"ჭაღარა გამოჩნდა, ცვლილებები დავინახე და  განგაში დავიწყე, დედაჩემს დავურეკე - დავბერდი-მეთქი" - ნატალია ქუთათელაძე თავის მოვლის რუტინის შესახებ - Marao

"ჭაღარა გამოჩნდა, ცვლილებები დავინახე და  განგაში დავიწყე, დედაჩემს დავურეკე - დავბერდი-მეთქი" - ნატალია ქუთათელაძე თავის მოვლის რუტინის შესახებ

2026-04-23 11:04:46+04:00

მომღერალი ნატალია ქუთათელაძე სალომე ღვინიაშვილი და ნატალია თოლორაიას გადაცემის "Beauty Talks" სტუმარი იყო. ნატალია განსაკუთრებული გენეტიკისა და გარეგნობის მატარებელია - მისი ბებია, ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე დღემდე სილამაზისა და ელეგანტურობის ბრწყინვალე მაგალითად ითვლება. რა ისწავლა ბებიისგან და როგორია მისი თავის მოვლის რუტინა, ამის შესახებ ნატალიამ Beauty Talks-ში ისაუბრა:

ნატალია ქუთათელაძეს თავის მოვლის რუტინა

"ჩემი თავის მოვლის ეტაპები წელს ძალიან შეიცვალა. აქამდე საერთოდ არ ვიცოდი, რა იყო სახის კანის პრობლემა და საერთოდ სახის კანს რაიმე თუ სჭირდებოდა, რადგან არც სიმშრალეს, არც ცხიმიანობას, არც გამონაყარს - ამ ყველაფერს არასდროს შევუწუხებივარ. შესაბამისად ძალიან უდიერად ვეპყრობოდი სახის კანს.

34 წლამდე დატენიანებისა და დაბანის გარდა ჩემი სახის კანისთვის არაფერი გამიკეთებია. ამას სიამაყით არ ვამბობ, უბრალოდ არასერიოზულად ვუყურებდი და არც დამჭირვებია, არც ინტერესის სფერო ყოფილა. რამდენიმე თვის წინ ჩავიხედე სარკეში და ვნახე, რომ ერთი ცალი ჭაღარა გამოჩნდა, მერე რაღაც ცვლილებები დავინახე და  განგაში დავიწყე. მაშინვე დავურეკე დედაჩემს, რომ მე დავბერდი. ამ დროს ეკამ მითხრა, რომ ახლავე მოგხედავო და ნატალისთან გადამაბარა. ჩატარებული პროცედურებით მენტალურად დავმშვიდდი და, რაც მთავარია, ვხედავ შედეგს. 

natalia-kutateladze

  • "ორი კვირაა, რაც ამ სიახლეს, ახალ ტალღას დავეჯახე" - ნატალია ქუთათელაძე ოჯახის, დედობისა და მენტალური პრობლემების შესახებ 

აქამდე ჩემთვის სახის კანის დატენიანება და დაბანა იყო რუტინა, ამას კი იმით ვამართლებდი, რომ დიდი რაოდენობის სითხეს ვიღებდი. ბოლო წლებში გამიჩნდა საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა, სხეულს სჭირდება მოფრთხილება და ეს პასუხისმგებლობა ბავშვის მერე უფრო ვიგრძენი. ახლა ყველაფერ ვამოწმებ.

ძალიან მიყვარს ცივი წყლით სახის დაბანა, ბებიაჩემისგან მახსოვს, ასე იქცეოდა და თან ცივი შხაპი ნერვულ სისტემაზეც ძალიან კარგად მოქმედებს. რუტინა არ მაქვს, მხოლოდ კარგად ვიბან სახეს და კარგად ვიტენიანებ", - ამბობს ნატალია ქუთათელაძე.

