მარიკა ჭიჭინაძე 1959 წლის 3 თებერვალს დაიბადა. ის ქართული თეატრისა და კინოს ერთ-ერთი ცნობილი მსახიობია, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში არაერთი დასამახსოვრებელი როლი შექმნა როგორც სცენაზე, ისე ეკრანზე.
მარიკა ჭიჭინაძის პროფესიული კარიერა თეატრალურ ხელოვნებასთან ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში მყარად დაკავშირდა. მან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი, ლ. იოსელიანის სახელოსნო, 1982 წელს დაამთავრა. მას შემდეგ მსახიობი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში საქმიანობს, სადაც არაერთი საკულტო და დასამახსოვრებელი სახე შექმნა.
"სულ ვიხსენებ ბავშვობას, როცა პირველად წამიყვანეს ცირკში. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გოგომ, რომელიც თოკზე დადიოდა. სახლში რომ დავბრუნდი, დედას და მამას საწოლის მოაჯირზე სულ ამის იმიტაციას ვაკეთებდი, თითქოს მეც დავდიოდი თოკზე.
როცა ვნახე ფელინის ფილმი „გზა“, მახსოვს, რომ გაოგნებული ვიყავი, წავედი და ჯულიეტა მაზინასავით დავიხატე სახე, თან ვიყავი მასხარაც და თან ვიყავი ჯულიეტა მაზინაც.
ინსტიტუტში რომ გადავწყვიტე ჩაბარება, ეტიუდად ეს სცენა შევასრულე, რაღაც ჩარჩენილი მქონდა თითქოს".
წლების განმავლობაში, რუსთაველის თეატრის სცენაზე, მარიკა ჭიჭინაძემ წამყვან რეჟისორებთან ითანამშრომლა და მაყურებელს მრავალფეროვანი რეპერტუარი შესთავაზა:
ამასთანავე, ის მონაწილეა რობერტ სტურუას ისეთი ცნობილი სპექტაკლებისა, როგორებიცაა „სტიქსი“, „ასულნი“ და სხვა.
თეატრალური საქმიანობის პარალელურად, მარიკა ჭიჭინაძემ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ კინემატოგრაფშიც. მისი კინოდებიუტი ჯერ კიდევ სტუდენტობისას, 1979 წელს შედგა, როდესაც მთავარი როლი შეასრულა ნ. ნენოვასა და გ. წულაიას კომედიაში „ქორწინება იმერულად“.
ამის შემდეგ მსახიობმა მონაწილეობა მიიღო არაერთ ცნობილ მხატვრულ ფილმში:
მარიკა ჭიჭინაძე დღემდე რჩება როგორც თეატრის, ისე კინოს გამორჩეულ მსახიობად.

„მე ჩემი თავის რეჟისორი ვარ - თეატრი საოცრებაა, ყველაფერს მოწყვეტილი ვარ, ამ სამყაროში ვარ, სხვა სამყაროში. მე მგონი, ჩემი პატარა ხმაც ამ თეატრში ისმოდა".
მარიკა გოგა ხაინდრავას მეუღლეა.
„მარიკა მაშინ შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, როცა მე 26 წლის ვიყავი. შემოვიდა და სამუდამოდ დარჩა“, - ასე იწყებს რეჟისორი გოგა ხაინდრავა თავისი ცხოვრების უმთავრეს ადამიანზე საუბარს. ორმოცი წელია, რაც ეს წყვილი ერთ გზას ადგას. რეჟისორი ღიად აღიარებს, რომ მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში მეუღლეს უდიდესი როლი მიუძღვის: „მე რომ დღეს ისეთი გოგა ხაინდრავა ვარ, როგორიც ვარ, ეს მარიკა ჭიჭინაძის დამსახურებაა. ის არის ჩემი გულის ნაწილი და ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში“.

