"ჩემი ქმარი რომ მომწონს, გასაგებია, ჩემი არჩევანია, მაგრამ ქმრის ოჯახის რომ ასევე მომწონს..." - ანასტასია ბენდუქიძის გულახდილი ინტერვიუ ოჯახსა და მეუღლეზე - Marao

"ჩემი ქმარი რომ მომწონს, გასაგებია, ჩემი არჩევანია, მაგრამ ქმრის ოჯახის რომ ასევე მომწონს..." - ანასტასია ბენდუქიძის გულახდილი ინტერვიუ ოჯახსა და მეუღლეზე

2026-03-06 16:21:58+04:00

"რადგან მე არ გავზრდილვარ საქართველოში, ოჯახში ქართული ტრადიციები არ მაქვს. ბებიამთლი, ჩემი ქმრის ბებია, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე აქტიური ადამიანია. თუ დედამთილი და მამამთილი არსებობს, რატომ არ შეიძლება - ბებიამთილი. მე სხვა არავინ მყავს საქართველოში, ბებიამთილის გარდა. 

ჩემი ქმრის ოჯახი ცხოვრობს სხვა ქვეყანაში, ჩემი ოჯახიც საზღვარგარეთ არის. ამიტომ ქმრის ბებიაში გამიმართლა. ჩემი ქმარი რომ მე მომწონს, გასაგებია, რადგან ჩემი არჩევანია. მაგრამ ჩემი ქმრის ოჯახიც რომ ასევე მომწონს, ეს ღმერთის საჩუქარია. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მათთან.

დედამთილი არ ცხოვრობს ჩვენთან, რაც, ერთი მხრივ, კარგია, რადგან კონტროლის ქვეშ არ ვარ, მაგრამ, რეალურად, ძალიან მიყვარს ჩემი დედამთილი და ვფიქრობ, რომ უკეთესი ცხოვრება მექნებოდა, აქ რომ იყოს, ჩვენთან ახლოს. 

ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი მეუღლე უფრო ევროპული აზროვნებისაა და ნაკლებად - „ქართველი კაცი“. ჩვენს ოჯახში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი მეუღლე ჩემი პარტნიორია. თუ ძიძა არ გვყავს, ერთ ბავშვი დედასთანაა, მეორე - მამასთან. რეალურად, ჩვენს ქმრებს მეტი შეუძლიათ გააკეთონ, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. ჩვენს თავზე ბევრი არ უნდა ავიღოთ, ქმარი ჩვენს ფიქრებს ხომ ვერ წაიკითხავს - ჩვენ უნდა ვუთხრათ, როცა დახმარება გვჭირდება. რაღაც მომენტში, უნდა გავხდეთ მენეჯერი - თავიდან დავეხმაროთ, ვასწავლოთ, რა როგორ გააკეთოს - ჯერ ვიტამინი დაალევინოს ბავშვს, შემდეგ წიგნი წაუკითხოს, დააძინოს. ნელ-ნელა სწავლობს და დედის ჩართულობა აღარაა საჭირო", - ამის შესახებ ანასტასია ბენდუქიძემ გვანცა დარასელიას პოდკასტში ისაუბრა. 

bendukidze

ანასტასია ბენდუქიძის ოჯახი 

ეკონომიკის ექსმინისტრის, კახა ბენდუქიძის შვილი ანასტასია ბენდუქიძე საზოგადოებამ მამის გარდაცვალების შემდეგ გაიცნო. ანასტასია სანამ მამის გვარზე ოფიციალურად გადავიდოდა, და ეს კახა ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ მოხდა, გონჩაროვას გვარს ატარებდა.

  • "5 რამ დამიბარა სიკვდილამდე" - რას იხსენებდა ანასტასია ბენდუქიძე მამის შესახებ

სკანდალური სასამართლო პროცესების შედეგად, რომლებზეც უცხოური მედიაც აქტიურად წერდა, ლონდონის სასამართლოში ანასტასიამ დაამტკიცა, რომ ის მართლაც კახა ბენდუქიძის შვილი იყო და ამის შემდეგ მიიღო კიდეც მემკვიდრეობა.

  • "ამ პაწაწინა არსებებისგან სიყვარულის მიღება ერთადერთი მუდმივი ფაქტორია, რაც სიტუაციას აუმჯობესებს" - ანასტასია ბენდუქიძე შვილების ფოტოს აქვეყნებს

"18 წლის ვიყავი, როცა გავიგე, რომ კახა მამაჩემი იყო. ეს თვითონ მითხრა. ლონდონში ვიყავით სასტუმროში, შევედი მასთან ოთახში, "ადაპტორი" მჭირდებოდა. რომ მივედი და მომცა, მითხრა, აიღე, შვილოო. მე ვუთხარი, ჰო, შენ ჩემთვის ყოველთვის მამასავით იყავი-მეთქი. მე შენი მამა ვარ, ბიოლოგიურიო. შოკში ჩავვარდი. მეგონა, შენ იცოდიო, მითხრა. არა, არ ვიცოდი-მეთქი. ძალიან ვგავარ მამას. მანამდე არ მიფიქრია, რომ მას ვგავდი, ამ პუტკუნა, ულვაშიან, მელოტ კაცს. ახლა რომ ვუყურებ, ძალიან ვგავარ.

bendukidze

მგონი, ვერ ვხვდებოდი, რამდენი საინტერესო რამე შემეძლო მეკითხა. ვერ ვაფასებდი სათანადოდ ამას. იყო მამაჩემი უბრალოდ და არ ვიცოდი, რაზე შეიძლება დავლაპარაკებოდი, საქართველოს პოლიტიკაზე თუ მსოფლიო განვითარებაზე. რაღაც დებილობებზე ვლაპარაკობდით. საერთოდ არ ვიყავი მზად იმ ცხოვრებისთვის, რომელიც დამიტოვა. 25 წლის ვიყავი, როცა "თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებელი გავხდი და "ცოდნის ფონდის" დირექტორი. 5 რამ დამიბარა სიკვდილამდე:

  • "არ აქვს მნიშვნელობა, რა ქულები აქვს სკოლაში ჩემს შვილს ან რამდენ ენაზე საუბრობს, უბრალოდ მინდა, რომ ბედნიერი იყოს და ეს არის ცხოვრების მიზანი" - ანასტასია ბენდუქიძის ბლიც-ინტერვიუ

გამხდარი უნდა ვიყო, ქართული უნდა ვისწავლო, უნდა მივიღო უფრო კარგი განათლება, უნდა მქონდეს ბიზნესი, რომელიც იქნება ჩემთან ახლოს და რომელიც უნდა განვითარდეს თანდათან; უნდა ვიცხოვრო ბედნიერად და ტანჯვის გარეშე გარდავიცვალო", - ამბობდა ანასტასია

ანასტასია ბენდუქიძე ოჯახთან ერთად საქართველოში ცხოვრობს. მან 2017 წელს  ბიზნესმენ ივანე მხეიძეზე იქორწინა, წყვილმა ქორწილი საბერძნეთში, მეგობრებისა და ახლობლების თანხლებით გადაიხადა. 2020 წელს ანასტასიასა და ივანეს პირველი შვილი შეეძინათ, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს, სულ ცოტა ხნის წინ კი ისინი პატარა გოგონას, ლიანას მშობლები გახდნენ.