„გედების ტბის“ ქართველი ვარსკვლავი და ნინო ანანიაშვილის რჩეული: გაიცანით ქართველი პრიმა-ბალერინა ნინო სამადაშვილი - Marao

„გედების ტბის“ ქართველი ვარსკვლავი და ნინო ანანიაშვილის რჩეული: გაიცანით ქართველი პრიმა-ბალერინა ნინო სამადაშვილი

2026-06-01 13:22:48+04:00

ბალეტი ხელოვნების ის საოცარი ნიმუშია, რომელიც მუდმივად იპყრობს ადამიანთა გულებს. ამ სამყაროში საკუთარი სიტყვის თქმა და მაყურებლის მოხიბვლა მხოლოდ გამორჩეულ ნიჭსა და თავდადებას შეუძლია. სწორედ ერთ-ერთი ასეთი წარმატებული ქართველი ბალერინაა ნინო სამადაშვილი, რომლის ცხოვრებაც ბავშვობიდან დღემდე ხელოვნების დიდ სიყვარულს უკავშირდება.

nino-samadashvili

ვინ არის ნინო სამადაშვილი.

ნინო სამადაშვილი მუსიკალურ ოჯახში გაიზარდა და ხელოვნებასთან მჭიდრო კავშირი ბავშვობიდანვე ჰქონდა. იგი მეხუთე სამუსიკო სკოლაში დადიოდა და ფორტეპიანოზე უკრავდა, თუმცა მისი ნამდვილი ოცნება და სურვილი საბალეტო სფერო აღმოჩნდა. ამ საოცარ სამყაროში ფეხი 6 წლის ასაკში შედგა.

nino-samadashvili

"ექვსი წლისამ შევდგი ფეხი ამ საოცარ სამყაროში... რა თქმა უნდა, არ ვიცოდი საბალეტო ხელოვნება რამდენ სირთულესთან იყო დაკავშირებული. ჩემთვის წარმოსახვის დონეზე გახლდათ, ესთეტიკურად რომ ძალიან ლამაზია, საყვარელი "პაჩკა" მეცმეოდა, მექნებოდა პუანტები, ლენტები...

როდესაც გაკვეთილები დაიწყო, ძალიან მომეწონა, იმის მიუხედავად, რომ თავიდანვე სიმკაცრე იგრძნობოდა. მესამე გაკვეთილის შემდეგ უკვე ერთი სული მქონდა ბალეტზე როდის წავიდოდი. ჩემს ცხოვრებაში ბევრი არჩევანი იყო. შეიძლებოდა ჰუმანიტარული საგნების მიმართულებით წავსულიყავი, ასევე ფორტეპიანოზე დავდიოდი მეხუთე სამუსიკო სკოლაში. მუსიკალური ოჯახი მყავს და შეიძლება გული დასწყდათ, მუსიკას რომ არ გავყევი, მაგრამ ჩემი სურვილი საბალეტო სფერო იყო.

ისე დაემთხვა, როდესაც ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ვაბარებდი, ბალეტის გამოცდა მქონდა და პირდაპირ იქიდან წასვლა მომიხდა, რადგან ორკესტრთან ერთად ჰაიდნის მესამე კონცერტს ვუკრავდი. მხოლოდ ათი წლის ვიყავი და კარგად მახსოვს, რა ურთულესი დღე მქონდა. თან საბალეტო სკოლაში მეორე ტური ყველაზე რთულად ითვლებოდა და ზუსტად მეორე ტურის დღე იყო. მიუხედავად ამისა, ბალეტმა მომაჯადოვა და ეს გზა ავირჩიე", - ამბობდა ნინო "კვირის პალიტრასთან".

  • TOP 10 ქართველი ბალერინა: ყველა დროის გამორჩეული სახეები 

ნინოს ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩენია ლეგენდარულ ნინო ანანიაშვილს. სულ რაღაც 17 წლის ასაკში, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, ფრედერიკ ეშტონის ურთულეს პროგრამაში, "დღესასწაული" ჩასვა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მოსწავლეს დასთან ერთად გასტროლზე წასვლის შესაძლებლობა მიეცა.

nino-samadashvili

თუმცა, "გედების ტბა" მისთვის ყველაზე წარმატებული პროგრამა აღმოჩნდა.

"პირველი, ყველაზე დიდი ბალეტი "გედების ტბა" იყო. ისე გამოვიდა, რომ პირველად კლასიკათა კლასიკა ვიცეკვე, რომელიც ყველაზე რთულ, დახვეწილ და მაღალი დონის ბალეტად ითვლება. "გედების ტბას" ჩამოყალიბებული ბალერინები ცეკვავენ, რომელთაც გამოცდილება, შინაგანი მზაობა აქვთ.

ჩემი პარტნიორი უცხოეთიდან მოწვეული მოცეკვავე იყო, რომელიც სულ ოთხი დღით გახლდათ ჩამოსული სპექტაკლებისთვის. მახსოვს, ძალიან ვნერვიულობდი. როცა ვიცეკვე, ერთი კვირა ემოციებიდან ვერ გამოვდიოდი. ჩემთვის "გედების ტბა" დღესაც გამორჩეულად საყვარელი ბალეტია და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო", - ამბობდა ნინო.

  • TOP 8 ქართველი ბალერინა - სილამაზისა და ნიჭის საოცარი სინთეზის ამბავი (ნაწილი II) 

დღეს ნინო სამადაშვილს უამრავი პერსონალური მიწვევა აქვს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიდან, მაგრამ მას ხშირად უთქვამს უარი, რადგან ის არ მიიჩნევს სწორად ქვეყნის დატოვებას, მისი თქმით მას შემოთავაზებებმა თეატრში ხელი არ უნდა შეუშალოს. ამასთან უარს მაშინვე ამბობს თუ შემოთავაზება არის რუსეთიდან ან ორგანიზატორი არის რუსი.

"ყველა თუ წავიდა, მაშინ ჩვენს ქვეყანაში ვინ დარჩება. ისე გამოვიდა, რომ ყველა აქეთ-იქით გარბის, მათიც მესმის, მაგრამ მე ეს გზა ავირჩიე. ისედაც დავდივარ ბევრ გასტროლზე, თეატრისგან მაქვს ეს ფუფუნება, პერსონალური მიწვევებიც არ მაკლია და შესაბამისად, სამშობლოში დარჩენა ვამჯობინე. პერსონალური მოწვევები მქონდა ამერიკიდან, საფრანგეთიდან და კიდევ სხვა ქვეყნებიდან. არის მოწვევები, რომელსაც არ ვთანხმდები", - ამბობდა ნინო ჟურნალ "თბილისელებთან" საუბრისას.