გამოიყენეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. გადიოდა კვირები, თვეები, კატიას კვალს კი ვერსად მიაგნეს, თითქოს ცამ ჩაყლაპაო. დაბეჭდეს მისი ფოტოსურათი, ბეტის ბავშვებთან ერთად რომ ჰქონდა გადაღებული და ანდრიამ პოლიციას განცხადებით მიმართა. პოლიციამ მაშინვე ძებნა გამოაცხადა, თუმცა ამაოდ. კატია მხოლოდ ერთგან გამოჩნდა ვიდეოკამერაზე, როცა ვაგზლის მოედანზე ჩემოდნით ხელში მეტროში ჩადიოდა. მას მერე რომელ სადგურზე ჩამოვიდა ან საითკენ აიღო გეზი, გამოცანად დარჩა…
ანდრია შესამჩნევად გახდა, მოტყდა და თმაში ჭაღარა ვერცხლისფრად გაერია. იშვიათად იღიმოდა, გარეთ გასვლას და ნაცნობებთან შეხვედრას გაურბოდა. პოლიტიკას ჩამოშორდა და სამეურნეო საქმეებზე გადაერთო. შვებას ვენახის მოვლაში პოვებდა. ყოველი მისი დილა ზვრების დათვალიერებით იწყებოდა. წელს კარგ მოსავალს ელოდა და ეს ახარებდა. გარდა ამისა, ღორებისა და ქათმების ფერმასაც უვლიდა. ერთი სიტყვით, მუშაობით თავს არ იზოგავდა.
_ ძალიან ბევრს მუშაობ, _ შენიშნა ერთხელ დათომ, როცა ფერმიდან შინ ბრუნდებოდნენ.
_ ახლა ჩემი პანაცეა მხოლოდ მუშაობაა, _ მიუგო ანდრიამ, _ ამის გარეშე ალბათ დავიღუპებოდი. არ იცი, როგორ მშველის.
_ იცი? ასე მგონია, რომ ახლა უფრო მეტად გიყვარს კატია, ვიდრე მაშინ, როცა ცოლად შეირთე.
_ ალბათ კი არა, ასეა, მე ხომ დავკაცდი, _ თქვა და მწარედ გაიღიმა.
ამ სიტყვების გამო თავი ეზიზღებოდა, რადგან სიმართლეს ამბობდა, სიმართლეს, რომელიც ძალიან გვიან შეიგნო.
რთველმაც ჩაიარა. უღიმღამოდ, უსიხარულოდ, მიუხედავად იმისა, რომ ყურძნის მოსავალმა გაამართლა. კატიაზე ფიქრი გონებიდან წამითაც არ შორდებოდა. სად არ წარმოიდგინა ცოლი _ ხან სადღაც მაღაზიაში გამყიდველად, ხანაც ქუჩაში _ სამათხოვროდ ხელგაწვდილი, ხანაც დამლაგებლად რომელიღაც მარკეტში… და გული ეკუმშებოდა.
ამასობაში ახალი წელი მოახლოვდა. მცდელობა, თავი მხიარულად მოეჩვენებინა ოჯახის წევრებისთვის, არ გამოსდიოდა. მაშინაც კი, როცა ნაძვის ხის ქვეშ დადებული საჩუქრების ჩამორიგებას შეუდგა.
ნაახალწლევს შვეიცარიაში გაემგზავრა სათხილამუროდ. იქ ყოველ წელს ჩადიოდა, სეზონზე თხილამურების გარეშე ვერ ძლებდა. ქალაქი სენტ-მორიცი ჰქონდა ამოჩემებული, იქაური ტრასები მოსწონდა, თანაც სასტუმრო, სადაც ჩერდებოდა, თავის პერსონალიანად მისთვის უკვე ნაცნობი და ახლობელი იყო, შინაურივით გრძნობდა თავს. მაგრამ წელს აქაც ვერ პოვა შვება. ორი კვირის ნაცვლად ერთი კვირა ძლივს გაძლო და გამოიქცა.
