ქალი, რომელიც ამარცხებს ასაკს: თათული დოლიძის სიმშვიდის ფორმულა და გზა, რომელიც ბედისწერამ აირჩია - Marao

ქალი, რომელიც ამარცხებს ასაკს: თათული დოლიძის სიმშვიდის ფორმულა და გზა, რომელიც ბედისწერამ აირჩია

2026-05-05 15:52:50+04:00

მსახიობი თათული დოლიძე ტელეკომპანია "იმედის" გადაცემის, "ჩვენი ოჯახის" სტუმარი იყო. თათულიმ გადაცემაში მისის კარიერული გზა გაიხსენა.

თათული დოლიძის ინტერვიუ

"ხშირად მეკითხებიან - როგორ ახერხებთ, რომ მუდამ ასეთი მშვიდი ხართ და როგორ ინარჩუნებთ გარეგნობასო. სიმართლე გითხრათ, ამაზე არასდროს მიფიქრია. ალბათ, პირველ რიგში, ეს გენეტიკის დამსახურებაა, თუმცა არის კიდევ ერთი რამ: მე არასოდეს ვცდილობ ადამიანში უარყოფითი დავინახო. პირიქით, სულ ვცდილობ, თუ ვინმეს რამე შეეშალა, გავამართლო და მიზეზი ვეძებო, თუ რატომ მოხდა ეს. ჩვენ ხომ არ ვიცით სხვისი ცხოვრება, რა გადახდა თავს ან რატომ მოიქცა ასე.

  • ქალი, რომელიც ამარცხებს ასაკს - განუმეორებელი თათული დოლიძის ახალი ფოტოები

tatuli-dolidze

შური ჩემში საერთოდ არ არსებობს. თეატრშიც კი არასდროს მიფიქრია ამაზე, თუ რომელიმე როლზე არ დამამტკიცებდნენ. არასდროს არავინ შემიწუხებია და არ მითხოვია, რაიმე როლი მათამაშეთ-მეთქი. არც ჩუმი გულისწყვეტა მქონია, ბედს ვიყავი მინდობილი და სწორედ ასე გავხდი მსახიობი.

საერთოდ, მსახიობობაზე არასდროს მიოცნებია, ამიტომ ბედისწერის ძალიან მჯერა. ბავშვობაში სულ სხვა პროფესიებზე ვფიქრობდი. ძალიან მიყვარდა ხატვა და სამხატვრო სკოლაშიც კი ჩავაბარე, თუმცა მერე დედამ გამომიყვანა, რადგან გაკვეთილებს აღარ ვმეცადინეობდი. გული დამწყდა, მაგრამ ძალიან მორჩილი ბავშვი ვიყავი.

12 წლის ვიყავი, როდესაც სატელევიზიო ფილმ „მეტოქეებში“ გადამიღეს. გადაღების პროცესს ჩემზე არავითარი შთაბეჭდილება არ მოუხდენია და არც კი ვიცი, რატომ დავთანხმდი. ბავშვობაში სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობა უფრო მიტაცებდა. კარგ კლასში ვსწავლობდი, სადაც მათემატიკა გაძლიერებულად ისწავლებოდა, მე კი ამ კლასიდან გადასვლა მინდოდა, რადგან ხელოვნება უფრო მიზიდავდა“, - ამბობს თათული დოლიძე.

tatuli-dolidze

  • თათული დოლიძის ფოტოარქივი: როგორ იცვლებოდა ქვეყნის ყველაზე ლამაზი მსახიობი წლების მანძილზე და როგორია მისი განვლილი გზა 

თათული დოლიძეს ბიოგრაფია

თათული დოლიძე 1952 წელს დაიბადა თბილისში. ძვირფას მოგონებად შემორჩა ძველი სახლი და ერთ ჭერქვეშ თავმოყრილი მთელი ნათესაობა - ბიძები, მათი შვილები, დედა, მამა და სამი დედმამიშვილი. იმ წლებმა ერთმანეთის სიყვარულში ჩაიარა.

დამამთავრებელ კლასში მოსკოვში წასვლა და უნივერსიტეტში უცხო ენების ფაკულტეტზე ჩაბარება გადაწყვიტა. გამოცდებზე ქულა დააკლდა და თბილისში დაბრუნდა. ამ მარცხს თათული დიდად არ აუღელვებია, მაგრამ...მისი მეგობრები სტუდენტები გახდნენ და თათულის მომავალზე დედა ძალიან დარდობდა. დედის მეგობარმა, რომელიც თეატრალურ ინსტიტუტში მუშაობდა, თათულის სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარება შესთავაზა: თუ აღარ მოგინდება, საბუთები უნივერსიტეტში გადაიტანეო.

1972 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. რუსთაველის თეატრის მსახიობია 1973 წლიდან. აღსანიშნავი როლებია: ადელა („ბერნარდა ალბას სახლი“), გრუშე („კავკასიური ცარცის წრე“), ანო („როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“), გონერილი („მეფე ლირი“), დარეჯანი („კაცია ადამიანი“).