სახლიდან უთენია გასული ანდრია გზაში შემთხვევით დიანას გადაეყარა. გოგონამ ხელი დაუქნია და ანდრიამაც მანქანა გაუჩერა.
_ ცენტრში თუ გადიხარ, გამოგყვები, კარგი? გამარჯობა! _ მიესალმა დიკა და პასუხს არ დალოდებია, ისე მიუჯდა გვერდით.
_ გაგიმარჯოს. რომც არ მივდიოდე, მიგიყვან, გზაში ხომ არ დაგტოვებ… როგორ ხარ? თუმცა, რა კითხვა გინდა, ბედნიერებისგან ბრწყინავ.
_ გადასარევად ვარ. ორ კვირაში ჯვარს ვიწერთ.
_ მომილოცავს. მამაშენს შეურიგდი?
_ თვითონ შემირიგდა. სხვა გზა ჰქონდა? ჩემ მეტი არავინ ჰყავს და ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა, _ აკისკისდა დიანა, _ უი, რა ჩქარა მიდიხარ, საით მიგეჩქარება ასე?
_ მცხეთაში, კატიას კვალს მივაგენი.
_ რას მელაპარაკები! რა მაგარია! მცხეთაში ვისთანაა?
_ მონასტერში, _ მოკლედ მოუჭრა ანდრიამ.
_ მე ორსულად ვარ, _ მორცხვად წარმოთქვა დიკამ და გაწითლდა. _ და პირველი შენ ხარ, ვისაც ეს ვუთხარი, ჯერ არავინ იცის რობის გარდა.
მამაკაცმა მოსხლეტით დაამუხრუჭა.
_ სერიოზულად? გილოცავ! ვააა, დედა გახდები. ეს სერიოზული ამბავია.
_ მადლობა…
მერე კარგა ხანს არც ერთს ხმა არ ამოუღია.
_ დღესვე წამოიყვან? _ იკითხა ბოლოს დიკამ.
_ აბა რა, წამითაც არ გავაჩერებ იქ. უარიც რომ მითხრას, ძალით ჩავსვამ მანქანაში, მეტი აღარ შემიძლია.
_ წამოგყვება. მე ვიცი, რომ უყვარხარ, _ თბილი მზერა შეავლო გოგონამ, _ აი, აქ გამიჩერე, ანდრია… დიდი მადლობა და აბა, შენ იცი. კატია მომიკითხე. მერე გამოვალ და ვინახულებ.
_ აუცილებლად, _ მამაკაცმა თავი დაუქნია დიკას და როგორც კი გოგონა მანქანიდან გადავიდა, სწრაფად მოსწყდა ადგილს.
ასეთი სისწრაფით რა ხანია, არ უვლია. ისე უცებ ჩამოვიდა თბილისში, გზა არ უგრძნია. მერე დასავლეთის გზატკეცილს დაადგა და რამდენიმე წუთში უკვე მცხეთაში იყო.
მონასტრის ეზოში, როგორც ყოველთვის, უამრავი ადამიანი ირეოდა. განსაკუთრებით თავსაფრიანი ქალების სიმრავლე შეინიშნებოდა. პირველსავე მონაზონს მიეახლა და აკანკალებული ხმით შეეკითხა:
_ უკაცრავად, დედაო… აქ ცოლს ვეძებ, იქნებ დამეხმაროთ?
_ ცოლს? _ გაიოცა მონაზონმა, _ არ ვიცი, შვილო ჩემო… აქ იმდენი ხალხია… რა აცვია?
_ არა, არა, თქვენთან უნდა მუშაობდეს წესით, ასე მითხრეს. ვიჩხუბეთ და სახლიდან გამოიქცა. კატია ჰქვია, უკრაინიდ…
_ აა, ჩვენი მებაღე? ეგერაა, ტაძრის უკან, ბაღში საქმიანობს. არ ვიცოდი, გათხოვილი თუ იყო, არ უთქვამს, _ დააყოლა მონაზონმა.
ანდრიამ ისე სწრაფად გასწია მითითებული მიმართულებით, მადლობის თქმაც კი დაავიწყდა. არც ის გაუგონია, რა თქვა ბოლოს მონაზონმა.
