ქართული ნაციონალური ბალეტის "სუხიშვილების" ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა სახემ, სოლისტმა მარიამ მათიაშვილმა, აქტიური მოცეკვავის კარიერა დაასრულა. გამოსამშვიდობებელი საღამო წინანდალში, „სუხიშვილების“ ფესტივალის ფარგლებში გაიმართა.
დასის ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა, მარიამს სცენიდან მადლობა გადაუხადა და მის განვლილ გზაზე ისაუბრა. ნინომ აღნიშნა, რომ მარიამ მათიაშვილი ოცი წლის განმავლობაში იყო ანსამბლის წევრი, ახლა კი საკუთარი დროისა და ენერგიის ოჯახისთვის დათმობა გადაწყვიტა:
"საუკეთესო მოცეკვავე, სოლისტი, მარიამ მათიაშვილი ტოვებს დიდ სცენას. 20 წელი ამშვენებდა ჩვენს ყველა პროგრამას და ძალიან დაგვაკლდები, მარიამ. გისურვებ შენს მომავალ ცხოვრებაში ბედნიერებას. ის ამიერიდან თავს ოჯახს უძღვნის," - ამბობს ნინო სუხიშვილმა.
სცენიდან წასვლის მომენტი განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა, მოცეკვავეს მაყურებელი აპლოდისმენტებითა და ოვაციებით დაემშვიდობა, თავად მარიამმა კი ცრემლები ვერ შეიკავა.
ქართული ცეკვის სამყაროში მარიამ მათიაშვილის სახელი უკვე დიდი ხანია დახვეწილობისა და პროფესიონალიზმის სინონიმად იქცა. ანსამბლ „სუხიშვილების“ გამორჩეული სოლისტი ამ სფეროთი ადრეულ ასაკშივე დაინტერესდა, რაც სულაც არ არის გასაკვირი - ის ხომ ლეგენდარული თეა დარჩიას უფროსი ქალიშვილია.
თუმცა, წარმატების მიღმა ხშირად რთული გზა დგას. როგორც თეა დარჩია არაერთ ინტერვიუში იხსენებდა, მუდმივი გასტროლებისა და დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, შვილებთან დიდი დროის გატარებას ვერ ახერხებდა. მიუხედავად ამისა, დედობა მისთვის ყოველთვის უდიდეს საოცრებად რჩებოდა:
„როცა პირველად მომიყვანეს პირველი შვილი, 1990 წელი იყო. ვიყავი შოკში. იცით, რას მივხვდი 19 წლის ასაკში? ღმერთის დახმარების გარეშე, უბრალოდ, გამორიცხულია, რომ ამხელა რაღაც შეძლო. ასევე, იმ მომენტში გავიაზრე, რა მაგრად ვყვარებივარ დედაჩემს. მეორე შვილი გაჩნდა 10 წლის შემდეგ, მაგრამ ზუსტად იგივე შეგრძნება განმეორდა, დავბრუნდი ათი წლით უკან, მესამეზეც - იგივე და მეოთხეზეც - იგივე, მაგრამ უფრო და უფრო ძლიერი, იმიტომ, რომ ასაკის მატებასთან ერთად უკეთ იაზრებ, რამხელა ბედნიერებაა დედობა“, - აღნიშნავდა თეა დარჩია პირველ შვილზე, მარიამ მათიაშვილზე საუბრისას.

დღეს მარიამი უკვე თავადაც დედაა - 2025 წლის იანვარში მას პირველი შვილი, ლეა შეეძინა. მარიამისა და დავით თოფურიას ოჯახური ცხოვრება კი 2023 წელს დაწყებულ გრანდიოზულ ქორწილს უკავშირდება. წყვილმა კაჭრეთში ორდღიანი, დაუვიწყარი წვეულება გამართა, რომელიც მხიარულებითა და უამრავი ესთეტიკური მომენტით იყო სავსე. სოციალურ ქსელებში დიდი ხნის მანძილზე ტრიალებდა კადრები, სადაც „სუხიშვილებმა“ საოცარი შოუ დადგეს, სცენაზე კი თავად თეა დარჩიაც ვიხილეთ.
განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო პატარძლის იმიჯმა. მარიამმა ქორწილში ორი კაბა მოირგო: ერთი - ხაზგასმით სადღესასწაულო და ეფექტური, ხოლო მეორე - უფრო მოკრძალებული და ნაზი. უმშვენიერესმა მარიამმა საზოგადოებისგან უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა.
ამჟამად მარიამის ცხოვრებაში მთავარი პრიორიტეტი პატარა ლეაა. მოცეკვავის სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით შვილის ფოტოებსა და ვიდეოებს, მარიამი კი საკუთარ გამოცდილებას სხვა ახალბედა დედებსაც უზიარებს და მათ სასარგებლო რჩევებსა თუ რეკომენდაციებს აძლევს.