"ბებო, რომელმაც უნდა შეგახსენოს, რომ გვიანი არაფერია. მან დაიწყო მოგზაურობა 75 წლის ასაკში და სწავლობს კონტენტის შექმნას", - ასე აღწერს საკუთარ თავს სოციალური ქსელების ახალი ვარსკვლავი, 76 წლის ჯული ბებო, რომელმაც ტიკტოკზე გამოჩენიდან ერთ დღეში 23 ათაზე მეტი გამომწერი და 86 ათასზე მეტი მოწონება დააგროვა.

ვინ არის 76 წლის ვლოგერი - ჯული ბებო
ჯული ბებო პირველ ვიდეოში საკუთარი თავის შესახებ ყვება - ამბობს, რომ სურვილების ასრულება 75 წლის ასაკში დაიწყო, დღემდე ცდილობს, შეიძინოს ახალი უნარები და არ ჩამორჩეს თანამედროვეობას - შეგვახსენებს, რომ გვიანი არასდროსაა!
"სანამ იმაზე ვფიქრობთ, რას იტყვის ხალხი, ცხოვრება გადის - ამიტომ ადექი, დაგაბედე!
პირველი დღეა, რაც გადავწყვიტე, რომ ბლოგერი გავხდე. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს იმიტომ არ გამიკეთებია, რომ იდეალური ცხოვრება მაქვს, ინსტაგრამისთვის შესაფერისი სახლი ან ძვირადღირებული ტექნიკა. პირიქით, მინდა ადამიანებს ვაჩვენო, რომ ახალი საქმის დაწყება არასდროს არის გვიანი. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხარ. მთავარია, გინდოდეს და არ დანებდე.
მე ჯული ბებო ვარ, 76 წლის მათემატიკის მასწავლებელი. 75 წლის ასაკში დავიწყე მოგზაურობა, უკვე სამ ქვეყანაში ვიყავი. დეკემბრის ბოლოს კი მეოთხე ქვეყანაში მივდივარ. ვმუშაობ სკოლაში, ვმეგობრობ გაჯეტებთან, ხელოვნურ ინტელექტთან, chatgpt კი ჩემი საუკეთესო მეგობარია. პირველი ვიდეოს გამოქვეყნებამდე ბევრი ვიფიქრე, ბევრი ვინერვიულე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ ახალგაზრდას წაადგება.
ჩემი ბლოგის მთავარი მიზანია, რომ ვაჩვენო – ერთადერთი, რისაც ცხოვრებაში უნდა გვეშინოდეს არის ის, რომ რაც გვინდოდა, არ ვცადეთ. მინდა ახალგაზრდებისთვის გავხდე იმის მაგალითი, რომ დაწყება ყოველთვის შეიძლება. არ ვიცი ეს კონტენტი სად წაგვიყვანს, მაგრამ ჩემი ცხოვრების გამოცდილებების გაზიარებით შეიძლება ბევრს სარგებელი მოგცეთ“.
ჯული ბებოს სასარგებლო რჩევებს მისი შვილიშვილი, მარიტა გოგიბერიძე აძლევს. მარიტა თავად მარკეტინგის მიმართულებით მუშაობს და ტიკტოკის პლატფორმაზე მასაც ბევრი იცნობს. სწორედ მან მისცა სტიმული ბებოს, რომ დაეწყო საქმე, რომელიც მის ცხოვრებას კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდიდა. თუ თქვენც გაინტერესებთ, როგორი იქნება ჯული ბებოს შემდეგი ვიდეოები, შეგიძლიათ გახდეთ მისი ინსტაგრამ გვერდის გამომწერი და თვალი ადევნოთ მას.