ახლა კატიას დაინახავს. რა უნდა უთხრას? მარჯვენა ხელი პერანგის საყელოში ჩაცურა და იგრძნო, რომ ერთიანად სველი იყო. მძიმედ სუნთქავდა, მაგრამ ეს არ იყო სიცხით გამოწვეული სუნთქვა _ Bის ნერვიულობდა.
ყვავილების სურნელმა ცხვირში შეუღიტინა და უცებ კუჭი აეწვა. სახლიდან უჭმელი წამოვიდა და შიმშილმა მხოლოდ ახლა გაახსენა თავი. ნაბიჯს აუჩქარა და უეცრად შეჩერდა, რადგან მისკენ მომავალი ქალი დაინახა, შავებით მოსილი, ხელში ტიტების თაიგულით. თავზე თავშალი წაეკრა. გულზე მიკრული თაიგული ისე მოჰქონდა, თითქოს ჩვილი ჰყავს ჩახუტებულიო.
ანდრიას სუნთქვა გაუჩერდა. იგი კატიას ხედავდა და ამწუთას რას არ მისცემდა, რომ მას ხელში მართლაც ჩვილი სჭეროდა, _ მისი პირმშო.
კატიაო, ჩაიჩურჩულა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. თითქოს თავისი სახელი გაიგონაო, ქალმა ინსტინქტურად წინ გამოიხედა. მოულოდნელად სახე შეეცვალა, ერთხანს გაქვავებულივით იდგა, მერე კი ნელა დაიძრა ქმრისკენ და მოახლოებული რამდენიმე მეტრის დაშორებით გაჩერდა.
_ მაინც ჩამოხვედი, არა? ვიცოდი, შენი მეზობელი რომ ჩამიშვებდა. თანაც, თემომაც დამინახა. _ წყნარი ხმით თქვა.
_ მას ჩემთვის არაფერი უთქვამს, არც კი ვიცნობ. თემომ მითხრა, მერე კი ელისაბედმაც დაადასტურა. მითხრა, თემოს კლასელის დედას უნახავს და გამოლაპარაკებიაო.
_ რა გინდა, რისთვის მოხვედი?
წესით, ანდრიას ამ კითხვაზე აშკარა და ნათელი პასუხი უნდა გაეცა, მაგრამ თითქოს დამუნჯდა, ხმა ვერ ამოიღო, გაუჭირდა სიყვარულში გამოტყდომა. რა უნდა ქნას, პასუხად მისგან დაცინვა რომ მიიღოს? ამ წუთამდე იმ იმედით ცოცხლობდა, რომ, როგორც კი კატიას მიაგნებდა, თან წამოიყვანდა და ახალ ცხოვრებას მასთან ერთად დაიწყებდა. აბა, რა იყო მისი ცხოვრება კატიას გარეშე? მარტოხელა მგელივით გრძნობდა თავს.
როცა კატიამ შეკითხვაზე პასუხი ვერ მიიღო, თვითონ ალაპარაკდა.
_ ტიტები ტაძარში უნდა შევიტანო. მალე დავბრუნდები და მერე ვილაპარაკოთ.
_ ვილაპარაკოთ? _ ანდრია ისე იყო დაბნეული, ქალის სიტყვებში ჩაწვდომა გაუჭირდა.
_ ჰო… განა ამისთვის არ მოხვედი აქ?
მამაკაცი უსიტყვოდ დაეთანხმა და იქვე ჩაცუცქდა, თან მზერა გააყოლა თაიგულით ხელში მიმავალ ქალს…
კატია მალევე მობრუნდა. ხელში ორი ცალი ჯორკო ეკავა. ეზოს ბოლოში გავიდა და ერთი ჯორკო ანდრიას გაუწოდა.
_ აჰა, დაჯექი.
_ არ მინდა დაჯდომა. მე… _ მამაკაცს შუბლზე ოფლის წვეთები დაასხდა.
_ აქ ცხელა, არა? იქნებ გარეთ გავიდეთ და იქ ნაძვნარში დავსხდეთ?
_ ჰო… არა… არ ვიცი, როგორც გინდა. _ მამაკაცი უარესად დაიბნა.
_ რაღაც უცნაურად იქცევი, ანდრია. ისე მიყურებ, თითქოს მოჩვენება ვიყო.
