მსახიობ ზაზა კოლელიშვილის განვლილ ცხოვრების გზაზე, იყო ბევრი ცდუნება, განსაცდელი, რთული პერიოდები, თუმცა ყოველთვის ცდილობდა, ყოფილიყო ძლიერი და მდგარიყო იმ ადამიანებთან ახლოს, ვისაც მისი გვერდში დგომა სჭირდებოდა. მისი მეორე ნახევარი, ნათია გოგოჭური კი, მეუღლის ნამდვილი „მფარველი ანგელოზი“ იყო მათი მრავალწლიანი თანაცხოვრების გზაზე. დღეს მსახიობი, 70 წლის ასაკში, პოპულარობაზე მეტად, ხალხის სიყვარულს აფასებს და მიაჩნია, რომ მისი ქვეყნისა და ხალხის მსგავსი სამყაროში არც ქვეყანა და არც ერი არ არსებობს.

ზაზა კოლელიშვილის ინტერვიუ
– ბევრჯერ გისაუბრიათ თქვენი მეუღლის გვერდში დგომაზე, მის მოთმინებაზე, საუკეთესო მეორენახევრობაზე. რომ არა ნათია, დღეს ვინ იქნებოდით?
– რომ არა ნათია, დღეს ვიქნებოდი ჩარჩოში ჩასმული და კედელზე დაკიდებული სურათი. ნამდვილად ასე იქნებოდა. მე ყოველთვის ვაფასებდი ჩემს მეუღლეს და ხშირად მითქვამს: ნათიას ღირსი არ ვარ-მეთქი.
ახლახან ჯვრისწერიდან 42 წელი შეგვისრულდა და არავინ მითხრას, სიყვარული დროთა განმავლობაში ხუნდებაო. კი არ ხუნდება, იღებს სხვადასხვა ფერს და ფორმას, ასაკის მიხედვით.
ოცი წლის ვიყავი, რომ დავოჯახდი. ახლაც მახსოვს პირველი შეხვედრა ნათიასთან. მე თელაველი ვარ, ნათიაც იქ დაიბადა და მერე გადმოვიდა დედაქალაქში. მამამისი, დავით გოგოჭური, იყო პროფესორი, ეთნოლოგი, ფილოლოგი, ძალიან ცნობილი პიროვნება. დედა ჟურნალისტი მყავდა, მეათე კლასში ვსწავლობდი და დედასთან ერთად სტამბაში ვიყავი. დავინახე, გოგო შემოვიდა ბიძასთან ერთად, წელს ქვემომდე გრძელი ნაწნავით, ყავისფერი ზამშის ქვედაკაბით. ამიჟუჟუნდა თვალები. წავიდნენ ნადიკვარზე და მე და ჩემი ძმაკაციც გავყევით. მოკლედ, იქ შევხვდით პირველად. მერე, მე ჩავაბარე თეატრალურში, ნათია უკვე პირველ კურსს ამთავრებდა და ძალიან დავმეგობრდით. ნათიას ვაბარებდი ხოლმე ჩემს დღიურს, სადაც შეყვარებული ქალების სახელები მეწერა. ჩემი მესაიდუმლე იყო და მხოლოდ მას ვანდობდი ჩემს საიდუმლოებებს. მერე, რომ გამოვეკიდებოდი მთვრალი და ვყვიროდი მიყვარხარ-მეთქი, აღარ მიჯერებდა. ერთ დღესაც, თეატრიდან გამოვედით, ვიჩხუბეთ, ერთი საათი ვიბოდიალე ქუჩაში, მერე ჩავედი მეტროში და ნათია იქ დამხვდა. შევეჩეხეთ ერთმანეთს და აგვიტყდა ისტერიკული სიცილი, წამოვიყვანე სახლში და იმ დღიდან ცოლ-ქმარი ვართ.

– თქვენსა და ნათიას ურთიერთობაში კრიზისი არასდროს ყოფილა?
– კრიზისი როგორ არ იყო, მაგრამ ქვეყანამ კი არ უნდა გაიგოს. ჩვენ თავად გადავლახეთ ის კრიზისები. როცა პოპულარული ხარ, საცდურიც ბევრია, იყო დაბნეულობის მომენტებიც. მაგრამ, მე იმ საზღვარსაც გავცდი. ახლა პოპულარულობა კი აღარ არის, არამედ ხალხის სიყვარულია, რასაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ. პოპულარული ვიყავი 1977 წლის 15 სექტემბერს, როცა „ნატვრის ხე“ გამოვიდა და პოპულარულმა გავიღვიძე.
წაიკითხეთ სრულად