დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით იმ ცნობილი ქართველი ქალების შესახებ, რომლებმაც დედობის საოცარი გამოცდილება 40 წლის შემდეგ ხელახლა ან პირველად აღმოაჩინეს.
ნანუკა გულუამ რჩეულზე, კახა კაშიაზე, 2021 წელს იქორწინა. როგორც თავად ამბობდა, მათი ქორწინება მოულოდნელად გადაწყდა და ამაში დიდი წვლილი ოჯახის წევრებსაც მიუძღვით. ნანუკასა და კახას სამი შვილი - ნინა, ირაკლი და კირა ჰყავთ. ნანუკა ხშირად აღნიშნავს, რომ მის ასაკში დედობა კიდევ უფრო განსაკუთრებული გრძნობაა. მისი თქმით, ორი შვილის ყოლა გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა მზადაა, რამდენი შანსიც მიეცემა, იმდენჯერ გახდეს დედა. მსახიობი ცოტა ხნის წინ ხუმრობდა კიდეც, რომ მოსწონს, როცა ორსულობის დროს მასზე განსაკუთრებულად ზრუნავენ და მეოთხე შვილის ყოლაზეც დაფიქრდება.

ტელეწამყვანი ნინო თოლორდავა და ბიზნესმენი გიორგი დავითაია, ცოტა ხნის წინ, სუროგაციის გზით ვაჟის, თადა-ერეკლეს მშობლები გახდნენ.
"როცა პირველად დედა გავხდი, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ბევრ რამეს ვერ ვაცნობიერებდი, ამიტომ ჩვენ ერთად ვსწავლობდით და ვვითარდებოდით. დღეს, როცა ერთდროულად დედაც ვარ და ბებიაც, სამყაროს სულ სხვა ფერებში ვხედავ. ახლა დროს განსაკუთრებულად ვუფრთხილდები. ჩემი ყოველი დილა და ღიმილი საჩუქარია. მინდა, ყოველთვის ახსოვდეთ, როგორ ვიკრავდით ერთმანეთს გულში, როგორ ვთამაშობდით ბალახზე, როგორ გვეცინებოდა ყველას ერთად. მე არ დავაგვიანე, მე ზუსტად მაშინ დავიწყე, როცა ყველაზე მეტად ვიყავი მზად ახალი სიყვარულისთვის და, ჰო, ეს არის ჩემი ყველაზე ლამაზი ცხოვრება," - ამბობდა ნინო თოლორდავა.

მომღერალი თამუნა ამონაშვილი 61 წლის ასაკში გახდა ტყუპების დედა. როგორც ის ამბობს, ბავშვები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, თუმცა მსგავსებაც აშკარაა.
"აი, მელანია და, აი, იონა. განსხვავდებიან, ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ მელანია მაინც რაღაც სხვანაირია. უფრო პატარაც არის, იმიტომ. რომ ძალიან ბევრს ჭამს იონა. მელანია მე მგავს ძალიან, იონა კი უფრო მამას ჰგავს იერით.
სხვა ცხოვრება დაიწყო ჩვენს ცხოვრებაში, ლამაზი, მშვენიერი. აი, ამ ორმა ანგელოზმა ახალი ენერგიები შემოგვიტანა...
ძალიან ბევრი კითხვა ისმის, "აი, ადრე რატომ არ გავაჩინე?" - ზოგადად, მაშინ მოხდა ეს ყველაფერი და მაშინ მოევლინა ეს ორი ადამიანი ქვეყანას, როცა მომწიფდა, როცა საჭირო იყო ჩვენთვისაც და, ალბათ, მათთვისაც. მთავარია, რომ მოვიდნენ. მათმა მოსვლამ ჩვენც შეგვცვალა, ჩვენი ცხოვრება შეცვალა კარგისკენ და ბედნიერი დღეებისკენ." - ამბობდა თამუნა.

სოფო შევარდნაძე 5 წლის წინ ვაჟის, ანდრიას დედა გახდა. ტელეწამყვანი ყოველთვის ცდილობდა პირადი ცხოვრების დაცვას, თუმცა ცოტა ხნის წინ ანდრია საზოგადოებას გააცნო. აღსანიშნავია, რომ ანდრიას მამის ვინაობა საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია - სოფო შევარდნაძე არასდროს საუბრობს პირად დეტალებზე და ამ თემაზე კომენტარისგან თავს იკავებს.

52 წლის ასაკში თამთა დემურიშვილი გახდა ტყუპების დედა.
"მე ძალიან ბევრი ვიწვალე, ძალიან ბევრი წელი მინდოდა შვილი. 30 წელი ვცდილობდი, რომ დედა გავმხდარიყავი. ინვიტრო განაყოფიერებით გავაჩინე ჩემი ტყუპები. 12-ჯერ გავიკეთე ეს პროცედურა. მეუბნებოდნენ, იქნებ შეეშვა, ჯანმრთელობა დაგიზიანდებაო, მაგრამ მუდამ ვიცოდი, რომ დედა გავხდებოდი. ქალი, რომელსაც უნდა დედობა, დედა აუცილებლად უნდა გახდეს," - ამბობს თამთა.
თეონა ცირამუა 46 წლის ასაკში გახდა ტყუპი გოგონების დედა. მას ამ თემაზე - დედობაზე, ოჯახსა და პირად ცხოვრებაზე არაერთხელ უსაუბრია.
"ტყუპების, თუთასა და კირას დაბადების შემდეგ, ჩემმა ცხოვრებამ სულ სხვა მნიშვნელობა შეიძინა. მუსიკა ჩემთვის ყოველთვის ერთ-ერთ პირველ ადგილზე დარჩება, თუმცა შვილებმა სამყაროს სხვანაირად შემახედეს. ჩემი გადატვირთული რეჟიმის გამო, ძმისშვილებთანაც კი ვერ ვახერხებდი დროის გატარებას, თან ჩემს ძმისშვილებზე პასუხისმგებლობა მაინც ჩემს ძმას და რძალს აქვთ და ახლა სრულად ვაცნობიერებ იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რაც პატარა ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებას ახლავს.
მე მათთან ურთიერთობით თან ვერთობი, თან ვაკვირდები, მიმიკებს ვიჭერ და ვაცნობიერებ, რომ ძალიან რთულია ეს ყველაფერი. ხშირად ვნერვიულობ მომავალზე, იმაზე, თუ როგორ ქვეყანაში მოუწევთ ცხოვრება და გავართმევ თუ არა თავს, რომ ორივე სწორ გზაზე დავაყენო. ჩემთვის ყველაზე სანერვიულო ისაა, რომ გარემოებების გამო ისინი არასწორ გზას არ დაადგნენ," - ამბობდა თეონა.

ეკა ანდრონიკაშვილი 54 წლისაა, ცხოვრების ნახევარზე მეტი კი თეატრსა და კინოს მიუძღვნა. პირველი შვილი ოცი წლის ასაკში შეეძინა, მეორე კი - 23 წლის შემდეგ.
"პირველად დედა 23 წლის წინ გავხდი და სიმართლე გითხრათ, ძალიან ფორიაქში ვიყავი. ძალიან ახალგაზრდა – 20 წლის დაბნეული დედა ვიყავი, თუმცა მახსოვს მეორე დღეს ბავშვი გულზე მივიკარი და ვუთხარი, დამშვიდდი, მე შენს გვერდით ვიქნები ყოველთვის-მეთქი... რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ბავშვი დამშვიდდა, თითქოს მომისმინა. ამის შემდეგ ჩვენს შორის ისეთი უხილავი ძაფი გაიბა და ისეთი კავშირია, რომელსაც ვერაფერი გაწყვეტს....მეორე შვილი 23 წლის შემდეგ გავაჩინე. ბევრად უფრო გაკვირვებული ხარ, რომ ამ ასაკში ასეთი ახალი ადამიანი ჩნდება შენს გვერდით! პაწაწუნა, რომელსაც სულ სჭირდები. როდესაც მისი ტირილი პირველად გავიგონე, მეც ტირილი ამივარდა, ჯერ დანახულიც კი არ მყავდა. ეს ტირილი არ ვიცი, რა იყო – ალბათ შვების, ბედნიერების... იმის შემდეგ ყველა მისი მოძრაობა იმდენად მსიამოვნებს და მართობს, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ძირითადად, სულ იღიმება, მაგრამ როცა ტირის და იმ დროს მეძინება, რომ შევხედავ, იმდენად დადებითი ემოციაა, ყოველთვის კარგად ვარ! რაღაც-რაღაცები სულერთი გახდა. მთავარი პრიორიტეტია ჩემი შვილები იყვნენ კარგად და მეც კარგად ვიყო მათ გვერდით..." - ამბობდა ეკა

ცისანა სეფიაშვილი იმ ცნობილ სახეებს მიეკუთვნება, რომლებსაც დრო და ასაკი მხოლოდ უკეთესობისკენ ცვლის - ის ახლა 52 წლისაა და თვლის, რომ მისი ცხოვრება მხოლოდ იწყება. ცისანა 4 შვილის დედა და 2 შვილიშვილის ბებიაა, ამის პარალელურად, აქვს აქტიური პროფესია და ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე.
"40 წლის ასაკში მე თავად გავაჩინე მეოთხე შვილი, 50 წლის ასაკში კი დავქორწინდი და ახალი ცხოვრება დავიწყე.
დღეს ბევრი საშუალება გვაქვს, რომ თავს მოვუაროთ, კარგად გამოვიყურებოდეთ“, - ამბობდა ცისანა.