვანა. აქ რატომ მოვიდა? ანდრიას ნახვა უნდოდა? არა, რა ანდრია… მას კატიასთან შეხვედრა სურდა. კატია იყო ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც გულახდილად შეეძლო ლაპარაკი. კატია იყო ერთადერთი, ვინც ბოლომდე გაუგებდა. განა პირველად სწორედ ის არ მიხვდა, სინამდვილეში ვინ უყვარდა დიკას? განა მან არ აუხილა თვალები?
ჩქარი სიარულისგან ქოშინებდა. გოგონამ ირგვლივ მიმოიხედა, მცირე ხნით დაფიქრდა და მერე მტკიცე გადაწყვეტილებით საქმროს ეზოში შევიდა. სწორედ ამ დროს ანდრია და კატია მანქანაში სხდებოდნენ. მამაკაცმა მოჰკრა თუ არა თვალი დიანას, მაშინვე ხელი დაუქნია.
_ დიკა, მიტინგზე მივდივართ. არ გინდა, შემოგვირთდე?
_ არა, არ შემიძლია… _ დიანა კატიას მიუახლოვდა, _ შენც მიდიხარ?
_ ჰო… რამე გინდოდა?
_ არა უშავს, მერე იყოს…
_ რომ დავბრუნდებით, დაგირეკავ.
_ არ ვიცი, სახლში ვიქნები თუ არა…
_ მერე რა? მობილურზე დაგირეკავ.
_ არა, მე თვითონ დაგირეკავ. _ დიანამ ხელი უაზროდ აიქნია და ეზო სწრაფი ნაბიჯებით გადაიარა.
კატიამ მიმავალს თვალი გააყოლა, მერე კი ანდრიას მიუბრუნდა:
_ მგონი, რაღაც მოხდა. იქნებ დავრჩე და დაველაპარაკო?
_ არა, უშენოდ წასვლა ტეხავს. მერე დაელაპარაკე.
მთელი გზა სოფლის ცენტრამდე უხმოდ გაიარეს. ანდრია ამწუთას მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, სიტყვით გამოსვლისას დამაჯერებლად როგორ ელაპარაკა, კატიას კი დიანას გაფითრებული სახე არ შორდებოდა გონებიდან…
როგორც კი ანდრიამ პუბლიკის წინაშე გამოსვლა დაიწყო, ატმოსფერო თითქოს უარყოფითად დაიმუხტა. კატიამ იგრძნო, რომ აუდიტორია მტრულად იყო გაწყობილი ანდრიას მიმართ. მიხვდა, რომ მიტინგი ძალზე ხმაურიანად ჩაივლიდა…
ასეც მოხდა. ანდრიამ მხოლოდ რამდენიმე წუთს ილაპარაკა, რის შემდეგაც სიტყვა რეპლიკებითა და სტვენით შეაწყვეტინეს. ცოტა ხანში მისი სიტყვები საერთოდ აღარ ისმოდა. მამაკაცი მთელი მონდომებით ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას, მაგრამ ხმაური იზრდებოდა და მისი მოსმენა არავის სურდა. მამაკაცმა ცოლს გახედა. ალბათ ელოდა, როდის ანიშნებდა კატია, დროა, აქედან წავიდეთო, მაგრამ ქალი მშვიდად იდგა. მან თავი ნელა გააქნია და ამით მიანიშნა ანდრიას, აქაურობის დატოვებას არ გირჩევო. ამან მამაკაცი გაამხნევა. თუ სურს, რომ თავის გულწრფელობაში დაარწმუნოს ეს ადამიანები, უფრო დამაჯერებელი უნდა იყოს.
იგი უეცრად მხრებში გასწორდა და კვლავ აუდიტორიისკენ იბრუნა პირი.
ყვირილი და გადაძახილ-გადმოძახილი არ ცხრებოდა, ამიტომ მამაკაცი იძულებული გახდა, თვითონაც მთელი ხმით ეყვირა. ამან გაჭრა. მოულოდნელად ყველა დაშოშმინდა და ირგვლივ სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა. როდესაც უკანა რიგებიდან ვიღაცამ რეპლიკა ისროლა, სხვებმა იგი წამსვე გააჩუმეს და ანდრიამ თავისი გამოსვლა ჩვეული რიხით გააგრძელა.
