ჯანეტ ქერდიყოშვილი ფართო საზოგადოებამ 2011 წელს გაიცნო, როცა "მის საქართველო 2011"-ის ტიტული მოიპოვა. ამის შემდეგ მშვენიერი ქართველი გოგონას პოპულარობა სულ უფრო იზრდებოდა. მასთან ხშირად წერდნენ ინტერვიუებს და იწვევდნენ გადაცემებში. 2012 წელს ის პროფესიონალ მოცეკვავე ირაკლი საბაძესთან ერთად მონაწილეობას პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებშიც" იღებდა.
ჯანეტი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და გამომწერებს სიახლეებს მუდმივად უზიარებს. მისმა ვიდეომ, სადაც ის ახალი იმიჯით უფროს ქალიშვილთან ერთად გამოჩნდა, ინსტაგრამსა და ფეისბუკზე 1 მილიონი ნახვა დააგროვა: "1 მილიონი ნახვა ინსტაგრამზე და 1 მილიონი ნახვა ფეისბუკზე - მადლობა", - დაწერა მან.
2019 წლის აპრილში ყველასთვის მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ "მის საქართველო" პროდიუსერ ნოე სულაბერიძეზე დაინიშნა. წყვილი სამოგზაუროდ ევროპაში წავიდა - ისინი ჯერ ავსტრიაში პრესტიჟულ ღონისძიებას დაესწრნენ, შემდეგ კი თაფლობის თვე იტალიაში გაატარეს.
"ნოე თბილისში იყო, მე - მოსკოვში. ამიტომ თავიდან ტელეფონით გვქონდა კომუნიკაცია... წლებია, ერთმანეთს შორიდან ვიცნობთ, უბრალოდ, მანამდე მეგობრული კონტაქტიც კი არ გვქონია. ერთად ყოფნის გადაწყვეტილების მიღება ცხოვრებაში ძალიან რთულია, თუმცა იმდენად ერთნაირი ღირებულებები და ხასიათი გვაქვს, რომ ბევრი ფიქრი არ დაგვჭირვებია.
ნოესგან ხელის თხოვნა ძალიან ემოციური მომენტი იყო ჩემთვის... ყველა გოგო თავის ცხოვრებაში ამ მომენტზე ოცნებობს და ბედნიერი ვარ, რომ ნოემ ყველაფერი სწორად და ლამაზად გააკეთა", - ამბობდა მაშინ ჯანეტი.
2019 წლის ივნისში მათ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს. ქორწილი ტრადიციული მოტივებით იყო გაფორმებული, თავად სიძე-პატარძალსა და მათ მეჯვარეებს კი ტრადიციული ქართული სამოსი ეცვათ. 2020 წელს ჯანეტსა და ნოეს პირველი შვილი, ანნა სულაბერიძე შეეძინათ. გოგონა განსაკუთრებული გარეგნობით მალევე გახდა პოპულარული და მშობლები მის ფოტოებს ადა ვიდეოებს სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებენ.
"2020 წლის 28 იანვრის მერე მივხვდი, რისთვის ვარსებობდი ამქვეყნად. მენანება ძიძისთვის ბავშვის გაზრდის წამებიც კი, დედა მეხმარება", - ამბობდა ჯანეტი. 2024 წელს ჯანეტს მეორე ქალიშვილი, ლილი შეეძინა. ახლა მისი მთავარი საქმე შვილების აღზრდაა, რაშიც ბოლომდეა ჩართული.
"საქართველოს ყველაზე ლამაზი ქალის ტიტული ჩემი ცხოვრების ყველაზე ამაღელვებელი მომენტი გახდა. მან შეცვალა ჩემი წარმოდგენა საკუთარ თავზე და შემმატა თავდაჯერებულობა, შემიმცირა თვითკრიტიკა, მასწავლა საკუთარი თავის და ჩემი ინდივიდუალობის დაფასება. თუმცა, ყოველთვის ვახსენებ საკუთარ თავს, რომ სილამაზე არამხოლოდ გარეგნობაა, ეს შინაგანი სამყაროცაა, რომელსაც ასევე სჭირდება განვითარება და შენარჩუნება", - ასე აფასებს ის დღეს განვლილ გზას.