კატია! ვერა და ვერ მოინელა! როგორ გაუშვა ხელიდან საყვარელი ქალი! ქალი, რომელიც ციებ-ცხელებასავით დასახლდა მის სისხლში და მისგან განკურნებას ვერ ახერხებდა. ცხოვრება ასატანი მხოლოდ იმიტომ იყო, რომ იმედს არ კარგავდა _ გული უგრძნობდა, კატიას ერთ მშვენიერ დღეს სადღაც აუცილებლად მიაგნებდა.
გარდა ამისა, მარტო დარჩა _ დედა თბილისის ბინას დაუბრუნდა, ზამთარში კახეთს ვერ ვიტანო, ხოლო ბეტი და დათო ისედაც ცალკე იყვნენ ახალ სახლში, ამიტომ ძირითადად მაინც მარტო ყოფნა უხდებოდა. ეს ახარებდა. ზამთრის გრძელ ღამეებს ბუხართან ატარებდა და კატიაზე ფიქრით ირთობდა თავს.
საქალო საქმეებში ბეტი ეხმარებოდა. დარეცხვა იქნებოდა, დაუთოება თუ საჭმლის მომზადება, მის კისერზე იყო. ღვიძლი და სიამოვნებით უძღვებოდა საშინაო საქმეებს. რაც მთავარი იყო, ბეტის დედა ხელს აღარ უშლიდა და საქმეს ისე აკეთებდა, როგორც თავად სიამოვნებდა.
_ ანდრია, იცი, როგორ მიხარია, მარტონი რომ ვართ? როგორც იქნა, ძლივს ვიგრძენი თავი ნამდვილ დიასახლისად. დამღალა დედაჩემის მითითებებმა, გაზქურასთან ახლოს არ მიშვებდა. რა, ცუდ კერძებს ვამზადებ? _ ერთ საღამოს ბუხართან მოკალათებულ ძმას გული გადაუშალა.
_ შენ მაგარი დიასახლისი ხარ, ელისაბედ, ვამაყო შენით. უნდა ვაღიარო, რომ დედაზე გემრიელი სადილები გამოგდის.
_ როგორ მიხარია ამის მოსმენა, ვერ წარმოიდგენ. _ ჩაეხუტა ბეტი ძმას, _ მინდა იცოდე, რომ ეს ყველაფერი კატიას დამსახურებაა. მან მასწავლა, რას ნიშნავს დამოუკიდებლობა და თავისუფლება.
კატიას ხსენებაზე ანდრიამ დაღონებული მზერა შეავლო.
_ მელაპარაკე მასზე, _ ხმადაბლა სთხოვა.
_ რა ვქნა, რით გიშველო, არ ვიცი, _ თანაგრძნობით მიუგო ბეტიმ.
_ ჩემი ბრალია ყველაფერი.
_ თავს ნუ იდანაშაულებ, ცხოვრებამ მოიტანა ასე. რას იზამ. ისე, თუ გიფიქრია იმაზე, რომ შეიძლება ვეღარც იპოვო? _ შეაპარა ბეტიმ.
_ კი, მაგრამ ვცდილობ, იმედი არ გადავიწურო. მაინც მგონია, რომ გამოჩნდება. ამ იმედით ვცოცხლობ. ეს ერთადერთია, რაც დამრჩა.
ამასობაში გაზაფხულიც მოვიდა და ანდრია კვლავ მუშაობაში ჩაეფლო. თითქმის მთელ დღეს ფერმაში ატარებდა და საღამოს მტვერში ამოგანგლული ბრუნდებოდა შინ.
ერთ საღამოს, ის იყო, მანქანა ეზოში შეიყვანა და გადმოვიდა, რომ ეკა და თემო მივარდნენ ყვირილით. ბავშვები ერთმანეთს ლაპარაკს არ აცლიდნენ.
