“იმისთვის იყავი პარლამენტარი, რომ წასულიყავი და ასე გეცხოვრა?“ - როგორ შექმნა ყოფილმა პარლამენტარმა საკუთარი ხელებით ეკო-სამოთხე ქალაქგარეთ - Marao

“იმისთვის იყავი პარლამენტარი, რომ წასულიყავი და ასე გეცხოვრა?“ - როგორ შექმნა ყოფილმა პარლამენტარმა საკუთარი ხელებით ეკო-სამოთხე ქალაქგარეთ

2026-05-29 16:31:21+04:00

მარიამ საჯაია არის ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი. დაიბადა 1991 წლის 15 მარტს. დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2010 წელს დაიწყო მუშაობა ორგანიზაციაში „ადამიანის უფლებათა დაცვა და 21-ე საუკუნე“. 2012 წელს მუშაობდა სპეციალისტად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“.

  • TOP 5 - ყველაზე ახალგაზრდა ქართველი პოლიტიკოსი ქალები და მათი ისტორიები

ამ პერიოდში ის იყო 4 საპარლამენტო კომიტეტისა და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი. 2015-2016 წლებში იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი. 2012-2015 წლებში იყო ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი. 2013-2016 წლებში - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი. 2016 წლის თებერვლიდან ნოემბრამდე - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი.

2016 წლის შემდეგ მარიამ საჯაია პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდა და სრულიად სხვა სფეროში გადაინაცვლა - საცხოვრებლად ქალაქგარეთ გადავიდა, შეისწავლა ბუნებრივი მშენებლობა, საკუთარი ხელით ააშენა და მოაწყო სახლი და ეზო. ცოტა ხნის წინ კი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სიახლე გაგვიზიარა - საქართველოში ბუნებრივი მშენებლობის პროფესიული მომზადების პროგრამა შექმნა. ამის შესახებ უფრო ვრცლად მარიამ საჯაიამ გვანცა დარასელიას პოდკასტში ისაუბრა: 

mariam-sajaia

მარიამ საჯაიას ინტერვიუ

მარიამ საჯაია ინტერვიუში აღნიშნავს, რომ უკვე 8 წელია, რაც ქალაქის ხმაურისგან შორს ცხოვრობს ამ წლების მანძილზე საკუთარი ხელით მოაწყო როგორც საცხოვრებელი, ისე დასასვენებელი და გასართობი სივრცეები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამას აკეთებს „ბუნებასთან თანამშრომლობით“, ანუ ისე, რომ გარემოს ზიანს მინიმალურად, ან საერთოდ არ აყენებს: 

„8 წელია აქ ვარ და 8 წელია ამას ვაკეთებ - ვიღაცისთვის ალბათ ბევრი დროა, მაგრამ ბევრი ნიუანსია, რაზეც ჯერ ფიქრი გჭირდება, შემდეგ - გაკეთება. 

აქ რომ გადმოვედი, არ ვიყავი ფიზიკურად ძლიერი, მაგრამ ჩემს ლიმიტებს გადავაბიჯე -  აღარ შემეძლო, მაგრამ საქმე მქონდა დასამთავრებელი და მაინც ვაგრძელებდი. ამ სტრესით ძლიერდება ადამიანი. 

ამ ყველაფერს ვაკეთებ ბუნებასთან თანამშრომლობით, მაგალითად, სამზარეულოში რომ ჭურჭლის სარეცხ საშუალებას გამოვიყენებ, ის რომ პირდაპირ ნიადაგში მოხვდეს წყალთან ერთად, კარგი არ არის - ჯერ გადის ხრეშის ფილტრს, შემდეგ შემოდის ტბორში, რომელიც ტრაქტორის საბურავისგან გავაკეთე - ამ ტბორში წყალმცენარეები ფილტრავენ მას და შემდეგ უკვე შემიძლია ნიადაგში გავუშვა წყალი. 

ეს ყველაფერი ჩემით ვისწავლე - წიგნებით, ინტერნეტით. პერმაკულტურის მიმართულებით გავიარე კურსები, მაგრამ ბუნებრივი მშენებლობა სრულად ჩემით შევისწავლე.“

mariam-sajaia

შვილი და ამბავი მშობლობაზე

მარიამ საჯაიას ერთი შვილი ჰყავს, რომელიც ამ წლების მანძილზე მასთან ერთად ცხოვრობდა და სკოლაშიც მუხრანში დადიოდა, თუმცა, პროფესიული განვითარებისთვის კვლავ თბილისში დაბრუნდა. 