მათი ურთიერთობის დასაწყისი მარტივი არ ყოფილა. როდესაც მარიკა რეჟისორის ცხოვრებაში გამოჩნდა, გოგა ხაინდრავას საკმაოდ მძიმე პერიოდი ჰქონდა - გართულებები და გაუგებრობა სამართალთან, რაც საბოლოო ჯამში კი გაირკვა, მაგრამ მაშინ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მარიკას მხრიდან ცოლობაზე დათანხმება დიდ სიმამაცეს მოითხოვდა: „მაშინ, მართალი გითხრათ, მისი მხრიდან ძალიან გაბედული ნაბიჯი იყო ჩემი ცოლობა“, - იხსენებს რეჟისორი.
ხაინდრავა არ მალავს, რომ მისი ხასიათისა და ცხოვრების წესის გამო, მასთან თანაცხოვრება ნებისმიერი ქალისთვის რთული გამოცდა იქნებოდა: „კარგად ვცხოვრობთ, გვიყვარს და პატივს ვცემთ ერთმანეთს. ხანდახან მეცინება, საერთოდ როგორ გაძლო. ჩემი ცოლობა არცერთი ქალისთვის არ იქნებოდა მარტივი. ამდენი ცილისწამება, შეურაცხყოფა და ამდენი ძალადობა როგორი ასატანია?!“
მარიკა ჭიჭინაძე ქმრისთვის არა მხოლოდ მეუღლე, არამედ ის საიმედო ზურგი იყო, რომლის წყალობითაც რეჟისორმა ყველაზე კრიტიკულ მომენტებში გადარჩენა შეძლო. „რომ არა მარიკა, კაცმა არ იცის, დავბრუნდებოდი თუ არა აფხაზეთიდან, სად ვიქნებოდი საერთოდ ან რას გავაკეთებდი“, - ამბობს ხაინდრავა და ამატებს, რომ მარიკას მისი საქმიანობისთვის ხელი არასდროს შეუშლია, პირიქით, ყოველთვის ეხმარებოდა: „უკვე შვილები გვყავდა, როცა დამიჭირეს, როცა აფხაზეთში წავედი და მე ერთი წუთით არ მეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ ჩემს ოჯახში კერა ანთებული, სახლი თბილი და მოვლილი იქნებოდა“.
გოგა ხაინდრავას დღემდე მკაფიოდ ახსოვს მათი პირველი შეხვედრის წამი, როდესაც მარიკას სილამაზემ და განსაკუთრებულობამ ის პირველივე დანახვისთანავე მოხიბლა: „დავინახე თუ არა, ერთი წუთი არ შემპარვია ეჭვი მის განსაკუთრებულობაში. ყველაფერთან ერთად, ძალიან ლამაზი გოგო იყო. თემურ ბაბლუანის ფილმ „ბეღურების გადაფრენის“ სანახავად ვიყავი, შემოვიდა და „კინოსახლი“ გაანათა“.
ეს პირველი, წარუვალი შთაბეჭდილება რეჟისორს 40 წლის შემდეგაც ზუსტად ისევე მოჰყვება, როგორც ურთიერთობის დასაწყისში: „ამ შთაბეჭდილების ქვეშ ვარ დღემდე და მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ ტკბილად შევაბერდით ერთმანეთს“, - აღნიშნავდა გოგა ხაინდრავა „თბილისელებთან“ საუბრისას.
"ფრთები არ მაქვს, მაგრამ სულ მინდა, ვიფრინო და ყველაფერს ზემოდან ვუყურო. როცა ცუდს გავიგებ, მინდა, მაშინაც გავიღიმო, რადგან სხვანაირად ვერ ვშველი ამ სამყაროს. მაინც მგონია, რომ ჩვენ, ყველა იმ შემთხვევაში გადავრჩებით, თუ ერთმანეთი გვეყვარება. ალბათ, მეც მეტკინა, სხვასაც ვატკინე, მაგრამ ყველაფერს ვივიწყებ, ტკივილს არ ვიტოვებ...“