პოდკასტს „ქალთა ხმა ბიზნესში“ სტუმრად ქართველი ფოტომოდელი და ინფლუენსერი თამო ვაშალომიძე სტუმრობდა. ის ახლა უკვე ბიზნესლედია, აქვს საკუთარი კოსმეტიკური და თავის მოვლის ბრენდები, რომელთა პოპულარიზაციასა და განვითარებაში აქტიურადაა ჩართული. პოდკასტში თამო ვაშალომიძემ სწორედ წარმატების გზასა და ამ გზაზე არსებული სირთულეების შესახებ ისაუბრა.

- 15 წლიდან მარტო ვცხოვრობ. მაშინ, როცა სკოლა უნდა დამემთავრებინა, ჩამებარებინა და სტუდენტობა გამომეცადა, მიმტანი ვიყავი ორ რესტორანში და ვმუშაობდი, რომ ქირა და ბებიას მომვლელის ფული გადამეხადა.
ახლახან, კორეაში რომ ვიყავი, გულის ფორმის საკიდი მომეწონა, ეს ხომ ბავშვური რამეა - რაც მაშინ უნდა გამევლო, ახლა გავდივარ, 34 წლის ასაკში. დღევანდელი თამო ვაძლევ თავს უფლებას, რომ ვიყო ბავშვი, ხანდახან ვითამაშო ბავშვებთან... რაღაცნაირად ვცდილობ ხოლმე, რაც დამაკლდა და ვერ ვაძლევდი ჩემს თავს, ახლა მივცე.
პატარა თამოს სულ ჰქონდა ოცნებები, 99% ავუსრულე და ვფიქრობ, რომ იმ 1%-საც ავუსრულებ. უფრო სწორად, 100% მქონდა ასრულებული, სულ მინდოდა, რომ მქონოდა ტკბილი ოჯახი, თბილი ოჯახი, შვილები მყოლოდა. დედაჩემს ორი შვილი ჰყავს, მე სულ მინდოდა, სამი მყოლოდა.
ამის გარდა, ხან მოდელობა მინდოდა, ხან - ჟურნალისტობა. სოფელში გავიზარდე და სულ მოდის კვირეულები მქონდა. ფარდას შემოვიხვევდი, დავდიოდი ჩემი ბებოს ფეხსაცმელებით, კაკუნებით... იმ თაობის მომღერლები ვინც იყვნენ, რომ გამოდიოდნენ ტელევიზორში, მეც მინდოდა, რომ მათსავით ცნობადი ვყოფილიყავი. ისე არ განვითარდა ყველაფერი, როგორც მე მინდოდა - თვითგადარჩენის მომენტი მქონდა, მაგრამ მე არ ვნებდები და არ ვფიქრობ, რომ მაქვს უფლება, დავნებდე - კიდევ ბევრი რაღაც მაქვს გეგმაში.
- პირადმა სტრესმა გამაძლიერა. ვიკინგების ქალები რომ იყვნენ, აი, ასეთი გავხდი. შემიძლია ფული ვიშოვო, ბიზნესი ვაკეთო - ყველაფერი შემიძლია, მაგრამ ამაში აღმოვჩნდი სუსტი. ღამე რომ მივდიოდი ხოლმე სახლში, ავიღებდი ალბომებს, ჩავიხუტებდი და ვტიროდი. ეს პერიოდი ჩემი მეგობრებისა და დატვირთული გრაფიკით გადავაგორე - მოდის კვირეულები, ღონისძიებები. ყველანაირად ვეცადე, დატვირთული ვყოფილიყავი და არ მეფიქრა - დღისით გამოვდიოდი წითელ ხალიჩაზე, ღამით კი მარტო ვრჩებოდი საკუთარ თავთან. როდესაც მე გადავწყვიტე, რომ ეს იყო დასასრული, ცხრა თვის შემდეგ, ხალხსაც მაშინ ვუთხარი.
ამ ამბის შემდეგ უდიდესი კედელი აღიმართა ჩემსა და კაცებს შორის, კაცებო, ბოდიშს გიხდით. ვინმე რომ მეკითხება, რა კაცი? ასეთი ვარ... მე სიამოვნება და ბედნიერება ვიპოვე უკვე საკუთარ თავში და სხვაგან არ ვეძებ. ჩემთვის ბედნიერება ჩემი შვილების აღზრდაა, მინდა, ისწავლონ სიყვარული, პატივისცემა, არ იყვნენ ამპარტავანი ადამიანები და აფასებდნენ ყველას. ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი მისია ცხოვრებაში და - ჩემი კომპანიის განვითარება.

თამო ვაშალომიძის სახელი და გვარი პირველად საზოგადოებამ წლების წინ გაიგო, როცა მან ყურადღება თამამი ფოტოსესიებითა და განცხადებებით მიიპყრო. ის ფოტომოდელია და ხშირად ჩანს სხვადასხვა კამპანიაში. ამის გარდა, ის სოციალურ ქსელში თავადაც აქტიურია, აქვს "ფეისბუკის", "ინსტაგრამისა" და "ტიკ-ტოკის" საკუთარი არხები და გამომწერებს ცხოვრების საინტერესო დეტალებს ამ გზით უზიარებს.
"პირველი წარმატება იყო მაშინ, როდესაც საქართველოს სახელით კოსოვოში წავედი, 2013 წელს. საქართველოში კონკურსი "მის ბიკინი" ჩატარდა. საუკეთესო ოცეულში მოვხვდი და მერე გამოვეთიშე. ჩემმა მენეჯერმა გამიშვა კოსოვოში, იქ "მის თავისუფლება" ტარდებოდა. ჩემთვის ეს ძალიან ემოციური იყო. ვფიქრობდი, აქ არ გამიმართლა და ბედი იქ უნდა მეცადა. ამ კონკურსში "პრესის რჩეული" გავხდი. ჩემი ტიტული ლენტზე დიდი ასოებით ეწერა და რომ გადამკიდეს, ეგრე ჩამოვედი საქართველოში. უზომოდ გახარებული ვიყავი."
თამო დაქორწინებული იყო ბიზნესმენ აკა სამხარაძეზე. წყვილს ერთი საერთო შვილი, მაქსიმე ჰყავს, ხოლო თამოს პირველ ურთიერთობაში გოგონა შეეძინა.
"ახლა ჩემი მეუღლე არის ჩემი მარჯვენა ხელი, სული, გული; ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს ჩემი ბედნიერებისთვის. მაგრამ სანამ მას გავიცნობდი, თავად ძალიან ბევრი ვიშრომე. გულწრფელად გეტყვი, მაშინ ბევრი რამ არც ვიცოდი, როგორ გამეკეთებინა. გულუბრყვილო ვარ-მეთქი, ხომ გითხარი, ხანდახან ტელევიზიები სიუჟეტებისთვის სათავისოდ მიყენებდნენ. გამოუცდელი რომ ხარ, გგონია, ყველა კეთილია, ყველას მოსწონხარ, მერე თავს გესხმიან და ხმასაც ვერ იღებ, გეშინია არ დაგბლოკონ, არ გაგაშავონ. ეს ყველაფერი გამოვიარე. მებრძოლი რომ არ ვყოფილიყავი, დღეს ჩემი რეალობა ასეთი არ იქნებოდა", - ამბობდა თამო ერთ-ერთ ინტერვიუში.
მიუხედავად ამისა, ცოტა ხნის წინ თამო ვაშალომიძემ გაამხილა, რომ ის მეუღლეს დაშორდა. ახლა ის შვილებთან ერთად ცალკე ცხოვრობს და აგრძელებს კარიერულ წინსვლას - მან შექმნა თავის მოვლისა და კოსმეტიკური ხაზები, რომლის პოპულარიზაციისთვისაც ბოლო ორი წლის მანძილზე აქტიურად ესწრება მსოფლიო დონის ღონისძიებებს, მათ შორის, ვენეციისა და კანის კინოფესტივალებს. სულ ცოტა ხნის წინ კი ის პროფესიული განვითარების მიზნით აშშ-ში იმყოფებოდა.