"მოდის ექსპერტის" სტატუსით ცნობილ დალი ჩიტალაძეს "ქალურ-დიასახლისურ" თემებზე ვესაუბრეთ. კითხვაზე, თუ როდის გააცნობიერა, მომხიბვლელი რომ იყო, ასე გვიპასუხა: "მომხიბვლელი და განსხვავებული რომ ვიყავი, ეს საკმაოდ გვიან, 15-16 წლისამ გავაცნობიერე, მაშინაც - ეს ბოლომდე შეგნებული არ მქონდა. ჩემი განსაკუთრებულობა 20-21 წლისამ უფრო მეტად აღვიქვი"...
- სკოლაში პოპულარული გოგო არ იყავით?
- კი, როგორ არა! უფრო - იმით, რომ მუსიკას ვწერდი, ვმღეროდი, სპექტაკლებს ვდგამდი, გოგონების ტრიოც გვყავდა და სულ რაღაც ღონისძიებებს ვაკეთებდი. სცენა ბავშვობიდანვე მიყვარდა. მაშინ ფოტოაპარატი სად გვქონდა? ერთი სული მქონდა, ფოტოგრაფი მოსულიყო...
- თაყვანისმცემლები თქვენ მიმართ ყურადღებას როგორ გამოხატავდნენ?
- ამ თემით დაკავებული არ ვიყავი. ერთხელ ვინც მომეწონა, ცოლად გავყევი. პატარა ასაკის, 16 წლის გახლდით. იმ დროს ჯერ მუსიკალურ სასწავლებელში ვსწავლობდი, მერე კონსერვატორიაში ჩავაბარე. თან, იმ პერიოდში ჩემი 2 დეიდაშვილი გათხოვდა. დეიდაშვილთან ჩემი მომავალი ქმარი, ჩემი შვილის მამა გავიცანი. ყველაფერი უცებ მოხდა. თან, თავისუფლება ისე მინდოდა, მეგონა, რომ გავთხოვდებოდი, ეს თავისუფლება იქნებოდა.
- რეალობა როგორი აღმოჩნდა, მიიღეთ თავისუფლება?
- როგორ შეიძლება, გათხოვება თავისუფლებად ჩათვალო? ჯერ საკუთარ თავში არ მქონდა თავისუფლება ნაპოვნი - ბავშვი ვიყავი. პიროვნულ თავისუფლებას ვგულისხმობ. სანამ ამ შეგრძნებას მიიღებს ადამიანი, ამისთვის ძალიან ბევრი უნდა გაიაროს: თავისუფლება თავდაჯერებიდან, ინტელექტიდან, გამოცდილებიდან მოდის. ასე რომ, მაშინ აბსოლუტურად დაუფიქრებელი ნაბიჯი გადავდგი. სულ ვამბობ, რომეო და ჯულიეტას სიყვარული ნამდვილი გრძნობა არის-მეთქი. მერე ცხოვრება უკვე ისეთი რთული და არაპროგნოზირებადია, "ზრდასრული სიყვარული" გვიან მოდის. დღეს 21-ე საუკუნეა და არა - შუა საუკუნეები ან თუნდაც, მე-19 საუკუნე, როდესაც ქალისა და მამაკაცის როლი სხვანაირი იყო. კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბება 21-ე საუკუნეში კიდევ უფრო რთულია... ადრე თუ ქალები აუცილებლად 15-16 წლის ასაკში უნდა გათხოვილიყვნენ, დღეს პირიქით - ეს სირცხვილია, რადგან ჯერ რაღაც საკუთარი უნდა შექმნა. შეიძლება, ბევრი შემეკამათოს, მაგრამ მიმაჩნია, რომ დღეს ადამიანი საკუთარ არჩევანში თავისუფალია. ამიტომ თავად უნდა აირჩიოს და გადაწყვიტოს, თავისი ცხოვრება როგორი იქნება.
- თქვენი მეორედ დაოჯახება შვილმა როგორ მიიღო?
- ვახო უკვე დიდი ბიჭი იყო. ყველაფერი აბსოლუტურად უმტკივნეულოდ და კარგად მოხდა.
- ასაკის მატება გაშინებთ?
- არა. ჯერ ერთი, ჩემს ასაკთან აბსოლუტურად ჰარმონიულად განწყობილი ვარ. როცა თავდაჯერებული ხარ, საკუთარი თავი გიყვარს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისე უვლი, როგორც საჭიროა. თავის მოვლაში იგულისხმება, რომ ჯანმრთელი უნდა ვიყო, კარგად გამოვიყურებოდე. თუ კარგად ვიქნები, ე.ი. მერე ჩემი ოჯახის ყველა წევრიც და გარშემო მყოფი ყველა საყვარელი ადამიანიც კარგად იქნება. მივხვდი, თუ ჯანმრთელი ხარ, ასაკი მხოლოდ ციფრებია. მერე რა, რომ შეიძლება, მეტი ნაოჭი გქონდეს? მთავარია, შინაგანად ბედნიერი და შენს ასაკთან ჰარმონიულად განწყობილი იყო. ასაკი ღვთის მადლი, ღმერთის საჩუქარია. ამას სრულიად შეგნებულად მივხვდი, რადგან ჩემი და და ძმა ძალიან ახალგაზრდები წავიდნენ იმ ქვეყნად. გავაცნობიერე, რომ სიბერეც ღმერთის საჩუქარია, რადგან ყველა არ ბერდება. მინდა, რომ ჩემი შვილის, საყვარელი ადამიანების გვერდით დიდხანს ვიყო, ყოველი დილის გათენება, მზის დანახვა, წვიმის მოსვლა ძალიან ღრმად შევიგრძნო, რადგან სიცოცხლე, ჩვენი სამყარო ძალიან ლამაზია...
- როგორ სამოსს ვერ ჩაიცვამთ ვერასოდეს?
- ახლა მინიქვედაბოლოთი ვეღარ მნახავთ. თავის დროზე მინიც მეცვა, თან - ისეთი, რომ მსგავსით მეორე არ დადიოდა. ყველა ასაკს თავის "პროტოკოლი" აქვს. ვულგარულად არასოდეს ჩავიცვამ. ქალებს სჩვევიათ თქმა, - მხოლოდ კონკრეტული სტილი მიხდებაო. ასეთი რამ არ არსებობს. ქალი საინტერესო უნდა იყოს და საკუთარი თავი ყველა სტილში წარმოაჩინოს, სპორტული იქნება, ელეგანტური თუ ნებისმიერი სხვა...
სრულად ნახავთ "კვირის პალიტრაზე"