„გამოიკვეთა, რა უნდა ცხოვრებაში და აღმოჩნდა, რომ თბილისში სწავლის მეტი შესაძლებლობაა, ამიტომ ისევ იქ გადავიდა. ვფიქრობ, აქ გატარებული წლები მისთვის ძალიან ძვირფასია. ფიზიკურად ბევრად გაძლიერდა, ბევრად პასუხისმგებლობიანი გახდა, 16 წლის ბავშვმა, იცის, როგორ აიშენოს სახლი. აქ ვორკშოპები რომ მაქვს, სხვებს ეხმარება ხოლმე, შეუძლია ჯგუფი ჩაიბაროს და მითითებები მისცეს სხვებს. 

  • ვინ არის მარიამ საჯაიას შეყვარებული და როგორია თბილისიდან მუხრანში გადასული ყოფილი პარლამენტარის ცხოვრება

დაინტერესებულია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით, დაინტერესებულია სწავლით. არ ვეკითხები, რა ქულა მიიღო, თვითონ მოდის და მეუბნება ხოლმე. მე ვპასუხობ, რომ არ მაინტერესებს ქულები, ვეკითხები - შენ კმაყოფილი ხარ შენი ცოდნით? დამატება ხომ არ გჭირდება? 

მიხვდა, რომ სკოლა აღარ ჰყოფნის, იმდენად მეტი აინტერესებს. ზედმეტად არ ვაკონტროლებ, აქვს თავისუფლება. დამყავს ბუნებაში, დიდი ფიზიკური გამოწვევები ჰქონია, ასე იზრდება. პატარა შეცდომის დაშვების უფლება უნდა მისცე ადამიანს, რომ თავისი გამოცდილება აკრიფოს. მეც მქონდა ეს თავისუფლება და ამიტომ ვარ დღეს. 

ჩემი ფილოსოფიაც ეს არის - მე არ ველოდები, რომ რაღაცები შეიცვალოს ქვეყნის თუ გლობალურ დონეზე, მე შევქმნი ჩემს რეალობას. შეიძლება ეს ჩემი რეალობა 4 ათასი კვადრატული მეტრი იყოს, მაგრამ მე თავად განვსაზღვრავ ამას“. 

mariam-sajaia

მაშინ და ახლა - პარლამენტიდან ბუნებაში

გვანცა დარასელიამ და მარიამ საჯაიამ ისაუბრეს პროფესიისა და ცხოვრების წესის ცვლილებაზე - როგორია, როცა პარლამენტიდან პირდაპირ ბუნების წიაღში იწყებ საქმიანობას: 

- ალბათ, გიგრძნია ეს ქვეკითხვა ადამიანების მზერაში: ტყუილად ისწავლე იურიდიულზე, ტყუილად ისწავლე აშშ-ში, იმისთვის იყავი პარლამენტარი, რომ წასულიყავი და ასე გეცხოვრა? 

„არ ვთვლი, რომ ტყუილად იყო ეს ყველაფერი, ეს გამოცდილება რომ არ ყოფილიყო, ალბათ,  მთელი ცხოვრების მანძილზე მეგონებოდა, რომ მე სადღაც იქ უნდა ვიყო და რაღაცას იქ უნდა ვაკეთებდე. იქ ვიყავი, ნანახი მაქვს ყველაფერი და ახლა აღარ მაქვს ნება და ვნება, რომ იქ ვიყო. ვსაუბრობ პოლიტიკის ნაწილზე. აღარ მინდა პარლამენტში ვიჭიდაო, სხვის დასაზიანებლად თუ თავის მოსაწონებლად სიტყვით გამოვიდე. იქ პოზიციონირებას მირჩევნია, რომ რეალურად ვაკეთო საქმე აქ. აქ რეალურად ვცხოვრობ, ხელშესახებად ვცხოვრობ და და ვქმნი გამოცდილებას, რომელიც ადამიანებისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს. პარლამენტარი როცა ვიყავი, იმ პერიოდში ძალიან მძიმე უკუკავშირი მქონდა ხოლმე. 

ახლა ბუნებრივი მშენებელი ვარ, პერმაკულტურის დიზაინერი, ტრენერი, ვაკეთებ ვორკშოპებს და სულ კარგი გამოხმაურებაა - ბევრი ადამიანი მწერს, რომ ჩემი საქმიანობა შთაგონებაა მათთვის“. 

mariam-sajaia

მარიამ საჯაიას სივრცეს, სადაც ის ვორკშოპებს ატარებს, არემარე • Aremare ჰქვია.