„ტყუპების, თუთასა და კირას დაბადების შემდეგ, ჩემმა ცხოვრებამ სულ სხვა მნიშვნელობა შეიძინა. მუსიკა ჩემთვის ყოველთვის ერთ-ერთ პირველ ადგილზე დარჩება, თუმცა შვილებმა სამყაროს სხვანაირად შემახედეს. ჩემი გადატვირთული რეჟიმის გამო, ძმისშვილებთანაც კი ვერ ვახერხებდი დროის გატარებას, თან ჩემს ძმისშვილებზე პასუხისმგებლობა მაინც ჩემს ძმას და რძალს აქვთ და ახლა სრულად ვაცნობიერებ იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რაც პატარა ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებას ახლავს.
მე მათთან ურთიერთობით თან ვერთობი, თან ვაკვირდები, მიმიკებს ვიჭერ და ვაცნობიერებ, რომ ძალიან რთულია ეს ყველაფერი. ხშირად ვნერვიულობ მომავალზე, იმაზე, თუ როგორ ქვეყანაში მოუწევთ ცხოვრება და გავართმევ თუ არა თავს, რომ ორივე სწორ გზაზე დავაყენო. ჩემთვის ყველაზე სანერვიულო ისაა, რომ გარემოებების გამო ისინი არასწორ გზას არ დაადგნენ.
არ ვაპირებ, ვიყო დედა, რომელიც შვილებს ყველა სურვილს უსრულებს და სულ "კი" არის მათ ცხოვრებაში. ცხოვრება ბევრ "არას" გაჯახებს და მერე დეპრესია იწყება. ბავშვი სულ რომ "კის" არის მიჩვეული, შემდეგში "არას" ვეღარ იტანს," - ამბობს თეონა "პროექციაში" ინტერვიუს დროს.
თეონა წარმოშობით სამეგრელოდანაა, თუმცა თბილისში დაიბადა. ბავშვობის ნათელი წერტილი ის იყო, რომ ყოველ ზაფხულს სამეგრელოში ისვენებდა. მე-14 მუსიკალური სკოლა დაამთავრა, მაგრამ მუსიკაზე, სულ ძალით დაჰყავდათ. არც გუნდზე დადიოდა, მასწავლებელიც არ იცოდა, ვინ იყო. ერთ დღესაც, დერეფანში გუნდის მასწავლებელი ესმა მათიაშვილი შემხვდა. იცნო- თეონა ცირამუა არ ხარო? აბა წამოდი, მოგისმინოო. დარბაზში შეიყვანა. მაშინ მერაბ სეფაშვილის პოპულარული სიმღერა "თეთრი რაში“ ამღერა. ორი მუსიკალური ჯგუფი ჰყავდა, - დიდი გუნდი და ანსამბლი. ორივეგან ჩასვა. თეონა ჩემი ჯილააო, - ამბობდა.
"ვერ ვიტყვი, რომ თავის დროზე გავთხოვდი, ცოტა დავაგვიანე, თან ხუთი წელი ვიწვალე, მქონდა გარე ორსულობა, შეწყვეტილი ორსულობა... ოპერაციებით ვამთავრებდი. შემდეგ უცებ არ შეიძლებოდა დაფეხმძიმება და გავიდა ამასობაში ხუთი წელი.
ღმერთს ვეკითხებოდი - რა გახდა ერთი ბავშვი ჩემთვის? და უცებ გამოჩნდა ორი... ერთი ბავშვის მეშინოდა, როგორ მოვახერხო, რომ თან გუნდის საქმე არ ჩავარდეს, აქეთ ბავშვს ყურადღება არ მოაკლდეს-მეთქი და ორი წერტილი რომ დავინახე, პირველი განცდა რაც იყო, ვაღიარებ, რომ შემეშინდა.
შემდეგ ბევრი პლუსები დავინახე – ძალიან დიდი ბედნიერებაა, 6 თვე გავედი დეკრეტში, ოთხი შვილის დედა, თამუნა ოქროპირიძე მყავს დატოვებული ჩემს ადგილას“, – თქვა თეონა ცირამუამ, მუსიკოსმა, დირიჟორმა, გორის ქალთა გუნდის ხელმძღვანელმა, გადაცემაში „პრაიმშოუ“ სტუმრობისას.

თეონა ცირამუა 46 წლის ასაკში გახდა ტყუპი გოგონების დედა. მას ამ თემაზე - დედობაზე, ოჯახსა და ოჯახურ ცხოვრებაზე არაერთხელ უსაუბრია.
"ჩემი მეუღლე გოჩა ჭანტურია სენაკიდანაა. სენაკის მუნიციპალიტეტში მუშაობს, ქალაქში მერის რწმუნებულია. ვხუმრობ ხოლმე - შაბათ-კვირის ცოლ-ქმარი ვართ-მეთქი.მე ჩემს საქმეს ვერ ვანებებ თავს და ის - თავისას. გვიან გადავდგი ეს ნაბიჯი. ალბათ იმიტომ, რომ ჩემნაირი გადატვირთული რეჟიმის ქალი ოჯახში რთულია. ყველა კაცს, რაც არ უნდა თქვას, არაო, მეუღლე ქვეცნობიერად მაინც შინ უნდა რომ ჰყავდეს. მეც ვეძებდი ისეთ ადამიანს, ვინც მარტო მე კი არა, ჩემს საქმესაც შეიყვარებდა. გოჩას შემთხვევაში სწორი არჩევანი გავაკეთე.
ჩემი აბსოლუტური გულშემატკივარია, აქტიურად არის ჩემს საქმეში ჩართული... რჩევებს მაძლევს. თუ გუნდი მაბრაზებს და ვჩხუბობ, მაწყნარებს... ვისაც ვეძებდი, ის ვიპოვე. პროფესიით მშენებელ-ინჟინერია. რაც ცხოვრება მე დამიკავშირა, გუნდური მუსიკის მოსმენა მას მერე დაიწყო", - ჰყვებოდა თეა ერთ-ერთ ინტერვიუში.