განსაკუთრებული სახელი, მამის მიერ შესრულებული პორტრეტი და ამბავი მშვენიერ ბალერინაზე: ლადო გუდიაშვილის ქალიშვილი, ჩუქურთმა გუდიაშვილი გარდაიცვალა - Marao

განსაკუთრებული სახელი, მამის მიერ შესრულებული პორტრეტი და ამბავი მშვენიერ ბალერინაზე: ლადო გუდიაშვილის ქალიშვილი, ჩუქურთმა გუდიაშვილი გარდაიცვალა

2026-04-28 14:34:01+04:00

ცნობილი ბალერინა და პედაგოგი, დიდი ქართველი მხატვრის, ლადო გუდიაშვილის ქალიშვილი - ჩუქურთმა გუდიაშვილი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვინ იყო ჩუქურთმა გუდიაშვილი

ჩუქურთმა გუდიაშვილის სახელი მის უჩვეულო ისტორიასთანაა დაკავშირებული, რომელიც ოჯახის ახლობლებისთვის კარგად არის ცნობილი. როგორც იხსენებენ, ლადო გუდიაშვილმა შვილისთვის სახელის შერჩევისას ლექსიკონი გამოიყენა - მან წიგნი შემთხვევით გადაშალა და თითი პირველივე სიტყვას დაადო, რომელიც "ჩუქურთმა" აღმოჩნდა. მხატვარს ეს სახელი იმდენად მოეწონა, რომ შვილს მთელი ცხოვრება განსაკუთრებული სითბოთი მიმართავდა: "შენ ჩემი ჩუქურთმა ხარო".

  • TOP 8 ქართველი ბალერინა - სილამაზისა და ნიჭის საოცარი სინთეზის ამბავი
chukurtma-gudiashvili
ფოტოზე: ჩუქურთმა გუდიაშვილი, იური გრიგოროვიჩი, მეუღლე - გურამ მელივა

ჩუქურთმა გუდიაშვილმა პროფესიად ბალეტი აირჩია. ის წლების განმავლობაში მოღვაწეობდა სცენაზე, მოგვიანებით კი აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა და საკუთარ გამოცდილებას მომავალ თაობებს გადასცემდა.

აღსანიშნავია, რომ შვილის პერსონა ლადო გუდიაშვილის შემოქმედების ნაწილიც გახდა - მხატვარმა შექმნა ჩუქურთმას პორტრეტი, რომელიც გუდიაშვილის შემოქმედების ერთ-ერთ გამორჩეულ ნამუშევრად ითვლება.

lado-gudiashvilis-shvili
  • "მე ოჯახზე ვარ შეყვარებული და ეს არ ნიშნავს მარტო მეუღლის სიყვარულს" - პრიმა ბალერინა ირმა ნიორაძის ოჯახი, სიყვარული და ამბავი სცენის მიღმა 

ჩუქურთმა გუდიაშვილის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული კულტურული საზოგადოებისთვის. ის იყო იმ დიდი ეპოქისა და ოჯახური ტრადიციების გამგრძელებელი, რომელმაც ქართულ ხელოვნებაში წარუშლელი კვალი დატოვა.

ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი დაიბადა თბილისში 1896 წლის 30 მარტს რკინიგზის მუშის ოჯახში. სწავლობდა თბილისში, კავკასიის ნატიფი ხელოვნების საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში.

1919–1926 წლებში პარიზში მეცადინეობდა რონსონის ე. წ. „თავისუფალ აკადემიაში“. მონაწილეობდა გამოფენებში პარიზში, ბელგიაში, ამერიკაში და სხვა. 1922 და 1925 წელს პერსონალური გამოფენები გამართა პარიზში. პრესა ფართოდ აშუქებდა მის შემოქმედებას. 1925 წელს პარიზში გამოვიდა წიგნი გუდიაშვილის შესახებ, მისი ნამუშევრები შეიძინეს კერძო კოლექციონერებმა, მადრიდის მუზეუმმა „პრადომ“.

lado-gudiashvili

1926–1932 წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიაში გუდიაშვილი ასწავლიდა მონუმენტურ-დეკორატიულ მხატვრობას, აქტიურად მუშაობდა როგორც ფერმწერი და გრაფიკოსი.

 1957 წელს თბილისში გაიმართა მისი ნაწარმოებების დიდი რეტროსპექტული გამოფენა, რომელსაც განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად . გუდიაშვილი ეკუთვნის ქართველ მხატვართა იმ თაობას, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული ხელოვნებაში ეროვნული ფორმის ძიება. გუდიაშვილისთვის მიუღებელი იყო აბსტრაქციონიზმის სხვადასხვა სახეები, კუბიზმი, მაგრამ მას იმთავითვე ჰქონდა მიდრეკილება დეკორაციულობისა და მახვილი ექსპრესიულობისადმი, რაშიაც იგი ეროვნულ თავისებურებათა გამოვლინებას ხედავდა. დიდი გავლენა მოახდინა მასზე ძველმა ქართულმა კედლის მხატვრობამ და მინიატურამ.