2026 წლის 17 მარტს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II "კავკასიის მედიცინის ცენტრში" გარდაიცვალა. პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ საქართველოში გლოვის დღეები გამოცხადდა.
18 მარტიდან პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც მრევლს ჰქონდა შესაძლებლობა, ილია II-ს უკანასკნელად გამომშვიდობებოდა. ხუთი დღის განმავლობაში სამებამდე მისასვლელ გზაზე უამრავი ადამიანი მოგროვდა - მათ გრძელ რიგში უწევდათ დგომა, რათა პატრიარქისთვის პატივი მიეგოთ.
22 მარტს ილია II უკანასკნელ გზაზე გააცილეს. სამგლოვიარო პროცესიას მსოფლიო პატრიარქიც ესწრებოდა. პროცესიამ სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის საკათედრო ტაძრამდე გადაინაცვლა, სადაც პატრიარქი დაკრძალეს. სიონის ტაძარში, ილია მეორის გარდა, კიდევ შვიდი პატრიარქია დაკრძალული.
ილია II-ს უკანასკნელ გზაზე ათიათასობით ადამიანი აცილებდა. მსგავსი მასშტაბის სამგლოვიარო პროცესია ბოლო ათწლეულებში იშვიათად გვინახავს.
ნაირა ნაჩხატაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში ილია II-თვის უკანასკნელად იგალობა. იგი 40 წელზე მეტია, ყოველ წითელ პარასკევს, "იესოს დატირებას" ასრულებს.
"ძალიან მიჭირს, არ ვიცი, როგორ გავუძლებ... თან უნდა ვიტირო," - ამბობდა ნაირა ნაჩხატაშვილი ილია II-ის დაკრძალვამდე.

ნაირა ნაჩხატაშვილი უკვე 40 წელზე მეტია, რაც ყოველ წითელ პარასკევს ტაძარში „დატირებას“ ასრულებს.
ნაირა Ambebi.ge-სთან იხსენებდა, თუ როგორ და რა მიზნით შეიქმნა ეს საგალობელი და პატრიარქი როგორ იყო ჩართული ამ პროცესში.
მისი თქმით, პატრიარქს სურდა, ხალხი ეკლესიაში მოეყვანა, რადგან მაშინ ადამიანები იშვიათად დადიოდნენ წირვა-ლოცვაზე. "დიდი სურვილი მაქვს, ხალხმა ტაძარში იაროს. კარგი იქნება თუ ყოველდღიური წირვა-ლოცვა იქნება. მინდა ქალთა და ვაჟთა ანსამბლი შევქმნაო", - ამბობდა თურმე ილია II.
ამ პერიოდში, როგორც თავად ნაირა ნაჩხატაშვილი იხსენებს, ის კონსერვატორიაში სწავლობდა:" ჩემმა პედაგოგმა რეპეტიციის მერე დამიძახა: ნაირა, საქმე მაქვს, ლექციების მერე, და არ წახვიდეო". მომასმენინა რაღაც ნაწარმოები და მკითხა: სად იმღერებდი ამ ნაწარმოებსო? რატომღაც მაშინვე ვუპასუხე - ტაძარში-მეთქი. მახსოვს, ჩემი პედაგოგის გაკვირვებული სახე", - იხსენებდა ინტერვიუში ნაირა ნაჩხატაშვილი.
როცა პატრიარქს ნაირა ნაჩხატაშვილის ჩანაწერი მოასმენინეს, მათ ერთად დაიწყეს დატირების საბოლოო ვერსიაზე მუშაობა. ქართველმა კომპოზიტორებმა რამდენიმე ვერსია შექმნეს: "აბა, რომელს აირჩევდიო?" - ჰკითხა უწმინდესმა ნაირა ნაჩხატაშვილს. მან კი საკუთარი ინტერპრეტაცია შეასრულა: "იქვე გოგონებს ბანი დავაჭერინე, და დავიწყე. თან ტექსტს მივყვებოდი, თან ვტიროდი და თან ვგალობდი. უწმინდესმა, შუამდე რომ მივედი, გამაწყვეტინა გალობა და მითხრა: "ჰო, ჰო. ეგ არის! დღეიდან შენ ამას იგალობებ!.."
ამ დღის შემდეგ, 1979 წლიდან ნაირა ნაჩხატაშვილი ასრულებს ღვთისმშობლის დატირებას, "მოთქმა ხმითა, თავბოლო ერთი“
"გაილევა თუ არა, ვნების კვირა, ისევ თავიდან ვიწყებ ფიქრს მომავალ წითელ პარასკევზე, ჯვარცმის დღეზე. ყოველთვის ამ დღის მერე, ვიჩოქებ, ღვთისმშობლის ხატთან, და ვთხოვ, რომ ეს მადლი არ წამართვას. და მართლაც, ყოველ წითელ პარასკევს, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, და ჩემი მთელი გულით და სულით, ჩემს იესოს, ჩემს ქრისტეს დავტირი. ეს დღე ყველა ჩვენგანისათვის ყოფილიყოს სინანულის მომცემი და ვისურვებდი, ღირსეულად შევხვედრილიყავით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ჩვენ მხოლოდ რწმენა და იმედი გადაგვარჩენს. რწმენა იმისა, რომ უფალი ჩვენთან არის. "- ამბობდა ის ინტერვიუში.

ნაირა ნაჩხატაშვილს პატრიარქთან დიდი ხნის, გულწრფელი და სიყვარულით სავსე ურთიერთობა ჰქონდა - მან განსაკუთრებული მოგონებები "ტვ პირველთან" ინტერვიუში გაიხსენა.
პირველი შეხვედრა და მამობრივი მზრუნველობა
- ჩვენი პირველი შეხვედრა გალობით დაიწყო. მაშინ სულ რაღაც 19 წლისანი ვიყავით და საეკლესიო ეტიკეტში იმდენად გამოუცდელნი, რომ როდესაც ლოცვა-კურთხევა უნდა ამეღო, დაბნეულობისგან პატრიარქს ხელი ჩამოვართვი. მიუხედავად ჩემი ამ შეცდომისა, მან საოცარი სითბოთი მიგვიღო. მახსოვს მისი მზრუნველობა - ისე დაგვხვდა, როგორც საკუთარ მამასთან ან პაპასთან მისულ შვილებს. მაშინვე გვაკურთხა, რომ ყოველდღიურ წირვა-ლოცვაზე გვეგალობა. მისი ყოველი სიტყვა ჩვენს გულებს მალამოსავით ეფინებოდა.
საგალობელ „დატირების“ შექმნის ისტორია
- ერთ მშვენიერ დღეს უწმინდესმა ისურვა, რომ დავით გურამიშვილის ტექსტზე - „მოთქმა ხმითა, თავბოლო ერთი“ - საგალობელი შექმნილიყო და ეს საქმე კომპოზიტორებს დაავალა. ამ ნაწარმოებს ხალხმა მოგვიანებით „დატირება“ დაარქვა. პატრიარქს სურდა, სოლო პარტია მე შემესრულებინა და აზრი მკითხა. მე ვუთხარი: „თქვენო უწმინდესობავ, ეს ხომ ნამდვილი დატირებაა; როგორც დედა დაიტირებს შვილს, ისე უნდა დავიტიროთ ქრისტე-მეთქი“ და ხალხური ინტონაციებით შევასრულე. მოისმინა და თქვა: „ჰო, ეგ არის! სწორედ ეს დარჩება შთამომავლობას“. მას შემდეგ უკვე 47 წელია ამ საგალობელს ვასრულებ და ხალხი მას მუდამ განსაკუთრებული სიყვარულით ელის.
პატრიარქის სიბრძნე და უშუალობა
- პატრიარქი გამორჩეული მასპინძელი და საოცრად უშუალო ადამიანი იყო. წირვის შემდეგ ხშირად ტაძრის გარეთ ჩამოვსხდებოდით და სხვადასხვა საკითხს განვიხილავდით. ჩვენ, ახალგაზრდებს, ნუგბარითაც ხშირად გვიმასპინძლდებოდა. მას ჰქონდა სოლომონური სიბრძნე - ხშირად იგავებით გვესაუბრებოდა, სადაც თითოეული ფრაზა ღრმა აზრს ატარებდა. ნებისმიერ დევნასა თუ ინტრიგას ის სიმშვიდითა და მდუმარებით პასუხობდა.
ხალხის ტკივილის გაზიარება
- მისი ცხოვრებისეული ჯვარი ხალხის ტკივილის გაზიარება იყო. თითოეული ადამიანის დარდს ისე იღებდა, როგორც საკუთარს. კადრებშიც ჩანს, როგორ ტირის და განიცდის მგლოვიარე დედებთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები აღარ მყავს, მუდამ მქონდა იმედი, რადგან ვიცოდი, რომ ის ჩემთვის ლოცულობდა. მისი წასვლით კიდევ ერთხელ დავობლდი. პატრიარქმა დატოვა უდიდესი სიყვარული, რადგან თავად იყო ამ სიყვარულის განსახიერება.