საბოლოო ჯამში ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. ანდრიამ სიტყვა დაასრულა და დარბაზის აპლოდისმენტებიც კი დაიმსახურა. ეს გახლდათ საღამოს ცუდი დასაწყისის კომპენსაცია და როცა ანდრია დარბაზიდან გამოვიდა, კატიას მაჯაში ხელი სტაცა.
_ მადლობა, რომ გამამხნევე. შენ რომ არა, ხელს ჩავიქნევდი. რა ბედნიერებაა, გვერდით რომ მყავხარ.
ეს იყო გულღიად ნათქვამი პირველი აღიარება კატიას დამსახურებისა, პირველი მადლობა დახმარებისთვის და ქალი თავის თავზე გაბრაზდა, შექება რომ ესიამოვნა.
_ მიხარია, რომ რაღაცაში მაინც გამოგადექი.
_ გამომადექი და მეტი არა? გენიალური ქალი ხარ!
ცოლმა არ უპასუხა. მან მამაკაცისგან ხელი გაითავისუფლა, გაუღიმა და გასასვლელს მიაშურა.
უკანა გზაზე კატია თავაზიანად პასუხობდა მამაკაცს შეკითხვებზე, მაგრამ თავად არ უცდია საუბრის გაბმა. ცოტა ხნის შემდეგ ორივე გაჩუმდა. არჩვენებამდე მხოლოდ ორი დღე იყო დარჩენილი. როცა ყველაფერი დამთავრდებოდა, ის აქედან წავიდოდა. საბოლოოდ ამოშლიდა ანდრიას მეხსიერებიდან და ახალი ცხოვრების მოწყობას შეეცდებოდა.
ვახშმის დრო რომ მოახლოვდა, კატიამ ანდრია მოძებნა. მამაკაცი ეზოში, ვაშლის ხის ძირში ჩაფიქრებული იდგა.
_ მე არ დავრჩები ვახშმად. დიანასთან მინდა გადავიდე. _ თქვა კატიამ.
_ გინდა მანქანით გაგიყვანო?
_ არა, არ არის საჭირო. ფეხით გავისეირნებ. ეს უფრო სასარგებლოა.
ისინი პირისპირ იდგნენ და ერთმანეთს თვალებში შეჰყურებდნენ. კატიამ იფიქრა, ახლა გამიბრაზდებაო, მაგრამ ანდრიამ მხოლოდ მხრები აიჩეჩა, როგორც გინდაო, ჩაიბურტყუნა და ჰოლს მიაშურა.
კატიამ ღრმად ამოიოხრა და დიანას სანახავად გაეშურა.
კარი მოსამსახურემ გაუღო.
_ დიანა შინ არ გახლავთ. მამამისიც კარგა ხანია, ელოდება.
_ დიანა, მოხვედი? _ გაისმა ამ დროს მირიანის მჭექარე ხმა და ისიც გამოჩნდა თავისი განუყრელი ტროსით.
_ საღამო მშვიდობისა, ბატონო მირიან…
_ ა, ეს თქვენ ხართ? ანდრიას მეუღლე, თუ არ ვცდები, არა? მობრძანდით, მობრძანდით. მეგონა, დიკა დაბრუნდა.
კატია სახლში შევიდა და მოხუცს უკან მორჩილად მიჰყვა.
_ ვერ ვხვდები, ჩემს გოგოს რა ემართება ამ ბოლო დროს. უკვე სახლში უნდა ყოფილიყო და არ ჩანს. ასე არასდროს დაუგვიანია.
_ არ იცით, სად წავიდა?
_ არა, _ მოხუცი უფრო მოიღუშა, _ ასე არასდროს მოქცეულა. დღეს იყო და, მიყვირა, მერე სახლიდან გაიქცა და ჯერაც არ დაბრუნებულა.
_ როგორც ჩანს, მასში ბუნებრივმა ხასიათმა გაიღვიძა, _ თამამად წარმოთქვა კატიამ.
_ და ეს თქვენი დამსახურებაა ალბათ, არა?
_ ჩემი? რატომ გგონიათ? მე არასდროს მითქვამს მისთვის, როგორ მოქცეულიყო.
