ნანა ნებიერიძემ 49 წლის ასაკში ცხოვრება ისევ თავიდან დაიწყო. დედის გარდაცვალებამ ის ბევრ რამეზე დააფიქრა, მიახვედრა და ცხოვრება სხვა თვალით დაანახვა. მართალია, პირადში ჯერ არ გაუმართლა, მაგრამ ზუსტად იცის, რომ მის ცხოვრებაში გამოჩნდება მამაკაცი – მისი მეორე ნახევარი, რომელთანაც მძლავრი ენერგეტიკული კავშირი ექნება.
ამჯერად ნანა ნებიერიძის ბლიც-ინტერვიუს ჟურნალი "თბილისელები" გვთავაზობს, ჩვენ კი გიზიარებთ ინტერვიუს საინტერესო ეპიზოდებს:

– ვინ არის ნანა ნებიერიძე?
- მე ვარ ქალბატონი, დედა, ბებია, დიდი გულისა და სულის პატრონი, ღმერთის ბავშვი ვარ.
– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?
– რაც ახლა მთელ დედამიწაზე ხდება, აქედან გამომდინარე, საოცნებოა სიმშვიდე, თავისუფლება, სიყვარული, ბედნიერება, პატივისცემა – ეს არის ჩემი ოცნება. უკვე 50 წლის ვარ და არ ვიცი, ასაკის თუ რის, მაგრამ ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე კარგად ვხვდები, რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი – სულიერი სიმშვიდე, მშვიდი გარემო და სიყვარული.
– გიკეთებიათ საქმე, რომელიც ძალიან არ გიყვარდათ?
– არ დავასახელებ, მაგრამ ჩემი ერთ-ერთი სამსახური ძალიან არ მიყვარდა, ძალით ვმუშაობდი. ყველაფერს ორი მხარე აქვს. გონება მკარნახობდა, ეს უნდა გააკეთო, იმიტომ რომ... შემოსავალი თუ სხვა საჭიროებებია ის, რაც გავალდებულებს, მაგრამ ჩემი სული და შინაგანი სამყარო მკარნახობდა – წამოდი, ეს არ არის შენი ადგილიო. როდესაც წამოსვლა გადავწყვიტე და ასეც მოვიქეცი, მაშინ დავრწმუნდი, რომ „როცა ერთი კარი იხურება, მეორე იღება“ სიმართლე ყოფილა. ჩემს ცხოვრებაშიც ასე მოხდა. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ არაფრის არ უნდა გვეშინოდეს. ჩვენი რუკა ჩვენი შინაგანი შეგრძნებებია და მან ძალიან კარგად იცის, როდის რა გვჭირდება.
– თუ შეგიძლიათ, გაიხსენოთ, რის გამო მისულხართ ცრემლამდე, სიხარულის იქნებოდა ეს თუ ტკივილის?
– ორჯერ დამემართა, სიხარულისგან რომ ვბღაოდი, ვკიოდი, ვწიოდი, საოცარი ემოციები იყო – როდესაც გავხდი ევროპის ჩემპიონი და როდესაც დედა გავხდი. ყველაზე მტკივნეული ცრემლები ორი წლის წინ დავღვარე, მაშინ, როდესაც დედა გარდამეცვალა. პანაშვიდზე და გასვენებაში საერთოდ არ მიტირია, მაგრამ ცოტა დრო რომ გავიდა, ძალიან ცუდად ვიყავი, ბევრს ვტიროდი. ბევრი დრო დამჭირდა, იმასთან შესაგუებლად, რომ უკვე დიდი გოგო ვარ.
როდესაც მშობლები ცოცხლები არიან, ეს უდიდესი ბედნიერებაა. რამხელებიც არ უნდა ვიყოთ, მაინც ბავშვებად ვრჩებით. ხოლო, როცა მათ ვკარგავთ, ჩვენი ბავშვობა მთავრდება. ამ ტკივილის გამო დღემდე ვტირი. დღე არ გავა, დედა არ გამახსენდეს. ჩვენ ძალიან ახლო მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. მეგობრები მეუბნებოდნენ, დრო მკურნალიაო და სამწუხაროდ, ეს ძალიან დიდი ტყუილია. ამ ტკივილს ვერაფერი კურნავს.
– წარსულიდან რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე მცდარ ნაბიჯად, რასაც შეიძლება, სინანული უკავშირდებოდეს?
– ბევრი შეცდომა დამიშვია. ადამიანები ვართ და ვერ დავიჯერებ, რომ არსებობს ადამიანი, რომელმაც უშეცდომოდ იცხოვრა. ბევრია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თითოეული შეცდომა ჩვენი გამოცდაა. უნდა გავიაროთ ეს შეცდომები, რომ ვისწავლოთ და მეორედ იგივე აღარ დაგვემართოს. კი, ბევრი შემშლია, მაგრამ დიდი გამოცდილება მივიღე და მეორედ იმავე შეცდომებს აღარ დავუშვებ. გამოცდა ჩაბარებული მაქვს და დღემდე ვაბარებ.
– რა გსმენიათ საკუთარ თავზე, როგორც კარგი, ისე ცუდი, რაც განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ?
– ბევრჯერ მსმენია, „ეს რომელია, ლამაზი გოგო რომ არის?!“ და ეს, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. თუმცა, მხოლოდ ეს არ არის. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ხილს ვყიდულობდი სახლთან ახლოს, გამყიდველი გოგო მეუბნება, გუშინ რომ იყავი ჩემთან, ვიღაც კაცი მოვიდა შენს შემდეგ და შენზე მკითხა, ვინ იყოო. რომ ვუთხარი, თქვა, აუ, ახალგაზრდობაში რა მაგარი გოგო იყო, მთელი უბნის ბიჭები გიჟდებოდნენ მასზეო და მე დავიძაბე, იყო, ახლა აღარ არის-მეთქი? სიმართლე გითხრათ, ეს ცოტა მტკივნეული იყო.