ესე იგი, ანდრიამ წააგო. წააგო მის გამო, თვითონაა ამაში დამნაშავე! სანამ ჩამოვიდოდა, ყველაფერი რიგზე იყო, ანდრიას გამარჯვების ასპროცენტიანი შანსი ჰქონდა. ჩამოვიდა და ყველაფერი გააფუჭა. ალბათ როგორ სძულს ახლა ქმარს. ალბათ დანახვაც აღარ უნდა მისი. არც არის გასაკვირი. კატიას ამწუთას თვითონაც სძულს თავისი თავი.
რაც არის, არის. ანდრიას მეტად აღარ მოუწევს მისი დანახვა და ატანა. აღარ იქნება მისთვის არასასურველი ცოლი. იგი შეასრულებს თავის სიტყვას და ახლავე გაემგზავრება აქედან.
არად ჩააგდო თავსხმა წვიმა, შუა ქუჩაში გავიდა და პირველივე შემხვედრი ტაქსი გააჩერა. თხუმეტ წუთში უკვე შინ იყო. იქაურობა საოცრად ცარიელი ეჩვენა. ირგვლივ კაციშვილი არ ჭაჭანებდა. გეგონებოდათ, სახლი მიტოვებულიაო. კატია მიხვდა, რომ ყველანი ანდრიასთან იქნებოდნენ წასული. ყველას აინტერესებდა საბოლოო შედეგების მოსმენა და აბა, რა გული მოუთმენდათ.
მწარედ ჩაიღიმა. ოჯახი ერთ მხარესაა, თვითონ _ მეორე მხარეს, თანაც მარტო, მარტო, მარტო… სულ მარტოა, რაც თავი ახსოვს.
უკვე შუაღამე იყო, ანდრია სხვებთან ერთად შინ რომ დაბრუნდა. მან პირდაპირ სასტუმრო ოთახში შეაბიჯა, სადაც მაგიდა წინასწარ გაეშალათ. ოჯახი ხომ მის გამარჯვებას იმედოვნებდა!
ვისკი დაისხა და გადაჰკრა. მერე მეორე სართულზე ავიდა, კატიას კარზე დააკაკუნა. პასუხი არავინ გასცა. უკმაყოფილომ შუბლი შეიჭმუხნა და იმედგაცრუებული გამობრუნდა.
_ კატია არავის გინახავთ? _ მზერა მოავლო დედასა და დას.
_ ალბათ სძინავს, _ თქვა ნიტამ, _ გეგონა, შენს მოსვლას დაელოდებოდა? მე შენ გეტყვი, სინდისის ქენჯნა შეაწუხებდა.
_ დედა! მეორედ არ გაბედო კატიას დადანაშაულება ჩემს წაგებაში! _ ცხოვრებაში პირველად ანდრიამ მთელი ხმით უღრიალა დედას და მაგიდას მუშტი დასცხო.
ჭიქებმა წკარუნი გაიღო.
_ ჩემი წაგება მის ბრალი არ არის, გაიგე ერთხელ და სამუდამოდ, _ ამჯერად ოდნავ შეარბილა ტონი, _ შეიძლება რაღაც მომენტში მის გამო დავკარგე გარკვეული რაოდენობის ხმა, მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა. ის ისე მეხმარებოდა, რომ პირიქით, ხალხს გული მოუბრუნდა ჩემზე, გესმის? იცი, როგორ მოსწონდათ ჩემს ამომრჩევლებს? ყველას მასთან დალაპარაკება სურდა, მის გვერდით ყოფნა უნდოდათ. ვერ წარმოიდგენ, როგორი სიმპათიით სარგებლობდა გარშემო.
_ ისე ლაპარაკობ, თითქოს მასზე შეყვარებული იყო, _ ირონიულად ჩაიცინა ნიტამ.
_ მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს ამას მიხვდი.
გაოგნებისგან ქალბატონ ნიტას ენა ჩაუვარდა. მერე მზერა ბეტიზე გადაიტანა.
_ რას ამბობს? _ საჩვენებელი თითი ვაჟისკენ გაიშვირა.
ბეტიმ მხრები აიჩეჩა.
_ შენ… შენც იცოდი ეს ამბავი? _ ჩურჩულით შეეკითხა ქალიშვილს და გაფითრებულმა პირი ზიზღით მოკუმა.
_ ჰო, დედა, ვიცოდი. მე მგონი, ეს ძალიან კარგი ამბავია და უნდა გიხაროდეს. კატია არაჩვეულებრივი გოგოა, თბილი, ყურადღებიანი, მოსიყვარულე. კარგი ხასიათი აქვს.
