ლელა მებურიშვილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობია საქართველოში. ის ამჟამად მეუღლესთან და შვილებთან ერთად დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. ლელა სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევა და გამომწერებს მუდმივად უზიარებს მისი ცხოვრების დეტალებს. ამჯერად მან ახალი ნაბიჯი გადადგა და ეს სიახლე სოციალურ ქსელში გააზიარა.
"ერთი ძალიან საინტერესო და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მინდა გაგიზიაროთ. დიდ ხანს ვფიქრობდი, გადამედგა თუ არა ეს ნაბიჯი და... უკვე მგონია, რომ ახლა მოვიკრიბე ძალა.
როცა საინტერესო ადამიანებს ვხვდები, ამ საოცარ ადგილებს, სადაც მოვხვდები ხოლმე, ერთი ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ თქვენც გაგიზიაროთ როგორმე, სხვებსაც ვაჩვენო ეს ადგილი და აი მგონი საბოლოოდ მოვიკრიბე საკმარისი სიმამაცე და ვიწყებ ჩემს ახალ იუთუბ არხს.
გპირდებით, რომ ვეცდები ძალიან საინტერესო მოგზაურობები გაჩვენოთ, ისტორიები, საინტერესო ადამიანები გაგაცნოთ, ასე რომ გამოიწერეთ ჩემი ახალი არხი იუთუბზე და მოდი ერთად ვიმოგზაუროთ.
წინ ძალიან ბევრი საინტერესო ეპიზოდი გელოდებათ. მე მინდა, რომ ეს იყოს ჩვენი საერთო მოგზაურობა სხვადასხვა საინტერესო ადგილებში. აი ახლა ვარ ნიდერლანდებში, ჰოლანდიაში, ამ ყვავილების ულამაზეს მინდორში და ამაზეც თუ გაინტერესებთ, აუცილებლად მოგიყვებით.
ეს მოგზაურობა მხოლოდ თქვენთან ერთადაა შესაძლებელი. მინდა ეს არხი იყოს ჩვენი საერთო სივრცე სადაც ერთად ავირჩევთ ადგილებს, რომლებსაც დავათვალიერებთ, ადამიანებს, რომლებსაც უფრო ახლოს გავიცნობთ და თემებს, რომლებზეც ვისაუბრებთ" - ამბობს ლელა.

ლელა დაიბადა 1983 წლის 22 სექტემბერს. ფართო აუდიტორიამ იგი ტელევიზიიდან გაიცნო და შეიყვარა. "შუა ქალაქში" შესრულებული „თიკას" როლის შემდეგ იგი „დეტექტივად” მოგვევლინა. ხოლო ამის შემდეგ იგი გამოჩნდა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში".
„ჩემი მეგობრები იხსენებენ, რომ ბავშვობაში სულ იგონებდი რაღაცასო. სკოლაში ტირილს დაიწყებდი, ვითომ შენი ძმა ცუდად გახდა, მერე გაგათავისუფლებდნენ და ასე იპარებოდი სკოლიდანო.
მახსოვს, რომ ყოველდღე ჩემი ძმა იგონებდა, რომ ვითომ თავი ან ფეხი სტკიოდა. ჩვენ ჩავდიოდით ექიმთან, რომელსაც ვთხოვდი, ჩემს ძმას მარტო ვერ გავუშვებ-მეთქი, ამიტომ მეც თან მივყვებოდი", - იხსენებდა ლელა მებურიშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ ლელა მებურიშვილი ფართო საზოგადოებამ ტელესერიალებით გაიცნო, მას არაერთი საინტერესო და და დასამახსოვრებელი როლი აქვს შექმნილი თეატრის სცენაზეც - ლელა წლების მანძილზე იყო მარჯანიშვილის თეატრის დასის წევრი. მან მონაწილეობა მიიღო სპექტაკლებში "ფიგაროს ქორწინება“, "კაცები", "კრეიცერის სონატა", "დანაშაული და სასჯელი", "სიყვარულის სუბლიმაცია", "თოვლის დედოფალი", "ჰაჯი-მურატი" და სხვ.
ბოლო რამდენიმე წელია, ლელა მებურიშვილი ოჯახთან ერთად ლონდონში ცხოვრობს. აქტიური სამსახიობო კარიერიდან მან კამერის მიღმა გადაინაცვლა და რეჟისორის პროფესიას დაეუფლა. "რამდენიმე თვის წინ ლონდონში დავიცავი მაგისტრის დიპლომი და გადავიღე ფილმი. საკმაოდ რთული, მაგრამ ამავდროულად ძალიან საინტერესო პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში", - წერდა ლელა.