ნატალია ქუთათელაძის ოჯახი

ნატალია მომღერლების ოჯახში გაიზარდა და თვითონაც ფანტასტიკურად მღერის. თბილისში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ ათწლედში სწავლობდა, მოგვიანებით კი "ჯულიარდში" ჩაირიცხა და სწავლა იქ განაგრძო.

მომღერალი რამდენიმე წელია დაოჯახებულია, ნატალიას რჩეული აჩიკო ჯაფარიძეა. მათ საიდუმლოდ იქორწინეს და ერთად გერმანიაში ცხოვრობდნენ, თუმცა მოგვიანებით სამშობლოში დაბრუნდნენ. მათ ერთი შვილი, სანდრო ჰყავთ.

როგორც ცნობილია, აჩიკოსთვის ეს პირველი ქორწინება არ არის და წინა ქორწინებიდან მას სამი შვილი ჰყავს. ნატალია ქუთათელაძისა და მისი მეუღლის შესახებ საზოგადოება ბევრს საუბრობდა. თავად ნატალია კი ამბობდა, რომ ოჯახს მესამე ადამიანი არ ანგრევს.

  • ვინ იყო მერაბ ქუთათელაძე და როგორი იყო მამა-შვილის ურთიერთობა: "ნატალია 12-13 წლის იყო, როდესაც მე და მერაბი დავშორდით. არც მე და არც მას ისეთი არაფერი გაგვიკეთებია, მაგრამ…" 

natalia-kutateladze

"მე და აჩიკო ოჯახებით, ყველა მხრიდან ერთმანეთთან დაკავშირებული ვართ. არ მახსოვს, როგორ გავიცანი. შემდეგ, როცა  ჩვენი ურთიერთობა ასეთი აშკარა გახდა, ძალიან დაძაბული და ბევრი არასასიამოვნო მოვლენა შლეიფად მოგვყვებოდა, მაგალითად, არჩილის ოჯახის დანგრევა. მას პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან დღეს ჩემს ცხოვრებაში. ესეც ალბათ რაღაც პასუხისმგებლობაა, რომელიც ალბათ მთელი ცხოვრება გამყვება, სწორედ ამ ბავშვებთან მიმართებით, იმიტომ, რომ ძალიან დაუმსახურებლად ეტკინათ და ამაში ჩემი ხელი, რა თქმა უნდა, ურევია.

მესამე არ ანგრევს ოჯახს. მეც მაქვს ოჯახი და მეც რომ იგივე რამ დამემართოს, არ მგონია, სწორი იყოს, რომ ვიღაც სხვას დავაბრალო. ეს იქნება იმ ბზარის გამო, რაც უკვე ჩვენ შორის იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან არასასიამოვნო ფორმა იყო ეს ყველაფერი და მართალი გითხრათ, ძალიან მერიდება ამ ყველაფერზე ასე საჯაროდ საუბარი. ვეცადე, რომ აჩიკოს შვილებთან ყველაფერი გულწრფელად მიმეტანა, თუმცა მგონია, რომ ბავშვები კიდევ რაღაცებს სხვანაირად აღიქვამენ. მგონია, რომ მშობლები ასეთ სიტუაციაში, პირველ რიგში, უნდა იყვნენ გულწრფელები, არაფერი მოატყუონ და ყველაფერი უთხრან ისე, როგორც არის.

რასაკვირველია, აჩიკოს შვილებთან დღეს მაქვს ურთიერთობა. მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც ბავშვებმა გაიარეს, საოცრად გაკვირვებული და მადლიერი ვარ მათი, რომ მაინც თბილად და გულწრფელად მიღებენ და უნდათ ჩემთან ურთიერთობა. ურთიერთობის დასაწყისშიც მქონდა დანაშაულის შეგრძნება, რა თქმა უნდა. ეს შეგრძნება სულ თან უნდა დაგდევდეს, თუ სინდისი გაგაჩნია ადამიანს" - თქვა ნატალია ქუთათელაძემ გადაცემაში "სთორი".