"მაშინდელი გოგოები რატომღაც უფრო უფროსი ბიჭებისკენ ვიყურებოდით" - თეონა თავართქილაძის გულახდილი ინტერვიუ - Marao

„რეზიკოს ჯერ ერთი ჩემი მეგობარი უყვარდა, მერე - მეორე... მასთან მეგობრობის მეტი არაფერი წარმომედგინა“ – 30-წლიანი სიყვარულის ამბავი და სამაგალითო ოჯახის ისტორია

2026-04-27 10:43:05+04:00

თეონა თავართქილაძე ქეთო ანთაძის პოდკასტის "ჩვენ" სტუმარი იყო. თეონამ გადაცემის ფარგლებში ძალიან ბევრ თემაზე ისაუბრა.

თეონა თავართქილაძის ინტერვიუ

რა არის ქალურობა

ვერ ვიქნები კონკრეტული, რადგან ყველა ქალს თავისი ინდივიდუალური დეტალი გამოარჩევს. გულწრფელად ვამბობ, რომ ყველა ქალს აქვს რაღაც ისეთი განსაკუთრებული, რაც სხვას არ აქვს. კიდევ ერთხელ ვიტყვი: ეს უბრალოდ უნდა შეამჩნიო და დაინახო.

პირადად მე, ძალიან მომწონს ქალურობა და ქალური გარეგნობა. არის მამაკაცური გარეგნობა, თუმცა უამრავი ქალია ასეთი, ძალიან მოსაწონი, რომელსაც უფრო მამაკაცური სტილი უხდება, ვიღაცას ეპატაჟური სტილი უხდება. მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან მომწონს სისადავე, ასევე მომწონს ეპატაჟურად ლამაზად ჩაცმული ადამიანი, ასე რომ, ამ კითხვაზე ერთი კონკრეტული პასუხი არ არსებობს.

  • როგორი იყო თეონა თავართქილაძის დაბადების დღე: ცეკვა, არველაძეების ტრადიციული გართობა და კადრები წვეულებიდან 

თეონასა და რეზის გაცნობის ისტორია

სიმართლე გითხრათ, არ დაიჯერებთ, მაგრამ არც ეგ მომენტი მახსოვს. ბავშვობაში ძალიან დიდი სამეგობრო წრე გვქონდა – ბევრი ბიჭი და გოგო ერთად ვმეგობრობდით. ამ ურთიერთობას ისიც აძლიერებდა, რომ არდადეგებსაც სულ ერთად ვატარებდით წყნეთსა თუ ბაკურიანში. თბილისშიც სულ ერთმანეთის ოჯახებში ვიკრიბებოდით - მაშინ სხვაგან სად უნდა წავსულიყავით?

ამიტომ, გაცნობის კონკრეტული მომენტი არ მახსენდება, სულ ვიცნობდი. თავიდან მეგობრობის გარდა სხვა რამეს ვერც კი წარმოვიდგენდი, რადგან რეზიკოს ჯერ ერთი ჩემი მეგობარი უყვარდა, მერე - მეორე. ამიტომ არასდროს არ წარმომედგინა ჩემი მეგობრობის გარდა არაფერი. არ ყოფილა ბევრი წელი და ასე გავიდა წლები და მერე, რაღაცნაირად, ეს ყველაფერი თავისთავად გადაიზარდა სიყვარულში.

რა თქმა უნდა, ტყუპები ჩემი ტოლები არიან, რეზი კი ჩვენზე ოთხი წლით უფროსია. მიუხედავად იმისა, რომ შოთი და აჩი ჩემი ასაკის იყვნენ, მაშინდელი გოგოები რატომღაც უფრო უფროსი ბიჭებისკენ ვიყურებოდით. ტყუპები ჩვენთვის "პატარებად" ითვლებოდნენ, ამიტომ უფრო რეზისთან და მის სამეგობროსთან ვკონტაქტობდით.

ერთი ამბავი მახსენდება: ერთხელ ავად ვიყავი, "ბოტკინი" მქონდა. რეზიკოსთან რაღაცაზე ნაჩხუბრები ვიყავით, მაგრამ მაინც მითხრა – მოვალ, უნდა გინახულო და „შუქნიშანი“ უნდა განახოო. ძალიან დამაინტერესა, სახლში მომსვლელი "შუქნიშანი" რა უნდა ყოფილიყო. მოვიდა და რას ვხედავ: აცვია მკვეთრი მწვანე შორტები, სახეზე სიყვითლე გადაჰკრავს და თავზე ალისფერი თმა აქვს. აი, ეს იყო მისი "შუქნიშანი". რეზიკოს სწორედ ასეთი, თავისებური იუმორი აქვს, რაც ჩვენს ოჯახურ ურთიერთობას დღემდე ძალიან ეხმარება და ნებისმიერ დაძაბულობას განმუხტავს.

მინიმუმ 32 წელია, რაც ერთად ვართ.

teona-tavartkiladze

  • ვის ჰგავს პატარა რეზი? თეონა თავართქილაძე პატარა რეზი არველაძის პირველ კადრებს გვიზიარებს 

თეონა ბებიის ამპლუაში

ეს არის რაღაც შიზოფრენიასთან მიახლოებული სიგიჟე. აი, მართლა არ მეგონა, თუ ასეთი რამე არსებობდა. სულ მესმოდა: "შვილიშვილი რომ გეყოლება, ნახავ", "შვილზე ტკბილია" – ამას არ ვეთანხმები, შვილი სხვა არის, მაგრამ ეს არის რაღაც დაუჯერებელი გრძნობა. ეს არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი შვილის შვილია. ეს არის პერსონალური, დაუჯერებელი სიყვარული აი ამ პატარა ადამიანის მიმართ. სოფია არის რაღაც სასწაული.

რეზი აღმოჩნდა საოცარი ბაბუა. ძალიან კარგი მამა იყო, მაგრამ ბაბუაა რაღაც განსაკუთრებული. აი, სულ სხვა განზომილებაა.

teona-tavartkiladze

შვილები

ჩემს ბიჭებთან მიმართებაში მე ვიყავი მკაცრი დედა. ახლა რომ ვუყურებ, მე ასე არ მახსოვს, მაგრამ ისინი მეუბნებიან: "დედა, შენ იყავი ძალიან მკაცრი", განსაკუთრებით სწავლასთან დაკავშირებით, რაღაც ჩარჩოები მქონდა.

დღეს ჩვენ ვართ ძალიან კარგი მეგობრები. მე ვფიქრობ, რომ შვილებთან მეგობრობა არის აუცილებელი. რატომ? იმიტომ, რომ შენ უნდა იცოდე ყველაფერი, რაც მათ ცხოვრებაში ხდება. არა იმიტომ, რომ აკონტროლო, არამედ იმიტომ, რომ საჭირო დროს გვერდში დაუდგე, დაიცვა ან სწორი მიმართულება მისცე.

იცით, რა აღმოვაჩინე? მას შემდეგ, რაც მათ შვილები შეეძინათ, მე ჩემი შვილები კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა. თითქოს ახალი თვალით დავინახე ისინი, როგორც მამები, როგორც შემდგარი ადამიანები. ეს არის საოცარი ჯაჭვი, რომელიც არასდროს წყდება