_ სამაგიეროდ, მაგალითს აძლევდით, _ ჩაიფრუტუნა მირიანმა, _ ღმერთო ჩემო, საითკენ მიემართება ეს ქვეყანა! თითქოს ყველა ჭკუაზე შეიშალა. თქვენ მაინც ივახშმეთ ჩემთან ერთად, რახან დიანა არ არის, კარგი?
_ სამწუხაროდ, არ შემიძლია… შინ მელოდებიან.
_ მაშინ დროზე წადით, ოჯახის წევრები არ ანერვიულოთ, _ თქვა მოხუცმა და ქალი კარამდე მიაცილა, _ ეჰ, კარგი იქნებოდა, ჩემს ქალიშვილსაც თქვენნაირი ძალა ჰქონოდა.
_ თქვენ არაჩვეულებრივი ქალიშვილი გყავთ, ბატონო მირიან! მშვიდობიან ღამეს გისურვებთ! _ თავაზიანად დაემშვიდობა ქალი მოხუცს და გზაზე გასულმა ნაბიჯს აუჩქარა.
როცა სახლში დაბრუნდა, ოჯახი უკვე ვახშმობდა. მან სასწრაფოდ გადაიბანა ხელები და ანდრიას გვერდით მიუჯდა. ანდრიამ მხოლოდ ის ჰკითხა, ნახა თუ არა დიანა, სხვა არაფერი გამოუკითხავს. მხოლოდ ვახშმის დამთავრების შემდეგ, როცა სასტუმრო ოთახში გადაინაცვლეს, ანდრიამ თვალით ანიშნა, გარეთ გავიდეთო. კატია მიხვდა, რომ მამაკაცს მასთან განმარტოებით საუბარი სურდა.
_ როგორც მივხვდი, დიანა ვერ ნახე, არა?
_ სახლში არ დამხვდა, მამამისმა კი არ იცის, სად შეიძლება იყოს.
_ როგორ ფიქრობ, იჩხუბეს?
_ დარწმუნებული ვარ. არ უნდა გამოგყოლოდი მიტინგზე. ვიცოდი, რომ ჩემთან დალაპარაკება უნდოდა. რაღაც მნიშვნელოვანი ჰქონდა სათქმელი, უნდა მომესმინა.
_ ახლა სინანულს აზრი არა აქვს. ვფიქრობ, სულ ტყუილად წუხხარ მასზე. ის ძლიერი ქალია, თავს ადვილად არ დაიჩაგრავს.
_ არ ვიცი… რაღაც არა მგონია, ასე იყოს.
_ დიკა არ ეკუთვნის ქალთა იმ კატეგორიას, სისულელეებს რომ სჩადიან, _ დარწმუნებით წარმოთქვა ანდრიამ, _ ალბათ ნანობს, მამას რომ ეჩხუბა და სადმე გადაუხვია. შეიძლება რომელიმე დაქალთანაა გულის გადასაყოლებლად. დამშვიდდება და დაბრუნდება.
_ ალბათ მართალი ხარ. _ დაეთანხმა კატია.
_ კიდევ კარგი, ერთხელ მაინც რაღაცაში დამეთანხმე, _ გაიცინა მამაკაცმა. ეს ხუმრობით იყო ნათქვამი, მაგრამ არა მხიარულად. ანდრიას ხმაში საოცარი სიმწარე გამოსჭვიოდა, რაც კატიას ძალზე გაუკვირდა. ცხოვრების მთელი სიმწარე მას ხვდა წილად და ამას რაღა ასევდიანებს? _ გაიფიქრა გაოცებულმა.
_ წავალ, დავწვები. _ თქვა ბოლოს და სახლში შებრუნდა. ანდრია მეორე სართულზე ამავალ კიბემდე მიჰყვა.
_ კატი… არ მოგცემ იმის უფლებას, რომ სულ ასე გამირბოდე. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს სალაპარაკო. როგორც კი არჩევნები ჩაივლის, ამისთვის გამოვნახოთ დრო, კარგი?
ცოლმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და კიბეს აუყვა. სულაც არ აპირებდა ანდრიასთან ლაპარაკს არც არჩევნებამდე და არც მის შემდეგ, მაგრამ ახლა მისთვის ეს რომ ეთქვა, ისევ უნდა ეჩხუბათ, ეს კი არ უნდოდა. ისედაც გამოცლილი ჰქონდა ძალა ბოლო დღეების მოვლენებით. ერთადერთი, რაც ახლა გულით სურდა, მხოლოდ აქაურობის სწრაფად დატოვება იყო…
როგორც კი დილის მზემ თვალებში შეუჭყიტინა, კატიას გაეღვიძა. იმწუთასვე გაახსენდა წუხანდელი მოვლენები და სწრაფად წამოხტა. ხალათი ჩაიცვა, თმა გადაივარცხნა და დაბლა ჩავიდა, რათა დიანასთან დაერეკა. დიკას მობილური გამორთული იყო. სხვა გზა არ იყო, მასთან სახლში უნდა დაერეკა. ყურმილი მოსამსახურემ აიღო და კატიამ მისგან გაიგო, რომ დიანა ღამით შინ არ მოსულა.
_ ბატონი მირიანი ადგილს ვერ პოულობს, ისე ნერვიულობს, _ შესჩივლა მოსამსახურემ.
_ პოლიციას არ შეატყობინეთ? _ შეშფოთდა კატია.
_ არა. ბატონმა მირიანმა არ ისურვა. მე ვიცნობ ჩემს შვილს, დამშვიდდება და დაბრუნდებაო, ასე თქვა.
კატიამ ყურმილი დაკიდა. ცოტა არ იყოს, ანერვიულდა. სად უნდა წასულიყო? ადრე ასე არასდროს მოქცეულაო, მამამისმა. ვაითუ, რამე შეემთხვა? ნეტავ ვისთან დაქალობს, სად შეიძლება მისი მოძებნა? უცებ რობი მოაგონდა. იქნებ მასთან გაიქცა? სოფლის კვალობაზე ასეთი საქციელი მთლად მიღებული არ იყო, მაგრამ რახან მამას ეჩხუბა, გამორიცხული არ იყო, ეს ჯიბრზე გაეკეთებინა.
ქალი ჰოლში გავიდა და მოულოდნელად ადგილზე გაქვავდა. სასადილო ოთახიდან ანდრია გამოდიოდა. მის დანახვაზე მამაკაციც შედგა და ცოლს გაოგნებული მიაჩერდა. ასე ხალვათად ჩაცმული კატია პირველად დაინახა. მას მხოლოდ ხალათი ეცვა, რომელიც გადაღეღოდა.
_ ო, კარგ დროს კი ჩამოხვედი. მოდი, ერთად ვისაუზმოთ, სანამ სხვებსაც გაღვიძებიათ, _ დაპატიჟა მამაკაცმა და თვალი აარიდა.
_ არა, მადლობა. სასაუზმოდ არ ჩამოვსულვარ. რობისთან მინდოდა დამერეკა.
_ რობისთან? _ სახე შეეცვალა ქმარს, _ რატომ?
_ შეიძლება დიანა მასთანაა. წუხელ სახლში არ დაბრუნებულა თურმე. _ თქვა ეს და ენაზე იკბინა. აქამდე არასდროს ულაპარაკია ანდრიასთან დიანასა და რობის ურთიერთობის შესახებ. გარდა ამისა, ანდრიას შეიძლებოდა ეფიქრა, რომ კატია მის პროვოცირებას ცდილობდა მათი ერთად ხსენებით, რათა დიანა, როგორც მეტოქე, გზიდან ჩამოეცილებინა.
_ კი მაგრამ, დიკას რობისთან რა საქმე აქვს? იმის თქმა ხომ არ გინდა, რომ ერთმანეთი უყვართ? _ მამაკაცმა გამჭოლი მზერა ესროლა.
_ მე მხოლოდ ის ვიცი, რომ რობის უყვარს დიანა და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს გრძნობა ორმხრივია.
_ ეს დიკამ გითხრა?
_ არა, მას არაფერი უთქვამს, მაგრამ… უბრალოდ… მე მგონი, დიანა თავის თავს ებრძვის, რათა გრძნობები დამალოს. ამიტომაც გადავწყვიტე დარეკვა.
ანდრიას ყელთან ძარღვი აუტოკდა.
_ თუკი დიკა ასე გულმოდგინედ ცდილობს თავისი გულისნადების დამალვას, ვფიქრობ, შენც უნდა გამოიჩინო ტაქტი, _ ცივად შენიშნა მამაკაცმა, _ რობისთან რომ ყოფილიყო და შენთვის ეს ამბავი შეეტყობინებინა, თვითონ დაგირეკავდა!
