ბლოგერი ნანა აროშიძე მეუღლესთან ერთად მაღალმთიან რაჭაში, სოფელ ღებში ცხოვრობს - წყვილს საზოგადოების ნაწილი კარგად იცნობს, რადგან ისინი სოციალურ ქსელებში აქტიურები არიან და თავიანთ გამომწერებს სოფლის ცხოვრების შესახებ ვიდეოების საშუალებით უყვებიან.
ნანა პროფესიით ბუღალტერია, თუმცა მისი მთავარი ჰობი ადრე ლაშქრობა იყო. წარმოშობით ოზურგეთის რაიონიდან, სოფელ კონჭკათიდანაა. სოფელში ყოფნა ძალიან უყვარს, ურჩევნია, აქ იცხოვროს.

"ბავშვობიდან მიყვარდა მიწასთან მუშაობა. სოლო მოგზაური ვარ და ყოველთვის ვიცოდი, რომ სოფელში ვიცხოვრებდი. ამჟამად მაღალმთიან რაჭაში ვცხოვრობ. გურიაში დავიბადე. პროფესიით ბუღალტერი ვარ. პანდემიის დროს ონლაინ ვმუშაობდი და პარალელურად, სოფლის მეურნეობასა და მოგზაურობასაც ვახერხებდი.
დიდი ხანია, ქალაქში აღარ მიცხოვრია და სიმართლე გითხრათ, დაბრუნებას არც ვაპირებ.
პირადი ცხოვრება
მეუღლე მოგზაურობის დროს გაიცნო - სოფლებში მოგზაურობის დროს, რაჭის სოფელი ღები ამოარჩია. საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს შეუთანხმდა, რომ 2-3 დღე დარჩებოდა, ის კი სოფელს დაათვალიერებინებდა.

"ღებში როცა ჩამოვედი, ძალიან ცუდი ამინდი იყო. ამიტომ ერთ ადგილობრივს ვთხოვე, ჩემთვის ისეთი ადამიანი გაეცნო, ვისაც დიდი მეურნეობა და ფერმა ექნებოდა - ეს ჩემი ბლოგისთვისაც საინტერესო იქნებოდა. ასე გავიცანი ილო. გაოცებულო ვიყავი, ცივილიზაციას მოწყვეტილ ადგილას ერთადერთი ახალგაზრდა ბიჭი ცხოვრობდა. ამის შემდეგ, მხოლოდ "ინსტაგრამის" საშუალებით ვკონტაქტობდით. ერთმანეთს რამდენიმე თვის შემდეგ ქუთაისში შემთხვევით შევხვდით და უფრო დავახლოვდით, დაახლოებით თვენახევარში კი დავქორწინდით. ილო წარმოშობით რაჭიდანაა. ქუთაისში გაზრდილია, მაგრამ მასაც ჩემსავით სოფელში დამოუკიდებლად ცხოვრება იზიდავდა."

ნანას და ილოს ერთ შვილი, პატარა დათი ჰყავთ, რომელიც დედის გამომწერებს შორის უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს, ნანა დათის ფოტოებს და ვლოგებს ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში და გამომწერებს რჩევებსაც უზიარებს.