საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში შეყვარებულთან, სანდრა მენდოსასთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ კადრებს აქვეყნებს.
"რა ბედნიერი ვარ, რომ მყავხარ, მიყვარხარ" - წერს გიორგი ქოჩორაშვილი.




გიორგი ქოჩორაშვილი 1999 წლის 29 ივნის დაიბადა. პროფესიონალური კარიერა 2017 წელს თბილისის „საბურთალოში“ დაიწყო. 2018 წლიდან ესპანეთის რანგით მესამე ჩემპიონატის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „პერალადას“ რიგებში განაგრძო თამაში. თავისი ბოლო შეხვედრა „პერალადას“ რიგებში 2019 წლის 19 მაისს ეხეა-დე-ლოს-კაბალიეროსის საფეხბურთო კლუბ „ეხეას“ წინააღმდეგ ჩაატარა.
გიორგის დებიუტი „ლევანტეს“ ძირითად გუნდსა და ლა ლიგაში 2020 წლის 12 ივლისს შედგა. 2020 წლის 16 დეკემბერს გიორგი ქოჩორაშვილმა „ლევანტეს“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.
ახალი სეზონიდან გიორგი ლისაბონის "სპორტინგს" შეუერთდა.
რაც შეეხება გიორგის სანაკრებო კარიერა, ის გამოდიოდა საქართველოს 19-წლამდე და 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებში. 2023 წლიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს.
2024 წლის 26 მარტს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში, საქართველომ საბერძნეთს მოუგო და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გამოსვლის უფლება მოიპოვა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ, 0–0 დასრულდა. მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 4–2 დაამარცხა. პირველი პენალტი ქართველ ფეხბურთელთაგან გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.
თავისი პირველი გოლი ეროვნული ნაკრების მაისურით, უეფა-ს ერთა ლიგის გათამაშებაზე, ჩეხეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ თბილისში გამართულ შეხვედრაში, 2024 წლის 7 სექტემბერს გაიტანა. მატჩი, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო შეხვედრად შეფასდა.

გიორგი ქოჩორაშვილს ჰყავს მშობლები და ერთი და. ის წარმოშობით კახეთიდანაა და ბავშვობის დიდი ნაწილიც იქ აქვს გატარებული.
"გიოს ბურთის ისეთი სიყვარული ჰქონდა, რომ მისი ბავშვობიდან შეგუებული ვიყავით, ფეხბურთს რომ გაჰყვებოდა. ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებდა. თავიდანვე სრული სერიოზულობით უდგებოდა თავის ამ გატაცებას. რა თქმა უნდა, მშობლებმა ხელი შევუწყვეთ. შვილს რა მიმართულება და ნიჭიც აქვს, ვფიქრობ, ყველა მშობელმა ხელი უნდა შეუწყოს, რომ ბავშვმა ეს ნიჭი განავითაროს. მგონია, არც შევმცდარვართ. გვიხაროდა, რომ ფეხბურთი უყვარდა, ჩვენი მიზანიც იყო, ჯანსაღ გარემოში, სპორტული ცხოვრებით ეცხოვრა. ყველა მშობელი ამყარებს თავის შვილზე იმედებს და, ცხადია, ჩვენც ასე ვიყავით. გიომაც სრულად გაგვიმართლა იმედები" - ამბობდა გიორგის მამა.
გიორგი შეყვარებულია, მისი რჩეული სანდრა მენდოსაა. სანდრა 2021 წელს კადრებს თვითმფრინავიდან აქვეყნებდა, სადაც ჩანდა, რომ ის ბორტის ერთ-ერთი თანამშრომელი იყო, უცნობია, რას საქმიანობს ის ახლა, თუმცა ძალიან უყვარს მოგზაურობა და, როგორც ჩანს, ის გასულ წელს საქართველოში, გიორგის საგულშემატკივროდ იმყოფებოდა.
"სანდრა ვალენსიაში გავიცანი. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ცხოვრება გაძლევს იმას, რაც იმ მომენტში გჭირდება. მაშინ ვიპოვე ეს ადამიანი, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა" - ამბობდა გიორგი ქოჩორაშვილი.