_ არა, მე უნდა ვუთხრა, მოიცა! _ ეჩხუბებოდა თემო დას.
_ მე, მე, მე ვიცი, როგორც უნდა ვუთხრა! _ ლამის ტიროდა ეკა.
_ მოიცა, მოიცა, რა ხდება, აბა, ჯერ შენ მითხარი, მერე კი შენ! _ წარმოთქვა ანდრიამ და კიბის საფეხურზე ჩამომჯდარმა ორივე მუხლებზე დაისვა.
_ დღეს ექსკურსიაზე ვიყავით მცხეთაში, _ გაცხარებით დაიწყო თემომ.
_ მერე?
_ მერე იქ ერთ ეკლესიაში შევედით და იცი, ვინ დავინახე?
ამის თქმაზე ანდრიამ ფერი დაკარგა, თითქოს გულმა უგრძნო, რომ თემო კატიას ახსენებდა.
_ კატია დაინახა, ანდრია ძია, კატია! _ დაასწრო ძმას ეკამ და უეცრად გაჩუმდა, თემომ ჩხუბი არ დამიწყოსო.
_ მოიცა, მოიცა! _ ბიძამ დისშვილები დაბლა ჩამოსვა და თემოს დაჟინებით ჩააცქერდა, _ მომიყევი, ერთი, სად იყავი და ვინ ნახე? _ თან ერთიანად აცახცახდა.
_ ჩვენი კატია იყო იქ, ეკლესიის ეზოში.
_ რომელი ეკლესიის? _ მამაკაცი სულს ძლივს ითქვამდა.
_ აი, კაცი როა დასაფლავებული, სანთლებს რომ უნთებენ და ზეთს რომ გაძლევენ, _ ეს კვლავ ეკა იყო.
ანდრიას შეამცივნა. მიხვდა, რაზე ლაპარაკობდა თემო. გამოდის, კატია დედათა მონასტერშია? იქ როგორ მოხვდა?
ამ დროს მათკენ სწრაფი ნაბიჯებით მომავალი ბეტი შეამჩნია.
_ ელისაბედ, რა ხდება? _ ანდრია დას მიეგება და ხელები დაუჭირა.
_ თემოს კლასი დღეს ექსკურსიაზე იყო მცხეთაში, ჯვარზე, მერე დედათა მონასტერში ჩასულან. იქ კი კატია დაუნახავს. ახლახან დამირეკა თემოს კლასელის დედამ, მადონამ და იმანაც მითხრა. მებაღედ მუშაობსო იქ, გამოველაპარაკეო. უთხოვია, ჩვენებთან არ წამოგცდეს, აქ რომ ვარო, მაგრამ რა გული გამიძლებდა, არ მეთქვაო.
_ თემო, შენ არ ელაპარაკე კატიას? _ მამაკაცი დისშვილს მიუბრუნდა.
_ არა, დავუძახე, მაგრამ ვერ გაიგონა და მერე ვეღარ ვნახე.
_ როგორც ჩანს, დაემალა, _ თქვა ბეტიმ.
_ ახლავე წავალ! _ ანდრია სახლისკენ აჩქარებული ნაბიჯებით გაემართა.
_ გაგიჟდი? უკვე დაღამდა, იქ ამ დროს ვინ შეგიშვებს? ხვალ ადრე წადი, დილით, _ ურჩია დამ.
ანდრია შედგა და დაფიქრდა.
_ მართალი ხარ… აჯობებს, ხვალ დილით წავიდე.
_ ძია, ხომ მოიყვან კატიას ჩვენთან? _ შარვალზე მოქაჩა ეკამ.
_ მოვიყვან, აბა, რას ვიზამ, _ გაუღიმა ბიძამ.
_ იეეეეესსს! _ იყვირეს ბავშვებმა და გაიქცნენ.
გაგრძელება იქნება