"ძეხვეულზე უარს ვამბობ. მე მას არასოდეს ვჭამ, არასოდეს. არ მივირთმევ შეფუთულ საკვებს – აი, ისეთ პროდუქტებს, რომლებიც ქარხნულად არის შეფუთული, დაკონსერვებული ან ქაღალდებში გახვეული. ერთადერთი, შეიძლება შოკოლადი მივიღო, რადგან ეს სულ სხვა ტექნოლოგიაა.
სასწორი არ მაქვს და მასზე არასდროს ვდგები. წონის მატებას მომენტალურად ვხვდები: სამოსით, შეგრძნებებით, ხელით და საკუთარი სხეულის ვიზუალით. ჩემზე უკეთესი თვალი ამას ვერავინ შეამჩნევს. სასწორი სპეციალურად არ მაქვს, რადგან როცა ყოველდღე გიწევს აწონა, ეს ფსიქოლოგიურად მოქმედებს, ამიტომ ამას თავი დავანებე.
თუ ვიგრძენი, რომ წონა გამექცა – რა თქმა უნდა, ვარჯიშს ვუმატებ. თუმცა არის დღეები, როცა ძალიან ბევრ ტკბილს ვიღებ – თუ სადღაც მივდივარ, ტორტის დიდ ნაჭერსაც შევჭამ, კარგადაც მოვილხენ, მაგრამ მეორე დღეს ვცდილობ, ნახევარი დღე მაინც ვიყო წყალზე. ყავა აუცილებლად უნდა დავლიო – ყავას ვსვამ თაფლით. ეს ძალიან მეხმარება, უგემრიელესია და ორგანიზმისთვისაც კარგია, რადგან მასში B ვიტამინი შედის; ცალკე თაფლი ცოტა ისეთია, წნევას წევს. ჰოდა, რა თქმა უნდა, მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში ვაძლიერებ ვარჯიშს და ვუკლებ კვებას," - ამბობს თამუნა ამონაშვილი კოტე მათითაშვილის "კოტკასტში".

თამუნას მეუღლე, რამდენიმე წლით უმცროსი რეჟისორი რეზიკო არჩვაძე, ერთ-ერთი კლიპის გადაღების დროს გაიცნო.
"ლალი ტოტიკაშვილის მეგობარი იყო რეზიკო და მან გამაცნო. მერე დავმეგობრდით, ერთად მივდიოდით, მოვდიოდით. თურმე შევყვარებივარ, მაგრამ მე ვერაფერს ვგრძნობდი. ორი წელი არაფრის აზრზე არ ვიყავი. ლალიმ იცოდა და არ მეუბნებოდა. ამერიკაში მივდიოდი გასტროლებზე და წასვლისას მითხრა. იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, გავგიჟდი. ცუდი პერიოდი, დეპრესიული სიტუაცია მქონდა და თავს კარგად არ ვგრძნობდი, მაგრამ მაინც ვმუშაობდი. ვფიქრობდი, საქმეში გადამეტანა ეს ყველაფერი და რაღაც გამეკეთებინა. ამ ადამიანმა ძალიან ბევრი რამ დამანახა დამოკიდებულებებში. ვიფიქრე, დავაფასე მისი ეს დამოკიდებულება და გადავწყვიტე, გავყოლოდი. ჩვენმა სიყვარულმა დროს გაუძლო. რეზიკო იმდენ რამეს აკეთებს მოსკოვში, მე მარტო ამას ვერანაირად ვიზამდი. კაცის ძალას დიდი მნიშვნელობა აქვს. იქ, ფაქტობრივად, არაფერს ვაკეთებ, ყველაფერს რეზიკო აგვარებს. მან ყველაფერი იცის, ქალაქი იცის ფანტასტიკურად, ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს. მე და რეზიკო 14 წელია ცოლ-ქმარი ვართ. ქორწინებიდან 3 წელი არის ადაპტაციის პერიოდი. ერთად ბევრი ეტაპი გავიარეთ, აბსოლუტურად ყველაფერი ვიცით ერთმანეთის შესახებ. ყველას გვაქვს მინუსი და პლუსი, მაგრამ, რაც წლები გადის, ცოლქმრობაში მინუსები აღარ არის მნიშვნელოვანი, აღარ აქცევ ყურადღებას" - ამბობდა თამუნა.

მომღერალი თამუნა ამონაშვილი 61 წლის ასაკში გახდა ტყუპების დედა. როგორც ის ამბობს, ბავშვები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, თუმცა მსგავსებაც აშკარაა.
"აი, მელანია და, აი, იონა. განსხვავდებიან, ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ მელანია მაინც რაღაც სხვანაირია. უფრო პატარაც არის, იმიტომ. რომ ძალიან ბევრს ჭამს იონა. მელანია მე მგავს ძალიან, იონა კი უფრო მამას ჰგავს იერით.
სხვა ცხოვრება დაიწყო ჩვენს ცხოვრებაში, ლამაზი, მშვენიერი. აი, ამ ორმა ანგელოზმა ახალი ენერგიები შემოგვიტანა...
ძალიან ბევრი კითხვა ისმის, "აი, ადრე რატომ არ გავაჩინე?" - ზოგადად, მაშინ მოხდა ეს ყველაფერი და მაშინ მოევლინა ეს ორი ადამიანი ქვეყანას, როცა მომწიფდა, როცა საჭირო იყო ჩვენთვისაც და, ალბათ, მათთვისაც. მთავარია, რომ მოვიდნენ. მათმა მოსვლამ ჩვენც შეგვცვალა, ჩვენი ცხოვრება შეცვალა კარგისკენ და ბედნიერი დღეებისკენ." - ამბობდა თამუნა.