"სცენის დატოვება მომიწია, რადგან აღთქმა დავდე - არ შემეძლო დამერღვია" - თეა დარჩიას ვრცელი ინტერვიუ მეუღლეზე, შვილებსა და რთულ პერიოდზე - Marao

"სცენის დატოვება მომიწია, რადგან აღთქმა დავდე - არ შემეძლო დამერღვია" - თეა დარჩიას ვრცელი ინტერვიუ მეუღლეზე, შვილებსა და რთულ პერიოდზე

2026-05-18 10:08:12+04:00

მოცეკვავე თეა დარჩია ეკა ჩხეიძის გადაცემის "პირველი სტუდიის" სტუმარი იყო. თეა დარჩიამ ინტერვიუში ისაუბრა განვლილ გზაზე, ოჯახზე, შვილებსა და პროფესიაზე: 

თეა დარჩიას ინტერვიუ

  • მეუღლე

ვთვლი, რომ მყავს წმინდანი მეუღლე, საოცარი ადამიანი, რომლის გარეშეც მე, მე არ ვიქნებოდი არცერთ ვერსიაში. არც ოთხი შვილი მეყოლებოდა და არც ოჯახი მექნებოდა. ამ ადამიანმა საკუთარი თავი წაშალა და მთლიანად მოგვიძღვნა მე და ოჯახს

გუჯა ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო, არის და იქნება. უბრალოდ მე დავინახე მასში ადამიანი, რომელიც შეძლებდა ყოფილიყო ჩემი ქმარი. არ ვარ მარტივი ადამიანი, ფანატიკურად ვარ შეყვარებული პროფესიაზე. მე ვერ დავთმობდი პროფესიას მეუღლის გამო, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს გამომიცხადებდა - აღარ იცეკვო - და ალბათ ოჯახი დღემდე არ მექნებოდა. ეს ყველაფერი მისი დამსახურებაა - კარგი შვილებიც და ოჯახიც.

  • "დამძიმდა წუთისოფელი... დამძიმდა ჩვენი ნეგატივით, უსიყვარულობით, გაუტანლობით, უპატიებლობით, უსამართლობით, ულმობლობით" - თეა დარჩიას მიმართვა 

tea-darchia

  • შვილები

შვილი სულ რომ ფეხთან გამოკერებული გყავდეს, მაინც რაღაცას აკლებ. ერთ მშვენიერ დღეს მოგზაურობიდან ჩამოდიხარ, ტირის ბავშვი, გინდა, რომ ყველაფერი მისცე, მაგრამ ის გეუბნება, რომ მამა უნდა. ეს, რომ მითხრა, იქ მოვკვდი, გავსკდი ტირილით, მაგრამ რას იზამ.

მირიანი 6 თვის იყო, როცა დავტოვე და როცა ჩამოვედი, მეუბნება, დედა უნდა გაჩვენოო და ჩემს საკუთარ ფოტოსთან მიმიყვანა. ძალიან რთულია, ბევრი სტრესია, არ არის მარტივი, როდესაც გინდა კარგი დედაც იყო და პროფესიონალიც, მაგრამ შემდეგ ეს ყველაფერი შენზე გადმოდის. თავიდან ჩემს გოგოებსაც ჰქონდათ ცეკვის პროტესტი. ჩემი შვილები დღემდე მეუბნებიან, რომ შენი საქმე უფრო გიყვარს, ვიდრე ჩვენო. 

  • ცნობილი ქართველი ქალები, რომლებსაც 4 და მეტი შვილი ჰყავთ 

tea-darchia

  • ბებიის ამპლუაში

ბებიობა ცალკე თემაა, რადგან მე ბებიობის ასაკში გავაჩინე ბოლო ორი შვილი, ახლა - ბებო გენაცვალოს, დედა გენაცვალოს - ამბავში ვარ. ვერც დედობამ და ბებიობამ შემცვალა, მაგრამ ბავშვი ხელში რომ მიჭირავს, თითქოს სიარული მავიწყდება. რაღაც სასწაული გრძნობაა, როცა პატარას უყურებ. მარიამის ფეხმძიმობა და მშობიარობაც ისე განვიცადე, გეგონება მეხუთე შვილი გავაჩინე. კვირაში ერთი დღე მაქვს, როცა გავრბივარ და ვეფერები, ისიც ფეხების და ხელების კანკალით, რომ რაიმე არ ვატკინო. მარიამი აღმოჩნდა გადარეული და უნიკალური დედა. ის, რაც მე მარიამს დავაკელი თავის დროზე, ყველაფერს კუბ ხარისხში აყვანილს დებს თავის შვილში. 

  • მარიამი

შვილზე ეჭვიანობა - ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ იყო მომენტი, როცა მარიამის მშურდა. იმას ცეკვავდა, რაზეც ვოცნებობდი, რომ მე მეცეკვა. იმას ცეკვავას, რაც ჩემი ჰაერია. მარიამს როცა ვუყურებ, ვიკმაყოფილებ დანაკლისს, რომელსაც ახლა ვეღარ ვცეკვავ. როცა ვუყურებ, ისე მსიამოვნებს, მგონია, რომ მოლეკულურ დონეზე იქ ვარ და ეს სერიოზულ კომპენსაციას აკეთებს.

mariam-matiashvili

  • რთული პერიოდი

სცენის დატოვება მომიწია, რადგან აღთქმა დავდე. არ შემეძლო დამერღვია, რადგან მეოთხე შვილზე როდესაც დავფეხმძიმდი, მე-12 კვირაზე მითხრეს, რომ ბავშვს დაუნის სინდრომი ჰქონდა. ერთი კვირა გავშეშდი, გავძეგლდი, ცრემლიც აღარ მდიოდა, არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. ერთი, რაც ვიცოდი, რომ ბავშვი აუცილებლად უნდა გაჩენილიყო.

9 თვის განმავლობაში გარშემო მეუბნებოდნენ - რა ძალა გედგა, სამი ჯანმრთელი შვილი გყავს, რად გინდოდა, პრობლემა ძალით რატომ აიკიდე - რაღაც პერიოდი დავმშვიდდი, ყველა ანალიზი და გერმანიის პასუხითაც 80% დაუნის სინდრომი იყო, მაგრამ 20%-ზე არაფერს არ ამბობდნენ. ამ დროს გულში ვთქვი - "ღმერთო, ოღონდ ყველაფერი კარგად იყოს და რაც ყველაზე ძალიან მიყვარს ცხოვრებაში, იმას დავთმობ. ნება შენი იყოს და ჩემი მხრიდან მე ყველაზე ძვირფასს დავთმობ".

გაჩნდა 4 600 გრამი გაბრიელი. აბსოლუტურად ჯანმრთელი და როგორც კი ცოტა წამოვჩიტე, გავიქეცი იმ ექიმთან, ვინც პირველმა მითხრა დაუნის სინდრომის საშიშროებაზე. ბავშვით ხელში მივდივარ და იქ ექიმებმა მითხრეს, რომ ეს ბიჭი გარდაიცვალა, რომელმაც ექოსკოპიაზე მითხრა ეს ყველაფერი, ახალგაზრდა ბიჭი იყო. დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა.