შარლიზ ტერონი სამხრეთ აფრიკელი წარმოშობის ამერიკელი მოდელი და მსახიობია. ის ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს მძიმე ოჯახურ ტრაგედიას, რომელიც 15 წლის ასაკში გადახდა.

"15 წლის ვიყავი. დედაჩემი ასეთ რამეს აკეთებდა ხოლმე: კინოში დავყავდი. როცა გავიზარდე, მივხვდი, რომ ამით ჩემი სახლიდან გაყვანას ცდილობდა. ერთხელაც კინოდან დავბრუნდით და მამაჩემს გასაღები წაეღო... წინა რკინის კარის გასაღები. ჩვენს სახლში ყველა ოთახს რკინის კარი ჰქონდა, ამიტომ დედამ პირველი საკეტი ვერ გააღო.
ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, სად იყო ის. მისი ძმა რამდენიმე ქუჩის მოშორებით ცხოვრობდა და თუ სახლში არ იყო, ყოველთვის იქ სვამდა. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა - მივედით და ისინი უკვე საკმაოდ მთვრალები იყვნენ. მე საშინლად მინდოდა საპირფარეშოში, ამიტომ სახლში შევირბინე. მან ეს დიდ უპატივცემულობად მიიღო, რადგან არ გავჩერდი და ყველას არ მივესალმე. სამხრეთ აფრიკაში უფროსების მიმართ პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია.
ის ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ უბრალოდ აფეთქდა: "რატომ არ გაჩერდი? შენი თავი ვინ გგონია?". დაიწყო კონფლიქტი და ჩვენ წამოვედით. თუმცა, მაშინვე ვიგრძენი, რომ რაღაც შეიცვალა - ეს იყო ბოლო წვეთი მისთვის. დედას გვერდით მივუჯექი და ვუთხარი: "მგონი მართალი ხარ, მგონი მას უნდა დაშორდე". არასდროს მეგონა, რომ ამ სიტყვებს ვიტყოდი.
ვიცოდი, რომ ჩემზე გაბრაზებული იყო. როდესაც ის საბოლოოდ სახლში მოვიდა, დედას ვთხოვე: "გთხოვ, უთხარი, რომ მძინავს". ჩემს ოთახში შევედი და შუქი ჩავაქრე. მოკლედ რომ ვთქვათ, მან სახლში შემოაღწია. მან რკინის კარებს ესროლა, რათა შიგნით შემოსულიყო და ნათლად აჩვენა, რომ ჩვენს დახოცვას აპირებდა.
სანამ ის პირველ კარს შემოანგრევდა, დედა სეიფთან გაიქცა იარაღის ასაღებად. ჩემს ოთახში შემოვიდა და - ეს კიდევ ერთი წარმოუდგენელი მომენტია - ჩვენ ორნი კარს სხეულებით ვაწვებოდით, რადგან საკეტი არ ჰქონდა. მან უკან დაიხია და პირდაპირ კარს დაუწყო სროლა. არცერთი ტყვია არ მოგვხვედრია. ეს დაუჯერებელია, როცა ასე ფიქრობ.
შემდეგ დედაჩემი მამაჩემს გაჰყვა, რომელიც იმ დროს სეიფს აღებდა იარაღის გამოსატანად... და დედამ ესროლა მამას.
სამწუხაროდ, ეს არ არის იშვიათი ისტორია. ასეთი რამ ბევრ ოჯახში ხდება. ვფიქრობ, ქალები ძალიან უსამართლო მდგომარეობაში არიან, მათ შორის, ამ ქვეყანაშიც. არავინ უყურებს სერიოზულად მათ მდგომარეობას და მგონია, რომ არც დედაჩემს აღიქვამდა ვინმე სერიოზულად", - ამბობდა შარლიზ ტერონი.

შარლიზ ტერონი დაიბადა ბენონში, ტრანსვაალის პროვინციაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, და ერთადერთი ბავშვი იყო გერდა ჯეიკობ ალეტისა და ჩარლზ ტერონის ოჯახში.
1991 წლის 21 ივნისს მისმა დედამ, გერდამ, მამამისი ცელსასროლი იარაღით მოკლა. ჩარლზი, რომელიც ალკოჰოლიკი იყო, გერდას თავს დაესხა და მასა და შარლიზს მოკვლით ემუქრებოდა. გასროლა თავდაცვად შეფასდა და გერდა არ დასჯილა. ამ დროს შარლიზი 15 წლის იყო.
თერონი 1990-იანი წლების ბოლოს გახდა ცნობილი როლებით ისეთ ფილმებში, როგერებიცაა "ორი დღე ხეობაში", "მძლავრი ჯო იანგი", "ეშმაკის ადვოკატი" და "მეღვინეების წესები". თერონის მიერ განსახიერებულმა სერიული მკვლელის ეილინ უორნოსის როლმა ფილმში „მონსტრი“ კრიტიკოსების და კინომოყვარულების მოწონება და არაერთი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის "ოქროს გლობუსი", "ვერცხლის დათვი", "ოსკარი" ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის და სხვა. თერონი აფრიკაში დაბადებულთაგან პირველი მსახიობი გახდა, რომელმაც ოსკარი მოიპოვა. 2005 წელს შარლიზი კვლავ წარადგინეს ოსკარის ნომინაციაზე ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის ფილმში "ჩრდილოეთის ქვეყანა". ჰოლივუდის ბულვარზე გახსნილია შარლიზ თერონის სახელობის ვარსკვლავი.