"საქართველოში შესაძლოა უცებ გაგაღმერთონ, მაგრამ რამდენიმე დღეში დასრულდეს ეს ყველაფერი" - ნათია თოდუას გერმანული კარიერა - Marao

"საქართველოში შესაძლოა უცებ გაგაღმერთონ, მაგრამ რამდენიმე დღეში დასრულდეს ეს ყველაფერი" - ნათია თოდუას გერმანული კარიერა

2026-04-16 13:26:10+04:00

მომღერალი ნათია თოდუა საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მან 2014 წელს მონაწილეობა მიიღო X Factor Georgia-ში, ხოლო 2015 წელს –  X-Factor Ukraine-ში. განსაკუთრებული პოპულარობა კი გერმანიაში, პროექტ "The Voice"-ში მონაწილეობამ მოუტანა. ნათია ამ პროექტის გამარჯვებული გახდა და დღეს ის როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში ბევრისთვის საყვარელი არტისტია.

ნათია ცოტა ხნის წინ გადაცემას "მადისაღმძვრელი პოდკასტი" სტუმრობდა, სადაც მან განვლილ გზასა და სამშობლოდან შორს ცხოვრებაზე ისაუბრა. 

"მე უფრო მეტი გულშემატკივარი მყავს სამხრეთ გერმანიაში, რადგან ძირითადი კონცერტები სწორედ აქ ტარდება. ძალიან ინტერნაციონალურია, სხვადასხვა ხედვა, კულტურა, რასა - ყველაფერი ერთად არის ბერლინში. შენ თუ ბერლინში რამეს აკეთებ და თუნდაც 100 ადამიანს მოუყარე თავი, შესაძლოა 20 ადამიანი სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი იყოს. დიდი გამოცდილებაა მომღერლისთვის.

ბერლინში თუ ვარ, ძირითადად ვცდილობ კლუბური სახის კონცერტი ჩავატარო. უმეტესი რაოდენობა ქართველები არიან, მაგრამ ადგილობრივებიც, რომლებიც მოდიან, მათი რეაქციიდან ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ, რადგან მგონია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიყურებენ. გერმანიაში ძალიან დიდი დრო გჭირდება დაამტკიცო, რომ შენ მანდ ყოფნას იმსახურებ. საქართველოში შესაძლოა უცებ გაგაღმერთონ, მაგრამ რამდენიმე დღეში დასრულდეს ეს ყველაფერი," - ამბობს ნათია.

  • "სოფელში რომ ვცხოვრობდი, სულ ვწუწუნებდი, ვჩიოდი, ვოცნებობდი თბილისში ცხოვრებაზე" - მომღერალი ნათია თოდუა დევნილობის წლებს იხსენებს

natia-todua

ნათია თოდუა

ნათია თოდუა დაიბადა თბილისში, 1996 წლის 12 მარტს. 1992 წლის სამოქალაქო ომის დროს მისმა ოჯახმა დატოვა აფხაზეთი და დროებით თბილისში დასახლდა. როდესაც ნათია ორი წლის იყო, ოჯახი დაბრუნდა აფხაზეთში და დასახლდა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში. სკოლის დამთავრების შემდეგ ნათია და მისი და დაბრუნდნენ თბილისში, უმაღლესი განათლების მიღების მიზნით. თოდუამ ჩააბარა კავკასიის უნივერსიტეტში, ეკონომიკის განხრით. 

 2013 წელს ნათიამ მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ კონკურს „მაგთიფანში“, სადაც გაიცნო ჯგუფ „ვაკის პარკის“ წევრები, რომლებთანაც თანამშრომლობდა 2016 წლამდე. 2014 წელს მან მონაწილეობა მიიღო X Factor Georgia-ში, ხოლო 2015 წელს -  X-Factor Ukraine-ში.

2016 წელს თოდუა საცხოვრებლად გადავიდა ბრუხზალში (გერმანია),  სადაც ოპერის პროგრამით დაიწყო მუშაობა. მომდევნო წელს მან მონაწილეობა მიიღო The Voice of Germany-ს მეშვიდე სეზონის შესარჩევ ტურში, რომლის წარმატებით გავლის შედეგად შეუერთდა ფინელი მუსიკოსის და ჯგუფ Sunrise Avenue-ს სოლისტის, სამუ ჰაბერის გუნდს. 2017 წლის 17 დეკემბერს The Voice of Germany-ს ფინალურ შოუში მან მოიპოვა შემოსული ხმების 50.1% და გახდა The Voice of Germany 2017-ის გამარჯვებული.

natia-todua

  • ქართველი ქალები, რომლებიც საქართველოდან წავიდნენ და უცხოეთში დიდ წარმატებას მიაღწიეს 

"ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი, თუ მე გავხდებოდი პროექტის გამარჯვებული. ეკრანზე ჩემი სახელი რომ დაეწერა, ისე გამიხარდა, შოკში ჩავვარდი და ახლაც ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან. ალბომის ჩაწერა, მანქანა და ტურნე გერმანიის დიდ ქალაქებში - ეს არის ის პრიზები, რომლებიც გადმომცეს პროექტში გამარჯვების შემდეგ" - ამბობდა მაშინ ნათია.

გამარჯვების შემდეგ მან კონტრაქტი გააფორმა Universal Music Group-თან. 2017 წლის 29 დეკემბერს თოდუა დასახელდა როგორც გერმანიის ევროვიზიის ეროვნული კონკურსის, Unser Lied für Lissabon-ის ერთ-ერთი მონაწილე .

2020 წლის თებერვალში, რუმინეთში, ფესტივალზე The 12 Months Film Festival მომღერლის ვიდეომ „Love letter“ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა.

ამჯერად ნათია სოციალურ ქსელში ემოციურ ამბავს გვიზიარებს და წერს, რომ ის ქალაქის ბიბლიოთეკაში, სადაც ის წლების წინ პირველად წავიდა ოპერად, ახლა მისი პოსტერებია გამოკრული:

"ფოტო გამომიგზავნეს იმ ქალაქის ბიბლიოთეკიდან, სადაც 2017 წელს ოპერად ვცხოვრობდი. ამ ბიბლიოთეკას ხშირად ვსტუმრობდი, რომ მეპოვა წიგნები ცნობილი მუსიკოსების ცხოვრებაზე. თითქოს მათ ისტორიებში ჩემს თავს და ისტორიას ვეძებდი. ყველგან ვეძებდი იმედს, რომელიც ერთ დღესაც ჩემთან მოვიდა. არასდროს არ დაივიწყოთ თქვენი ოცნება და არასდროს თქვათ უარი, სცადოთ კიდევ და კიდევ. წაიქცევი? ადექი! წაგაქცევენ? ადექი! გადაგივლიან? მაინც ადექი! იმიტომ, რომ შენი გზა ოცნებამდე შენია! კონცერტი გუშინ საღამოს გაიმართა, იყო ძალიან ემოციური და თბილი. მალე გაგიზიარებთ ფოტოებს და ვიდეოებს", - წერს ნათია.