ნინო ზაუტაშვილი პროფესიით მსახიობია, მაგრამ უფრო მეტად როგორც ჟურნალისტს, ისე იცნობენ. წლების განმავლობაში იყო საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა „სამოთხის ვაშლები“-ს წამყვანი, ტელეკომპანია იმედის, შემეცნებითი და გასართობი გადაცემების მთავარი პროდიუსერი და წამყვანი, პირველ არხზე „გაერთიანება საღამო მშვიდობისას“ სხვადასხვა გადაცემის წამყვანი და პროდიუსერი.
მიღებული აქვს ჯოშუა ფრიდმანის და GIPA-ს პრიზი საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრისთვის, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის და იუნისეფის პრიზი ბავშვთა საკითხების სიღრმისეული გაშუქებისთვის.
ნინოს მეუღლე კახა თავართქილაძე მსახიობი იყო, ერთ ჯგუფში სწავლობდნენ. კახა ბოლომდე დარჩა თავის პროფესიაში. რუსთაველის თეატრში სპექტაკლებში თამაშობდა. წლების წინ გარდაიცვალა, მაშინ უკვე დაშორებულები იყვნენ.
ნინო ზაუტაშვილის დედა რუსთაველის თეატრის მსახიობი, საქართველოს რადიოს ცნობილი დიქტორი მერი მიქელაძე იყო. როგორც ქალბატონი ნინო იხსენებდა, დედა საკმაოდ მკაცრი იყო, თუმცა იუმორის გამორჩეული გრძნობა ჰქონდა, რაც შვილებთან ურთიერთობას საინტერესოს ხდიდა. ნინოს თქმით, ის მაინც მამის გამორჩეულად საყვარელი შვილი იყო და მასაც არანორმალურად უყვარდა.
"მშობლები ძალიან ახალგაზრდები დამეღუპნენ - 62-ის იყო მამა და დედა - 65 წლის. ორივე ჩემს ხელში გარდაიცვალა, იმ ბოლო წუთებში მათ გვერდით მე ვიყავი... ამის გამო რაღაცნაირად თავს მშვიდად ვგრძნობ, რომ სხვა განზომილებაში თავად გავაცილე - ასეთი შეგრძნება მაქვს."
მე-10 კლასამდე მსახიობობაზე არასდროს უფიქრია. როცა პროფესიული არჩევანი უნდა გაეკეთებინა, მოულოდნელად განაცხადა, თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობოზე ვაბარებო. ამას დედისგან მაშინვე უკურეაქცია მოჰყვა. ჩააბარა და დოდო ალექსიძის ჯგუფში მოხვდა... „თეატრალურის“ დამთავრების მერე მარჯანიშვილის თეატრში დაიწყო მუშაობა, მერე ბავშვი გააჩინა და ამ პროფესიას ჩამოშორდა.
"თეატრში გადაწყვიტეს, რაღაც კონკურსი ჩაეტარებინათ, რაც არასწორად მივიჩნიე, საშინელი პროტესტის განცდა გამიჩნდა, წავიკითხე გალაკტიონის ლექსი - „მე არც წარსულის, არც მომავლის არ მეშინია". დავიხურე ქუდი და წამოვედი. იმ პერიოდში უკვე რადიოში ვმუშაობდი. თუმცა რადიოში 8-9 წლის ასაკიდან ვიყავი, "პიონერთა დაფიონის“ წამყვანი, რაც ძალიან მომწონდა. თეატრში რომ დავიწყე მუშაობა, დედამ მითხრა, რადიოში რედაქტორის ვაკანსიაა და მოსინჯეო. "პიკი საათი" ახალი გახსნილი იყო. სიამოვნებით მივედი და აქტიურ მუშაობაში ჩავები. თუკი მედიაში ვინმემ თქვა ახალი სიტყვა, ნამდვილად იყო "პიკი საათი" და მანვე გადაწყვიტა ჩემი ბედი. თეატრში მიბრუნებაზე საერთოდ არც მიფიქრია" - იხსენებდა ნინო ზაუტაშვილი.
შემდეგ იყო გადაცემა "ტელე-სინე-ვიდეო", რომელიც მნიშვნელოვანი და ახალი სიტყვა იყო ქართულ ტელესივრცეში. ამ გადაცემაში წამყვანობა შესთავაზეს. მისი ავტორი და პროდიუსერი ლერი სახაროვი იყო. გადაცემა მერაბ ფიფიასთან ერთად მიჰყავდა. საუბრობდნენ მსახიობებზე, ფილმებზე, მსოფლიო კულტურის ისტორიის ამბებზე, რაც მაშინ იშვიათობა იყო. გადაცემას მაღალი რეიტინგი ჰქონდა.