_ შეიძლება ასეცაა. იმდენ ხანს გეძებდი, ვერ ვიჯერებ, აქ რომ გხედავ. ასე მგონია, ჰოპ და უცებ გაქრები.
_ ნუ გეშინია, არ გავქრები. მე ისეთივე რეალური ვარ, როგორიც ეს ყვავილები, _ კატიამ ხელი ტიტებისკენ გაიშვირა.
_ იმედია, არ გაქრები… _ ჩაიდუდუნა ანდრიამ და თვალი თვალში გაუყარა ცოლს, მერე კი სხარტად ალაპარაკდა, _ იმდენ ხანს გეძებდი, წარმოდგენაც კი გაგიჭირდება. დავდიოდი ქუჩაში და ყველა ქალს ვაკვირდებოდი, იქნებ რომელიმეში შენი სახე ამომეცნო. არ იცი, რა გავიარე ამ თვეების განმავლობაში. იმ დროის განმავლობაში, რაც შენ მიმატოვე. ყველა გზა ვცადე, ყველა საშუალება გამოვიყენე და შენს კვალს ვერ მივაგენი. როგორც კი გამოჩნდი, ეგრევე შენკენ გამოვეშურე.
_ ღმერთო ჩემო, რამდენი გიწვალია! _ ჩურჩულით წარმოთქვა კატიამ და ანდრია ვერ მიხვდა, იყო თუ არა ირონია მის ნათქვამში.
_ შენ რა გეგონა, თუ წახვიდოდი, მშვიდად გავაგრძელებდი მარტო ცხოვრებას? _ შეეკითხა მამაკაცი და სივრცეში მომზირალ ქალს დაჟინებით მიაშტერდა, დიანას სიტყვების ამოცნობას ცდილობდა, სურდა დარწმუნებულიყო, რომ ცოლს ისევ ისე უყვარდა.
კატიას სულაც არ გამოუხატავს სიხარული, როცა ექვსი თვის შემდეგ ქმარი დაინახა. ერთი საპასუხო ნაბიჯიც კი არ გადმოუდგამს მისკენ. თუმცა, რატომ უნდა გახარებოდა, როცა თავის დროზე თვითონაც სწორედ ასე შეხვდა მას, როცა ჩემოდნით ხელში მისი სახლის კარს მოადგა?
_ არ ღირდა აქ მოსვლა. ტყუილად გაისარჯე. ოფიციალურ განქორწინებას ერთმანეთთან შეხვედრის გარეშეც მოვახერხებდით.
_ აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ შენთან განქორწინების საკითხი მოვაგვარო.
_ აბა, რისთვის მოხვედი?
_ იმისთვის, რომ თან წაგიყვანო. იმისთვის, რომ ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.
_ არა, მადლობა, ამის სურვილი არ მაქვს. _ ეს ისე წამოთქვა, წამითაც არ შეყოყმანებულა, არც დაფიქრებულა და არც ხმა აჰკანკალებია, რაც ანდრიასთვის უდიდესი დარტყმა იყო. არ იცოდა, რა ეთქვა. დიანას კი უთხრა, ძალით ჩავსვამ მანქანაშიო, მაგრამ მიხვდა, რომ ამას ვერ მოახერხებდა.
სად გაქრა ის სიყვარული, ოდესღაც რომ აკავშირებდათ? სად გაქრა ის საოცნებო, საკვირველი, განუმეორებელი გოგონა, რომელმაც გონება აუბნია და თავი შეაყვარა? ახლა იგი სულ სხვა იყო, სრულიად გარდაქმნილი სხვა არსება, რომელსაც მასთან აღარაფერი ჰქონდა საერთო. ის და კატია ერთ მთლიანს უკვე ვეღარ ქმნიდნენ. ისეთი შორეული ეჩვენა ამწუთას ცოლი, ისეთი გაუცხოებული, რომ შეეშინდა.
ანერვიულებულმა ჩაახველა.
_ თუ ახლა ჩემთან ერთად არ წამოხვალ, მაშინ არაფერი დაგვრჩენია სალაპარაკო.
_ მართალი ხარ, აღარაფერი. _ დაეთანხმა ცოლი.
