მაკა ჩიჩუას ცხოვრებაში ყველაფერი ბუნებრივად, თითქოს თავისთავად მოხდა - შვილების მეგობრობით დაწყებული დიდი სიყვარული, ოჯახების გაერთიანება და გადასახლება დუშეთში, სადაც წლები გავიდა.
დღეს, როცა უფროსი შვილები უკვე დამოუკიდებლები არიან და ყველას თავისი გზა აქვს, მაკა კი პოდკასტში "მერე" სრულიად გულწრფელად საუბრობს საკუთარ ყოველდღიურობაზე, დაღლასა და იმ დიდ ტრანსფორმაციაზე, რაც დედობამ ორ სხვადასხვა ასაკში - 20 და 42 წლისას მოუტანა.

ყველაფერი მთაწმინდაზე, მეზობლობითა და ბავშვების უწყინარი მეგობრობით დაიწყო. მაკას დედა გიორგის მეზობლად ცხოვრობდა, რამაც პატარა მაშოსა და ანას დაახლოებას შეუწყო ხელი. გოგონები იმდენად განუყრელები გახდნენ, რომ, როგორც მაკა იხსენებს, „ფაქტობრივად უერთმანეთოდ ერთი დღეც არ ყოფილან“. სწორედ შვილების ამ კავშირმა აიძულა იგი ჯერ გიორგის დედასთან, მზიასთან, შემდეგ კი თავად გიორგისთან კონტაქტი, თუმცა თავიდან საერთო მომავალზე ფიქრიც კი შორს იყო:
„ასე რომ გითხრა, თავიდან ვერაფერი იყო-მეთქი - არა. თან მახსოვს, გიორგის ოჯახი ჰყავდა იმ პერიოდში“.
ურთიერთობაში გარდამტეხი როლი მოულოდნელად დუშეთში მოგზაურობამ ითამაშა. ბავშვების დაჟინებულმა თხოვნამ, უფროსები საერთო გზაზე დააყენა. ამას მოჰყვა ორივე მათგანის წინა ოჯახების დანგრევა და ცხოვრების სრულიად ახალი ფურცლიდან დაწყება. მაკა ამ პერიოდს ღიმილით აფასებს: „რაღაცნაირად ჰოლივუდის სცენარივით განვითარდა მოვლენები. ბავშვები ხტოდნენ სიხარულით - ჩვენ მეგობრები ვართ და ჩვენი დედა და მამაც ერთად არიანო“.
დრომ თავისი გაიტანა - პატარა გოგონები გაიზარდნენ, საკუთარი სამყაროები შექმნეს და დღეს ყველას თავისი ინტერესები აქვს. თუმცა, შვილების დამოუკიდებლობას მაკა სრულიად ბუნებრივად და სევდის გარეშე იღებს. მისი თქმით, ის გიორგისგან განსხვავებით, რომელიც უფრო ოჯახური შეკრებებისკენ არის მიდრეკილი, საკუთარ ინდივიდუალურ სივრცეს აფასებს: „მე უფრო ჩემს სივრცეში ვარ, გიორგი თავის სამყაროშია, ბავშვებიც თავიანთ გზებს მიჰყვებიან“.
მიუხედავად ამ თავისუფლებისა, დღეს მაკას ყოველდღიურობა საკმაოდ გადატვირთულია. თუკი ადრე ოჯახს ძიძები და დამხმარეები უმსუბუქებდნენ ყოფას, ახლა მთელი საოჯახო ტვირთი მას დააწვა. ბუნებრივია, ამ რეჟიმმა დროებით უკან გადასწია მისი საყვარელი საქმიანობა - ხატვა, თუმცა ის მომავალს მაინც ოპტიმიზმით უყურებს და სჯერა, რომ ცხოვრების ეს ინტენსიური ფაზაც მალე შეიცვლება:
„ბავშვებიც იზრდებიან, ყველაფერი სწრაფად იცვლება და საბოლოოდ ყველას თავისი ადგილი და თავისი საქმე უჩნდება“.
დედობა უდიდესი ტრანსფორმაციაა, თუმცა ეს გამოცდილება სრულიად განსხვავებულ ელფერს იძენს იმის მიხედვით, თუ ცხოვრების რა ეტაპზე გეწვევა იგი. მაკა საკუთარ თავზე გამოცდილ ამ ორ რადიკალურად განსხვავებულ რეალობაზე საუბრობს - პირველი შვილი მან 20 წლის ასაკში გააჩინა, მეორე კი - 42 წლისამ.
მისი თქმით, ახალგაზრდულ ასაკში დედობას თავისი პლუსები და მინუსები აქვს. „როცა ახალგაზრდა ხარ, მეტი ენერგია გაქვს, ნაკლებად განიცდი რაღაცებს“, - იხსენებს ის, თუმცა იქვე დასძენს, რომ ადრეულ ასაკში სამყაროს შემეცნების წყურვილი ხელისშემშლელი ფაქტორიცაა: „ამავე დროს იმდენი ინტერესი და ცნობისმოყვარეობაა, რომ ბავშვისთვის მთლიანად თავის მიძღვნა რთულია“.
სულ სხვა მოცემულობაა მაშინ, როცა შვილი მოწიფულ ასაკში გიჩნდება. მაკა აღნიშნავს, რომ ამ დროს პრიორიტეტები და შინაგანი მდგრადობა სხვანაირია:
„როცა უფრო დიდი ხარ, შეიძლება უფრო მყარად იდგე, მაგრამ ენერგია უკვე სხვანაირია. ბავშვი ნებისმიერ ასაკში ნიშნავს, რომ შენი დროის, ენერგიის და ცხოვრების დიდი ნაწილი მას უნდა დაუთმო“.
მაკას ღრმა რწმენით, „ბავშვი რომ გყავს, იმას სჭირდება სრული მობილიზება და დედა გვერდით“. თუმცა, ამჟამინდელ გადასახედიდან ფიქრობს, რომ საკუთარი თავის სრულმა უგულებელყოფამ გარკვეული დისბალანსი შექმნა მის ცხოვრებაში.
„მე ახლა მგონია, რომ ცოტა ზედმეტი მომივიდა, „პერედოზიც“. სულ ბავშვების გარშემო ვარ. არც სამსახურში დავდივარ, არც სხვა რეჟიმი მაქვს, სულ ბავშვების გარშემო ვარ. და ესეც არ არის მთლად სწორი“.
მიუხედავად ამ გადაღლილობისა, იგი აღიარებს, რომ დედობის მთავარი არსი უცვლელია, განურჩევლად ბიოლოგიური საათისა. „მაგრამ შვილი - რა ასაკშიც არ უნდა გაგიჩნდეს - არის ადამიანი, რომელსაც შენს მთელ დროს, ენერგიას და გამოცდილებას უძღვნი და უთმობ“, - ამბობს ის.
თუმცა, პირველი შვილის, მაშოს გაზრდის პერიოდის გახსენებისას, მაკა განსაკუთრებული სითბოთი გამოყოფს დედის მხარდაჭერას, რაც დღეს ასე აკლია: „მაშო რომ პატარა იყო, დედაჩემი სულ გვერდით იყო. მე და მაშო ერთად გავიზარდეთ ფაქტობრივად. როცა რამე მჭირდებოდა, დედა იქვე იყო და სრული ნდობა მქონდა“.