ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა, "მერე პოდკასტის" ფარგლებში იხსენებს ილია მეორესთან შეხვედრას, რომელმაც მის წარმოდგენებში ბევრი რამ შეცვალა.
"პატრიარქთან შეხვედრა როგორ არ მახსოვს. იცით, როგორი პიროვნება იყო? ჩემსა და გიორგის ურთიერთობაზე დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი. ამბობდნენ, რომ პრეზიდენტს აუცილებლად ოფიციალური ცოლი უნდა ჰყავდეს, რეგისტრირებული ქორწინებით თუ ჯვარდაწერილი. სწორედ მაშინ გვითხრა, ჩემთან მოდითო.
ერთად მივედით. მახსოვს, საზოგადოებაში აზრები გაიყო, ზოგს უკვირდა, ასეთ დროს უმაღლეს იერარქთან ჩვენი სტუმრობა. სწორედ მაშინ მომეწონა პატრიარქი ყველაზე მეტად. გვითხრა: „რა თქმა უნდა, მოდით, ამაზე ლაპარაკიც არ არისო“.
მოგვიანებით, როცა მასთან ურთიერთობა მქონდა, ვკითხე: -რატომ მოხდა ასე, ძალიან დიდი თავდასხმა იყო და თქვენ იმავე დღეს გადაწყვიტეთ კარი გაგეღოთ-მეთქი.
რელიგიური თვალსაზრისით, შესაძლოა, ეთქვა, რომ ჯვრისწერა აუცილებელია. პირდაპირ ვკითხე: თქვენი აზრით, აუცილებელია, რომ მე და გიორგიმ ჯვარი დავიწეროთ-მეთქი?
მისმა პასუხმა გამაოცა: - არა, რა სისულელეაო.
მეგონა, მეტყოდა, რომ კარგი იქნებოდა ან მირჩევდა ამ ნაბიჯის გადადგმას, მაგრამ არა. მითხრა: - როცა მოგინდებათ და როცა ამის დრო მოვა, ამას თქვენ თვითონ იგრძნობთ. მთავარი ხომ სიყვარულიაო.
ეს იყო საოცრად ძლიერი ადამიანი, უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილებით, რომელსაც უამრავი ტკივილი და სიხარული ჰქონდა გამოვლილი. სიმართლე გითხრათ, მისი ზოგიერთი ნაბიჯი არ მომწონებია და გამიკრიტიკებია კიდეც, თუმცა, უდავოა, რომ იგი იყო უძლიერესი პიროვნება, ბრწყინვალე პოლიტიკოსი, საოცარი დიპლომატი და კარგი იუმორის პატრონი.
თავისი დინჯი ხმით მეუბნება: - მაკა, როცა თქვენ გადაწყვეტთ, მაშინ შეძლებთ ამას, მანამდე კი თავად უნდა გაერკვიოთო. გაოგნებული ვუსმენდი", - ამბობს მაკა ჩიჩუა.

მშვენიერი, დახვეწილი, გაწონასწორებული, ნიჭიერი... - ეს იმ ეპითეტებიც მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც მაკა ჩიჩუას შესახებ ხშირად მოისმენთ. მართლაც, განსაკუთრებულად მშვიდი აურისა და დადებითი განწყობის დამსახურებით, მაკა ჩიჩუა დღემდე ბევრისთვის საყვარელი "პირველი ლედია".
მაკა ჩიჩუა საქართველოს მე-4 პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მეუღლეა. მაკა ჩიჩუა და გიორგი მარგველაშვილი დაქორწინდნენ 2014 წლის 10 სექტემბერს. მათ ხელი დუშეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მოაწერეს. საქორწინო ხელისმოწერისას მოწმეები მათი შვილები - ანა მარგველაშვილი და მაშო ჩიჩუა იყვნენ. 2015 წლის 2 თებერვალს მეორე შვილი შეეძინა. პრეზიდენტის ვაჟს ბაბუის სახელი, თეიმურაზი (თემიკო) დაარქვეს. მოგვიანებით კი ისინი კიდევ ერთი ბიჭის, თომას მშობლები გახდნენ.

მაშო ჩიჩუა მაკა ჩიჩუას პირველი ქორწინებიდან ჰყავს. გოგონას მამა მუსიკოსი დიმა დადიანია, თუმცა მაშო დღემდე დედის გვარზეა. დიმა ერთ-ერთი პირველი იყო საქართველოში, ვინც ელექტრონულ მუსიკას ქმნიდა.
მაშოს მეუღლე მინდია გოგოჭური იყო, რომელიც გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში არაერთხელ გაეხვა სკანდალში. ის რამდენჯერმე დააკავეს და მაშო მის მოსანახულებლად ციხეშიც ხშირად დადიოდა. 2020 წელს კი ცნობილი გახდა, რომ მაშო და მინდია ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილს ქორწინებაში შვილი არ შეძენია.