მსახიობი და საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა სამედიცინო გადაცემა "მედგიდის" სტუმარი იყო. მაკამ გადაცემაში დედობაზე, შვილებსა და ოჯახზე ისაუბრა:

მაკა ჩიჩუა უფროს ვაჟზე
როდესაც თემოზე ორსულობა შევიტყვე, ექოსკოპიაზე კვირაში შვიდი დღე დავდიოდი. ამას დიდი ინტერესითა და სიხარულით ვაკეთებდი, რადგან მუცელში სულ პაწაწინა არსებას ვხედავდი. მოგვიანებით უკვე მისი გულისცემაც მესმოდა, რაც ჩემთვის უბედნიერესი მომენტი იყო; მსურდა, ჩემი შვილი მუცლიდანვე კარგად გამეცნო. გენეტიკური ანალიზი არ გამიკეთებია, რადგან არც კისრის ნაოჭი და არც ცხვირის ძგიდე საეჭვო არ ყოფილა. მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი წესრიგში იყო. ნაყოფი ფანტასტიკურად ვითარდებოდა და თემო მართლაც ფანტასტიკური ბიჭია.
სიმართლე ითქვას, მიხარია კიდეც, რომ ორსულობისას ამის შესახებ არ ვიცოდი. ეს ჩემთვის ზედმეტი სტრესი იქნებოდა; სულ იმის განცდაში ვიქნებოდი, თუ რა იქნებოდა მომავალში და როგორ უნდა მემართა ეს მდგომარეობა. თუმცა, რომც მცოდნოდა, მაინც არაფერს შევცვლიდი.
პირველადვე, როგორც კი დავინახე, ეჭვი გამიჩნდა. თავიდან ამაზე არავინ ფიქრობდა, რადგან ამ ბავშვებისთვის დამახასიათებელი გამოკვეთილი გარეგნობა მას არ ჰქონდა. გენეტიკური ანალიზი გერმანიაში გავაგზავნეთ, კვლევას კი დრო სჭირდებოდა, ამიტომ საავადმყოფოდან მანამდე გამოგვწერეს. ყველა ამბობდა, რომ ბავშვი ძალიან ჰგავდა მამას, მასაც მართლაც განსხვავებული, დამახასიათებელი გარეგნობა აქვს. მოგვიანებით ჩემი ეჭვი საჯაროდ ვთქვი და პედიატრიც დამეთანხმა. საბოლოოდ, კვლევით დადასტურდა, რომ მას კლასიკური ტრისომია აქვს, ერთი დამატებული, საყვარელი ქრომოსომით.
თავდაპირველი შფოთვა ძალიან მალე დასრულდა, რადგან მალევე ვისწავლე მდგომარეობის მართვა და მივყვებოდი არსებულ პროტოკოლს. იმ პერიოდში გიორგი პრეზიდენტი იყო და მეც მივმართავდი მშობლებს, რომ საკუთარი შვილები საზოგადოების წინაშე თამამად წარედგინათ.
ეს ზედმეტი ქრომოსომა სხვადასხვანაირად ვლინდება. ამ ბავშვების 80%-ს გულის მანკი აწუხებს, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ასე არ ყოფილა. პრობლემურია მხედველობა და სმენაც, რის გამოც ვშფოთავდი, მაგრამ რადგან ამ ყველაფრის მართვა შესაძლებელია, პროცესი შედარებით მარტივდება. თემოს შემთხვევაში გაგვიმართლა და მშვიდად მივყვებით განვითარების გზას.
გამოწვევა გვქონდა ღეჭვასთან დაკავშირებით, რის გამოც სპეციალისტთანაც დავდიოდით; ეს საკითხი დღემდე აქტუალურია. სულ რამდენიმე დღის იყო, როცა რძე გადასცდა და გაშავდა, ხელში მაკვდებოდა. ასეთ დროს არ ვიბნევი: სწრაფად გადავატრიალე, ზურგზე მასაჟი გავუკეთე და ექიმს დავურეკე. მალევე მოსულიერდა.