ანდრიამ ვერ გაუძლო, როგორ ახასიათებდნენ ქალები მის ცოლს და დამბლადაცემულივით თავის ოთახს მიაშურა. კატიას საძინებლის წინ შეჩერდა, არ იცოდა, რა გაეკეთებინა. გაიფიქრა, კიდევ დავაკაკუნებო, მაგრამ უკვე შუაღამე იყო და თავი შეიკავა. მაღლა აწეული ხელი უმწეოდ დაუშვა ძირს.
არა უშავს, ხვალ დილით ხომ ნახავს? რამდენიმე საათი არაფერს წყვეტს. მაგრამ რამ დააძინა? ხომ იცის, ანდრია ახლა რა დღეშიცაა. თუნდაც მოეგო, მაინც ხომ სჭირდებოდა მისი თანადგომა? ისე როგორ წამოვიდა იქიდან, რომ არ გააფრთხილა? თუმცა ისე იყო დაღლილი, ფეხზე ძლივს იდგა. არ გაემტყუნება, ბოლო ხანს მართლა ძალზე გადაიღალა.
დილით ადრე ადგა, ჯერ შვიდიც არ იყო. ნერვიულად სცემდა ბოლთას სამზარეულოში და მოუთმენლად ელოდებოდა, კატია როდის გაიღვიძებდა და დაბლა ჩამოვიდოდა. უნდა დალაპარაკებოდა. გადადებას უკვე აზრი არ ჰქონდა. არჩევნებმა ჩაიარა, მან წააგო. ახლა უამრავი თავისუფალი დრო ჰქონდა და თავისი პირადი ცხოვრებისთვის უნდა მიეხედა. მომავალზე უნდა ეფიქრა. არ აინტერესებდა არც დედის აზრი, არც არავისი. მას კატია უყვარდა და მის გაშვებას არსადაც არ აპირებდა.
მაგრამ გახდა რვა საათი, ცხრის ნახევარი, ცხრა… ის კი არ ჩანდა. ყავა დაისხა, დალია, ერთი ნაჭერი ნამცხვარიც მიაყოლა.
ამასობაში საუზმის დროც მოვიდა. სამზარეულოში მოსამსახურე შემოვიდა.
_ მაპატიეთ, ბატონო ანდრია, ხომ არ იცით, კატია სადაა? _ დამფრთხალი ხმით იკითხა მოსამსახურემ და თვალები ააფახულა.
_ თავის ოთახში არ არის? _ ანდრია დაიძაბა.
_ არა, არ არის. წუხელ ოთახში არც ყოფილა. ლოგინი ისევ ისეა დალაგებული, ტანსაცმლის კარადა კი ამ დილით ნახევრად ცარიელი დამხვდა.
ანდრია უკვე აღარ უსმენდა მოსამსახურეს. სამი ნახტომით ავარდა კიბეზე და კატიას საძინებელში გიჟივით შევარდა.
მოსამსახურე მართალი იყო _ კარადაში მხოლოდ ის კაბები ეკიდა, რომელიც ნიტამ უყიდა აქ ყოფნის პერიოდში. თავისი რაც ჰქონდა, თან წაეღო და კიდევ _ ბეტის ნაჩუქარი ტანსაცმელი. ის, რაც ყოველდღიურად ეცვა.
უაზროდ დაბორიალებდა ოთახში, თვითონაც არ იცოდა, რას ეძებდა. ნუთუ გაიქცა? წერილი მაინც არ დაუტოვა? ან როდის მოასწრო წასვლა? რითი წავიდა იმ შუაღამეს? სად? _ დაბნეული ათას კითხვას უსვამდა თავის თავს.
კატია უკვალოდ გაქრა. იმწუთასვე რობი გაახსენდა. ნუთუ მასთან გაიქცა? ჰო, მასთან წავიდოდა, აბა ვისთან!
წამის დაკარგვაც არ უნდოდა. კი არ დადიოდა, დარბოდა. ქვემოთ ჩამოსული გარეთ გავარდა და მანქანაში ჩაჯდა. გონება აღარ უმუშავებდა, ვერაფერზე ფიქრს ვერ ახერხებდა. საჭეს ისე მართავდა, თითქოს რობოტი ყოფილიყო.
რობის სახლთან მისულმა დაამუხრუჭა და შეეცადა, ოდნავ მაინც მოეხსნა დაძაბულობა. ასეთი გამხეცებული ბავშვობის მეგობარს რომ მივარდნოდა, ორივეს ცუდი დღე დაადგებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წუთით მანქანაში შეყოვნდა, როგორც კი გადმოვიდა და რობის სახლის კარს მიუახლოვდა, მუშტებით ისეთი ბრახუნი ატეხა, ლამის ჩამოიღო ანჯამები.
კარი პატარა ბიჭმა გაუღო. მიხვდა, რობის უმცროსი ძმა რომ იქნებოდა.
_ შენი ძმა სახლშია? _ უხეშად შეეკითხა.
_ რომელი?
_ რობი.
_ დიახ. მობრძანდით. _ ბიჭი განზე გადგა.
ამ დროს თვითონ რობიც გამოჩნდა და ანდრიას დანახვით გაოცებული შედგა. არ იცოდა, რა იყო მისი ვიზიტის მიზეზი _ მტრობა თუ მოყვრობა. იფიქრა, ჩემს გასალანძღავად თუ მოვიდაო, მაგრამ არაფერი შეიმჩნია, თავაზიანად მიესალმა და შინ შეიპატიჟა.
ანდრიამ ჰოლში შეაბიჯა და დოინჯშემოყრილმა ირგვლივ მიმოიხედა.
_ რამე ხდება, ანდრია? _ ფრთხილად შეეკითხა რობი.
_ კატიას გამო მოვედი.
_ კატიას გამო? და ჩემთან რატომ?
_ იმიტომ, რომ ვიცი, ის შენთანაა. ღამე სახლში არ გაუთევია და მისი ყველა ნივთი გაქრა.
_ მართლა? რა უცნაურია… _ შეწუხდა რობი, _ მაგრამ ის აქ არ არის. თუმცა კარგი იქნებოდა ყოფილიყო.
_ ჰო-ო? _ ამრეზით გახედა ანდრიამ.
_ არა, არა, შენ ვერ გაიგე. იმ აზრით არ მითქვამს, თითქოს ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს. გარწმუნებ, ჩვენ რომანი არც გვაქვს და არც არასდროს გვქონია.
ანდრიას უნდოდა ამის დაჯერება, მაგრამ ეძნელებოდა. ნუთუ ეს სიმართლე იყო? რობი თითქოს არ იტყუებოდა. მაშინ სად წავიდა?
_ მე… მე მაპატიე, _ ჩაილუღლუღა ბოლოს, _ ალბათ სისულელეს ვლაპარაკობ. სახლიდან წასულია. უნდა ვიპოვო. თუ აქ არ არის, იქნებ… იქნებ დიკასთანაა? _ დაბნეული ლაპარაკობდა.
_ დიკასთან ნამდვილად არ არის, რადგან ის წუხელ ჩემთან დარჩა, _ თქვა რობიმ და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო, მერე კი სწრაფად დაამატა, _ მე და დიანა შეუღლებას ვაპირებთ. დედაჩემს უნდოდა, წუხელ ის ჩვენთან მოსულიყო და წამომყვა. ახლა… ახლა სამზარეულოშია.
ანდრია ისე დაიშოკა გაგონილით, რომ ლაპარაკის უნარი წაერთვა. იქვე მდგარ სკამზე დაეხეთქა და თავი უღონოდ ჩაკიდა.
_ ესე იგი, არავინ არ იცის, კატია სადაა, ხომ?
_ ალბათ აქედან წასვლა გადაწყვიტა, _ პირდაპირ დააჯახა რობიმ, _ მეუბნებოდა, არჩევნების შემდეგ წამითაც არ დავრჩებიო. ალბათ, როგორც კი გაიგო, რომ წააგე, გამგზავრება აღარ გადადო.
_ ნუთუ ასე ვერ მიტანს, ა?
_ რას ამბობ! პირიქით, არ იცი, როგორ უყვარხარ! _ წამოიძახა რობიმ.
ანდრიას სიმწრისგან გაეცინა.
_ დამცინი, ხომ?
_ რას დაგცინი, მართლა გეუბნები. შენ რა, თვითონ ვერ ხვდებოდი, რომ ასე იყო? _ რობის სახეზე ერთდროულად გაღიზიანებაც გამოიხატა და თანაგრძნობაც, ბოლოს თანაგრძნობამ გაიმარჯვა, _ ეეე, მეგობარო, დავიჯერო, ასეთი მიამიტი ხარ? მას სულ უყვარდი. მეტი სალაპარაკო ჩემთან არაფერი ჰქონდა. აბა, რატომ გადაწყვიტა აქ დარჩენა და შენი დისშვილების მოვლა? რატომ დათანხმდა, ოფიციალურად შეესრულებინა შენი ცოლის მოვალეობა და წინასაარჩევნო პერიოდში გვერდით დაგდგომოდა? მას ოდნავ მაინც რომ შერჩენოდა სიამაყე, მაგ შენს წინადადებას ერთ ადგილას შეგტენიდი. მაპატიე, ვერ მოვითმინე… _ რობიმ ხელები გაშალა პატიების სათხოვნელად, _ აი, ამიტომ დათანხმდა შენს შემოთავაზებას და ბოლომდე ითმენდა ყველაფერს. უყვარდი და იმიტომ.
_ მაშინ რატომ გაიქცა?
_ როგორც ჩანს, საბოლოოდ გადაიწურა იმედი, რომ შენს სიყვარულს დაიბრუნებდა.
_ შეუძლებელია! _ ანდრია წამოხტა, _ მე ვცდილობდი, მეგრძნობინებინა, რამხელას ნიშნავდა ჩემთვის, მაგრამ ყოველ ჯერზე ხელს მკრავდა.
_ სავარაუდოდ, ეშინოდა, ანგარების გამო ხომ არ იქცეოდი ასე.
ანდრიამ მწარედ ამოიხვნეშა. ამაზე თვითონაც უფიქრია და არა ერთხელ და ორჯერ. კატიას ვერ გაამტყუნებდა. მას ყველანაირი საფუძველი ჰქონდა, ქმრის სიყვარულში ეჭვი შეეტანა.
_ მინდოდა ყველაფერი თავიდან დამეწყო. ანგარება არაფერ შუაშია.
_ ჰოდა, გეთქვა ეს მისთვის, რა გიშლიდა ხელს?
_ ვიფიქრე, არჩევნებამდე დავიცდი-მეთქი. არ მინდოდა ეფიქრა, რომ სატყუარად ვიყენებდი ხმების მისაღებად.
რობიმ ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა.
_ ცუდია. ხომ ხედავ, ამან არ გაამართლა. ახლა იმაზე ვიფიქროთ, სად შეიძლებოდა წასულიყო. თითქოს ვიღაც მეგობარი უნდა ჰყავდეს თბილისში. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მითხრა.
_ არა, არავინ არ ჰყავს. ეს ზუსტად ვიცი. არც იმდენი ფული აქვს, თავი ირჩინოს, არც თავშესაფარი….
_ ვააა. უცნაურია. ჩემთვის მაინც ეთქვა, თუ წასვლას აპირებდა ან დიკასთვის. დაფიქრდი, აბა? რა უნდა მოემოქმედა? შენ ხომ მას კარგად იცნობ.
_ როგორც ჩანს, არ მცნობია, _ შეფიქრიანებულმა ჩაილაპარაკა ანდრიამ.
ამ დროს კარი გაიღო. ორივე მამაკაცმა თავი ერთდროულად იქითკენ მიაბრუნა. ზღურბლთან დიანა იდგა. მან რობის გაუღიმა და ანდრიასკენ დაიძრა.
_ რობიმ ალბათ უკვე გითხრა ჩვენ შესახებ, _ მორიდებული ტონით წარმოთქვა გოგონამ, თითქოს რაღაც დააშავა და ინანიებსო.
ანდრია შესცქეროდა მას და ვერ ხვდებოდა, რაზე ელაპარაკებოდნენ. ბოლოს, როგორც იქნა, ჩასწვდა მისი სიტყვების არსს და გაიღიმა.
_ ო, როგორ არა, მითხრა. გილოცავთ. მჯერა, რომ ერთად ბედნიერი იქნებით.
_ მეც მჯერა, _ გადაიკისკისა დიანამ, _ სადაც მამაჩემს ვაჯობე, რობისაც როგორღაც მოვერგები. _ მერე ღიმილი მსწრაფლ მოისხიპა, რადგან ახლაღა გააცნობიერა, რომ ანდრია აქ არც გამარჯვების მოსალოცად მოვიდოდა და მით უმეტეს, არც მათი შეუღლების, _ ხომ მშვიდობაა?
_ კატია დაიკარგა, დიკა, _ მის ნაცვლად რობიმ უპასუხა.
_ ღმერთო ჩემო! აი, რატომ არ წამომყვა წუხელ მუნიციპალიტეტში! _ წამოიძახა შეწუხებული ხმით, _ კი მაგრამ, სად უნდა წასულიყო? თუ პასპორტი თან აქვს, მოძებნა არ გაგვიჭირდება. იმდენ ვიღაცას იცნობთ ორივენი… დარეკეთ, შეაწუხეთ ნაცნობები, მეგობრები, ვისთანაც ხელი მიგიწვდებათ… თუ… იქნებ ამ ამბის გახმაურება არ გაწყობს, ანდრია? _ დიანა უცებ შეცბუნდა.
_ ჩემთვის სულერთია, თუნდაც მთელმა ქვეყანამ გაიგოს, ოღონდ კი ვიპოვო, მაგრამ ჯერ აჯობებს, ხმაური არ ავტეხოთ. რომ გაიგოს, მეძებენო, ვაითუ, ისე დაიმალოს, ვეღარც მივაგნოთ.
_ ისევ უკრანაში ხომ არ დააპირა დაბრუნება?
_ გამორიცხულია. ამას არ იზამს. იქიდან გამოიქცა და რომ დაბრუნდეს, შეიძლება დაიჭირონ. თბილისში ვცადოთ მოძებნა. მე ჩემს კავშირებს გამოვიყენებ, რობი, შენ შენი სცადე, იქნებ რამე გამოგვივიდეს…
გაგრძელება იქნება