ნაომი ოსაკა 2026 წლის საფრანგეთის ღია პირველობაზე, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ბრწყინავდა. დიდ სლემებზე მისი გამოჩენა ჩოგბურთის სამყაროს ერთ-ერთ მოდურ მოვლენად იქცა.
"როდესაც ჩემს წინამორბედ მოთამაშეებს ვუყურებ, ვხვდები, რომ მათი ჩაცმულობა მუდმივ მოგონებად რჩება. ხშირად ჩვენს ისტორიას სხვები წერენ, ეს კი ის მომენტია, როცა საკუთარ ისტორიას თავად ვქმნი," - განუცხადა ოსაკამ Vogue-ს.

გერმანელი ლაურა ზიგემუნდის წინააღმდეგ გამართულ პირველი ტურის მატჩზე, ოსაკამ წარმოადგინა ლუქი, რომელსაც თავად დიზაინერმა COURT-URE უწოდა.
შვეიცარიელმა დიზაინერმა, კევინ ჟერმანიემ, ნაომის სამოსი მისივე ძველი ეკიპირებისგან შექმნა. სტრუქტურული შავი კორსეტი, რომელიც მძივებითაა გაფორმებული, გრძელი ქვედაბოლო, რომელიც ნაომის ძველი ქურთუკის შიდა სარჩულისგან დამზადდა, ხოლო თითოეული ნაკეცი ხელითაა დამუშავებული, რადგან მოძრაობა თავისუფლად ყოფილიყო შესაძლებელი.

"მინდოდა, სამოსი ყოფილიყო რომანტიკული და ამავდროულად ძლიერი. მისი Met Gala-ს ბრწყინვალე გამოჩენის შემდეგ, პარიზშიც ისეთივე დაუვიწყარი განაცხადი უნდა გაგვეკეთებინა," -ამბობს ჟერმანიე.
ნაომის ამ განსაკუთრებული მოსასხამის ქვეშ Nike-ის მიერ შექმნილი ეკიპირება ეცვა: ღია ყავისფერი კაბა, რომელიც მორთულია სხვადასხვა ზომის ოქროსფერი ბრჭყვიალებით.


2026 წლის Australian Open-ზე ნაომი ოსაკამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის ჩოგბურთი და მოდა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ტურნირისთვის შექმნილი განსაკუთრებული ლუქი ცნობილი დიზაინერის, Robert Wun-ის, მონაწილეობით შეიქმნა და მედუზის თემატიკით იყო შთაგონებული. კოსტიუმი გამოირჩეოდა დრამატული ფორმებითა და არასტანდარტული დეტალებით, რის გამოც მოდის კრიტიკოსებმა ის მაღალი მოდის პოდიუმებზე წარმოდგენილ ნამუშევრებსაც კი შეადარეს. ოსაკას გამოჩენა ტურნირის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მოდურ მომენტად დასახელდა.


პარიზში გამართულ "როლან გაროსზე“ ოსაკამ იაპონური კულტურით შთაგონებული ლუქი წარადგინა. ღია ვარდისფერი კაბა საკურას ყვავილის, მოტივებზე იყო შექმნილი და სიმბოლურად იაპონურ ესთეტიკას უსვამდა ხაზს. სპორტსმენმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ დიზაინის შექმნის პროცესში თავადაც აქტიურად იყო ჩართული. ნაზი ფერები და დახვეწილი დეტალები მის ერთ-ერთ ყველაზე ელეგანტურ სასპორტო ლუქად შეფასდა.


იმავე წელს Australian Open-ზე ოსაკამ სრულიად განსხვავებული კონცეფცია აირჩია. მისი ფორმა მზესუმზირის თემატიკით იყო შთაგონებული და მოიცავდა ყვითელ აქცენტებს, ყვავილების მოტივებსა და სპეციალურად შერჩეულ აქსესუარებს. მოდის მიმომხილველების შეფასებით, სწორედ ამ ლუქით დაიწყო ოსაკამ თავისი "ყვავილების სერია", რომელიც მოგვიანებით საკურას თემატიკით გაგრძელდა. კაშკაშა ფერებმა და პოზიტიურმა განწყობამ სპორტსმენის იმიჯს კიდევ უფრო მეტი ინდივიდუალობა შესძინა.


2024 წლის US Open-ზე ნაომი ოსაკამ ერთ-ერთი ყველაზე თამამი და დასამახსოვრებელი მოდური ექსპერიმენტი წარმოადგინა. დიზაინერი Yoon Ahn შთაგონებული იყო ტოკიოს Harajuku-ს ქუჩის მოდითა და Goth Lolita-ს სუბკულტურით. შედეგად შეიქმნა ლუქი, რომელიც გამოირჩეოდა უზარმაზარი ბაფთებით, ფუშფუშა ქვედაბოლოებითა და არატრადიციული დეტალებით. ეს სტილი მკვეთრად განსხვავდებოდა კლასიკური ჩოგბურთის ფორმებისგან და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
