დედობაზე ბევრს წერენ, კიდევ უფრო მეტს გვირჩევენ, თუმცა, როცა საქმე საქმეზე მიდგება, ყველა დედა მაინც მარტო რჩება საკუთარ კითხვებთან და შიშებთან. გვანცა დარასელიას საკუთარ პოდკასტში ნინუცა ორჯონიკიძე და ანა კოშაძე ჰყავდა სტუმრად - მათ სწორედ ამ თემაზე ისაუბრეს:
ნინუცასთვის დედობა მუდმივი ძიებაა. მიუხედავად უამრავი წაკითხული წიგნისა, მან აღმოაჩინა, რომ ყველაზე სანდო მრჩეველი საკუთარი ინტუიციაა.
"კარგი დედა ვარ? - ეს არის კითხვა, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება. ერთადერთი, რაც ყოველთვის ვიცოდი, მინდოდა, რომ მყოლოდა შვილი. ყველაზე ბედნიერი ვიყავი, როცა შვილი გავაჩინე და მაგ დღის მერე სულ შფოთვაა - მივეცი თუ არა საკმარისი სითბო, გაიგო თუ ვერ გაიგო.
არავის არ აქვს ინსტრუქცია დედობაზე. უამრავი წიგნი მაქვს და უამრავი რჩევა მოსმენილი, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ვისწავლე, რომ ჩემს სხეულს ვენდო. ვგრძნობ, რა უნდა ვუთხრა და ვფიქრობ, რომ გულწრფელობაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის შვილთან ურთიერთობისას. მარტივად უნდა ავუხსნა ყველაფერი, რა ხდება ჩემში, რატომ მოვიქეცი მსგავსად, რატომ ვერ დავუთმე დრო, რატომ ვმუშაობ ამდენს, რატომ არის ეს პროცესები, როგორ ვუყურებ მე.
სულ ვცდილობ, მე რაც არ მქონდა, ის ყველაფერი მივცე მას. მე მაინც იმ გარემოში გავიზარდე, სადაც მითხრეს, რა და ვინ უნდა ვყოფილიყავი და ბევრი წელი ვიცხოვრე ასე, თუ როგორი წარმოდგენა ჰქონდათ სხვა ადამიანებს ჩემთან მიმართებით. ჩემს შვილს რაც მინდა მივცე, არის ის, რომ ჰქონდეს შინაგანი თავისუფლება, რომელიც მგონია მე ჩამიხშეს ბევრი წლის წინ. ახლა რასაც ვუყურებ, რომ მოტრიალდება და სითამამით, სილაღით შეუძლია საკუთარი აზრის დაფიქსირება და მერე ამის გატანა, ვჯდები და ვწყნარდები. ეს ის უნარია, რაც ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი", - ამბობს ნინუცა ორჯონიკიძე.

ანასთვის, რომლის შვილებიც უკვე გაიზარდნენ, დედობა ახალ, მეგობრულ ეტაპზე გადავიდა. ის ღიად საუბრობს იმ შიშებზე, რაც შვილების აღზრდას ახლავს.
"გოგოებთან აღარ არის სირთულეები. მაშო 18 წლის გახდა, ტასო კი 15-ის. უკვე ძალიან ვმეგობრობთ, მშობლის და შვილის ურთიერთობის ზღვარი ნელ-ნელა იშლება, თუმცა მე არ ვარ მომხრე, რომ მშობელი სრულად გახდეს მეგობარი და ჩაუნაცვლოს ისინი, მაგრამ ძალიან გულწრფელი, მარტივი და ლაღი ურთიერთობა ჩამოყალიბდა.
საკმაოდ რთული პერიოდები და ხასიათები გამოვიარეთ. ჰქონდათ მომენტი, როცა ნაკლებ ინფორმაციას აზიარებდნენ, ახლა კი გაზიარების მომენტები აქვთ და რილსებს და ვიდეოებსაც მიგზავნიან, ეს ვიდეოები კი ძირითადად მე მეხება.
ნელ-ნელა პედანტად ჩამოვყალიბდი, როგორც ჩანს, მაგრამ ჩემს თავთან არ ვაღიარებ. სულ მაქვს გრძნობა, რა ვატკინე და რა დავაშავე მათი აღზრდის პერიოდში. მე რა ტრავმებიც მომაყენეს, ვცდილობ ჩემს შვილებს არ გადავცე, მაგრამ ახალი პრობლემები ჩნდება. ვცდილობ ვაგრძნობინო და სიტყვიერადაც მითქვამს, რომ რაც არ უნდა პრობლემის წინაშე დადგნენ, სულ რომ ადამიანი შემოაკვდეთ - ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს შვილის ცხოვრებაში - მინდა იცოდნენ, რომ აქ ვარ. გავბრაზდები, მეწყინება, შესაძლოა ვიჩხუბო, მაგრამ იცოდნენ, რომ მიყვარს.

ადრე დავოჯახდი და ამ თემასაც განვიხილავთ. არასდროს არ ვეუბნები, რომ არ გააკეთონ რაიმე, მაგრამ ვცდილობ დავანახო ის სირთულეები და ის რაღაცები, რაც დააკლდებათ ამ ნაბიჯის შემთხვევაში და ის, რომ ცოტა უფრო თავისუფალი გახდა საზოგადოება და გათხოვების გარეშე შეუძლიათ დატკბნენ და ისიამოვნონ ცხოვრებით.
გამოცდილებაც საჭიროა და ჩემს შვილებსაც ვეუბნები, რომ პირველივე შეყვარებულს არ უნდა გაჰყვნენ ცოლად. ძალიან მიხარია და ვიტყვი, რომ მაშო სასწავლებლად მიდის გერმანიაში. ძალიან მიხარია და ეს კიდევ სხვა გამოცდილებაა. მე არ მაქვს საზღვარგარეთ სწავლის გამოცდილება და მგონია, რომ ბევრ რამეს მოვაკლდი. მე არ მითქვამს მისთვის, მგონია, რომ ადამიანი თუ მზად არ არის, რომ საზღვარგარეთ იცხოვროს, შეიძლება ძალიან დიდი ფსიქოემოციური პრობლემები შეუქმნა. ტასოსთვისაც მითქვამს, არ აქვს მნიშვნელობა, მაშო მიდის თუ არა საზღვარგარეთ, ეს თავად უნდა გადაწყვიტოს, რადგან ტასოს უფრო აქვს სახლთან მიჯაჭვულობის გრძნობა," - ამბობს ანა კოშაძე