ჟურნალისტი ნინო ხაჟომია უკვე რემისიაშია. მკურნალობამ შედეგი გამოიღო – მან კიბო დაამარცხა. მძიმე გზამ, რომელიც მან გაიარა, ბევრიც ასწავლა და ბევრი რამ სრულიად ახლებურად დაანახვა. დანარჩენს თავად მოგვიყვება.

- მადლობა ღმერთს, ამწუთას კიბო აღარ მაქვს. ახლა რემისიაში ვარ, მაგრამ ეს არ არის დაავადება, რომელიც ერთ წუთში მთავრდება. თუ ათი წელი იქნები რემისიაში, მერე ითვლები განკურნებულად.
რაც შეეხება ემოციურ მდგომარეობას, ძალიან მშვიდი და სტაბილური ვარ. არც მქონდა დეპრესიაზე ფიქრის დრო. ქიმიოთერაპია 10 ოქტომბერს დავამთავრე, 19 დეკემბერს – დასხივება, 21-ში უკვე გუდაურში ვიყავი. პრაქტიკულად, გუდაურში გავიარე ძალიან აქტიური რეაბილიტაციის პერიოდი. ჯერ კიდევ გავდივარ, მიიჩნევა, რომ რეაბილიტაცია ერთი წლის შემდეგ სრულდება. ჯერ კიდევ მაქვს ქიმიოთერაპიის მცირე ნარჩენი ეფექტები. არაფერი, იმედია, ღვთის მადლით, ესეც გაივლის.
– მანამდე განწყობაც ისეთი მქონდა, თითქოს ველოდი, არც გამკვირვებია, რომ მითხრესო. ასეთი განწყობაც, ალბათ, თვითდამაზიანებელია.
– რა თქმა უნდა. თუ განვიხილავთ, რომ ჩვენ ენერგეტიკულად დაკავშირებული ვართ მოვლენებთან, მაშინ ჩვენი ენერგეტიკით ვიზიდავთ იმას, რაზეც ვფიქრობთ. რადგან გენეტიკურად მე ასეთი მძიმე ისტორია მქონდა, სულ ვფიქრობდი, რომ მეც ვიქნებოდი ერთ-ერთი. თუმცა, ეს ჰიპოთეტური რამეა. დღეს მსოფლიოში ყოველ მერვე ქალს კიბო სჭირს. იმიტომ, რომ არ ვართ არსებულ ცხოვრებაზე მორგებულები. ჰაერი დაბინძურებულია, ესტროგენით არის გაჭყეპილი საკვები, საერთოდ არაფერი არ იჭმევა და ასე შემდეგ...
დღეს კიბოს მკურნალობა ძალიან შორს წავიდა. თუ მთელ ორგანიზმზე არ არის მოდებული, ძუძუს კიბოთი ქალები აღარ კვდებიან. უბრალოდ, ის გზა არის ძალიან რთული, რომელიც მკურნალობის პროცესში უნდა გაიარო. ქიმიოთერაპია იმდენად რთულია, რომ ვიხსენებ, ვფიქრობ, მოსისხლე მტერი რომ მყავდეს, მასაც კი არ ვუსურვებ იმის გამოვლას, რაც მე გამოვიარე. ამიტომ რომ მცოდნოდა, ამის გავლა მომიწევდა, აუცილებლად გავიკეთებდი „ანჯელინა ჯოლის“ ოპერაციას. ეს არის ძუძუს მთლიანად მოკვეთა, ყველანაირი ქსოვილის ამოღება და იმპლანტებით ჩანაცვლება.
ჩემს შემთხვევაშიც იგივე გავაკეთეთ, მაგრამ რთული გზის გავლის შემდეგ. ამიტომ ვამბობ, ეს რომ მცოდნოდა რამდენად რთული იყო, ადრე მოვიჭრიდი ორივე ძუძუს.
– ყველაფერს უფრო მეტი ფასი დაედო, არა?
– ასე ვერ ვიტყვი. ბევრი რაღაც აბსოლუტურად გაუფასურდა – ცხოვრების ფერხულში ჩაბმა, კარიერაზე ზრუნვა, ფულის მოხვეჭა, ბრენდული ტანსაცმელები, კარგი მანქანა და ასე შემდეგ. მხოლოდ იმას დაედო ფასი, რაც რეალურია – ადამიანებს, მათთან ურთიერთობას და სიცოცხლეს.
– დიაგნოზის მოსმენა და ოჯახის წევრებისთვის ამის თქმა კიდევ ცალკე სირთულე მგონია.
– არ არის ასე, მე მაქვს კიბო და კიდევ მე ვიფიქრო იმაზე, როგორ მიიღებს ამას ოჯახი?! არავითარ შემთხვევაში. ჩვეულებრივად ვუთხარი შვილებსაც და ქმარსაც. რატომ არის რთული სათქმელი? მე მჭირდება მათი თანადგომა და მე კიდევ იმაზე ვიფიქრო, ოჯახს როგორ ვუთხრა?! ზუსტად ეგ დამოკიდებულება ანგრევს ქალებს. მთელი ცხოვრება ხომ მონები არიან, ქმარზე, შვილზე, ოჯახზე, საზოგადოებაზე, სოციუმზე გადაყოლილები. მერე კიდევ იმის თქმის ეშინიათ, თუ რამე სჭირთ. როგორ ვუთხრა ქმარ-შვილს, რომ კიბო მაქვს?! რას ჰქვია როგორ? ჩვეულებრივად უნდა უთხრა, რომ მათი თანადგომა გჭირდება და რომ გვერდით დაგიდგნენ! ვაიმე, ქმარი როგორ გაიგებს? კიდევ ამაზე უნდა იფიქროს ქალმა? იცი, რომ ოჯახების 30 პროცენტი ინგრევა, იმიტომ, რომ ქალებს კიბო ემართებათ? რატომ? იმიტომ, რომ კაცები სუსტები არიან.
– ახლა როგორ ზრუნავ საკუთარ თავზე და როგორია ცხოვრების წესი?
– ისე ვცხოვრობ, როგორც უნდა მეცხოვრა და სამწუხაროდ, აქამდე არ ვცხოვრობდი. ახლა ვიცი ეს რამდენად მნიშვნელოვანია და ვცხოვრობ ჯანსაღად. სტრესი მინიმუმზე მაქვს დაყვანილი, რადგან ეს კიბოს პირველი ტრიგერია. რაც მოსახდენია, მაინც მოხდება, ამას ვერ შევცვლი, ამიტომ ნერვიულობას აზრი არ აქვს.