თუ ამ ზაფხულს გარდერობის განახლებას მხოლოდ ერთი ნივთით გეგმავთ და გსურთ, რომ ამ ინვესტიციამ ასპროცენტიანი სიზუსტით გაამართლოს, დაივიწყეთ დროებითი, ხმამაღალი მიკრო-ტრენდები. სეზონის ნამდვილი ჰიტი, რომელიც მოდურმა ინფლუენსერებმა, წამყვანმა დიზაინერებმა და მოდელებმა ერთხმად აიტაცეს, ყველასთვის კარგად ნაცნობი ქსოვილია - ტილო! იდეალურად გამოჭრილი, სხეულზე მორგებული ტილოს პიჯაკები, ორეულები ან სამეულები ზაფხულის სეზონის მთავარი ტრენდია!
ეს არ არის უბრალოდ ტანსაცმელი; ეს არის განწყობა. ეს არის 90-იანების კეროლაინ ბესეტისეული Effortless Chic - როცა გამოიყურები საოცრად ძვირადღირებულად, მაგრამ ისე, თითქოს ამისთვის საერთოდ არ გიწვალია.
ტილო საკმაოდ პრეტენზიული ქსოვილია. იმისთვის, რომ მან არა მოდუნებული, არამედ არისტოკრატიული იერი შეგინარჩუნოთ, შერჩევისას რამდენიმე წესი უნდა გაითვალისწინოთ:
მიაქციეთ ყურადღება შემადგენლობას: 100%-იანი ნატურალური ტილო საოცრად სუნთქავს და გრილია, თუმცა წამებში იკუჭება (რაც მისი ბუნებრივი შარმია, თუმცა ყველას არ მოსწონს). თუ გსურთ, რომ სამსახურიდან საღამოს კოქტეილზე იდეალურად სწორი ხაზებით მიხვიდეთ, აირჩიეთ ტილოსა და აბრეშუმის ან ტილოსა და ბამბის ნაზავი.
სილუეტი - მიეცით ჰაერს სივრცე: დაივიწყეთ ტანზე გამოყვანილი, მჭიდრო მოდელები. ტილოს პიჯაკი უნდა იყოს ოდნავ Oversize, მხრებში გამოკვეთილი სტრუქტურით, ხოლო შარვალი - მაღალწელიანი, თავისუფალი და ფართო.
ფერთა პალიტრა: ამ სეზონზე ფავორიტი ნატურალური ტონებია. რძისფერი, ბაცი თეთრი, თბილი კრემისფერი, ზეთისხილისფერი და, რა თქმა უნდა, შავი.

ტილოს სამოსის მთავარი სუპერძალა მისი მულტიფუნქციურობაა. ის მარტივად გადის ტრანსფორმაციას დღის ოფისის ლუქიდან - ცხელ საღამომდე.
ჩაიცვით ტილოს ორეული ან სამეული, სადაც ჟილეტი შიშველ ტანზეა მორგებული. შეუხამეთ მას დაბალძირიანი, წაგრძელებული ცხვირის მქონე ფეხსაცმელი ან მინიმალისტური სანდლები. აქცენტი გააკეთეთ მასიურ, გეომეტრიულ ოქროსფერ სამკაულებზე და სტრუქტურულ, ტყავის ჩანთაზე.

კოსტიუმის შარვალი დატოვეთ, პიჯაკის ნაცვლად კი მოირგეთ სადა თეთრი მაისური. ფეხზე - კლასიკური, სადა სპორტული ფეხსაცმელი ან მასიური სანდლები.

თუ ზაფხულის თბილ საღამოს გასართობად, მეგობრებთან ერთად სავახშმოდ ან რაიმე ღონისძიებაზე მიდიხართ, აირჩიეთ დიდი, მამაკაცური სტილის oversize შავი ტილოს პიჯაკი და ჩაიცვით პირდაპირ შიშველ ტანზე ან სრულიად სადა, მინიმალისტურ ბრალეტზე. ქვემოდან შეუხამეთ იგივე ქსოვილის ფართო, თავისუფალი შარვალი. იმისთვის, რომ ლუქი დასრულებული იყოს, ფეხზე მოირგეთ აბსოლუტურად მინიმალისტური სანდლები და ბუნებრივი მინიმალისტური მაკიაჟი. აქცენტი გააკეთეთ მხოლოდ ერთ დეტალზე - მაგალითად, მასიურ ვერცხლისფერ საყურეზე, ყელსაბამსა თუ ბეჭედზე - იმის მიხედვით, რომელია თქვენი საყვარელი სამკაული. ეს არის ზუსტად ის იერი, რომელიც ხაზგასმის გარეშე ამბობს, რომ ყველაზე კარგად იცით, როგორ გამოიყურებოდეთ ძვირადღირებულად.

ნუ შეგეშინდებათ ტილოს ბუნებრივი ნაკეცების. პირიქით - მსუბუქად დაკუჭული ქსოვილი იმის ნიშანია, რომ თქვენ ნატურალურ, თავისუფალ სტილს ატარებთ.