“ჩემი მიზანი არასოდეს ყოფილა გავმხდარიყავი პირველი სახელგანთქმული არქიტექტორი ქალი, მე ყოველთვის ვცდილობდი შემექმნა საუკეთესო ნამუშევარი. განა დამარქმევდნენ არქიტექტურის „დივას“ მამაკაცი რომ ვყოფილიყავი?” - ეს სიტყვები ლეგენდარულ არქიტექტორს, ზაჰა ჰადიდს ეკუთვნის.

ზაჰა ჰადიდი
ზაჰა ჰადიდი 1950 წელს ბაღდადში, ინტელექტუალური ელიტის ოჯახში დაიბადა, მისი მშობლები გატაცებული იყვნენ ხელოვნებით და ხშირად დაჰყავდათ შვილი არქიტექტურულ გამოფენებზე. ზაჰას ინტერესიც არქიტექტურის მიმართ სწორედ აქედან დაიწყო.
ზაჰას მამა მაშინდელი დემოკრატიული პარტიის ლიდერი და საკმაოდ შეძლებული ადამიანი იყო - გოგონას არასდროს უტარებია ჰიჯაბი და განათლება კათოლიკურ სკოლაში მიიღო.

მოგვიანებით სწავლა ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტში განაგრძო, შემდეგ კი ლონდონის არქიტექტურის სკოლის არქიტექტურის ასოციაციაში გადავიდა სასწავლებლად. დასრულების შემდეგ, „მეტროპოლიტენ-არქიტექჩა გრუპის“ ოფისში დაიწყო მუშაობა. მისი მასწავლებელი, გამოჩენილი ჰოლანდიელი არქიტექტორი – რემ კოლჰაასი ამბობდა: „ჰადიდი საკუთარ ორბიტაზე მოძრავი პლანეტაა“.
ზაჰას ჩანახატების რეალობად ქცევა თავიდან წარმოუდგენლად მიიჩნეოდა - პირველი მისი პროექტი გერმანული კომპანია „ვიტრას“ მიერ აშენებული სახანძრო სამსახურის შენობა გახდა. ამ პროექტით ყველა დარწმუნდა, რომ ზაჰას პროექტები რეალობაშიც ფუნქციონირებდა.

ნამუშევრები
ჰადიდის ნამუშევართა უმრავლესობა კონცეპტუალურია; მის მნიშვნელოვან პროექტებს მიეკუთვნება:
ვიტრას სახანძრო სადგური (1993), ვეილ-ამ-რაინი, გერმანია
როზენთალის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი (1998), ცინცინატი, ოჰაიო
ჰონჰაიმ-ნორზის ტერმინალი და სადგური (2001), სტრასბურგი, საფრანგეთი
ბერგისზელის სათხილამურო ტრამპლინი (2002), ინსბრუკი, ავსტრია
ორდრუპგაარდ-ანექსი (2005), კოპენჰაგენი, დანი
აბე-ემ-ვეს ცენტრალური შენობა (2005), ლაიფციგი, გერმანია.
ლეგენდარული არქიტექტორი არასდროს დაქორწინებულა, არც შვილები ჰყოლია. მთელი ცხოვრება თავის საყვარელ კარიერას დაუთმო. ლონდონის ასკეტურად გაწყობილ ბინაში ცხოვრობდა, სადაც სასტუმრო ოთახი სამუშო ადგილად ჰქონდა გადაკეთებული, ხოლო სამზარეულო გააუქმა.
ზაჰა ჰადიდი 2016 წლის 31 მარტს, 65 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა.