ადვილი მისახვედრია, რატომ გახდა ჯენიფერ ენისტონი ნამდვილი მისაბაძის მაგალითი. სერიალ "მეგობრების" ვარსკვლავი არა მხოლოდ ნიჭიერი მსახიობია, არამედ თავის დროზე ისეთი ვარცხნილობის დამკვიდრებითაც გაითქვა სახელი, როგორიცაა "რეიჩელი" - პოპ-კულტურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტილი. სერიალის შემდეგ მისი გარეგნული ცვლილებები ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო და ენისტონიც მუდმივად ახერხებდა იდეალური იმიჯის შენარჩუნებას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მას ბუნებრიობაც ძალიან უყვარს, რაც განსაკუთრებით 2014 წელს, ფილმ „ნამცხვარზე“ მუშაობისას გამოჩნდა. როგორც მსახიობმა აღნიშნა, მას ძალიან მოეწონა ის ფაქტი, რომ გადაღებებზე მაკიაჟის გარეშე უწევდა ყოფნა. მისი თქმით, ეს იყო საოცრად სასიამოვნო და გამათავისუფლებელი გამოცდილება - მაკიაჟის სკამზე ჯდომა მხოლოდ ნაწიბურების დასახატად უწევდა.
ფილმში ენისტონი ბუნებრივი სახით წარსდგა. მისი პერსონაჟი ქრონიკულ ტკივილსა და დიდ დანაკარგს ებრძოდა, ამიტომ მაკიაჟზე უარის თქმა ძალიან ზუსტი და ლოგიკური არჩევანი იყო. ეს როლი რადიკალურად განსხვავდებოდა მისი სხვა პერსონაჟებისგან და მსახიობის ეს გაბედული ნაბიჯი არც კრიტიკოსებს გამორჩენიათ. ამ შესრულებისთვის ენისტონმა "ოქროს გლობუსისა" და კინომსახიობთა გილდიის ნომინაციებიც კი დაიმსახურა.

მსახიობის თავის მოვლის რუტინა
ჯენიფერი თავის თავზე ზრუნვის საკითხში ძალიან უშუალოა. ფილმ "ნამცხვრის" პერსონაჟის მსგავსად, ის რეალურ ცხოვრებაშიც სიმარტივეს ანიჭებს უპირატესობას და მაკიაჟს მინიმალურად იყენებს. 2025 წელს Harper's Bazaar UK-სთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ მისი ჩანთის მუდმივი ბინადრები მხოლოდ საბაზისო ნივთებია - მზისგან დამცავი კრემი, ტუჩის ფანქარი, წამწამების ასაპრეხი და ტუჩის ბალზამი.
მიუხედავად იმისა, რომ კოსმეტიკას იშვიათად იყენებს, კანის მოვლის მიმართ მაინც "მაქსიმალისტური" მიდგომა აქვს. როგორც People-სთან ინტერვიუში თქვა, ის არ იშურებს დროსა და ენერგიას სხვადასხვა პროცედურებისთვის, იქნება ეს ლაზერი თუ სახის ღრმა მოვლა. ეს არის მისი ე.წ. მაკიაჟში - მინიმუმი, მოვლაში - მაქსიმუმი.

რაც შეეხება პლასტიკურ ქირურგიას, ჯენიფერს ამაზე საკუთარი შეხედულება აქვს. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში რამდენიმე პროცედურა ჩაუტარებია, ამჟამად ბოტოქსზე უარი თქვა და ბუნებრივ იერს ინარჩუნებს. მართალია, ლაზერული მკურნალობა მარტივი რუტინა ნამდვილად არ არის, მაგრამ ენისტონს ურჩევნია ახლა იზრუნოს კანის ხარისხზე, რათა მოგვიანებით სქელი მაკიაჟის ქვეშ დამალვა აღარ დასჭირდეს. ეს ის მიდგომაა, რომელიც ჩვენც ძალიან მოგვწონს.
წყარო: glam.com