_ აბა რა ვქნა?
_ არაფერი… ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით…. ახლა ვისაუზმოთ, მერე კი გადავწყვიტოთ, როგორ მოვიქცეთ. _ ამ სიტყვებით ანდრია ქალს მიუახლოვდა, ხელი მხარზე დაადო და ოდნავ მოუჭირა.
აბრეშუმის ხალათში ანდრიას ხელის სითბომ გაატანა და ქალს შეაჟრჟოლა. როგორ მოუნდა, მიყრდნობოდა მის მკერდს და ჩახუტებოდა. ამის ნაცვლად ქალმა მკვეთრად დაიხია უკან და სასადილო ოთახში შევარდა.
ანდრია მაგიდას მიუჯდა, პური დაჭრა, ორი ნაჭერი აიღო, კარაქი გადაუსვა და კატიას თეფშზე დაუდო.
_ ჭამე, _ მზრუნველად წარმოთქვა, _ მანამ მე ყავას მოგიმზადებ… დიდი ხანია, ეს ამბავი იცი?
_ რა ამბავი? _ კატიამ პური ჩაკბიჩა.
_ რომ მათ… ერთმანეთი უყვართ?
_ კარგა ხანია, ვეჭვობ. დიანა გაიძახის, არ მიყვარსო, მაგრამ რობი ამას წინათ გამომიტყდა.
ანდრიამ ყურადღებით შეხედა ქალს და სევდანარევი ხმით თქვა:
_ როგორ არ გიმართლებს სიყვარულში, არა? ამჯერადაც…
_ მე რობი არასდროს მყვარებია, _ გააწყვეტინა კატიამ, _ არასდროს. ის, უბრალოდ, ჩემი მეგობარია და მეტი არაფერი.
აშკარა იყო, ანდრიამ მისი არ დაიჯერა. ამაზე მისი ჩაცინებაც მიანიშნებდა. კატია იძულებული გახდა, თავი დაეცვა:
_ მე ჯერ არ ვარ მზად, სხვას ცოლად გავყვე. და ასეც რომ იყოს, არასდროს გავყვები მამაკაცს, რომელსაც შენ იცნობ. არ მინდა ჩვენი ურთიერთობა ვინმემ გამახსენოს!
ანდრიას სახეზე სისხლი მოაწვა და კატია მიხვდა, რომ მისი დარწმუნება შეძლო იმაში, რომ რობი არც არასდროს ჰყვარებია და ვერც შეიყვარებდა. ამავდროულად, ეს ყველაფერი იმას ნიშნავდა, რომ მას არც ანდრიას მიმართ ჰქონდა განსაკუთრებული გრძნობა. იგი კატიასთვის უკვე აღარ არსებობდა.
_ კარგი… ისევ დიკას დავუბრუნდეთ, _ გაწონასწორებული ხმით წარმოთქვა მამაკაცმა, _ თუკი მას რობი უყვარს, როგორც ამას შენ ამტკიცებ, შეიძლება რამდენიმე დღით სადმე გაემგზავრა, რათა ყველაფერი აწონ-დაწონოს და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს.
ანდრიას ნათქვამმა კატია ცოტათი დაამშვიდა, მაგრამ შუადღისას, როცა ანდრია დათოსთან ერთად თავის საქმეებზე წავიდა, დილანდელი შიში დაუბრუნდა. თქმა არ უნდა, რომ დიანა გონიერი გოგოა, მაგრამ თუ ქალს უყვარს, თანაც მთელი არსებით, მაგრამ სიყვარულზე სიყვარულით არ პასუხობენ, შეიძლება ნებისმიერი სიგიჟე ჩაიდინოს. მან ხომ თქვა, რობის ჩემთვის სიყვარული არასდროს აუხსნიაო? ის იყო, ყურმილი აიღო და რობისთან დარეკვა დააპირა, რომ უცებ გადაიფიქრა. აჯობებს, პირდაპირ სახლში მივიდეს რობისთან და ადგილზე გაარკვიოს, გაათენა თუ არა დიანამ ეს ღამე მასთან…
გაგრძელება იქნება