ქართველი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი. ჟურნალ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი უკვე არაერთი წელია, პოლიტიკურად აქტიური ფიგურაა. მისი ქარიზმა და ენერგია ხშირად გამხდარა განხილვის საგანი პოლიტიკურ წრეებში - ამ ფაქტებისა და მისი ბიოგრაფიული დეტალების მოძიება მარტივია, თუმცა საზოგადოებამ ნაკლებად იცის ამბები მისი ბავშვობიდან, წარსულიდან - ამბები, რომელთა შესახებაც ის თითქმის არასდროს საუბრობს.
ანა ტყებუჩავას პოდკასტში "V ელემენტი" თამარ ჩერგოლეიშვილმა მშობლებსა და ოჯახზე, მეუღლესა და შვილებზე ისაუბრა.

- ახალგაზრდა მშობლები მყავდა, მამაჩემი 20 წლისაც არ იყო მე რომ გავჩნდი. მზრდიდა ბებიაჩემი, ოღონდ ჩემი მშობლების აქტიური ჩართულობით. ჩემთვის ყველაზე მეტად განსაზღვრავს ახალგაზრდა მშობლები - მამა რომ მაკითხავდა სკოლაში, უცნობებს ჩემი ძმა ეგონათ.
ბავშვობაში ჩემი საქციელების გაკონტროლება უფრო რთული იყო. შეიძლება, მომბეზრებოდა, რას ლაპარაკობდა მასწავლებელი და ზურგით შევტრიალებულიყავი. მამაჩემისგან უფრო მქონდა სიმყარე - შენ შეგიძლია ეს აკეთოო - ერთადერთი შენიშვნა, რასაც მამა მაძლევდა, ჩემს ცოლს ნუ ანერვიულებო. დედაჩემი სკოლაში მშობელთა კრებაზე რომ მიდიოდა, სულ მეუბნებოდა, ბიჭების მშობლები მშვიდად სხედან, არაფერს ეუბნება მასწავლებელი, შენზე საყვედურებს მეუბნებიან, მოუსმინე მასწავლებელს, რა დაგემართაო. ამას არავის მიმართ არ ვაკეთებდი გამიზნულად, მასწავლებლების საწინააღმდეგო არაფერი მქონდა, უბრალოდ ჩემი სამყარო მქონდა.
ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, სწორ სისტემაში გავზიარდე, ანტისაბჭოთა ოჯახში, მუსიკას უსმენდნენ კარგს, სწორი შეხედულებები ჰქონდათ, კარგი შრომის ეთიკა ჰქონდათ - ოჯახში ყველა მუშაობდა. არასდროს ისმოდა ხოლმე კითხვები იმის შესახებ, თუ ვისი ჯერია, რომ რაიმე გააკეთოს ამ ციხესიმაგრისთვის, რასაც ჩვენი ოჯახი ჰქვია.

დედაჩემთან უფრო ახლოს ვიყავი, მაგრამ მამაჩემი აღიარება იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ბევრი საერთო ინტერესი გვქონდა. დედა გენდერულ როლებს უფრო მარტივად ეგუება, რაც იმას ნიშნავს, რომ მუშაობს, აქვს მაღალი შემოსავალი, სულ შრომობს, მაგრამ რაც სტერეოტიპულად ქალის საკეთებელია, ამასაც იდეალურად აკეთებს. მე ამ როლებს უარვყოფდი, უფრო სხვა რაღაცები მაინტერესებდა, მერჩივნა რომანის ლიტერატურული ანალიზი გამეკეთებინა, ვიდრე - სადილი.
- უცნაურად გავთხოვდი, ალბათ, არც გავთხოვდებოდი, რომ არა სტერეოტიპები. ადრე არ გავთხოვილვარ, არც მაშინ მიმაჩნდა ეს განვითარების ნიშნად, უბრალოდ რაღაცებს ვერ დაგეგმავ.
ვიქორწინე, ოღონდ ეს ქორწინება ძალიან პირობითი იყო - არც ჯვარი დაგვიწერია, არც ხელი მოგვიწერია - ვთქვით, რომ ასე უნდა ყოფილიყო. ბავშვის გაჩენა ჩემს გეგმებში პირველ ათეულშიც არ იყო, მაგრამ სამსახურში ჩემმა უფროსმა მითხრა, შენ ორსულად ხომ არ ხარო. ვიუარე, მაგრამ ამეკვიატა ეს ფიქრი და მაინც გადავამოწმე. 1996 წელი იყო, 21 წლის ვიყავი, მქონდა სამსახური, შემოსავალი, სასწავლებლად მინდოდა წასვლა. ლადო კახაძესთან ვიყავი ექოსკოპიის გასაკეთებლად, ვხუმრობდი, ადრეული მენოპაუზა ხომ არ დამეწყო-მეთქი. მითხრა, რომ ვიყავი ორსულად. დარწმუნებული ვიყავი, რომ აბორტი უნდა გამეკეთებინა, დედაჩემსაც ველაპარაკე, მაგრამ რომ დავფიქრდი, აღარ მომეწონა ეს აზრი და გაჩნდა კატო.

მალევე დავშორდით მე და კატოს მამა, ძალიან ჩართული და აქტიური მამაა. მეც არაჩვეულებრივ ურთიერთობას ვინარჩუნებ, ახლობელი ადამიანია ჩემთვის, ბევრ რამეზე ვერასდროს შევთანხმდებით, მაგრამ ჩვენ ერთად ხომ არ ვცხოვრობთ. რომ ვიქორწინე, მაშინაც ვიცოდი, რომ ეს დროებითი თავგადასავალი იყო, ეჭვი მაქვს, მანაც იცოდა. 21 წლის რომ იქორწინებ, 30 წლისასაც იგივე ადამიანი მოგწონდეს, მაშინვე წარმოუდგენელი იყო ჩემთვის მაგრამ დღემდე ძვირფასია ჩემთვის.
მე და კატომ ბევრი ვიმოგზაურეთ - უფრო თანამგზავრად აღვიქვამდი. ადამიანი რით ამტკიცებს, რომ მაგარია? 90-იან წლებში, როცა გაჭირვება იყო, მე მომინდა დამემტკიცებინა ჩემი შვილისთვის, რომ მას ეს გაჭირვება არ შეეხებოდა და ეს მიზანი დავისახე.
- რომ დავქორწინდით პირველი თხოვნა ეს იყო - მაგრამ ვერასდროს გავითვალისწინე. კვარიათიდან მოვდიოდით, ჩემი მანქანით ვიყავით და გიგა დაჯდა საჭესთან. გვირაბში უნდა შევსულიყავით და ვიდექით რიგში. ვიღაც ცუდად ჩაჭრას ცდილობდა, თავი გავყავი და ვუთხარი, რა გგონია, შენზე სულელი ვარ თუ შენზე ნაკლებად მეჩქარება-მეთქი. გიგამ ხელი მომკიდა და მთხოვა, პირობა მომეცი, ჩხუბი ჩემი პრეროგატივა იქნებაო.
მე და გიგა 1997 წლიდან ვმეგობრობთ და კატოსთან შეხებაც ჰქონია. როცა გიგაზე ვუთხარი, კატო 9-10 წლის იყო, მკითხა, მამაჩემი ისევ მამაჩემი იქნებაო? ერთმანეთი ძალიან უყვართ და ძალიან მეგობრობენ. მე ვიქნები თუ არ ვიქნები - გიგა კატოსთან მაინც იქნება. მამა არ ჩაუნაცვლებია, უბრალოდ ერთმანეთის მნიშვნელოვანი თანამგზავრები გახდნენ.

როცა მე და გიგამ ვიქორწინეთ, ის უკვე იყო საჯარო პირი, მე - არა, ამიტომ, პირველმა სამმა წემა მშვიდად ჩაიარა. როცა დავქორწინდით, თავიდან გიგას სახლში ვცხოვრობდით გერგეტის ქუჩაზე. სახლში რომ მივდიოდი, სულ წერილები მხვდებოდა - გიგას თაყვანისმცემელი ტოვებდა.
ხშირად ვკამათობთ, ოღონდ რაზე - გაუგებარია, იმიტომ, რომ ერთნაირი ღირებულებები გვაქვს. გიგას ძალიან უყვარს კამათი, მე რომ იდეით მივდივარ, ის იძახის არას და მერე მე უნდა დავარწმუნო. ორივე ძალიან ჯიუტები ვართ, მაგრამ ის უფრო საშიშია.
რომ დავქორწინდით პირველი თხოვნა ეს იყო - მაგრამ ვერასდროს გავითვალისწინე. კვარიათიდან მოვდიოდით, ჩემი მანქანით ვიყავით და გიგა დაჯდა საჭესთან. გვირაბში უნდა შევსულიყავით და ვიდექით რიგში. ვიღაც ცუდად ჩაჭრას ცდილობდა, თავი გავყავი და ვუთხარი, რა გგონია, შენზე სულელი ვარ თუ შენზე ნაკლებად მეჩქარება-მეთქი. გიგამ ხელი მომკიდა და მთხოვა, პირობა მომეცი, ჩხუბი ჩემი პრეროგატივა იქნებაო.

ნანა ალექსანდრია, ჩემი დედამთილი, დიდებული ურთიერთობა მაქვს, ძალიან პატივსაცემი ქალია ჩემთვის, ნიჭიერ ადამიანებს დიდ პატივს ვცემ, როცა ადამიანმა ერთი საქმე ამოარჩია და ამ საქმეში ასეთი მაგარი იყო, ჩემში დიდ აღფრთოვანებას იწვევს.