"რამდენი წელი ვიცხოვრე ამ დაუსრულებელ ჯაჭვში, შიშსა და სირცხვილის განცდაში" - ეკა დემეტრაძე მენტალური ჯანმრთელობის შესახებ - Marao

"რამდენი წელი ვიცხოვრე ამ დაუსრულებელ ჯაჭვში, შიშსა და სირცხვილის განცდაში" - ეკა დემეტრაძე მენტალური ჯანმრთელობის შესახებ

2026-04-21 10:12:56+04:00

მსახიობი ეკა დემეტრაძე პლატფორმა "ინერის" სტუმარი იყო. ეკამ ისაუბრა დღეს ძალიან აქტუალურ საკითხზე - პანიკურ შეტევასა და მენტალურ ჯანმრთელობაზე. ეს თემები თანამედროვე სამყაროში უამრავი ადამიანის დღის წესრიგში დგას, თუმცა მასზე ხმამაღლა საკმარისად ჯერ კიდევ არ საუბრობენ. გარემო ფაქტორებისა თუ შინაგანი დაბრკოლებების გამო, ბევრ ადამიანს უჭირს, გაანალიზოს და აღიაროს, რომ მენტალური პრობლემა ისეთივე დახმარებას საჭიროებს, როგორც ფიზიკური - დახმარების თხოვნა კი ამ დროს საუკეთესო გამოსავალია.

სწორედ ამ თემასა და საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს ეკა დემეტრაძე: 

eka-demetradze

ეკა დემეტრაძის ინტერვიუ

- ტვინი გეუბნება, რომ დახმარება სჭირდება და შენ რას აკეთებ? მრცხვენოდა მეთქვა, რომ დახმარება მჭირდებოდა, იმიტომ რომ არ ვიცოდი, თუ შეიძლებოდა ამაში ვინმე დამხმარებოდა. ერთ-ერთ სესიაზე მკითხა ჩემმა ფსიქოლოგმა: როგორ გახსოვს დედაშენი ბავშვობაში?

ძალიან კარგი ფსიქოთერაპევტი შემხვდა, რომელიც დღემდე ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და ახლობელი ადამიანია. დიდი ხანია, რაც აღარ დავდივარ, მაგრამ გარკვეულ მომენტებში მაქვს ხოლმე სურვილი, რომ დავურეკო და ვუთხრა, რამდენად ძვირფასია და როგორ მიყვარს. სულ მინდა ჩავეხუტო და ეს მადლიერება თუ სიყვარული რაღაცნაირად ვაგრძნობინო, მაგრამ ვიცი, რომ არ შეიძლება ამის გაკეთება, იმიტომ რომ შეიძლება ისევ იქ დავბრუნდე.

რამდენი წელი ვიცხოვრე ამ დაუსრულებელ ჯაჭვში, შიშსა და რაღაცნაირ სირცხვილის განცდაში. ეს მდგომარეობა როცა დამეწყებოდა, გავჩერდებოდი და ველოდებოდი მის დასრულებას; არ ვყვებოდი ამას, იმიტომ რომ საკმაოდ საშიში რამეა პანიკური შეტევა. ალბათ ასე ვიქცეოდი იმიტომ, რომ არ მქონდა ინფორმაცია.

თურმე უბრალოდ ერთი რაღაც გჭირდება, რომელსაც პროფესიონალი ადამიანი ჰქვია – ვინც ისწავლა, ეს როგორ ხდება და შეუძლია, რომ ინფორმაცია გაგიზიაროს. რაღაც, რომელიც გტანჯავდა წლების განმავლობაში... და მარტო იმ ეპიზოდებმა კი არა, პანიკური შეტევა ხომ ძალიან ცოტა ხანი გრძელდება, მაგრამ ის მდგომარეობაა მძიმე, როცა იცი, რომ ეს ეპიზოდები გაქვს. ისე განსაზღვრავს მერე მთელ შენს დანარჩენ ცხოვრებას, რომ ძალიან რთულია. და აი, ასე მარტივად მორჩა ეს ჩემი ცხოვრებიდან; მანდ მივხვდი პირველად, ეგ იყო პირველი აღმოჩენა, რამხელა ძალა აქვს ფსიქოთერაპიას.

მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, მაგალითად, დედის დანაშაულის განცდა შვილის მიმართ. რაღაცნაირი შეცოდების განცდაც კი - როცა ვიღაცას ეცოდები იმის გამო, რომ მარტო ზრდი შვილს, ეგეც მერე ძალიან გაბრაზებს და გიჩნდება განცდა, თითქოს რაღაც საშინელება ჩაიდინე. ჩემს თავს ვკითხე: ეკა, შეგიძლია, რომ როგორც შენი შვილი გიყვარს, აი, ასე უპირობოდ შეიყვარო შენი თავი-მეთქი? ძალიან ემოციური იყო... მახსოვს, რომ ძალიან დიდხანს და ბევრი ვიტირე, იმიტომ რომ მივხვდი – არ მიყვარს ჩემი თავი და ახლა ეს ძალიან ძნელია.

  • "ნატაშკას" როლით მოსული დიდი წარმატება, ორი ქორწინება და შვილი - ეკა დემეტრაძის კარიერა და პირადი ცხოვრება 

საერთოდ არ არის ცხოვრებაში საჭირო იმის თამაში, რომ ვარ ძლიერი, დამოუკიდებელი და თავისუფალი. ძალიან გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანმა იცოდეს, რომ ჯერ ერთი – მარტო მას არ სჭირს ის, რაც სჭირს. ყველას გვჭირს, ყველანი გავდივართ მსგავს რაღაცებს. შეიძლება სხვადასხვა ისტორია გვქონდეს მე და შენ, მაგრამ ერთი და იგივე ტკივილს გავდივართ, ერთი და იგივე რაღაცაში ვცხოვრობთ და ერთი და იგივე კულტურაში ვართ, ბოლო-ბოლო, ამ ქვეყანაში.

  • "ჩემს შვილს რთული ბავშვობა ჰქონდა - ორივე მშობელი მსახიობი ჰყავს, ამიტომ დროს სათანადოდო ვერ ვუთმობდი" - ეკა დემეტრაძე 

ადამიანებმა უნდა გავიხსენოთ, როგორია ერთმანეთისთვის თვალებში ყურება, შეხება, ჩახუტება, ხელის ჩამორთმევა... არ ვიცი, თუნდაც ცეკვა ერთად, გართობა, ჩხუბიც კი და აბსოლუტურად ყველაფერი. რაღაც აღარ ვეხებით თითქოს ერთმანეთს. მსგავს თემაზე შენი ამ ამბების გახსენება, რომელიც ძალიან რთულია სალაპარაკოდ და მტკივნეული, ძალიან თერაპიულია; იმიტომ, რომ მერე გახსენდება შენი თავი და თავიდან გიყვარდება. და ეგ ძალიან მაგარია", - ამბობს ეკა დემეტრაძე "ინერთან" სტუმრობისას. 

 "ინერი" არის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის შექმნილი ციფრული ჰაბი, ეკა დემეტრაძის სრული ეპიზოდის ნახვა კი აპლიკაციაში შეგიძლიათ. 

eka-demetradze