ანდრია გატრიალდა და ტაძრის კედელს დაუყვა. ფეხები ეკეცებოდა მიმავალს, რაღაც მომენტში თვალთ დაუბნელდა, ფეხები ერთმანეთში აებლანდა და წაბორძიკდა. წონასწორობის დაცვა გაუჭირდა, მთელი სხეულით წინ გადაიხარა და თავი კედელს მიახეთქა. შუბლიდან სისხლმა იფეთქა.
ამის დანახვაზე გულგახეთქილი კატია ყვირილით გაქანდა მისკენ.
_ არ შემეხო! _ ამოიხრიალა მამაკაცმა.
კატია გაფითრდა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.
_ არ მეგონა, ასე თუ ვერ მიტანდი! _ აცრემლებულმა წარმოთქვა.
_ ვერ გიტან? მე ვერ გიტან? თუ შენ ვერ მიტან? _ ანდრიას შუბლიდან ჩამოწანწკარებული სისხლის წვეთები პირში ჩასდიოდა, _ ნუთუ არ გესმის? ვერ გიტან კი არა, ვგიჟდები შენზე, კატი! ვერასდროს მიხვდები, როგორ მიყვარხარ!
_ გიყვარვარ?
_ სასაცილოა, არა? იცინე, ხო. ვიცი, რომ სამაგიეროს მიხდი და სწორედ ისე მხვდები, როგორც მე შეგხვდი ჩემთან ჩამოსულს. არ გაგემტყუნება!
_ თუ ასე იყო, რატომ მაშინ არ მითხარი, როცა შენთან ვცხოვრობდი?
_ იმიტომ, რომ არჩევნების ჩამთავრებას ველოდებოდი. შენ ხომ გეგონა, რომ გიყენებდი საარჩევნო პერიოდში? რომ საქმისთვის მჭირდებოდი? ბოლოს მინდოდა ყველაფერი მეთქვა, მაგრამ მაცალე? ისე გაუჩინარდი, არც კი მოისურვე, მოგესმინა.
_ მე კი იცი, რა ვიფიქრე? აქ იმისთვის მოვიდა, რომ რახან დიკა რობის მიჰყვება ცოლად, ჩემი დაბრუნებით მასზე შურისძიება გადაწყვიტა-მეთქი.
_ რა შუაშია აქ…
_ შენთვის ადვილი იყო ყველაფრის თავიდან დაწყება ჩემთან ერთად, ვიდრე საცოლედ სხვა ქალის მოძებნა.
_ აი, ნამდვილი სასწაული. გესმის მაინც, რას ლაპარაკობ? შენ რა, მე პირუტყვი გგონივარ?
_ მაპატიე… _ ჩაიჩურჩულა ქალმა და თავი დახარა, მერე მოულოდნელად კვლავ ასწია და თვალებგაბრწინებულმა იკითხა:
_ რას ამბობდი წეღან სიყვარულზე?
_ ვამბობდი, რომ მიყვარხარ.
_ მეც, _ ძლივს გასაგონად ამოთქვა ქალმა და თავი ისევ ჩახარა.
მთლად გასისხლიანებული ანდრია ცოლს მივარდა და გულში ჩაიკრა.
_ მე შენ არასდროს არ მიგატოვებ, კატი…
_ ერთადერთი მამაკაცი ხარ, ვინც მიყვარდა და მიყვარს და არასდროს სხვას არ შევიყვარებ, მიუხედავად იმისა, ერთად ვიქნებით თუ არა.
_ ვიქნებით, ვიქნებით, გპირდები. მაშინ წავიდეთ სახლში, კარგი? დრო არ ითმენს, ისედაც ბევრი დრო დავკარგეთ უერთმანეთოდ.
_ წავიდეთ, ანდრია. როგორც ჩანს, ნამსხვრევ-ნამსხვრევ მაინც შევძელი ჩემი ბედნიერების შეკოწიწება. _ დაიჩურჩულა კატიამ და მამაკაცს მიეკრა.
ანდრიამ ისე მძლავრად მოუჭირა მკლავები, რომ უნებურად ორივემ ტკივილი იგრძნო… თუმცა ეს ყველაზე სასიამოვნო ტკივილი იყო მათ ცხოვრებაში, რაც იმას ნიშნავდა, რომ ნამსხვრევებისგან შეკოწიწებული ბედნიერება გამთლიანებას იწყებდა…
დასასრული