ხვიჩა კვარაცხელიამ კლუბის პსჟ-თან ინტერვიუში გუნდში ადაპტაციასა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „არსენალთან“ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
ხვიჩა, შენ პარიზში რამდენიმე თვის წინ ჩამოხვედი. ადაპტაცია როგორ მიმდინარეობს?
- ვფიქრობ, ყველაზე რთული ისაა, რომ ახალი ფეხბურთელის გადმოსვლა შეიძლება ასევე მწვრთნელისთვისაც არ იყოს იოლი, რადგან გუნდს შუა სეზონში უერთდები. გარემოსთან შესაგუებლად ბევრი დრო არ მქონდა, თუმცა მგონია, პროცესმა საკმაოდ კარგად ჩაიარა. ეს პრეზიდენტის, პერსონალის, მწვრთნელის, კლუბის და რა თქმა უნდა, ფეხბურთელების დახმარებით მოხდა, რომლებმაც თბილად მიმიღეს. აქ თავს მართლაც კარგად ვგრძნობ და ეს მხარდაჭერა უკეთ თამაშში მეხმარება.
- გულშემატკივრებმა უკვე მიგიღეს...
- იმ ფაქტმა, რომ ოჯახში ასე სწრაფად მიმიღეს, თავი მართლაც ბედნიერად და კომფორტულად მაგრძნობინა. ეს ძალიან მეხმარება და ყველაფერს ვაკეთებ, რათა ამით მაქსიმალურად ვისარგებლო. ქომაგების მხრიდან პირველივე წუთებიდან ძლიერი თანადგომა მოდიოდა. შემდეგ, როდესაც მოედანზე გავედი, თავი ბედნიერად და დიდ ფეხბურთელად ვიგრძენი. ეს ყველაფერი კლუბის დამსახურებაა: ისე მიმიღეს, რომ საკუთარი თავის ვირწმუნე და როგორც ფეხბურთელის როლი შევიცანი. ჩემი პირველი შთაბეჭდილება იყო - თავი მაღალი კლასის მოთამაშედ მეგრძნო, რომელიც დიად კლუბს შეუერთდა, რაც ფეხბურთელისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ის, თუ როგორ კომფორტულად გაგრძნობინებს კლუბი თავს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
- პსჟ-ს ინფრასტრუქტურას გაეცანი. როგორ მოგეწონა?
- აქ ჩემი დასაწუნი არაფერია, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა. ვარჯიშის და სწრაფად აღდგენის ყველა შესაძლებლობა გვაქვს. ინფრასტრუქტურა სრულად კეთილმოწყობილია. ეს ძალიან გვეხმარება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ყოველ მესამე დღეს ვთამაშობთ. საწვრთნელი ცენტრის ყველა რესურსს ვიყენებთ და ეს ძალიან გვეხმარება. აღარაფერს ვამბობ ფიზიოთერაპევტის და სამედიცინო პერსონალის დახმარებაზე, რომლებიც მუდამ ჩვენს გვერდით არიან. აქ ინდივიდუალურად ვარჯიშისა და დასვენებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. უბრალოდ ფეხბურთსა და ვარჯიშზე უნდა იყო კონცენტრირებული, დანარჩენზე კლუბი ზრუნავს, რაც ფეხბურთელების პროგრესისთვის მნიშვნელოვანია.
- ქალაქზე რას იტყვი?
- ყველასთვის ცნობილია, რომ პარიზი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია. აქ ბედნიერი ვარ და ამ გუნდში თამაში მიხარია. მართალი გითხრათ, ეს რაღაც წარმოუდგენელია. ყველაფერი იდეალურად წარიმართა: შესანიშნავ ქალაქში ვცხოვრობ და დიდებული გუნდის წევრი ვარ. მგონია, ქალაქი მნიშვნელოვანია, მეტადრე როცა ოჯახი გყავს, რომელიც შენთან ერთად ცხოვრობს. სიმშვიდე და კარგი პირობები მნიშვნელოვანია. თბილი მიღებისთვის მინდა თანაგუნდელებს მადლობა გადავუხადო, აგრეთვე იმისათვის, რომ კლუბზე და ცხოვრების აქაურ წესზე ბევრი რამ მომიყვნენ.
კვარაცხელიას პროფესიული მოგზაურობა 2017 წელს დაიწყო, როდესაც მან ხელი მოაწერა პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს საქართველოს ქალაქ ბათუმში დაფუძნებულ კლუბ დინამოსთან. იმავე წლის 29 სექტემბერს ეროვნული ლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. მატჩი, რომელშიც ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და „კოლხეთი-1913“ დაუპირისპირდნენ, ეროსი მანჯგალაძის სტადიონზე გაიმართა და ფრედ 1–1 დამთავრდა. ხვიჩა მოედანზე 18 ნომრით შემოვიდა, როდესაც შეხვედრის 62-ე წუთზე აკაკი შულაია შეცვალა და თავის ანგარიშზე საგოლე გადაცემაც მიითვალა — 83-ე წუთზე მისი პასით ბექა ქავთარაძემ ანგარიში გაათანაბრა და „დინამო“ დამარცხებისგან იხსნა.