"ამ ბედნიერებაშიც ფონად მოგვყვება ჩემს ძმაზე ფიქრი... - ბოლომდე ბედნიერები აღარ ვართ" - თამუნა მდივანის ქალიშვილი გარდაცვლილ ძმაზე - Marao

"ამ ბედნიერებაშიც ფონად მოგვყვება ჩემს ძმაზე ფიქრი... - ბოლომდე ბედნიერები აღარ ვართ" - თამუნა მდივანის ქალიშვილი გარდაცვლილ ძმაზე

2026-05-21 12:53:15+04:00

მსახიობ თამუნა მდივანის ოჯახში დატრიალებულმა დიდმა ტრაგედიამ, ვაჟის გარდაცვალებამ, საზოგადოება შეძრა. მსახიობის უმცროსმა ქალიშვილმა, მარიამმა, გადაცემა "პრაიმ შოუში" სტუმრობისას ის რთული დღეები გაიხსენა, რომელთა გადალახვასაც ოჯახი დღემდე ცდილობს.

  • "უცებ გავიფიქრე გიორგი, ხომ საუკეთესო ადგილას არის, მაშინ რა გატირებს, თამუნა" - თამუნა მდივანის ემოციური მიმართვა შვილის გარდაცვალების შემდეგ 

მარიამ მდივანის ინტერვიუ

"დედას ძალიან ეხმარება მისი რწმენა, რომელიც აქვს ღვთის მიმართ, არის ქრისტიანი, დადის ეკლესიაში. მეც და, ზოგადად, ჩემს ოჯახს ძალიან ეხმარება რწმენა, იმიტომ რომ ჩვენ გვწამს, რომ გიორგი არის მარადიულ სასუფეველში. ჩვენი ოჯახის მთავარი მოტივაცია არის ის, რომ ისე ვიცხოვროთ, რომ საბოლოოდ, როდესაც ჩვენც გარდავიცვლებით, იქ მოვხვდეთ, სადაც ჩემი ძმა არის. ეს გზა არის ყველაზე რთული.

ცხოვრება გრძელდება... ცხოვრება ნამდვილად გრძელდება, მაგრამ ეს ფაქტი არ იცვლება. მიუხედავად ამისა, არის ბევრი ბედნიერი მომენტი, რომლებსაც ღმერთი გვიგზავნის ცხოვრებაში. ამ ბედნიერებაშიც ფონად მოგვყვება ჩემს ძმაზე ფიქრი... - ბოლომდე ბედნიერები აღარ ვართ, იმიტომ, რომ გიოსთან გაზიარება აღარ შეგვიძლია. 

სიზმარშიც მინახავს, დამინახავს და არ გამქრალა. ძალიან მძიმე დღეები რომ მაქვს ხოლმე, სულ ჩემთან არის. მართლაც, სულ ჩემთან არის. ყველაფერში ვგრძნობ მის გვერდში დგომას, მის არსებობას. იმ ადგილებში, სადაც გიო დადიოდა, უყვარდა ყოფნა, სეირნობა, სევდა არასდროს მიჩნდება ხოლმე - მეც მსიამოვნებს და ვბედნიერდები. როცა მესიზმრება, სიზმრებში ყოველთვის პატარაა, ბავშვია.. სულ ვეფერები და ვეხუტები ხოლმე. რომ ვიღვიძებ, თავს უკეთ ვგრძნობ", - ამბობს მარიამ მდივანი. 

tamuna-mdivani

  • "ღამე არ გავა, გიო, გულში რომ არ მყავდე ასე ჩაკრული..." - მსახიობი თამუნა მდივანის ქალიშვილის წერილი გარდაცვლილ ძმას 

თამუნა მდივანი

დრამისა და კინოს მსახიობს, თამუნა მდივანს, უკვე არაერთი წელია, რაც წარმატებული სამსახიობო კარიერა აქვს - ის მონაწილეობს რამდენიმე ქართულ სერიალში, გადაღებულია სარეკლამო კამპანიებსა და რგოლებში. მიუხედავად ამისა, თამუნა განსაკუთრებით ბევრმა ადამიანმა "ტიკტოკის" პლატფორმიდან გაიცნო. 

კოვიდპანდემიის პერიოდში, როცა ჩვენი ცხოვრების რიტმი შენელდა, მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც, განსაკუთრებით გაიზარდა გასართობი პლატფორმა "ტიკტოკის" პოპულარობა. რთულ პერიოდში დროის გასაყვანად გადაღებულმა ვიდეოებმა თამუნას და მის ოჯახს დიდი პოპულარობა მოუტანა, რაც დღემდე გრძელდება - მასთან ერთად ხშირად ჩნდება მისი ქალიშვილი, მშვენიერი მარიამ მდივანიც. დედა-შვილი ყოველდღიური ვლოგებისა და თუ სახალისო მომენტების გარდა, გამომწერებს კულინარიულ კონტენტსა და რეცეპტებსაც სთავაზობენ. თავდაპირველად თამუნამ ვიდეოებს გადაღება სწორედ მარიამის რჩევით დაიწყო და დღეს მათ უამრავი გულშემატკივარი ჰყავთ.